საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მმართველი გუნდი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, ოპოზიცია კი, მთავრობას ხარჯებისა და გადასახადების შემცირებას ურჩევს.
ბოლო მონაცემებით, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარია და პოლიტიკოსთა ნაწილი ლარის ვარდნის ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებს, მეორე ნაწილი კი, დრამატულ შედეგებს არ ელოდება.
for.ge-სთან საუბარში ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“-ს წევრი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მაღალი ალბათობით, ამჟამად, ლარის კურსის გაუფასურება დააკავშირებულია იმასთან, რომ რუბლისა და აზერბაიჯანული მანეთის გაუფასურება ხდება. მისი ცნობით, ასევე მსყიდველუნარიაონობა კლებულობს, დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი ვარდება და საქართველოში გადმორიცხვები შემცირებულია. კანონმდებელის მოსაზრებით, საგარეო ფაქტორის გარდა, შიდა პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას მეოთხე წელია ეკონომიკური პოლიტიკა გააზრებული არ აქვს.
„მთავრობამ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ხელი შეუშალა და ისეთ რეალობაში ავღმოჩნდით, როცა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით რეგიონალურ კრიზისში შევედით. ეს ყველაფერი სადამდე შეიძლება წავიდეს, ამის პროგნოზი რთულია. თუკი ქვეყანა საკრედიტო კრიზისში გადავიდა და ფინანსურ ინსტიტუტებს საფრთხე შეექმნა, ამას ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველი შედეგი ექნება“, - აცხადებს ჯაფარიძე.
დეპუტატი შექმნილ ვითარებაში სწრაფ გამოსავალს ვერ ხედავს და მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მთავრობის ხარჯები და გადასახადები შეამციროს.
ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად, ლარის გაუფასურებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და for.ge-სთან საუბარში კრიზისიდან გამოყვანის გზებს სახავს.
კვიჟინაძის განმარტებით, ლარის კურსის ვარდნა ძირითადად გამოწვეულია ორი მიზეზით - ექსპორტისა და გადმორიცხვების შემცირებით.
„რუსეთში ვალუტის გაუფასურება 100-120 პროცენტით მოხდა, უკრაინაში 300 პროცენტით, ჩვენთან კი, 37-38 პროცენტით. ამ ქვეყნებიდან გადმორიცხვები შემცირდა და ასობით მილიონი დოლარი აღარ შემოდის, რომელიც შემოდიოდა. 2012 წელს, ექსპორტის 52 პროცენტი დსთ-ს ქვეყნებში გადიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ იქ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ამ ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტი 43 პროცენტით შემცირდა. ანუ, იქ მოსახლეობა ჩვენს წყლებს, ციტრუსს თუ ღვინოს ვეღარ ყიდულობს. ჩემი ანგარიშით, ქვეყანაში მილიარდამდე თანხა ვერ შემოვიდა და მთავრობას რა უნდა ექნა? - ხელისუფლება რუსული რუბლის ან აზერბაიჯანული მანეთის გაუფასურებას ხელს როგორ შეუწყობდა?“ - აცხადებს კვიჟინაძე.
დეპუტატი ოპოზიციის ბრალდებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია აცხადებს, თითქოს, ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის, მაგრამ 2012 წელს, ინვესტიციების განხორციელების შედეგად, 912 მლნ დოლარი შემოვიდა, შარშან, ერთი მილიარდ 750 მლნ დოლარი, ხოლო მიმდინარე წელს, სამ კვარტალში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2012 წელს იყო.
„ფაქტი სახეზეა. წელს ტურისტების რაოდენობამ 7 პროცენტით მოიმატა და ეს ფაქტორები იმის მიზეზი ვერ იქნება, რომ ან ეკონომიკური ზრდის შემცირება მოხდეს, ან ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ჩემთვის ხალხის მდგომარეობა გასაგებია და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან მალე გამოვიდეს, მაგრამ ლარის გაუფასურების კონკრეტული მიზეზები არსებობს, რასაც სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკიც ადასტურებენ“, - ამბობს დეპუტატი.
კვიჟინაძე ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოყვანის რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლის რესურსიც არსებობს.
„ბაზრის დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს. ალბათ, დსთ-ს ორი-სამი წლის მანძილზე არაფერი არ ეშველება და ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა შესაძლებლობა ამოვწუროთ და განვავითაროთ. ჩინეთი საქართველოთი ძალიან დაინტერესებულია და ისინი ჩვენთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოდიან, რაც გამოყენებული აუცილებლად უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ირანი, რომელსაც სანქციები მოეხსნა და მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ იქ შევიდეს. კერძო საუბრებში ირანელები გვეუბნებიან, რომ მათ უნდათ, ევროპაში ენერგო რესურსების გატარებისთვის საქართველო გამოიყენონ. ამ მხრივ დიდი პოტენციალია, რისი მიმართულებითაც უნდა წავიდეთ“, - აღნიშნავს დეპუტატი.
კვიჟინაძე ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ინვესტიციების მოზიდვას მიიჩნევს.
„ინვესტიციების შემოდინებამ კიდევ უნდა მოიმატოს. აქ დიდი პროექტების დაწყებისთვის დიდი რეზერვი არსებობს. მათ შორის, ხუდონი, ანაკლიის პორტი, შემოვლითი რკინიგზა, რომელიც რამდენიმე კვირაში დაიწყება. ასევე აუცილებელია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდეს. ამის გაკეთება სახელმწიფოსაც რომ დასჭირდეს, უნდა გააკეთოს, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. საქართველოდან ვალუტა ენერგო რესურს გააქვს“, - დასძენს კვიჟინაძე.
კანონმდებელი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე დედაქალაქში „პანორამა თბილისის“ გაშენებას.
„ამ პროექტში 600 მილიონი დოლარის ჩადება იგეგმება და წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი დასაქმდება, რა რაოდენობის ვალუტა შემოვა და რამდენი საწარმო ამუშავდება? თუკი რაიმე მახინჯდება, ამას ვინ გაკეთებს? როცა ამხელა ფული იდება, ცუდის გაკეთება ვის უნდა? ამ პროექტს ჯინით არ უნდა ვუყუროთ, რომ იქნებ, რაიმე გაფუჭდეს. ამ პროექტს უნდა მივეხმაროთ და ვურჩიოთ, რა უნდა გააკეთონ. ვიღაცეებს სამი-ოთხი მილიონის ჩადებას ვეხვეწებით და თბილისში, პროექტში 600 მილიონი დოლარი არასოდეს არავის ჩაუდვია. მათ შორის, არც კომუნისტების დროს. დიდ პროექტებში, სადაც ფული არის, მუშაობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს“, - ამბობს კვიჟინაძე, რომელიც ლარის კურსის მცირე რყევებს ელოდება, მაგრამ არა - ფუნდამეტალურ ცვლილებას.
კვიჟინაძე ექსპერტებისა და ოპონენტების რჩევებსაც ეხმაურება, რომელიც სამთავრობო ხარჯების შემცირებას ეხება.
„ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ და თუკი რაიმე საშუალება გვაქვს, ხარჯები უნდა შემცირდეს, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტია. ევროპა განმარტავს, რომ ეს 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს და ჩვენ 3 პროცენტში ვზივართ. თუკი ხარჯებს შევამცირებთ, ეს უკეთესია, მაგრამ ხარჯების შემცირება მოხმარების შემცირებას გამოიწვევს. შეიძლება, რაღაცა ლარს მოუხერხო, მაგრამ ეკონომიკის ზრდას გააჩერებ“, - დასძენს კანონმდებელი, რომლის პოზიციას იზიარებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე.
როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, ის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნის ტენდენციის გაგრძელებას არ ელოდება.
ებანოიძის თქმით, კურსი გაუფასურების გამომწვევი მიზეზის ახსნა ძნელი არ არის იმდენად, რამდენადაც ძირითადი ფაქტორი ექსპორტის შემცირება და თანხების შემოდინებაა.
„რუსეთთან მჭიდროდ მიბმული არ ვართ, მაგრამ ეროვნული ვალუტა ვარდნას განიცდის როგორც თურქეთში, აზერიბაიჯანსა და რუსეთში, ასევე ბელარუსიაში. ამ ქვეყნების მძიმე კრიზისი საქართველოში თანხების გადმორიცხვაზე აისახება. ამის წამალია, რომ ალტერნატიული გზები ვეძებოთ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არსებობს, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, უფრო სტაბილური ბაზრები ეძებოს“, - ამბობს ებანოიძე.
კანონმდებელი ირწმუნება, რომ სერიოზული შანსები ჩნდება იმისა, რომ ირანულმა ინვესტიციებმა საქართველოში შემოსვლა დაიწყოს, რაც ეკონომიკას გამოაცოცხლებს.
„ბიზნესმა სტაბილურ ბაზრებზე უნდა იმუშაოს, სანამ დსთ-ს ქვეყნებს ასეთი ვითარება აქვთ. მარტივი ანალიზით რომ შევხედოთ, ლარის ვარდნის პერსპექტივა არ ჩანს. ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოზიციები უნდა გამოჩნდეს, რაც შოკებს მოხსნის. არასასიამოვნო მოლოდინები ჩნდება ხოლმე და ეს კურსზე ახლაც გარკვეული დონით ასახულია“, - დასძენს ებანოიძე.
თანაგუნდელების მსგავსად, ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე საუბრობს უმრავლესობის წევრი თემურ მაისურაძე.
როგორც for.ge-ს მაისურაძემ განუცხადა, ინფორმაციაა, რომ აზერბაიჯანში სავალუტო სისტემები ჩაიკეტა და მცდელობაა, რომ საქართველოში ადგილობრივი აზერბაიჯანელებით ვალუტის შესყიდვები განახორციელონ.
„ამას გადამოწმება სჭირდება. ახალი წლის პერიოდში მოსახლეობა პროდუქტს აქტიურად ყიდულობს, რის შემდეგაც ფულის კონვერტაცია ხდება და იანვრის მეორე ნახევარში, დოლარზე მოთხოვნა ხდება. კურსის ვარდნა არ უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, სახელმწიფომ ტენდენციები დაუყონებლივ უნდა შეისწავლოს. ისეთი რაღაც არ მომხდარა არც ცუდი და არც კარგი, რომ კურსს ასეთი ვარდნა დაეწყო. ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაა საჭირო“, - ამბობს მაისურაძე.