ჯაფარიძის პასუხი აგრამუნტს: „საქართველო არ არის ხელწამოსარტყამი ბიჭი, რომელსაც ხელს ნებისმიერი წამოარტყამს!“

ჯაფარიძის პასუხი აგრამუნტს: „საქართველო არ არის ხელწამოსარტყამი ბიჭი, რომელსაც ხელს ნებისმიერი წამოარტყამს!“

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პეტრო აგრამუნტი უხელმძღვანელებს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანი იქნება დაიცვას დეპუტატების უფლებები, რათა მათ შეძლონ შეასრულონ საკუთარი მანდატი, როგორც არჩეულმა წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოში და მათ ქვეყნებში.

ახალი პრეზიდენტის საინაგურაციო სიტყვის მთავარი გზავნილი იყო საქართველოში არსებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები, რომელიც  ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. როგორც აგრამუნტმა აღნიშნა, ევროპის საბჭომ უნდა გააგრძელოს მსჯელობა გაყინულ კონფლიქტებზე.

საინაგურაციო სიტყვით გამოსვლისას აგრამუნტმა თბილისის ყოფილ მერს პოლიტპატიმარი უწოდა და უკრაინელ ნადია სავჩენკოსთან ერთად მოიხსენია.

„ისეთი პირების, როგორებიცაა უკრაინელი ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლება, მათი თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა, უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა განვიხილოთ დაინტერესებული ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად“, - განაცხადა პეტრო აგრამუნტმა.

პეტრო აგრამუნტის განცხადებას, რომ უგულავა პოლიტპატიმარია, არ ეთანხმება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, უგულავა დამნაშავედ ცნეს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად გამოყენების გამო, საქართველოში კი კანონზე მაღლა არავინ დგას.

„პრეზიდენტმა აგრამუნტმა თავისი გამოსვლისას ერთი ქართული სახელი ახსენა და ის პოლიტპატიმრად შეაფასა. ეს ადამიანი საქართველოში დამნაშავედ ცნეს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ გამოყენებაში. გაინტერესებთ, მიხარია თუ არა რომ ეს ადამიანი ციხეშია? რა თქმა უნდა - არა, მაგრამ საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას.

საქართველო არ არის ხელწამოსარტყამი ბიჭი, რომელსაც ხელს ნებისმიერი წამოარტყამს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს მნიშვნელოვანია ყოველთვის, მაგრამ არჩევნების წელს განსაკუთრებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობის წარმომადგენლები რაც ნაკლებად დაუპირისპირდებიან საერთაშორისო ინსტიტუტებს და ამ ინსტიტუტების ლიდერებს, მით უფრო ნაკლებად გააფუჭებენ საქართველო საქმეს.

„ნამდვილად მინდა დავარწმუნო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ევროსაბჭოს პრინციპები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პირადი ან პარტიული მეგობრობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიპლომატთა კლუბის წევრის მამუკა კუდავას შეფასებით, ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის განცხადებაზე უმრავლესობის რეაქცია, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი იქნება, რადგან, მისი თქმით, მსგავსი არადიპლომატიური გამონათქვამებით გამოირჩევიან ავტორიტარული ქვეყნების პოლიტიკოსები და დიპლომატები.

„უნდა მოერიდონ ასეთ შეფასებებს. თუ მათ სურთ, რომ არასწორ გზავნილებს აგზავნიდნენ შეუფერებელ დროს, ეს მათ იმიჯზე, ისევე როგორც მთელი ქვეყნის პრესტიჟზე მოქმედებს“, - განაცხადა მამუკა კუდავამ.

კუდავასგან განსხვავებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტონს არ უწუნებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით თავისთავად, უგულავას თემა შეიცავს გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ შედარება რუსეთის მიერ დატყვებეულ უკრაინელ მფრინავთან, ვერ აღიქმება გონივრულ ნათქვამად, მით უმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირისაგან.

„ადეკვატური და ნამდვილად მოულოდნელი განცხადება იყო. როგორც ჩანს, იქ მყოფი ჩვენი დიპლომატისთვის შეურაცხმყოფელი იყო ასეთი განცხადება. ნამდვილად არ მგონია, რომ ვინმეზე ნაკლები ავტორიტეტი ჰქონდეს საერთაშორისო სივრცეში თედო ჯაფარიძეს. ცხადია, ეს არ გახლავთ რაიმე, რიგითი რეპლიკა, ვფიქრობ, ნებისმიერი სხვა წევრისგან რომ გაჟღერებულიყო ასეთი განცხადება, მიუღებელი იქნებოდა მთლიანად დიპლომატიური სივრცისთვის, მაგრამ თედო ჯაფარიძეს ნამდვილად იმ ადამიანზე არანაკლები ავტორიტეტი აქვს, რომელსაც მან გასცა პასუხი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.