„ის, რომ პოლიტიკოსობა არ არის სპეციალობა, მთლად ასეც არ არის. პოლიტიკას გარკვეული გამოცდილება სჭირდება. ძალიან ბევრი ისე მოხვდა პარლამენტში, რომ ეს გამოცდილება არ ჰქონდათ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის განცხადებით, ამომრჩეველი კომპეტენტური ხალხის მოთხოვნებს აყენებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა გააკეთოს, სხვა შემთხვევში შეიძლება პრობლემა შეიქმნას.
როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია და რა ცვლილებია მოსალოდნელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი სპორტსმენებისა და მსახიობების ადგილს ვერ ხედავს პარლამენტში, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა და აღნიშნეს, რომ პოლიტიკოსი, როგორც პროფესია არ არსებობს. ბატონო ზურაბ, რა სახის ცვლილები უნდა განხორციელდეს „ოცნების“ საარჩევნო სიაში, საერთოდ უნდა გამოირიცხოს სპორტსმენებით და მსახიობებით სიის დაკომპლექტება?
ზურაბ ბიგვავა: ერთი რეიგანი იყო მსახიობი, რომელიც პრეზიდენტი გახდა და ძირითადად, ის მოჰყავთ არგუმენტად. იმას არ აკვირდებიან, რომ რეიგანის ბიოგრაფიაში ძალიან ნათლად არის გადმოცემული, რომ ეს კაცი წარმატებულ პროფკავშირულ საქმიანობას ეწეოდა და ამის გამო აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. არ ვამბობ, რომ არ შეიძლება ხელოვნების მოღვაწე შევიდეს პარლამენტში...
მაგრამ არა იმ რაოდენობის, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი?
– რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ პროფესიონალური გუნდით უნდა იყოს დაკომპლექტებული პარლამენტი. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსები უნდა იყვნენ. ის, რომ პოლიტიკოსობა არ არის სპეციალობა, მთლად ასეც არ არის. პოლიტიკას გარკვეული გამოცდილება სჭირდება. ძალიან ბევრი ისე მოხვდა პარლამენტში, რომ ეს გამოცდილება არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში - ნაწილი, მაინც.
ვფიქრობ, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ პორფესიონალები, რომლებსაც ექნებათ გამოცდილება, გადაწყვიტონ ის საკითხები, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას და ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. თამაშის და გამოცდების ბარების დრო არ არის. სულ გამოცდები ხომ არ უნდა ვაბაროთ, საჭიროა წინ წავიწიოთ, სხვა მიზნები დავსახოთ და დავიწყოთ პროფესიონალური საქმიანობა. თავი უნდა გავანებოთ სტუდენტობას.
უნდა მოვიყვანოთ პროფესიონალი ადამიანები, რომლესაც აქვთ გამოცდილება და კომპეტენცია გადაწყვიტონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის ეკონომიკა და პოლიტიკა, რომელიც ფართო გაგებით დიფერენციას მოიცავს, მაგრამ ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ეკონომიკა და ისეთი კანონების მიღება, რომელიც ადამიანებს უკეთესად ცხოვრების საშუალებას მისცემს. ამ თვალსაზრისით, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ მაინც და მაინც, ამ რაოდენობით ხელოვნების მოღვაწეები და პროფესიონალი სპორტსმენები უნდა იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.
დღეს საქართველოში არის ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც იმუშავებს როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით?
– რა თქმა უნდა - არის. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო სერიოზული და თანამედროვე განათლება. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე განათლების ადამიანები.
მაგრამ ამ ადამიანების არჩევანი არის „ქართული ოცნება“? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე აღარ არის ბრენდი, შესაბამისად, ამ რესურსის ადამიანებისთვის მიმზიდველი არ არის „ქართული ოცნება“...
– სისულელეა. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოჩნდება. როცა ლაპარაკია იმის შესახებ, რომ „ოცნება“ ბრენდი არ არის, მაშინ, ძალიან მაინტერესებს რომელია ბრენდი? მართალი გითხრათ, არ მესმის რა არის ბრენდის დეფინეცია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მიმზიდველი იქნება „ქართული ოცნება“. ძალიან საინტერესო ადამიანები იქნებიან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. სიაში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ბევრი რამ შეცვალონ და კეთილდღეობის გზაზე დააყენონ ქვეყანა.
ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ბევრად კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტდება, ვიდრე 2012 წელს იყო?
– დარწმუნებული ვარ, წინასწარი სია უკვე არსებობს. 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ რეალურად ამის დრო არ ჰქონდა. არ იყო დრო მოძებნილიყო ეს ხალხი, რომ ერთმანეთთან დაემყარებინათ კომუნიკაცია. გახსოვთ, რა ვითარება და ზეწოლა იყო. სულ სხვა პოლიტიკური გარემო იყო. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი იმის გათვალისწინებით მოხვდა ხელისუფლებაში, პროტესტს როგორ გამოთქვამდა. ახლა ამის დრო არ არის. საზოგადოება ამ თვალსაზრისით წინ წავიდა და ძალიან სერიოზული მოთხოვნა დააყენა. ამომრჩეველი აყენებს კომპეტენტური ხალხის მოთხოვნებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა გააკეთოს, სხვა შემთხვევში, შეიძლება პრობლემა შეიქმნას.
„ქართული ოცნების“ როგორც პოლიტიკური ძალის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ამ ადამიანებთან მოლაპარაკებებზე. საკმაოდ წინ არის წასული ეს პროცესი. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც „ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან, უკვე არიან საქმის კურსში. შესაბამისად, მზად არიან.
ბატონო ზურაბ, თქვენ იცით ვინ არიან „ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრები?
– კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ რომ ვიცოდე, არ მაქვს უფლება გარკვეული გვარები გავაჟღერო. ვიცი, რომ ბევრ ადამიანთან არის კონსულტაციები და ეს იცის ყველამ. საქართველოა, ვიღაცა ვიღაცის ნათესავია, ვიღაცის ახლობელია და დაახლოებით, იცის ხალხმა რა ადამიანებს არჩევდნენ. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს და თქვას ცნობადი სახე, ან საყვარელი ტიპი რატომ არ არისო.
საყვარელი ტიპი უნდა ვნახოთ სტადიონზე და კინოში. პარლამენტში უნდა მივიდნენ ისეთი ადანიანები, რომლებსაც შეუძლიათ საქმის გაკეთება. სწორედ, რომ ამის დეფიციტი იყო წინა პარლამენტში. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ღირსეული საპარლამენტო შემადგენლობა ეყოლება და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
ამომრჩევლის გაზრდილ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ და ფაქტია, რომ მოსახლეობას პრეტენზია აქვს ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართაც. საპარლამენტო გუნდის ახალი სახეებით დაკომპლექტების პარალელურად, უნდა ველოდოთ ცვლილებებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში?
– აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იქნება ცვლილება. ახლა პრემიერი თავის ამპლუაში შედის, გავა დრო და პრემიერი გააკეთებს სამთავრობო ცვლილებებს. ჩემი აზრით, ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები.
მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ამომრჩევლისთვის?
– შეიძლება პირადად არ ვარ ამის მომხრე, მაგრამ გზავნილებზე არ არიან ესენი აწყობილი. თვითონ ბიძინა ივანიშვილმა სხვა პრინციპები დანერგა ქართულ პოლიტიკაში. ამ ხელისუფლების პოლიტიკა პიარზე არ არის აგებული.
რასაც ხელისუფლებას შეცდომად უთვლიან...
– გეთანხმებით. გარკვეულწილად შეიძლება ეს შეცდომად ჩაითვალოს, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ვიღაცას რაც შეცდომა ჰგონია, შეიძლება ძალიან დიდ გამარჯვებად ჩამოყალიბდეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ვფიქრობ, რომ სამთავრობო ცვლილება იქნება და რა თქმა უნდა, ეს იქნება გზავნილიც.
ამ გზავნილში ჩვენ უნდა დავინახოთ შინაარსი იმ თვალსაზრისით, რომ ცვლილება არის არა მარტო იმისთვის, რომ ადამიანებს გაუხარდეთ ახალ მთავრობაში სიმპათიური, ლამაზი და კარგად მოლაპარაკე ხალხის დანახვა, არამედ ცვლილებები იქნება სხვა მიმართულებით და დავინახავთ, რომ მთავრობაში მოვიდნენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები.
როგორ ფიქრობთ „ქართული ოცნება“ ისევ კოალიციით წარსდგება ამომრჩევლის წინაშე? არსებობს ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“ დატოვებს კოალიციას...
– არ მგონია. „რესპუბლიკელებს“ არ აწყობთ კოალიციიდან გასვლა და არც აპირებენ. ზოგიერთი წევრების გარდა, კოალიციას არც ერთხელ არ გაუჟღერებია, რომ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გარკვეული პრობლემები აქვთ. მგონია, რომ შეთანხმდებიან, რესპუბლიკელებსაც ექნებათ თავისი შესაბამისი კვოტა. ვიღაცა შეიძლება გავიდეს კოალიციიდან და იყო საუბარი, რომ შეიძლება ფორუმი გავიდეს. თუ ფორუმი გავა, ამით კოალიცია არ დაიშლება.
აუცილებლად კოალიციური იქნება ეს ძალა. ამ სახით იქნება, თუ ცოტა განსხვავებული სახით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპები და ღირებულებები, რითიც მოვიდა ეს ძალა ხელისუფლებაში, იგივე დარჩება, მაგრამ შეიცვლება ადამიანების საკმაოდ დიდი პროცენტი როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდბელო ხელისუფლებაში. კოორდინირებული იქნება ხელისუფლების მართვის მექანიზმი. იცით რატომ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს? – საბედნიეროდ ჩვენი ამომრჩეველი გახდა უფრო კომპეტენტური.
იმის მიუხედავად, რომ კრიტიკული პიარია „ქართული ოცნების“ მიმართ?
– ძირითადად კრიტიკული არიან ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ იყვნენ, მაგრამ რაღაცა არ მოეწონათ და დღეს მასთან არ არიან, ყველამ ვერ აისრულა თავისი ოცნება. ეს ხალხია კრიტიკული და ეს არის 5–10%, მოსახლეობის 90% კი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამომრჩეველი დაფიქრდება, ინფლაცია გამოწვეულია იმით, რომ ხადურმა სამჯერ ჭამა თიკანი, თუ სხვა რამით. იფიქრებენ სწორად და ყურადღებას არ მიაქცევენ ხადურის ციკანს და რაღაცა სისულელეებს, რასაც წერს ოპოზიციური პრესა თუ ტელევიზია აცხადებს.