საჯარიმო დარტყმები მთავრობის შესრულებით

საჯარიმო დარტყმები მთავრობის შესრულებით

[ეკა ბაქრაძე]

ჯარიმების მიმართულებით მორიგი ცვლილებებია. მოქალაქეებს ფრჩხილისოდენა შეღავათი მისცეს, სანაცვლოდ კი სხვა მიმართულებით ვითარება უფრო დაუმძიმეს.

მოქალაქეების მიერ ჯარიმის გადახდისას, დასვენების და უქმე დღეებს გაითვალისწინებენ. ცვლილება პარლამენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმის გადახდის დადგენილი ვადის უკანასნელი დღე თუ ემთხვევა შრომის კანონით დადგენილ უქმე და ან დასვენეის დღეებს - შაბათ-კვირას, ჯარიმის გადახდის ვადის დამთვარების დღედ, მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება.

კანონპროექტში განმარტებულია, რომ შესაძლოა, მოქალაქეს სურს ჯარიმა ვადის უკანასკნელ დღე გადაიხადოს და თუ ეს დღე უქმე ან დასვენების დღეს ემთხვევა, მას ჯარიმის გადახდის უფლება არ უნდა წაერთვას.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს ბიუჯეტში 1 დღით ადრე შევა თანხა თუ 1 დღის დაგვიანებით. სამაგიეროდ, მეტად მნიშვნელობვანია რა რაოდენობის თანხა მოიყრის თავს ჯარიმების შედეგად. ამისათვის თითქმის ყოველ კვირა მკაცრდება ადმინისტრირების მეთოდები. მორიგი დამძიმება სატრანსპორტო და საპატრულო ჯარიმების ამოღების მექანიზმის „დახვეწას“ ეხება.

საქართველოს მოქალაქეებს სატრანსპორტო, საპატრულო და „სითი პარკის“ ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უძრავ-მოძრავ ქონებას დაუყადაღებს. მოქალაქეთა საქმეები აღსრულების ბიუროს 30-დღიანი ინტერვალის შემდეგ გადაეცემა.

ამ მიზნით დაჯარიმებული მოქალაქეების რიცხვი უკვე 28 ათასს აღწევს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში ყველაზე ხშირია სწორედ სატრანსპორტო, საპატრულო და „სითი პარკის“ საჯარიმო შემთხვევები.

ბიუროში საქმის მისვლის შემდეგ აღმასრულებელი მოქალაქესთან მიდის და აფრთხილებს, რომ თანხა 7 დღის ვადაში გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქონება დაყადაღებას დაექვემდებარება. ყადაღა შეიძლება დაედოს მოვალის როგორც უძრავ-მოძრავ ქონებას, ისე ფულად შემასავალსაც. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ქონება გარდა იმ ქონებისა, რომელიც ჩამოთვლილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში. კანონში კი წერია, რომ არ დაყადაღდება პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის; ასევე მოვალის ოჯახის 4 კვირის საკვები; თუ ოჯახს საკვების ერთი თვის მარაგი არ გააჩნია, მაშინ არ დაყადაღდება მათი შეძენისთვის საჭირო თანხა, თუმცა ამ თანხის განსაზღვრისთვის საჭირო საკვების დასახელება კანონში ჩამოთვლილი არ არის.

მოვალეს არ დაუყადაღდება, წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ანუ თუ მოვალეს რამდენიმე მეწველი ძროხა ჰყავს ერთს დაუტოვებენ, დანარჩენს დაუყადაღებენ; ასევე მოექცევიან ღორს, ცხვარსა და თხას. აღმარსულებელი, ადამიანებისგან განსხვავებით, პირუტყვისთვის 3 თვის საკვების მარაგსა და მის შესაძენ თანხას ითვალსიწინებს.

ყადაღადადებული ქონების შეფასების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს ექსპერტს, რომელიც ქონებას აფასებს საბაზრო ღირებულების მიხედვით. შემდეგ კი ხდება ამ ქონების რეალიზაცია იძულებითი აუქციონის წესით.