ქართულ-ჩინურ ურთიერთობას შესაძლოა ბზარი გაუჩნდეს

ქართულ-ჩინურ ურთიერთობას შესაძლოა ბზარი გაუჩნდეს

ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ოკუპირებულ აფხაზეთთან დააკავშირებს. სტავროპოლში გამართულ რეგიონალურ ფორუმზე რუსეთი პირველმა პირმა განაცხადა, რომ ეს კარგი პროექტია, შესაბამისად, ფედერალური ხელისუფლება მის მხარდასაჭერად მზად არის.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა „კავკასიის ერთა რუსული კონგრესის“ თავმჯდომარემ სულთან ტოგონიძემ ფორუმზე პუტინს პროექტის დეტალები გააცნო. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის ოლქს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ერთმანეთთან დააკავშირებს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აეროპორტის მშენებლობაც, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ გზას სოხუმამდე გაიყვანენ. როგორც ტოგონიძემ აღნიშნა, ჩინეთიდან პარტნიორები ჩამოვიდნენ და ამ პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმს ხელი მოეწერა.

პროექტის თანახმად, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ჩინური კორპორაცია „China Railway“ და რუსული კომპანია „რეგიონული პროექტები“ ააშენებენ. გარდა ამისა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მხარეები გეგმავენ კონტრაქტის გაფორმებას ოჩამჩირეში საზღვაო პორტის მშენებლობის შესახებ.

რუსულ-ჩინური შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. for.ge შეეცადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიეღო ოფიციალური განმარტება, რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა საგარეო უწყებამ ჩინურ მხარესთან, თუმცა ჩვენი ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. უწყების პრეს-სამსახურში სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჩინურ მხარესთან სამუშაო რეჟიმში გასარკვევია მართლაც არსებობს თუ არა ასეთი შეთანხმება.

„ნებისმიერი პროექტი და მით უმეტეს ასეთი მასშტაბის, შეთანხმებული არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში ხელყოფა. სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და ასეთი მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მაქსიმალურად გავაპროტესტოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და პრინციპების მორიგი დარღვევა. სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ ასეთი პროექტის განხორციელება შევაჩეროთ, თუკი დაიწყება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

კითხვაზე, შექმნილი მძიმე ეკონიმუკური მდგომარეობის ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ვერ გასცემს პენსიებსა და ხელფასებს, შეძლებს ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას? აბაშიძე განმარტავს, რომ დღეს, რუსეთს არ აქვს იმის რესურსები ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყოს.

„თქვენი კომენტარი აბსოლუტურად სწორია და გეთანხმებით. პირადად ჩემი აზრიცაა, რომ რუსეთს დღეს არ აქვს ის რესურსები, რომ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყოს. ძალიან მეეჭვება, რომ რუსეთი მზად იყოს ასეთი მასშტაბური პროექტისათვის. მრავალმილიარდიან პროექტზეა საუბარი, არ მგონია, რომ თავისუფალი რესურსები არსებობდეს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მანაღარიშვილის განმარტებით, მსგავსი პროექტების განხორციელება შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით. მისი თქმით, ყველა სხვა არჩევანი იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთმა 2008 წელს დაიწყო.

„იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია აფხაზეთის ტერიტორია და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული და მათი დამოუკიდებლობის ხარსიხი აბსოლუტურად ნათელია ყველასთვის, მსგავს გადაწყვეტილებას პროვოკაციის გარდა, სხვა სახელს უბრალოდ, ვერ დავარქმევდი. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რასაც საქართველოსგან ამ ტერიტორიის მოწყვეტის სტრატეგია ეწოდება, რასაც რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორცილებეს.

ის, რომ ეს პროექტი ეკონომიკური ხასიათის არის და ა.შ. ამ შემთხვევაში, არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ მსგავსი პროექტები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით შესაძლებელია გაკეთედეს. ყველა სხვა არჩევანი არის იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც რუსეთმა 2008 წელს დაიწყო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი ვფიქრობს, რომ ჩინური კორპორაციის მიერ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუშლის ქართულ-ჩინური ურთიერთობის განვითარებას, რაც აისახება ჩვენს ურთიერთობებზე.

„აშკარად ხელს შეუშლის ქართულ-ჩინური ურთიერთობის განვითარებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ არაღიარების რეჟიმი, რომელშიც მთელი სამყაროა ჩართული. ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა აფხაზეთის მიმართულებით, ბუნებრივია, რომ ირიბად აღიარებას ნიშნავს. შესაბამისად, თუკი რეალურად ასე მოხდება, ამას ექნება თავისი შორს მიმავალი ნეგატიური შედეგები. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დღეს უნდა არკვევდეს ამ საკითხს, მათ შორის ჩინეთისა და ჩვენი საელჩოს მეშვეობით აქტიურად უნდა მიმდინარეობს მუშაობა“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, საკითხის პოლიტიკურ ასპექტზე ჩინური მხარე არ იყოს დაფიქრებული. შესაბამისად, თვლის, რომ საჭიროა ძალიან აქტიური მუშაობა, რათა ქვეყანა შემდგარი ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდეს, რაც უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ გრძელვადიანი სტრატეგიის თვალსაზრისით, საქართველო იმდენად საინტერესოა ჩინეთისთვის, რომ არ მგონია ასეთი ტიპის პროექტების გამო, უარი თქვას საქართველოსთან ამ მიმართულებით ურთიერთობაზე. აუცილებელია მუშაობა და პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ უკვე შემდგარი ფაქტის წინაშე“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

„ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი გეგმა გაჟღერდა პუტინის ავტორობით“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ძლიერი ზეწოლის ფონზე პუტინი ნაკლებად უნარიანი გახდება. პოლიტოლოგი თვლის, რომ ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლებამ მეტი აქტივობა უნდა გამოიჩინოს საკუთარი ისტორიული ტერიტორიის მიმართ.

„როგორ შეიძლება რამე ადეკვატური მოიხარშოს პუტინის თავში? ეს არის პირდაპირი ასიმილაცია საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილო კავკასიური ეთნოსის, რაც ჩემი აზრით, ბევრად უფრო მძიმე შედეგის მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე დღეს არსებული გაყინული კონფლიქტი.

ამ შემთხვევაში უნდა ვეძიოთ არა მხოლოდ პუტინის, არამედ კადიროვის ხელწერაც. ფაქტია ისიც, რომ მოსაკოვში დღითიდღე მატულობს დაძაბულობა და კადიროვის მიუღებლობა თანდათან უფრო თვალსაჩინო ხდება. ამავე დროს, პრაქტიკულად, მოსკოვში ყველა სახის ბიზნესს ჩეჩნების ჯგუფი აკონტროლებს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.