„ქართული ოცნება“ კონსულტაციების დაწყების პროცესს აჭიანურებს, კოალიციაში შემავალი პარტიები კი, წინასაარჩევნოდ, კოალიციური შეთანხმების დადებას ითხოვენ. კოალიციურ შეთანხმებაში რას გულისხმობენ, ამას მოლაპარაკებების დაწყებამდე არ აკონკრეტებენ, მაგრამ პოლიტიკურ კულუარებში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ეს კვოტებს ეხება.
მოსკოვის გზავნილებსა და საარჩევნო საკითხებზე, for.ge პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ პანკისის ხეობას წვრთნებისთვის და დასვენებისთვის იყენებს. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
- რუსეთის განცხადებებს რომ გავყვეთ, მოსკოვი დე-ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ლავროვის ეს განცხადება სიმართლისგან შორსაა, რადგან პანკისის ხეობაში ისეთივე სიმშვიდეა, როგორც დანარჩენ რეგიონში. უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან პანკისის ხეობას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა და გარდა იმისა, რომ ადგილზე პრევენციული ღონისძიებებია გატარებული, ჩვენს კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები შევიტანეთ, რომლის გათვალისწინებითაც, „ისლამურ სახელმწიფოში“ წასულ და დაბრუნებულ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაესკირებათ. პანკისის ხეობაში საფრთხეები არ არსებობს და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმთან დაკავშირებულ პირებს რაიმე გასაქანი ჰქონდეთ. ასე რომ, ლავროვის განცხადება გაუგებარია.
ლავროვის განცხადება გაუგებარია თუ უფრო პროვოკაციული, რადგან მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო ტერორიზმს ებრძვის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თურმე, პანკისის ხეობაში ტერორისტები წვრთნებს მართავენ?
- რუსული პოლიტიკისა და მათი განცხადებების ანალიზი ყოველთვის ხდება, მაგრამ ამ ეტაპზე, პროვოკაციების მოწყობის რაიმე რისკები არ ჩანს, რაც კარგია და ჩვენი მხრიდან გადადგმულ სწორ და ადეკვატურ ნაბიჯებს ეფუძნება. ჩვენს მოსახლეობას უფლება აქვს, რომ პროცესებს თვალი მშვიდად ადევნოს.
ლავროვის მეორე გზავნილი ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს ეხება, რომელსაც შეხვედრა შესთავაზა. ქართული მხარის პასუხი რა იქნება?
- ჩვენს შორის წითელი ხაზები არსებობს და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სერიოზული პერსპექტივის გარეშე, რაიმე დიპლომატიური ურთიერთობა არასწორი იქნებოდა. ეს სწორი პოზიციაა, რომელსაც ქართული საზოგადოება მხარს უჭერს. წარმოუდგენელია, იმ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები გქონდეს, რომელსაც ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებული აქვს და ის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს გამოცხადებული. შეხვედრა-შეხვედრისთვის არამიზანშეწონილია, მაგრამ თუკი ამ შეხვედრის მიზანი იქნება დეოკუპაცია და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავება, ამაზე მსჯელობა შეიძლება.
რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, საარჩევნო წელი უკვე დაიწყო, პოლიტიკურად აქტიურ ფაზაში შედიხართ და ხელისუფლება რას აპირებს, რა გეგმები გაქვთ?
- მთავრობამ აქტიური მუშაობა უნდა გააგრძელოს და ყველა ის ვალდებულება უნდა შეასრულოს, რაც მათ პროგრამით აქვთ განსაზღვრული. ამ საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკოსებმა ხალხთან უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივიტანოთ. რაც გავაკეთეთ, მოსახლეობამდე, მინიმუმ, ის რომ მივიტანოთ, დარწმუნებული ვარ, სერიოზული გამარჯვება გვექნება.
ხელს რა გიშლიდათ, რომ აქამდე მიგეტანათ?
- თავისუფალი მედიის პირობებში, ხელისუფლებას პროპაგანდისტული მანქანა არ აქვს და ამაზე პრინციპულად უარს ამბობს. ამასთანავე, ყველა გვებრძვის და ყველა მხრიდან ფრონტია გახსნილი. ეს იქნება სოციალური მედია, პრესა თუ ოპოზიცია, რომელიც ძირითადად ვირტუალურ შესაძლებლობებს ემყარება და აპოკალიფსებს ხატავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოება გარკვეულ სარგებელს მაინც ხედავს, თუმცა, სრულ სურათს ვერ ხედავს, ხელისუფლებამ ამ მოკლე პერიოდში თუ რამდენი რაღაც გააკეთა.
ამბობთ, რომ ოპოზიცია აპოკალიფსურ სურათს ხატავს, თქვენ მას რას უპირისპირებთ? 2015 წლის პოლიტიკურ დღის წესრიგს „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება?
- ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ღირებული ძალა არ არსებობს. გარდა იმისა, რომ მას საკუთარი წარსული ტვირთად აწევს, ამ ძალამ საკუთარი შესაძლებლობების ახალ რეალობაზე მორგება ვერ შეძლო. როგორც წესი, დემოკრატიული მმართველობის პირობებში ოპოზიცია სუსტია. იქ, სადაც ხელისუფლება ძლიერია, მას ტყუილებით ვერ მოერევი. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს. მათი პოლიტიკური მიზანი რა არის? ფაქტიურად, ისინი აღიარებენ, რომ ცუდები იყვნენ, უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ და მოსახლეობას ეუბნებიან, დიახ, ჩვენ ცუდები ვიყავით, მაგრამ ესენიც ჩვენნაირები არიანო. მათი მიზანია, როგორმე საზოგადოება იმაში დაარწმუნონ, რომ ჩვენც მათ შეცდომებს ვიმეორებთ და საკუთარი დანაშაულის ჩვენთვის მიკერებას ცდილობენ.
თქვენ თავს ძლიერ ხელისუფლებად მიიჩნევთ?
- ვთვლი, რომ ეს არის დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც დემოკრატული პრინციპების დაცვით ქვეყანას მართავს. რა თქმა უნდა, შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ შეცდომები რომ არ დავუშვათ, მაშინ დიქტატორები ვიქნებოდით. ოპოზიცია საკუთარ არგუმენტებში სუსტია, ის გადასულია ფანტაზიორობასა და შავბნელი სურათის ხატვაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის ცრუ პოლიტიკა გააგრძელა, რასაც ხელისუფლებაში ეწეოდა და ასევე დაამატა ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა. ამის ნათელი მაგალითი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მათი მოქმედებები იყო. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ღირებულების მატარებელი ძალა არ არსებობს და საზოგადოება ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
არჩევნებამდე ცხრა თვე რჩება, კონსულტაციები ამ დრომდე არ დაგიწყიათ, „რესპუბლიკური პარტია“ კი, კოალიციურ შეთანხმებას ითხოვს. მოლაპარაკებების დაწყებას როდის გეგმავთ?
- კოალიციური შეთანხმება 2012 წლის არჩევნებამდე შედგა. მომწონს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ პრინციპულ საკითხებზე ერთიანი მიდგომა გვაქვს.
კოალიციური შეთანხმება შედგა მაშინ, როცა ქვეყანაში სხვა რეალობა იყო და თქვენი მიზანი ხელისუფლებიდან სააკაშვილის გუნდის გაშვება იყო. დღეს, ქვეყანაში სხვა რეალობებია და ამ შეთანხმების გადახედვას არ აპირებთ?
- კოალიციაში პოლიტიკურ დიალოგს თავისი არსებობის უფლება აქვს. ცხადია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ეცდება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიცვას და უფრო გააღრმაოს. კოალიციის მახასიათებელია ის, რომ ჩვენ ერთად ყოფნის ინტერესებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში, კომპრომისებზე მივდივართ როგორც ძირითადი ძალა, ასევე - კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები. კომპომისებისა და ურთიერთობის სურვილი აწონვადია და ვეცდებით ის ფორმულა ვიპოვოთ, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველასათვის მისაღებია.
კომპრომისები კვოტების გადანაწილებასაც შეეხება, რადგან პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ „ოცნების“ შემდეგ დომინანტობას „რესპუბლიკური პარტია“ ითხოვს?
- მსგავსი რამ არ მსმენია, მაგრამ „რესპუბლიკურ პარტიაზე“ არ ჩავიციკლები. ყველა პარტიის სურვილია, რომ მას კოალიციაში უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს. კოალიციის ერთ-ერთი პოზიტიური თვისება იმას ემყარება, რომ როცა კანდიდატურებს ვარჩევთ, მეტწილად აქცენტს პიროვნებაზე ვაკეთებთ და არა მის პარტიულობაზე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ მიდგომა იქნება არა უფრო კოალიციური, არამედ პიროვნული. ვინც უკეთესი იქნება და ვისაც მოსახლეობის უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, კოალიცია მხარს მას დაუჭერს. პოლიტიკური ინტერესები დაცული უნდა იყოს და „ოცნებას“ როგორც აქამდე ჰქონდა დომინანტის ადგილი, ასევე უნდა ჰქონდეს მომავალშიც, რადგან ეს კოალიციის ერთიანობის გარანტია.
ვფიქრობ, რომ კვოტებთან და მაჟორიტარებთან დაკავშირებით, კოალიციურ რეჟიმში მშვიდი და წყნარი საუბარი მოგვიწევს. როცა კომრპომისებს ვახსენებ, ეს არ ნიშნავს, რომ კომპრომისებზე მხოლოდ „ოცნება“ უნდა წავიდეს.
თქვენ იქნებით საარჩევნო სიაში?
- „ქართულ ოცნებაში“ ვარ, ვიქნები და ალბათ, ჩემს პოლიტიკურ კარიერას აქ დავასრულებ. პარლამენტში ვიქნები თუ მის გარეთ, მნიშვნელობა არ აქვს. თავდაცვა მიყვარს და ამაზე ყოველთვის ვიმუშავებ. ჩემს უკან რა აბრა იქნება ჩამოკიდებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს.