ქართული ეკონომიკური ზღაპრები - კითხულობს ნიკა გილაური

ქართული ეკონომიკური ზღაპრები - კითხულობს ნიკა გილაური

[ნიკა ასლანიძე]
მაშინ, როდესაც ერთი არცთუ მთლად ღონიერი წვიმა ქვეყნის გზებსა და ხიდებს ანგრევდა და ასეულობით მილიონებს წყალს ატანდა, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ავსტრიელ ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკურ ზღაპრებს უყვებოდა. ზღაპრების შინაარსი ამჯარადაც უცვლელი იყო - ეკონომიკური სასწაული, საოცარი საინვესტიციო გარემო და ბიზნესის სიმარტივე.

საქრთველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, 8-9%-ით გაიზარდოს. მან სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმზე შეკრებილ ავსტრიელ ბიზნესმენებს ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები გააცნო და საოცარი რიცხვები გამოაცხო.

“2009 წელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა გასული წელი ჩვენს ქვეყანას ცუდად არ დაუსრულებია. ვვარაუდობთ, რომ წლეულს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4-5%-ის ფარგლებში განისაზღვრება. უკვე 2011 წლისათვის კი საქართველოს ეკონომიკა, თავისუფლად შეიძლება, 8-9%-ით გაიზარდოს”, - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ ქვეყნის მზარდი ეკონომიკური წინსვლა ფინანსური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის შედეგია.

“ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა დღესაც ფინანსურ კრიზისს განიცდის, საქართველომ კი ქვეყანაში გატარებული რეფორმების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით ეს შედარებით სწრაფად შეძლო”, - აღნიშნა გილაურმა.

ასეთი თავგამოდებით საქართველოს პრემიერი იმისათვის გაისარჯა, რომ წელგამართულ ავსტრიელ ბიზნესმენებს მოაწონოს თავი. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ შპინდელეგერის ხელმძღვანელობით ავსტრიელ ბიზნესმენთა ჯგუფი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მათ ქართულ-ავსტრიულ ბიზნეს-ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელზეც ქართველ პარტნიორებთან ურთიერთათანამშრომობის პერსპექტივები განიხილეს.

“დასავლეთ ევროპა მაქსიმუმ 4%-ით იზრდება. იქ მოგების მარჟა ვერ იქნება მაღალი. ჩვენ გთავაზობთ ქვეყანას, სადაც მოგების მარჟა, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს. ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანა კრიზისიდან ძალიან მალე გამოვიდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყოველი დამატებითი ინვესტიცია, საკმაოდ მაღალ მოგებასთანაა დაკავშირებული”, - მთელი დღე მეზღაპრეობას არ ეშვებოდა პრემიერი.

მაშინ, როდესაც ქვეყნიდან უამრავი ინვესტორი გაიქცა და მათი უფლებებით არავინ დაინტერესებულა, თურმე ნუ იტყვით და, ინვესტორებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს.

”ოთხი წლის წინათ ქვეყანაში 24 სხვადასხვა გადასახადი იყო, დღეს კი მხოლოდ ექვსია. დღეისათვის საქართველოში ახალი კომპანიის ჩამოყალიბება და რეგისტრაცია მარტივია, გამარტივებულია ექსპორტის პროცედურები. თუ ოთხი წლის წინათ 1000-ზე მეტი ლიცენზია იყო, დღეისათვის მათი რიცხვი 150-მდეა შემცირებული. ყოველივე ამის შედეგი კი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მე-11 პოზიციაზეა, მაშინ, როდესაც 4 წლის წინათ ასეულშიც არ ვიყავით”, - ამგვარი სტატისტიკით აბრუებდა გილაური ავსტრიელებს.

ავსტრიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბიზნეს-გარემოს გაცნობისას პრემიერმა ხაზი იმ ფაქტსაც გაუსვა, რომ “საქართველოში კორუფცია მინიმუმამდეა დაყვანილი და ბიზნესმენებს “შავი გადასახადების” გადახდა არ უწევთ”.

”ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარებული ყველა რეფორმის შედეგად დღეისათვის ინვესტორები საქართველოს რეგიონული ეკონომიკის ცენტრად განიხილავენ”, - დააგვირგვინა პრემიერმა.

რამდენად დაიჯერებენ და გაბრუვდებიან გილაურის სიტყვებით ავსტრიელები, ეს სულ მალე გამოჩნდება. როგორ დასკვნებს გამოიტანენ ცენტრალური ევროპის მკვიდრნი, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები გამოაჩენს.