„ქართული ოცნება“ საკუთარი დანაპირების წინააღმდეგ წასვლას გეგმავს და იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომლის გათვალისწინებითაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო პროპორციულ სისტემაზე გადავა.
მმართველმა გუნდმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების და 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის შემოღების მიზნით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გასულ წელს მოახდინა, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ მოწვევის უწყება საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებს და მასზე მსჯელობის გაგრძელება მეცხრე მოწვევის პარლამენტს მოუწევს. ამის მიზეზი კი, ერთი მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მეორე მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ვადები, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ კოალიციამ გაწელა.
კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებების სამი მოსმენით განხილვა და მიღება ორ სესიაზე უნდა მოხდეს, მერვე მოწვევის პარლამენტს კი, საქმიანობისთვის დარჩენილი აქვს საგაზაფხულო სესია, რომელიც ივნისის ბოლო პარასკევს იხურება და რიგგარეშე სხდომები, რომელიც ივნისის ბოლო პარასკევის შემდეგ შესაძლოა, მოიწვიონ.
უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის ვადებში პრობლემას ვერ ხედავს და კანონპროექტის დამტკიცებისთვის საჭირო 113 ხმაზე აპელირებს, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კი, ცვლილებების მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ გეგმავენ, რომ მმართველ გუნდს სათქმელი არ ჰქონდეს - პროექტის წინააღმდეგ ოპოზიცია წავიდაო.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტს უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, 200 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი ცვლილებების განხილვაც მოუწევს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და 2016 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.
პარლამენტში ზემოთ აღნიშნულ ორივე პროექტზე მსჯელობა თებერვალში, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება და კანონმდებლები ცხარე განხილვებსაც აანონსებენ.
თუ რამდენად მოსალოდნელია, ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების თაროზე შემოდება, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
როგორც for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის აუცილებელია, რომ მას მხარი 113-მა დეპუტატმა დაუჭიროს, უმრავლესობაში კი, ამდენი დეპუტატი არ არის. კანონმდებელის თქმით, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ასეთი ცვლილება მიღებული ვერ იქნება, ამიტომ, როგორი იქნება განხილვების საფუძველზე კენჭისყრის შედეგები, ეს დამოკიდებულია უმრავლესობაზეც და ოპოზიციაზეც.
„პარლამენტმა ორივე პროექტი უნდა განიხილოს და მას კენჭი უნდა უყაროს. ან ერთ-ერთი იქნება მიღებული, ან შეიძლება ვერც ერთიც ვერ მივიღოთ, თუკი 113 ხმიანი მხარდაჭერა არ იქნა მოპოვებული. თუკი პარლამენტმა მხარი ერთ-ერთ პროექტს დაუჭირა და პირველი მოსმენით მიიღო, მაშინ ამავე საგაზაფხულო სესიაზე ის განხილული მეორე მოსმენით უნდა იქნეს და თუკი მეორე მოსმენითაც იქნა მიღებული, მაშინ მესამე მოსმენით განხილვამდე, სულ ცოტა სამი თვე უნდა გავიდეს და ეს უნდა იყოს არასაგაზაფხულო სესია, არამედ შემდეგი სესია. პროცედურა ასეთია, ხოლო შედეგები როგორი იქნება, ყველაფერი პირველი მოსმენითანავე გამოჩნდება. ანუ, ცვლილებები ჩავარდება თუ მხარდაჭერილი იქნება, ეს გაირკვევა“, - განმარტავს ხმალაძე.
უმრავლესობამ აღნიშნული ცვლილებების განხილვა საშემოდგომო სესიაზე - სექტემბერი-დეკემბერის შუალედში თუ რატომ არ უზრუნველყო, ამის თაობაზე ხმალაძე აცხადებს, რომ ვინაიდან, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა მომზადებული, უმრავლესობის პროექტის ცალკე განხილვა არაგონივრულად იქნა მიჩნეული.
ვახტანგ ხმალაძის მსგავსად, უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს პასუხის გაცემა უჭირს, მერვე მოწვევის პარლამენტი მიღებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
for.ge-სთან საუბარში კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, მაგრამ პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე მსჯელობის საგანია.
დეპუტატის ცნობით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არ განხორციელდეს.
„მსგავსი რეკომენდაცია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შექმნილ კომიტეტსაც აქვს. ცვლილებები განიხილება და თუკი საჭირო გახდება, რიგგარეშე სესია მოწვეული იქნება. თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებამდე მივედით და ისეთ ფორმულირებაზე შევთანხმდებით, რაც ყველა ძალისთვის მისაღები იქნება, ალბათ, ხმის მიცემის პროცედურებში პრობლემები არ გვექნება. ცვლილებების მიღება დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესზე“, - აცხადებს კვაჭანტირაძე, რომლისგან განსხვავებით, for.ge-ს ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური არწმუნებს, რომ უმრავლესობა ამ ცვლილებების განხილვას მეცხრე მოწვევის პარლამენტს არავითარ შემთხვევაში არ გადაულოცავს.
ძიძიგურის მოსაზრებით, ცვლილებებისთვის განხილვისთვის ორი სესიის მოწვევა შეიძლება, თუკი ერთი რიგგარეშე იქნება.
„ვადების თვალსაზრისით, პრობლემა არ იქნება. პოლიტიკური თემაა, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე როდის დავაყენებთ და ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკა შემდეგ გახდება ცნობილი. პარლამენტის წევრებს შორის კონსულტაციები იქნება“, - დასძენს ძიძიგური, რომლის მსგავსად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ირწმუნება, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, მაგრამ პოლიტიკური მოვლენები როგორ განვითარდება, ამას დარჩენილი დრო წარმოაჩენს.
for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე აცხადებს: „ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ განხილვების დროს, ვინ რა პოზიციაზე იქნება, ამას ვერ გეტყვით“.
for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი კი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილია და ეს დეპუტატები დღესაც ამ პოზიციას ინარჩუნებენ, თუმცა, საზოგადოება მოვლენების განვითარებას მაინც უნდა დაელოდოს.
უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიციაში კონკრეტული პასუხები აქვთ - თუ რატომ არ სურს უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და რატომ გაიწელა განხილვის ვადები.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლების იაფფასიანი ტრიუკი და სპეკულაცია იყო, როცა მან განაცხადა, თითქოს, 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდება.
ცაგარეიშვილის შეფასებით, უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები იმ პროექტის საპირწონედ შეიმუშავა, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა.
„უმრავლესობამ პარალელური პროცესი და კანონპროექტი შექმნა, საერთო განხილვები ჩაატარა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა და ეს ყველაფერი სააკაშვილის დროს კონსტიტუციაში მუდმივ ცვლილებებს მაგონებდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კონსტუტუციაში ცოტა მაინც გარკვეულია, მიხვდება, რომ მერვე მოწვევის პარლამენტს მხოლოდ ერთი საგაზაფხულო სესია რჩება, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. სხვა სამუშაო სესია აღარ არის. 113 ხმა მობილიზებული რომც იყოს, ძნელად წარმომიდგენია, დარჩენილ ოთხ-ხუთ თვეში, საკონსტიტუციო ცვლილებების სამი მოსმენით მიღება მოვასწროთ. თუკი ამას საგანგებო სესიები სჭირდებოდა, ეს დრო ხელიდან გაშვებულია და ამის იმედიც გაქარწყლებულია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად არის გაკეთებული“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
კანონმდებელი ვარაუდობს, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებს ისეთივე ბედი ეწვევა, როგორიც იმ საკონსტიტუციო კომისიას ეწვია, რომელსაც სათავეში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უდგას.
დეპუტატის პროგნოზით, ამ მოწვევის პარლამენტში ვერავითარი ცვლილებები ვერ გავა და ეს თემა დახურულია. შესაბამისად, ამ საკითხზე ტვინის ჭყლეტვა მეცხრე მოწვევის პარლამნეტს მოუწევს.
„თავის დროზე, სააკაშვილმა კონსტიტუციაში ძალიან მზაკვრულად რამდენიმე ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც ყველანაირ საღ აზრს ბლოკავს და პოლიტიკური ძალებისთვის ერთგვარ საკონსტიტუციო ჭაობად გადაიქცა. ეს იმისთვის მზადდებოდა, რომ კონსტიტუცია ერთ ადამიანების ნებაზე მორგებული ყოფილიყო. ამ მოწვევის პარლამენტში გამოსავალი არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ცვლილებებს მხარი ჩვენც და ნაციონალებმაც დაუჭირონ. ეს ყველაფერი იაფფასიანი ტრიუკი და სპეკულაცია იყო, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას მოახვია, თითქოს, კოალიციაში ვინმე 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ფიქრობს. ეს ყველაფერი მომავალი პარლამენტის გამოსასწორებელი იქნება, მაგრამ ის ამას შეძლებს? 113 ხმა იქ მაინც მოიძებნება? ოდესიდან მაოხრებელი მკვდარი მიხეილი ქვეყანას პრობლემებს უქმნის და ეს პრობლემები საკუთარ თავზე ჩოხასავით „ქართულმა ოცნებამ“ მოირგო. სააკაშვილის ბეჭებიდან ჩამოღებული ჩოხა ძიძიგურმა და სხვებმა მოირგეს, რომლებიც წითელ ხალიჩებზე გამოწკეპილები დადიან და თავს ამაყად გრძნობენ. მათი მიზანია, ადგილი საშვილიშვილოდ დაიმკვიდრონ და წითელ ხალიჩაზე იარონ, მაგრამ ქვეყანას რა დარჩება?“, - ინტერესდება ცაგარეშვილი.
„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე არ უმსჯელიათ ნაციონალებს, მაგრამ ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდის მსგავსად, უმცირესობა ცვლილებების მხარდაჭერას არ გამორიცხავს.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, მისი იდეაა, რომ ამ საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდეს და უმცირესობამ პროექტს მხარი დაუჭიროს, რათა „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე თავის მართლების რაიმე საბაბი არ ჰქონდეს.
მაჭავარიანის თქმით, ძალიან თვალნათელია, რომ „ოცნებას“ არჩევნების წაგების ეშინია და ეს საარჩევნო სისტემა ამიტომ დატოვა.
„ძალიან კარგად მახოვს, 2008 წელს ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას როგორ ითხოვდა. აქაც იტყუიებიან. საარჩევნო ოლქები ვითომდა აჯღა-ბუჯღა რეფორმისთვის გააკეთეს. მათ 22 ხმას მივცემთ, რათა აქაც არ მოიტყუონ. „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მაჟორიტარულ სისტემაში მინიმალური ხმები იკარგება, პროპორციული სისტემაში კი ყველა ხმა დათვლილია და დაკარგული არ არის“, - აცხადებს მაჭავრიანი.
დეპუტატის ცნობით, მათი პარტიის მოწვევით საქართველოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ეწვევიან.
„ვენეციის კომისიის მივმართეთ და ისინი საქართველოში ჩამოდიან. მათ წერილი გავუგზავნეთ და ხუმრობით ისიც მივწერე, როგორც ჩანს, ისევ ჩვენი გასაკეთებელი იქნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა-თქო. ხელისუფლებას ყველანაირად შეეძლო, რომ ეს ვარიანტი დეკემბერში გაეტანა. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვაჟკაცობა არ ეყოფა და ამ სისტემაზე არ გადავა. მათი ერთადერთი იმედი მაჟორიტარი დეპუტატებია, მაგრამ იქაც ტყულად აქვთ იმედი“, - დასძენს მაჭავარიანი.