„დღეს საქართველოს თანამშორმლობა ალიანსთან ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს აშიშ კუმარ სენისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გიორგი კვირიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ნატო-მ 2015 წლის დეკემბერში გამართულ მინისტერიალზე დაანონსა, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე - აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ვარშავას სამიტზე საქართველო მაპ-ს თუ არა, საგზაო რუკას მაინც მიიღებს, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, თუ რა კონკრეტული შედეგები იქნება ნატო-ს სამიტზე ვარშავაში.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნატო-ს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება საქართველოს ქმედებებზე, დააფიქსირებს საქართველოს პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და დაგვაახლოვებს ალიანსში გაწევრიანების ჩვენს საბოლოო მიზანთან. საქართველოში მიმდინარე ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმების მთავარი მიზანია, მოხდეს ქვეყნის მოდერნიზება და დააყენოს ის დემოკრატიისა და კეთლდღეობის შეუქცევად გზაზე. საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხედავს, როგორც შესაძლებლობას მიაღწიოს ამ მიზნებს და შეინარჩუნოს ისინი მომავალში.
პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში იქნება კარგი სტიმული საქართველოს მოსახლეობისთვის, გააგრძელოს რეფორმების მხარდაჭერა. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ ველით სწრაფ პროგრესს ინტეგრაციის პროცესში, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია დავანახოთ ჩვენს ხალხს, რომ პროცესი არ შეჩერებულა და მას საგრძნობი შედეგი მოაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან თბილისში. ანალიტიკოსების განცხადებით, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს არჩევანია გახდეს ატლანტიკური ოჯახის წევრი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას კურსის შეცვლასთან დაკავშირებით, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
„მბრალდებელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ის პარტია რომელმაც მთელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები და ტერიტორები რუსებს გადასცა. დღესაც თუ ვინმე მუშაობს რუსეთზე, დიახ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. შემთხვევითი არ იყო, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დაწყება დადებითად შეაფასა აშშ-ის ელჩმა. დიახ, ჩვენს პარტნიორებს არ აწყობთ, რომ აქ მორიგი კონფლიქტი იყოს გაჩაღებული რუსეთთან ურთიერთობაში. ერთადერთი, ვინც ამას აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ აწყობთ ეს დაძაბულობა, რადგან დაძაბულობის ფონზე საქართველოში ნაკლები იქნება ინვესტიციები, რაც რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ეჭვი საფუძვლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიმართულებით არ გადადგამდა საჭირო ნაბიჯებს.
„ამ ეტაპზე ნატოსთან მიმართებაში ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ თუ არა განწყობილი? - ამერიკის პრეზიდენტმა გვიკარნახა, რომ არ უნდა ვიყოთ. ასე რომ, ამ მხრივ თუ რაიმე გამოითქვა საქართველოს მხრიდან, ეს მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების გამეორება იქნება. დანარჩენი, საქართველოს რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს, როგორც განცხადებებით, ასევე კონკრეტული ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით იმისათვის, რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, თანდათან უფრო გამოჩნდება რამდენად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების განცხდებები რეალურ პოლიტიკას.
„აღქმა იმისა, რომ დემოკრატიული პროცესი წინ მიდის, არ არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თემები და საკითხები დგას ახალი პრემიერ-მინისტრის წინაშე, მის ქმედებებში გამოჩნდება რამდენად შეესაბამება გაცხადებული პოლიტიკა იმ რეალურ ქმედებებს, რასაც მთავრობა რეალურად გაატარებს“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციის პროცესს, მუჩაიძის განცხადებით, წარმატებულად მიმდინარებს უელსის პაკეტის შესრულება. თუმცა, მისივე თქმით, არაერთ გზის იქნა აღნიშნული იგივე ნატო-ს მაღალჩინოსნების მიერ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებული არ არის მარტო თავდაცვის სიტემის რეფორმირებაზე და ჩვენი სამშვიდობოების მონაწილეობაზე ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანი დივიდენდები მოაქვს საქართველოსთვის, რომ წარმოჩნდეს როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორ ქვეყნად.
მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, ძალიან სერიოზული ყურადღება ექცევა რეფორმების გაგრძელებას. ამ კუთხით არანაირად არ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებს ხელსიუფლება და რამდენად მოხდება დემოკრატიზაციის რეფორმების ფორსირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.