ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ერაყსა და სირიაში 22 ათასზე მეტი ისლამისტი იქნა ლიკვიდირებული. დღეისათვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში 35 ათასამდე მებრძოლი ირიცხება, მათგან 12 ათასი უცხოეთის მოქალაქეა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, მა ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ისლამისტთა პოზიციები ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად შესუსტდა, რის გამოც ისინი მასშტაბურ იერიშებზე ვეღარ გადადიან.
საფრანგეთში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმი, რომელიც პრეზიდენტ ოლანდის გადაწყვეტილებით 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების სერიის შემდეგ შემოიღეს, „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებამდე გაგრძელდება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სანამ იარსებებს ტერორიზმის საფრთხე, ყველა საშუალება უნდა იქნას მის წინააღმდეგ გამოყენებული.
ლე დრიანის განცხადების მიუხედავად, ევროპოლის ხელმძღვანელმა რობ უეინრაითმა ჰააგაში, ახალი კონტრტერორისტული ცენტრის გახსნაზე განაცხადა, რომ ექსტრემისტული დაჯუგფება „ისლამური სახელმწიფო“ ევროპაში ტერაქტების ორგანიზებას შეეცდება და ისლამისტების სამიზნე, შესაძლოა, სამოქალაქო ობიექტები იყოს.
„ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ აქვს სურვილი და შესაძლებლობები, ევროპაში თავდასხმები კვლავ განახორციელოს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ ტერაქტების აღსაკვეთად. პარიზში განხორციელებული ტერაქტები ადასტურებს, რომ აქვთ შესაძლებლობა, ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმონ. „ისლამური სახელმწიფო“ მუმბაის ტერაქტების მსგავს ახალ თავდასხმებს ამზადებს, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პირველ რიგში - საფრანგეთში განხორციელდება“, - განაცხადა რობ უეინრაითმა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე საუბრობს აშშ-ის თავდაცის მდივანი, ეშტონ კარტერი, რომლის განცხადებით, აშშ-მ შესაძლოა, ერაყსა და სირიაში უფრო მეტი სახმელეთო ჯარისკაცები გაგზავნოს, თუმცა, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისთვის ადგილობრივი ძალების მობილიზება უნდა მოხდეს.
„აშშ-ის კოალიციამ ქალაქები მოსული და რაქა უნდა გაათავისუფლოს და ამისთვის სახმელეთო ძალები გამოიყენოს. ჩვენ უნდა დავამრცხოთ ისინი ამ ორ ქალაში და ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს ვინაიდან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტის გაკეთება იმისათვის, რომ დავამარცხოთ „ისლამური სახელმწიფო“. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ, მე უბრალოდ ამ პროცესის დაჩქარება მინდა“, - აღნიშნა ეშტონ კარტერმა.
ევროპის კვალდაკვალ საფრთხე იზრდება საქართველოშიც. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ „ისლამური ხალიფატი“ საომარ მოქმედებებზე გადავიდა. მისი თქმით, რაღაცა დონეზე ევროპა ახდენს ტერაქტების პრევენციას, მაგრამ „ისლამურ ხალიფატს“ აქვს ორი მომზადების ცენტრი - მოსულში და რაქაში, სადაც ასეთი ტიპის სპეციალური ოპერაციისათვის ამზადებენ ადამიანებს.
„ეს არის ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია, სპეცსამსახურების დონეზე შექმნილი დაჯგუფება, რომელიც განსაკუთრებით მაღალი დონის შერსულების გარანტიებს იძლევა. ევროპის კვალდაკვალ საფრთხე იზრდება საქართველოს შემთხვევაში. შესაბამისად, მარტო ანტიტერორისტული დეპარტამენტი არ უნდა იყოს ჩართული. ამ შემთხვევაში უნდა შეიქმნას თავდაცვის სამინისტროსა და სუს-ის ერთობლივი ოპერატიული რეაგირების შტაბი, რადგან საქართველოს შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას სამხედრო დაზვერვის ოპერაცია. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ სუს-ის, არამედ ეს არის თავდაცვის უშუალო პრეროგატივა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, საფრთხე ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ტერორისტები ძლიერდებიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეიძლება საქართველო არ იყოს ობიექტი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს წონა საერთაშორისო ურთიერთობებში და გადაწყვეტილების მიღებაში განმსაზღვრელი არ არის.
„საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც მიბმულია ზოგად პროცესებს. წონის თავლსაზრით, არ მგონია, რომ რესურსის დახარჯვაზე წავიდნენ. საკმაოდ რთული ამოცანების წინაშე დგას „ისლამური სახელმწიფო“ და საქართველოში რატომ უნდა დახარჯონ როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო რესურსი? თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ, აქ დახარჯონ ეს რესურსი, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიქციონ საქართველოსთან მიმართებაში.
არსებული საფრთხეების და გამოწვევების ფონზე, ტერორისტებისთვის საქართველო არის მოწყვლადი ქვეყანა. დასავლეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბევრი მექანიზმი აამუშავა, მათ შორის ფინანსური. ძალიან კარგია, რომ შეიქმნა ანტიტერორისტული ცენტრი და რეალური რესურსების მობილიზება მოხდა ტერორიზმის აღსაკვეთად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე იკლებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები ამ ქსელში აქტიურად არიან ჩართული, აკვირდებიან იმ ელემენტებს და კავშირებს, რომელიც შესაძლოა, ეჭვს ბადებს. ახლა მთავარია როგორ მიდის მუშაობა და აუცილებელია ინფორმაციის ანალიზი და შესაბამის, მეზობელ სახელმწიფოებთან და ევროპის სახელმწიფოებთან გარკვეული თანამშრომლობა.
როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, საქართველოს თანამშრომლობა დასავლურ სტრუქურებთან მნიშვნელოვანად განსაზღვრავს ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ჩვენ მარტო ბრძოლა არ შეგვიძლია. აუცილებელია თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. რამდენად დაცული იქნება დასავლეთი, იმდენად დაცული იქნება საქართველოც, რომელიც მისი ნაწილია. ჩვენი კონტრიბუცია ამ პროცესში გახლავთ ის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.