„მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ განრისხებული ზარი განხორციელდა მოსკოვიდან, ამ ზარის ადრესატი იყო ჩვენი კადრებთუხუცესი, რომელმაც ალბათ, მოისმინა უკმეხი საყვედურები იმის გამო, რომ არანაირი ყურადღება არ იქნა მიცემული პუტინის შემოთავაზებაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ამ საკითხზე კრემლში მოელოდნენ აღტაცებულ რეპლიკებს უმაღლესი თანამდებობის პირებისგან.
for.ge სოსო ცისკარიშვილის ესაუბრა.
„რუსეთთან მოქმედებები და მაგალითად, ე.წ. თანამშრომლობის შეთანხმებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, ჩვენ ყურადღების მოდუნების ფუფუნების საშუალებას არ გვაძლევს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, რამედან სწორი და რაც მთავარია დროული იყო პრემიერის ეს განცხადება?
სოსო ცისკარიშვილი: პრემიერმა, სულ რამდენიმე სიტყვით, ზუსტი შეფასება მისცა საქართველოს და რუსეთს შორის მრვალწლიან კონფლიქტს, შესაბამისად გამგებიც ასეთივე მზაობაში უნდა იყოს, რომ ამ წინანდების სიღრმეს ჩაწვდეს. ერთმანეთს ვერ ავურევთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს. დიახ, პოლიტიკური ამინდი კვლავ მოღრუბლულია, ეკონომიკურის კი, ზოგან მზის სხივს გაკრავს. ის რაზეც იყო საუბარი განვლილი სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენ რიტორიკა შევცვალეთ რუსეთის მიმართ, ამ შემთხვევაშიც ადასტურებს, რომ არაფერი შეურაცხმყოფელი არ გაჟღერებულა ერთი ქვეყნის ხელისუფლების მიერ, მეორე ქვეყნის ხელისუფალის მისამართით. მხოლოდ სიმშვიდის მომგვრელად მიმაჩნია ასეთი ფრაზებით საუბარი.
ამავე ინტერვიუში პრემიერმა რუსეთი დაახასიათა, როგორც ყველაზე დიდი საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევა საქართველოსთვის. პრემიერის ამ ინტერვიუს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, მაგრამ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გართულებას?
- პუტინის განცხადებიდან ორიოდე დღის შემდეგ მოვისმინეთ ჩვენ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის სამწლიანი ანგარიში. ძირითადად, იგი საუბრობდა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციაზე, ნატოსთან დაახლოებაზე და საერთოდ, არც რუსეთი უხსენებია და არც მისი პერეზიდენტის გვარი. უბრალოდ გვამცნო, რომ არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ სამეზობლოშიც შეგვეძლება უვიზო მიმოსვლა. ფაქტია, რომ ეს თემა ასე მარტივად ვერ აღიქმებოდა კრემლის კედლებში.
დარწმუნებული ვარ, რომ კრემლში მოელოდნენ აღტაცებულ რეპლიკებს უმაღლესი თანამდებობის პირებისგან. მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ განრისხებული ზარი განხორციელდა მოსკოვიდან, ამ ზარის ადრესატი იყო ჩვენი კადრებთუხუცესი, რომელმაც ალბათ, მოისმინა უკმეხი საყვედურები იმის გამო, რომ არანაირი ყურადღება არ იქნა მიცემული პუტინის შემოთავაზებაზე.
რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი შინაარსის ზარი იყო მოსკოვიდან?
- სხვა მიზეზი ღარიბაშვილის პრემიერმინისტობიდან აორთქლებისა ძნელად წარმოსადგენია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც 17 დეკემბერს პუტინმა ეს განცხადება გააკეთა, 18 დეკემბერს თბილისში ერთ-ერთ კონფერენციაზე შეხვედრა ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთან, რომელმაც გადაამოწმა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობდა ამ საკითხზე და უვიზო რეჟიმი იანვარში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ საუბარი დაიწყო არა უვიზო რეჟიმზე, არამედ გამარტივებულ ვიზებზე.
კიდევ ერთი არგუმენტი ჩემი მოსაზრების გახლავთ ის, თუ რა ხოტბა-დიდებით მოიხსენიებდა 30 დეკემბერს ჩვენი კადრებთუხუცესი ღარიბაშვილს. რომ არა ამ ისტერიული ნაბიჯის გადადგმის და პრემიერ-მინისტრის გადაყენებისა, ჩვენ იმას მაინც არ მოვესწრებოდით, რომ ადამიანს, რომელსაც დედა ჰყავს მეორე დღეს დასასაფლავებელი, მაინცდამაინც იმ დღეს წარადგენენ ახალ პრემიერად.
30 დეკემებერს ისიც გავიგეთ, რომ თურმე ბატონ ივანიშვილის უთხოვია ღარიბაშვილისთვის რამდენიმე ხანს არ გადამდგარიყო და უარი მიუღია. როდესაც ასეთი სიყალბის კრიალოსანი სახეზეა და როდესაც დამნაშავესავითი მუდმივი ქების ტონში საუბრობს ჩვენი კადრებთუხუცესი მის მიერ ნაპოვნ და შემდეგ მის მიერვე დაკარგულ ადამიანზე, რასაკვირველია, აქ გულწრფელობისგან შორს ვართ. ამიტომ, საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სხვადასხვა რამ არის.
ანუ, თქვენ თვლით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განთავისუფლება უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის განცხდებას, რომელსაც არ მოჰყვა რეალური ქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?
- დარწმუნებული ვარ, რომ კრემლში ელოდნენ ოვაციებს საქართველოდან, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ადამინი მაინც ეგულებოდათ, რომელსაც თავში უნდა მოსვლოდა ოვაციების გამოხატვა. მგონია, რომ ეს იყო შეცდომა და არა ღალატი. შეცდომაში ვგულისხმობ იმას, რომ პუტინის ინიციატივა სათანადოდ არ გაჟღერებულა საქართველოში და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოგვისმენია.
უკაცრავად, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არსად მომისმენია ღარიბაშვილისგან, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. ჩემთვის არც ის არის უცნობი, რომ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ერთ-ერთი მოსკოველი კოლეგა იმყოფებოდა თბილისში კონფერენციაზე, რომელმაც პირად საუბარში ბრძანა, რომ კრემლი იმედგაცრუებულია ივანიშვილით. რასაკვირველია, ჩაკითხვა არ მომხდარა, რადგან ეს უფრო გამოწვევის სახეს იღებდა და ამ ავანტურისტულ თემაზე საუბარი არ გაგვიგრძელებია.
საქართველო სამ თვეში მიიღებს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან, რას შეიძლება ველოდოთ რუსეთის მხრიდან?
- რუსეთზე უფრო დიდი საფრთხე ამჟამად ის სიტუაციაა, რომელიც ევროპაშია. თუკი რაიმეს ემუქრება საფრთხე, ჩემი აზრით, ეს გახლავთ სწორედ, შენგენის ზონის გაუქმება. ამის საფუძველს გვაძლევს უკანასკნელი მოვლენები და ვიცით, რომ ავსტრიამ შეაჩერა საკუთარი უფლებამოსილება შენგენის ზონაში. არ გამოვრიცხავ, რომ გერმანიაში სერიოზული შინაგანი შფოთი დავინახოთ იმ ქმედებების გამო, რასაც ჰქვია 100 ათასობით დევნილის შექმნა, თანაც - აგრესიული ანტიევროპული განწყობილებების მქონე ადამიანებისა. თუკი რამეს ემუქრება საფრთხე ეს გახლავთ შენგენის ზონა. ამიტომ, წინასწარ ნუ ვიქნებით ტაშ-ფანდურის რეჟიმში, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ვეცადოთ, რომ თვალსა და ხელს შუა არ გაგვიქრეს შენგენის ზონა.