„2016 წელს ბევრი თაობის ოცნება ახდება - ქართველებს შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა“

„2016 წელს ბევრი თაობის ოცნება ახდება - ქართველებს შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა“

ევროპარლამენტმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა. ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის დადებით შეფასებებს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე და აქვს მოლოდინი, რომ საბჭო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადაწყვეტილებას არ შეაყოვნებენ.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს, ასოცირების შეთანხმების ქვეყნებთან ერთად შეიმუშავონ ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომელიც შეამსუბუქებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და ხაზს უსვამს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ხაზს უსვამს მედიიის რეალური თავისუფლების აუცილებლობას, ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ყველა იმ შემთხვევის გამო, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგას.

რაც შეეხება რეზოლუციის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი აფიქსირებს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლას და მიესალმება განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ, აქვე აღნიშნავს, რომ ბიზნესი და პოლიტიკა არ უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული დემოკრატიულ ქვეყანაში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებიდან გამომდინარე და შეცვალოს მოსამართლეებისთვის 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემა. ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს.

ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიზნით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა და აქვე ისაუბრა საქართველოს, უკრაიანისა და მოლდოვას პროგრესზე.

„საქართველომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შთამბეჭდავი ძალისხმევა გასწია, შედეგები უკვე შესამჩნევია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით. სხვა ინდიკატორებიც იმედისმომცემ ნიშნებს გვაძლევს. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დაამტკიცა, რომ იგი არის ეფექტური ინსტრუმენტი რეფორმების წახალისებაში. თუმცა, საქართველო გასცდა სამოქმედო გეგმის ნიშნულებს და გადადგა უფრო მეტი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების კუთხით. ამის შედეგი იყო ჩვენი დადებითი ანგარიში გასული წლის დეკემბერში“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით, აღიარებს საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მთავრობის უნარს განახორციელოს მკაცრი და ეფექტური რეფორმები.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რაც მთავარია, ეს ნიშნავს, რომ 2016 წელს ბევრი თაობის ოცნება ახდება, როდესაც ქართველებს შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა და იქ ექვსი თვის განმავლობაში, ვიზის გარეშე, 90 დღით დარჩენა.

„ეს აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ახალი ეტაპის დასაწყისს. ეს ასევე არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შთამბეჭდავი თანამშრომლობის, კერძოდ, ამ პროცესში ჩართული საქართველოს სამთავრობო უწყებების პროფესიონალიზმისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის შედეგი, რომელიც მოახდენს უმნიშვნელოვანეს გავლენას ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების სრული პოტენციალის რეალიზებაზე და ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს მოძებნოს ახალი მიდგომები ევროპის ბაზრებზე დასამკვიდრებლად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის განცხადებით უვიზო რეჟიმის ამოქმედება ძალიან სერიოზული მიღწევაა, რომელიც წლების განმავლობაში წინა და ახლანდელი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

„რა თქმა უნდა, ამ კუთხით მისასალმებელია ის პროგრესი, რაც უკვე მიღწეულია. მაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულისთვის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის პროცესი“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანალიძის განცხადებით, დადებითი შეფასება ხდება იმ პროცესის, რომელიც მიღწეული იქნა ვიზალიბერალიზაიციის განხორციელების პროცესში და ასევე გამოხატულია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ეს პროცესი დასრულდეს.

„ყურადღების გამახვილება ხდება იმ დემოკრატულ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და რომელიც უნდა გაგრძელდეს. ეს არის საქართველოს მთავარობის პრიორიტეტი, რომ უზრუნველყოფილი იქნას, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე მედია თავისუფლება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, არის საკითხები, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და იმ შემთხვევაში, თუკი შენიშვნები დარჩება, მაშინ საჭიროა მუშაობა ამ მიმართულებით. თუმცა, როგორც უმრავლესობა ამბობს, რეზოლუციაში ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯია ასახული, რის გამოც ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას.

„არის შენიშვნა, რომელიც მისაღებია. ზოგ შემთხვევაში კი მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო ჩვენი მხრიდან. მაგრამ ის შენიშვნები, რომელიც გამოითქვა ჩვენთვის მისაღებია და რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამას გაითვალისწინებს. თუმცა, რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნულია ჩვენი მიღწევები ვიზალიბერალიზაციის გზაზე და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს შენიშვნები არ იმოქმედებს შედეგებზე“, - აცხადებს დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, დეპუტატ ვიქტორ დოლიძის განცხადებით არის კრიტიკა, მაგრამ არის დადებითი პასაჟებიც, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი დოკუმენტისთვის.

„ახლა ყველაზე მთავარია, ხელისუფლებამ ეს ყველაფერი გაითვალსიწინოს და საერთოდ არ არსებობდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალ მედიას რაიმე სახით შესაძლოა, შეეხოს ხელისუფლება. ასევე, საერთოდ არ არსებობდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი“, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.