რუსეთის მორიგი მუქარა: „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ“

რუსეთის მორიგი მუქარა: „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ“

როგორც მოვლენები აჩვენებს პანკისის ხეობა რუსეთისთვის მუდმივად აქტუალური საკითხი იქნება. მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ადანაშაულებენ, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ.

სერგეი ლავროვის განცხადებით პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. მისივე განმარტებით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

„ჩვენ ვიცით რუსული მხარე და მათი მეთოდოლოგია, ვიცით პროპაგანდის ამგვარი ინსტრუმენტები და ხერხები, ამიტომ როცა რუსეთი ლაპარაკობს პანკისსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან რუსეთს, ლავროვს, პეტროვს თუ იპოლიტოვს, შეიძლება სულ სხვა რამე ჰქონდეთ თავში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგრეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, თედო ჯაფარიძე სერგეი ლავროვის განცხადებას და ამბობს, რომ რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის მოსაზრება ყურადსაღებია.

რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს ოფიციალური თბილისი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს.

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს ჩვენს იმ რეგიონებზე. არანაირი ტერორიზმის რისკი ამ რეგიონიდან არ მოდის, იქიდან არის რამდენიმე ადამიანი წასული და იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს.

პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, პანკისის ხეობას შეეხებოდა, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მნიშვნელოვანი წინაპირობები აქვს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის, ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთან ერთად იღებს.

სერგეი ლავროვის განცხადებას ტენდენციურად აფასებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. ზურაბ აბაშიძემ რუსეთის პირველ დიპლომატს შეახსენა, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევაში.

„საქართველოს ხელისუფლება ხეობაში არსებულ მდგომარეობას სრულად აკონტროლებს. ხეობიდან ოცდაათამდე ადგილობრივი მოსახლე იმყოფებოდა სირიაში, მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში კი, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე. ლავროვის განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ლავროვის განცხადება გაუგებარია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის. როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ხეობაში აბსოლუტური სიმშვიდეა და შესაბამისად, გაუგებარია რას ეფუძნება ლავროვის განცხადება. მისი თქმით, სიტუაცია სრულიად კონტროლდება და ძალიან ეფექტურად მუშაობს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური, ისევე როგორც სხვა უწყებები.

„გატარდა ყველა ღონისძიება, მათ შორის პრევენციული, რომ პანკისში მცირედი გართულებაც კი არ იყოს. სამწუხაროდ, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე წასულია სირიაში. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე წლის წინ წავიდა, ზოგიერთი 2012 წლამდეც. ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც, თუკი ისინი დაბრუნდებიან, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი.

სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდებოდა ლავროვს ასეთი განცხადების გაკეთება. მის მიერ მოყვანილი არგუმენტები არათანხვედრია. ამბობს, რომ სავიზო რეჟიმი იმიტომ გავართულეთ, გარკვეული რისკები იყოო, თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთი საუბრობს სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი არალოგიკური და არათანხვედრია. ვფიქრობ, ლავროვის განცხადება რეალობას მოკლებულია“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი თვლის, რომ ლავროვის განცხადება შანტაჟის ფორმისაა და ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გამოკვეთილ პოზიტივს ჩრდილს აყენებს.

„პანკისის ხეობაში ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო და რამდენიმე ადამიანი წასულია ისლამისტური შეიაღარებული ფორმირებების რიგებში საბრძოლველად, ეს ფაქტია, თუმცა აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა და სერიოზული ბრალდებაა ის, რომ პანკისის ხეობაში მზადებაა და რაღაც პროცესები მიდის, რასაც თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. პანკისის ხეობაზე სრული კონტროლია და ამის შესახებ კარგად იციან საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. სხვანაირად რომ იყოს, დამერწმუნეთ, სერგეი ლავროვს განცხადების გაკეთებას ბევრი სხვა სახელმწიფოს წამომადგენელი დაასწრებდა“, - აცხადებს გია ვოლსკი.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ დადასტურდეს ის ვითარება, რაზეც რუსეთის პირველი დიპლომატი საუბრობს. მისი თქმით, ამგვარი განცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„თუ რამე მსგავსი მინიშნება არსებობს, რუსეთი ვალდებულია რაც შეიძლება სწრაფად და გადაუდებლად მიაწოდოს ინფორმაცია ქართულ მხარეს და ყველას, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ აგრესიული ქმედების აღკვეთაში არის დაინტერესებული. მეჩვენება, რომ ამ შემთხევაში რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსთან დიალოგისთვის უბრალოდ, მზად არ არიან. მსგავსი განცხადებები მხოლოს ამ სიტუაციის გამართლებას ემსახურება“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

კითხვაზე - ლავროვის ბრალდების პარალელურად რა შემდგომ ნაბიჯებს შეიძლება ელოდოს საქართველო რუსეთის მხრიდან, მენაღარიშვილის აცხადებს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ მეზობელზე, როგორის რუსეთის ფედერაციაა.

„როდესაც საუბარია ისეთ პარტნიორზე, როგორიც რუსეთის ფედერაციაა, არაფრის გამორიცხვა შეიძლება. თუმცა, პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. არ მგონია, რომ ამ განცხადებას რაიმე ნაბიჯი მოჰყვეს. რუსეთი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ კიდევ ერთი აგრესიული მოქმედების უფლება მისცეს საკუთარ თავს. თუმცა, მსგავს მეზობელთან სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, სირიაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას, პანკისის ხეობის მოხსენიება, საკმაოდ სერიოზული მუქარაა საქართველოს წინააღმდეგ.

„იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა მიიღო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, მანამდე სამხედრო დოქტრინა, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ნებისმიერი სამხედრო საფრთხის გამოჩენისთანავე, ამის შემდეგ ლავროვის განცხადება საკმაოდ სერიოზული მუქარაა. როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს თავისი ძალების ამოქმედებას კავკასიაში და პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მოქმედების საბაბით, შეიძლება განახორციელოს სამხედრო ზეწოლა საქართველოს წინააღმდეგ“, - ამბობს ვახტანგ მაისაია