ნაციონალები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ნაციონალები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის შესახებ მათ მიერ მომზადებული გეგმის გასაცნობად შეხვედრას სთავაზობს.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, უმცირესობასთან შეხვედრის დროს, პრემიერმა კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, შეხვედროდა ოპოზიციას და განეხილა ანტიკრიზისული გეგმა.

აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობის 36-პუნქტიანი გეგმა იმთავითვე კითხვებს აჩენდა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებში. ეს გეგმა წინააღმდეგობრივი იყო ამ გუნდის ხელისუფლებაში ყოფნისას მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან და იმდენად არარეალისტურად ჩანდა, რომ მისი ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაშიც კი, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე ექმნებოდა.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამ გეგმასთან დაკავშირებით იმთავითვე აცხადებდა, რომ ნაციონალების გეგმა, რომელიც გადასახადების შემცირებასა და ხარჯების გაზრდას გულისხმობდა, რეალურად ბიუჯეტში 800-მილიონიან დანაკლისს გამოიწვევდა და მათი განცხადებები პოპულისტური იყო. მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი -გიორგი კვირიკაშვილი კი ამბობდა, რომ ნაციონალთა გეგმას საერთოდ არ იცნობდა.

არც ექსპერტთა ნაწილი ეთანხმებოდა ამ გეგმის იმ პუნქტებს, სადაც საუბარი იყო აქციზის გაუქმებასა და შემცირებაზე. მათ შორის - თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის შემცირებაზე, მაშინ, როცა ორივე პროდუქტზე აქციზის გადასახადი გასაზრდელი იყო. ასევე, კითხვებს აჩენდა სხვა პუნქტებიც.

ამდენად, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი ხომ არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, პიარისთვის და უნდა შეხვდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ნაციონალებს?

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყოველდღიური სირთულეები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, ლარის კურსთან, შემოსავლებთან, სამუშაო ადგილებთან, კრედიტებთან დაკავშირებით, უკვე მეოთხე წელიწადია, ახალი ხელისუფლების პირობებში გაუარესებულია. არადა, ჯერ კიდევ შარშან და კიდევ უფრო ადრეც ნაციონალებმა გაახმოვანეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მიაწოდეს ხელისუფლებას, რაც არავის გაუზიარებია. ისევე, როგორც არ იქნა გაზიარებული პენსიების 50 ლარით გაზრდის ინიციატივა, ადმინისტრაციული და არასწორი ხარჯების ნაცვლად.

„დღეს, როდესაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უფრო კონსტრუქციული იქნება, სიამოვნებით მოუსმენს ოპოზიციას და არ იქნება წინამორბედივით აგრესიული, ჩვენი ინიციატივის გაზიარების ალბათობა უფრო მაღალია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრემიერი წამოვა ამ ინიციატივაზე და ხელიდან არ გაუშვებს ამ გადაწყვეტილების შანსს. ფაქტობრივად, კვირიკაშვილმა გაიმეორა ის, რის გაკეთებასაც აპირებს და, თუკი ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, უნდა შევხვდეთ კიდეც. არა ისე - როგორც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე გვეუბნებიან, მართლები ხართ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგო. საქართველოში ოთხი წლის შემდეგ ეკონომიკური ინიციატივები დაგვიანებული იქნება“,-აცხადებს გიგი წერეთელი და განმარტავს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი არსი ქვეყანაში გადასახადების შემცირება (კონკრეტულად ეს შეეხება საშემოსავლო გადასახადს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში დატოვებს მეტ თანხას), მოგების გადასახადების გაუქმება, ბიზნესისთვის რეინვესტირების და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებაა.

ასევე, გიგი წერეთლისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ანუ ეკონომიკური გადაცდომის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლება. ამისთვის გარკვეული ჩარჩო და ფარგლები იქნება, მაგრამ ის, რომ ადამიანმა ან კომპანიამ გადაცდომის გამო სისხლის სამართლით პასუხი აგოს, ამისთვის ფინანსური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც არსებობს.

„ჩვენს პერიოდშიც ამ მიმართულებით გადაჭარბება უფრო მეტი იყო, ვიდრე საჭიროებდნენ ეს ადამიანები პასუხისმგებლობაში მიცემას, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით დავინახეთ ამ ყველაფრის სიმცდარე. ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების სირთულეს რაც შეეხება, მარტივი არაფერი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება ისეთი განწყობა, როგორსაც ხალხი ამჟღავნებს ამ ხელისუფლებასთან მიმართებით, როცა ყველა კვლევაში აღნიშნავს, რომ მათი ცხოვრების პირობები გაუარესებულია. თუ ამას ოპონენტები ნაციონალების პიარად აღიქვამენ, პიარი ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მოვლენა - „პაბლიკ რილეიშენ“ და პოლიტიკა არ არსებობს პიარის გარეშე“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაციონალების ანტიკრიზისული გეგმის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ნაცმოძრაობა ფლობს ფრაქციას პარლამენტში და, შესაბამისად, ფრაქციის მოთხოვნა პრემიერთან შეხვედრის თაობაზე, კანონის თვალსაზრისით, უნდა დაკმაყოფილდეს.

„საერთოდ, პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, ნაციონალების ნებისმიერი ქმედება გათვლილია საჯარო ყურადღების მიპყრობაზე და ამაში არანორმალური არაფერია. იქნება თუ არა ეს შეხვედრა შეხვედრისთვის, ამას დრო გვიჩვენებს. გააჩნია, როგორი კომუნიკაცია შედგება. თუ არ მოსწონს პრემიერს მათი ინიციატივები, იქვე უნდა გამოხატოს პოზიცია. თუ ხედავს, რომ ნაციონალები არასწორად მიდიან, იქვე ამხილოს და, შესაბამისად, იგი ჩაიწერს ქულებს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ჩვენში გეგმების თაობაზე საკმაოდ კურიოზული მდგომარეობაა შექმნილი. არაერთხელ დასახელებულა ანიკრიზისული გეგმის შესახებ და, სხვათა შორის, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმაც, როდესაც ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო, 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში არსებული სავალუტო რყევებისას განაცხადა, ანტიკრიზისული გეგმა გვაქვსო. კვირიკაშვილმა იმ პერიოდში საპრივატიზაციაო ობიექტებიც დაასახელა, მაგრამ ეს გეგმა არავის უნახავს.

„პარლამენტში გამოსვლის დროს უმრავლესობის დეპუტატებმაც კი ჰკითხეს, გეგმა არსებობს, მაგრამ სად არის ეს გეგმაო? ასე რომ, ეს გეგმა მაშინაც არ არსებობდა. ამიტომ რაღაც ნააზრევს გეგმას თუ დაარქმევენ, ასეთი გეგმა უნდა ჰქონდეთ კიდეც. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ისე-ხელისუფლებას. ვისურვებდი, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ისწავლოს პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაწყვეტის, საკუთარი ხედვების წარმოდგენა. უნდა შეხვდეს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი ნაციონალებს, პრემიერი იქნება, თუ პრეზიდენტი, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ, დასახელების თანახმად, ისინი არიან „საქართველოს პრემიერ-მინისტრი“ და „საქართველოს პრეზიდენტი“ და არა მხოლოდ კონკრეტული პარტიის თუ რომელიმე ჯგუფის ლიდერი ან პრეზიდენტი. ამ კომუნიკაციის შედეგად რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რას გაიზიარებს და არ გაიზიარებს, ეს პრემიერის კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა. არა მგონია, ნაციონალებთან შეხვედრის ერთი და ორი საათი დროის უქმი ხარჯვა იყოს მთავრობისთვის, რადგან მთავრობას სხვა ბევრ რამეშიც უქმად დაუხარჯავს დრო“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.