„გამოუცდელი იყო შევარდნაძე, როდესაც საბჭოთა იმპერიის დიპლომატიის მეთაურობა დაიწყო“

„გამოუცდელი იყო შევარდნაძე, როდესაც საბჭოთა იმპერიის დიპლომატიის მეთაურობა დაიწყო“

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირველი პირების დონეზე დიალოგი აუცილებელია, ასევე - მნიშვნელოვანია სერგეი ლავროვის განცხადება, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზად არის. პრემიერი ამბობს, რომ საკითხს განიხილავენ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის მზაობა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმად, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

თუმცა, უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ქვეყნის პირველ დიპლომატს, მიხეილ ჯანელიძეს კომპეტენციას უწუნებს, ვინაიდან თვლის, რომ ლავროვთან შესახვედრად მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. ქანთარია ამბობს, რომ ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო.

„ვფიქრობ, რომ შეხვედრა აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. თედო ჯაფარიძე არის წონიანი დიპლომატი, რომელიც შესაძლებელია პირისპირ დაჯდეს ლავროვთან. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიას ამ განცხადებას არასწორ გამონათქვამად აფასებენ უმრავლესობაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ კოლეგების შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ვიწრო წრეში შესაძლებელია, თუმცა საჯაროდ მსგავსი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, მით უმეტეს, როცა ძალიან შორსაა რეალობისგან.

„მგონი არასწორი გამონათქვამია, ამას ერთმნიშვნელოვნად დავადასტურებ. არა მგონია, რომ ასეთი შეფასებები უნდა ისმოდეს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კოლეგის მისამართით რაღაც განხილვის საგანი ვიწრო წრეში, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ საჯაროდ ასეთი განცხადებები, მე მგონი, არასწორია. მით უმეტეს, რომ ძალიან შორს არის რეალობისგან. სამუშაო სტაჟი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის ამოცანები და ის დავალება, რომელიც შეიძლება იყოს დასმული კონკრეტული სახელმწიფო მოხელის მიმართ და რომელსაც, დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა მინისტრიც შესანიშნავად შეასრულებს“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„მიხეილ ჯანელიძის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ იცნობენ მის კომპეტენციას“, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ, რომლის განცხადებით, საქართველოს მხარე ყოველთვის მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის და მთავარი საკითხი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.

„ამ განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ არ იცნობენ ამ პიროვნებას, არ იცნობენ მის კომპეტენციას. მიხეილ ჯანელიძე არის ძალიან კომპეტენტური, მათ შორის, სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელების თვალსაზრისით“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

თავდაცვის მინისტრმა კი ქანთარიას შეახსენა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს იმ პოლიტიკური გუნდიდან ჰყავს, რომელსაც თავად ეკუთვნის.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება.

„საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ეკუთვნის ნუკრი ქანთარია. თუ მას რამე კითხვები გააჩნია მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთი განცხადებები არ აკეთონ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტად გაუშინაურდა დეპუტატი ინტერვიუს და თქვა ის, რასაც შეიძლება ფიქრობდეს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც არ აკვირდებიან გაკეთებული განცხადების იქით რა პოლიტიკური შინაარსი იგულისხმება.

„ეს გამოცდილება არ აქვს ბატონ ნუკრის. ასე რომ, გამოცდილების დეფიციტი მარტო მინისტრებს არ მოეკითხება. რაც შეეხება ჯანელიძის გამოცდილებას, ძალიან ძნელია ამის თქმა. რაც არ უნდა გამოცდილი პერსონა აიღო ქართული დიპლომატიური კორპუსიდან, შეიძლება წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს და სწორედ იმიტომ, რომ გამოცდილია - გამოცდილება რაღაცა სპერეოტიპებს გულისხმობს. გამოუცდელმა დიპლომატმა შეიძლება მოულოდნელად ისეთი დიპლომატიური ილეთი ჩაატაროს, რომელმაც შესაძლოა შედეგი უფრო მოიტანოს.

გავიხსენოთ, საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი დიპლომატი ედუარდ შევარდნაძე. დიახ, საერთოდ გამოუცდელი იყო შევარდნაძე ისე დაიწყო საბჭოთა იმპერიის დიპლომატიის მეთაურობა, მაგრამ მოულოდნელობის შექმნის უნარმა გზა გაუკაფა. ასე რომ, წინასწარ იმის თქმა, ვინ უფრო წარმატებული იქნება ამ ტიპის შეხვედრაზე, ძნელია, თუმცა არ შეიძლება არ დაეთანხმო ბატონ ნუკრის, რომ მომზადება საჭიროა, რადგან ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის დიალოგი“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.