პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სტუმრობის კონკრეტული თარიღი უცნობია, პოლიტიკური მხარეების ინტერესის საგანი კი კვლავ იგივე რჩება - დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას მთავრობა და გაიმართება თუ არა პოლიტიკური დებატები.
როგორც გასულ წლებში, ასევე ახლაც, მმართველი გუნდი პოლიტიკურ დებატებს გაურბის, თუმცა, სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების დასწრებას არ გამორიცხავს. თუკი 2014-2015 წლებში, საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას მთავრობა არც ერთხელ არ დაესწრო და ამის მიზეზად მინისტრები და დეპუტატები კონსტიტუციურ ჩანაწერებს ასახელებდნენ, ამჟამად, კანონმდებლების პოზიციები შერბილებულია და ისინი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე მიანიშნებენ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი დრო და საშუალება ექნება, პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება.
ვინაიდან, მთავრობის დამტკიცების დროს, პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თანამშრომლობა შესთავაზა, არ არის გამორიცხული, რომ მთავრობა პრემიერის მეთაურობით უწყებაში მარგველაშვილის გამოსვლას დაესწროს, თუმცა, საინტერესო იმ მინისტრების პოზიციები იქნება, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების ვალდებულება არ ჰქონდათ.
ამ მოწვევის პარლამენტში, პლენარული სხდომების დარბაზში, პრეზიდენტის გამოსვლისას სამთავრობო ადგილები ორჯერ ცარიელი დარჩა და ეს ტრადიცია გაგრძელდება თუ არა, ეს საგაზაფხულო სესიაზე გახდება ცნობილი, რომელიც 2 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სწორედ ბიუროს სხდომაზე გაიმართება მსჯელობა იმის თაობაზე, პრეზიდენტი უწყებას რეგლამენტის შესაბამისად ეწვევა, თუ მოსმენის ვადები გადაიწევს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“-ს წევრი, დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მთავრობასა და პრეზიდენტს თანამშრომლობას ურჩევს და for.ge-სთან საუბარში იმედოვნებს, რომ მთავრობის მხრიდან ის არასწორი პრაქტიკა შეიცვლება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ხდებოდა, როცა მთავრობა პრეზიდენტის უგულებელყოფდა და მის გამოსვლებს არ ესწრებოდა. კანონმდებელის მოსაზრებით, ქვეყნისთვის და პარლამენტისთვის ის აქცენტები მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომელსაც პრეზიდენტი გააკეთებს, თუმცა, მის აქცენტებს ვინ როგორ დაეთანხმება, ეს მეორე საკითხია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საკუთარ მოხსენებას გააკეთებს, პოლიტიკურ ძალებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ დებატები გამართონ.
„ეს ყველაფერი სწორი გადაწყვეტილება იქნება. ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის ბევრი უთანხმოება რომ იყო, ეს ფაქტია, მაგრამ ეს პიროვნულ საკითხებს უკავშირდებოდა თუ არა, ვერ გეტყვით. ეს ასევე უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობასაც ეხებოდა და ცუდია, რომ მაშინდელი მთავრობის წევრები და პრემიერი უშიშიშროების საბჭოს სხდომებს არ ესწრებოდნენ. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა იყოს, რომელიც საქმეზე ორიენტირებული უნდა იყოს. შეიძლება, როგორც პრემიერის, ასევე პრეზიდენტის პოზიციები მცდარი იყოს, მაგრამ მათ აზრების გაცვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, - დასძენს კუბლაშვილი, რომლის მსგავსად, პოლიტიკური დებატების მომხრეა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.
როგორც for.ge-ს ჩიქოვანმა განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლა არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია გაიგოს. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია მნიშვნელოვანია, ქვეყნის პირველ პირს თუ რა სახის შეხვედრა სურს.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის პრობლემურია ნებისმიერი სახის დებატი და პოლიტიკური აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რადგან ისინი საკუთარი პოზიციების მყარად წარმოჩენის შესაძლებლობას ვერ ხედავენ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
„თავისუფალი დემოკრატები“ დებატების დანიშვნის გარდა, პარლამენტში ითხოვენ თუ არა მინისტრების მისვლას, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა, რადგან 2014 წელს, პარლამენტში მარგველაშვილის გამოსვლას სხვა მინისტრების მსგავსად, არც მაია ფანჯიკიძე, არც ბუკა პეტრიაშვილი და არც ირაკლი ალასანია არ დაესწრნენ და მათი გადაწყვეტილების პათოსი მთავრობის სხვა წევრების იდენტური იყო.
ჩიქოვანი ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ყოფილი მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლას ერთხელ არ დაესწრნენ.
„ამ საკითხთან მიმართებაში პრობლემას ვერ ვხედავთ, თუკი პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე დასწრების სურვილი ექნება. ეს პრეზიდენტის ნება-სურვილზე დამოკიდებული უნდა იყოს“, - დასძენს ჩიქოვანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი კი, პრეზიდენტს იმის განმარტებას სთხოვს, რომ ის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის.
for.ge-სთან საუბარში ვოლსკი ამბობს, რომ მარგველაშვილმა თავი არ უნდა შეიკავოს და უნდა თქვას, რომ ის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს არ წარმოადგენს და მისი მოსაზრებები, წინადადებები და პოზიცია შეიძლება განხილული იქნეს ისედაც, თუკი სხდომას მთავრობა არ დაესწრება.
„მან ამაზე უნდა ისაუბროს, თუკი მას სურვილი არ აქვს, ამასთან დაკავშირებით რაღაც დაპირისპირებები შექმნას“, - აღნიშნავს ვოლსკი.
კანონმდებელი დებატების გამართვის თემასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ დებატები ის თემა არ არის, რომელიც შეიძლება საკამათოდ ღირდეს, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი აკადემიური უნდა იყოს.
„ზოგიერთი სიმწვავის მოსამატებლად დროს ინაწილებს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც პრეზიდენტის აკადემიურ გამოსვლას მოუხდება. ფრაქციების გამოსვლით შენარჩუნებული იქნება აკადემიურობა და არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის შეფასება არ დაიკარგება. ზოგს მიაჩნია, უფრო უკეთესია გლადიატორთა ბრძოლები პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ეს საზოგადობის ინტელექტუალურ მოთხოვნებს არასწორად აფასებს“, - დასძენს დეპუტატი.
ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კი, უწყებაში პრეზიდენტის სტუმრობის ფორმატს განმარტავს. როგორც for.ge-ს ძიძიგურმა განუცხადა, რეგლამენტში აღნიშნულია, რომ როგორც წესი, პირველივე სხდომაზე მიდის, მაგრამ ეს პრაქტიკაში არ ხორციელდება, რასაც თავისი ახსნა აქვს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის კონსულტაციებს გულისხმობს. ძიძიგურის განცხადებით, პრეზიდენტის სტუმრობას პოლიტიკურად მომზადება სჭირდება.
„გასულ წლებში, გამოსვლები ფრაქციების ფორმატში გაიმართა. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, პრემიერი მზადაა, სხდომას დაესწროს. სხდომა ნაციონალების შემოთავაზებული დღის წესრიგით წარიმართება, თუ მოსახლეობისთვის საინტერესო ამბები გაჟღერდება, ამაზე პარლამენტის ხელმძღვანელობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოილაპარაკებენ“, - ამბობს ძიძიგური.
თანაგუნდელების მსგავსად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურა ტყემალაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს, დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა.
for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე აღნიშნავს, რომ მას ოპოზიციის მოთხოვნები აკვირვებს, რადგან პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ თუკი საშუალება ექნება, სხდომას დაესწრება.
„როცა ოპოზიციამ გაიგო, რომ კვირიკაშვილმა თქვა მოვალო, ახლა გულზე მჯიღს ირტყამენ - „არა, უნდა მოვიდესო“. იმ კაცმა თქვა, თუკი პრობლემა არ იქნება, მოვალო და მათი მოთხოვნა რა საჭიროა?“, - აცხადებს ტყემალაძე, რომელიც ჩვენს მიერ მთავრობის წევრების ძველი შეფასებების შეხსენების შემდეგ, კონსტიტუციურ ჩანაწერებზე ალაპარაკდა.
ტყემალაძის განმარტებით, როცა პრეზიდენტს პარლამენტში მთავრობა მოჰყვებოდა, მაშინ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო, დღეს კი, ვითარება სხვაა.
„მაშინ მთავრობის წევრები ვალდებული იყვნენ ანგარიშის მოსმენას დასწრებოდნენ. ისინი ამ სხდომას რომ დაესწრონ, ამაში არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს დამოკიდებულია მთავრობის კოლეგიალურ დამოკიდებულებაზე. ეს იყო მაშინაც და ასე იქნება ახლაც“, - დასძენს ტყემალაძე.
რაც შეეხება პროცედურებს, for.ge-ს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განუმარტავს, რომ პოლიტიკური დებატები ყველა ვარიანტში გაიმართება.
დეპუტატის ცნობით, იმ შემთხვევაში თუკი, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების ხელმძღვანელები გამოვლენ, მათ 15-15 წუთიანი დრო გამოეყოფათ.
„როგორც წესი, რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტის გამოსვლა საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ხდება, თუმცა, კანონმდებლობა არ გვიკრძალავს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში სხვა დროსაც წარსდგეს. ეს საკითხი პრეზიდენტთან კონსულტაციებით წყდება და მოსახერხებელ დროზე შეთანხმება ხდება. რაც შეეხება მთავრობას, მინისტრების სხდომაზე დასწრების პირდაპირი მოთხოვნა არ არსებობს, თუმცა, თუკი მთავრობა პარლამენტში მოვა, მივესალმები. მათი სტუმრობა მხოლოდ დასწრებით შეიძლება შემოიფარგლოს, რადგან ისინი პრეზიდენტის გამოსვლაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ“, - აცხადებს კახიანი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, პრეზიდენტი პარლამენტს 21 თებერვალს ეწვია, ხოლო გასულ წელს 31 მარტს.