„გაზულუქებული პარლამენტარებისთვის გარანტიების გაცემა ივანიშვილის რეიტინგს არ წაადგება“

„გაზულუქებული პარლამენტარებისთვის გარანტიების გაცემა ივანიშვილის რეიტინგს არ წაადგება“

საგურამოში, ჭავჭავაძეების მარანში ორი ყოფილი პრემიერის, მოქმედი პრემიერისა და დეპუტატების გარემოცვაში ჩატარებულმა შეხვედრამ კითხვა გააჩინა, რა იყო 14 იანვარი?

ყოფილი პრემიერის დაპირებისამებრ, ისინი, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან, დაინტერესების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილთან - ბიზნესში. დეპუტატებისთვის მიცემული სამომავლო გარანტიების შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

რამდენად სწორია ამ გარანტიების მიცემა იმ ადამიანისგან, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აღზრდას ჩაუდგებოდა სათავეში? იმსახურებენ კი ჩვენი დეპუტატები სამომავლო გარანტიებს?!

- ჩვენთან, როგორც ჩანს, ყველას ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ელემენტარულად, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ასეთ არაფორმალურ ვითარებაში, არაფორმალურად ხდება გარანტიების გაცემა. რას ნიშნავს ერთი ადამიანისგან გარანტიების მიცემა, ვინც არ უნდა იყოს ის? ეს ხდებოდა მონარქიის და შემდეგ უკვე დიქტატურის რეჟიმში. საქართველოში ასეთი ასპროცენტიანი ინდულგენცია -გარანტიების გაცემა არასდროს მომხდარა, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის დროს. სადღაც შეხვდნენ, იქეიფეს და იქ მიიღეს კარტ-ბლანში. ძალზე შორსაა არჩევნები, ვინ იცის, კიდევ რა მოხდება და ამ პერიოდში თავს კიდევ რით „ისახელებენ“ ჩვენი პარლამენტარები?!

უკვე საჯაროდ ცხადდება და ამას ყველა შეეგუა, ხელისუფლებიდან დაწყებული, მედიით დამთავრებული, რომ საქართველოში კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობით მიიღწევა. პარლამენტი ეს არის სინეკურა - უშრომლად კარგად ანაზღაურებადი თანამდებობა. ამ სინეკურას თუ მოაშორებენ ამ მუქთახორებს, კარგი იქნება, მაგრამ რას ნიშნავს, ნუ გეშინიათ, კარგი ცხოვრება ისევ შეგინარჩუნდებათ, ოღონდ ჩემს წინააღმდეგ აღარ გამოხვიდეთო? ეშინიათ, რომ ესენი ოპოზიციაში წავლენ? ოპოზიციაში ჩვენთან რატომ მიდიან? - იმიტომ, რომ იდეური განხეთქილებები აქვთ? - სულაც არა. ზალკალიანის მაგალითის შესახებ შეიძლება სახელმძღვანელო დაიწეროს. მას შემდეგ, რაც ზალკალიანი პროტესტითა და ხმაურით გადადგა, რა შეიცვალა ქართულ დიპლომატიაში ისეთი, რომ დღეს ისევ ჩუმად, უკანა კარიდან, უკანა ეზოდან შეიპარა სამინისტროში? ეს ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში ლოიალურობა თუ ოპოზიციონერობა პირდაპირ კავშირშია კარგი ცხოვრების გარანტიებთან.

საგურამოს შეხვედრა უკვე შეფასდასევდიან აუცილებლობად“, როცა ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებს დაჰპირდა სამთავრობო სტრუქტურებსა და თავის ბიზნესში დასაქმებას. ეს არის ვალდებულება თავისი ერთგულების წინაშე, თუმცა ხალხის წინაშე ვალდებულება სად დაიკარგა?

- არ ვიცი, ელემენტარულად, ინფორმაციის რა წყაროები გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს არის საზოგადოებასთან ჩატეხილი ხიდის პრობლემა. ილია ჭავჭავაძე თავის დროზე წერდა ქართველ ხალხსა და არისტოკრატიას შორის ჩატეხილი ხიდის შესახებ, დღეს კი ჩატეხილი ხიდია ქართველ ხალხსა და ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებს შორის. ეტყობა, ივანიშვილსაც წყაროების დეფიციტი აქვს, თორემ იგი, როგორც ჭკვიანი ადამიანი, იმას მაინც მიხვდებოდა, რომ საჯაროდ ცეცხლზე ნავთის დასხმა და დამშეული მოსახლეობის წინაშე ამ გაზულუქებული პარლამენტარებისთვის გარანტიების მონტე კრისტოს გულუხვობით გაცემა, მის რეიტინგს არ წაადგება. თითქოს, რომელიმე აღმოსავლეთის ქვეყნის მმართველი იყოს. ელემეტარულად, ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ჩვენი პარლამენტარები, გარდა რამდენიმე ადამიანისა? დღეს უკვე პროტესტი ისმის, რას ჰქვია, რატომ არ უნდა იყვნენ პარლამენტში მოჭიდავეები, მოკრივეები, რეჟისორები? თავის დროზე ერთმა პარლამენტარმა ისიც კი თქვა, თუკი ცხოვრება თეატრია, ჩვენი ადგილი პარლამენტშიაო.

იმასაც ამბობენ, რომ ჭავჭავაძეების მარანში დეპუტატები გაცხარებულნი ყოფილან ირაკლი კობახიძის ნათქვამის გამო, რომ მომავალ პარლამენტში ამდენ მსახიობსა და სპორტსმენს ვეღარ ვიხილავთო. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ისინი დააწყნარა და უთხრა, რომ ისინი ავტორიტეტები იყვნენ და მათ გარეშე არჩევნებზე ამხელა შედეგს ვერ დადებდა.

- მე არ ვიცი, რომელმა სპორტსმენმა მოაგებინა არჩევნები ივანიშვილს? ეს სპორტსმენები ადრეც იყვნენ ოპოზიციაში, ოპოზიცია ადრეც სავსე იყო სპორტსმენებით, მაგრამ მათი მოგებული ერთი არჩევნები მე არ მინახავს. სიმართლე თუ გინდათ, არჩევნები მოიგო ივანიშვილის ფულმა და დაპირებებმა.

მაგრამ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით იმავე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ პოლიტიკოსები ხშირად აბსურდულ დაპირებებს იძლევიანო.

- კი, მაგრამ, მე ისიც მახსოვს, რომ ივანიშვილმა ისიც თქვა, მე რასაც შეგვპირდით, იმაზე მეტი გავაკეთეო. ამიტომ არ ვიცი, მის რომელ ნათქვამს ვენდოთ. გარდა ამისა, მე არ ვიცი, რომელი ქვეყანა ჰქონდა მხედველობაში მას, სადაც ჰპირდებოდნენ და ვერ ასრულებდნენ დანაპირებს. კი, წინასაარჩევნო დაპირებები ძალზე გულუხვია და ასი პროცენტით თითქმის არსად არ სრულდება, მაგრამ აღუსრულებელი დაპირებები, როგორიცაა, რომ ყველა მელოტს თურმე უცებ თმები ამოუვა, ან კიდევ, საქართველოშო სეტყვა არასდროს იქნება, ან გადასახადები განახევრდება და ზოგჯერ მუქთადაც იქნება, მხოლოდ ძალზე პრიმიტიული ელექტორატის საკენკად გამოიყენება. ვერც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი ვერ გაბედავს ასეთი მამალი ტყუილის თქმას, თორემ დიქტატორულ ქვეყნებში თავს არავინ არ იწუხებს დაპირებებით, საბჭოთა კავშირის დროს არავინ არაფერს ჰპირდებოდა, წინასაარჩევნო პროგრამა არც არსებობდა.

თქვენ ახსენეთ შიში, რომოცნებისდეპუტატები სხვა პარტიაში არ წავიდნენ, ან დიდი პოლიტიკური მადის შემთხვევაში, ცალკე არ დაამტკიცო თავინთ ძალა. შეიძლება ასეთი შიში გაუჩნდეს ივანიშვილს?

- არა მგონია, სხვაგან წასულიყვნენ ეს დეპუტატები, ვის რა ჭირად უნდა ეგენი? რომელ ამ პარლამენტარზე იქნება მოთხოვნილება? ვინ ეხვეწებათ? ოთხი წლის განმავლობაში, როგორც უმრავლესობა იქცეოდა და რა კანონებსაც იღებდა ან არ იღებდა, ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს საზოგადოებას ორდღიანი მეხსიერება აქვს.

ბიძინა ივანიშვილი ამ დეპუტატებს დასაკარგავ ხალხად არ მიიჩნევს, თუმცა, მწირი ადამიანური რესურსების პირობებში, წინა საარჩევნო სია როგორ უნდა დაკომპლექტდეს?

- ეს რესურსები არ არის მწირი. ელემენტარულად, ჩვენში იგნორირებულია აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეები. პარლამენტში უნდა იყვნენ ისინი, ვისაც შეუძლია დოკუმენტების, კანონების შექმნა, მაგრამ იურისტებსაც შორის არის განსხვავება. იურისტი არის კონსტიტუციონალისტიც და იურისტი არის ადვოკატიც. პარლამენტში ბევრი იურისტია, მათ მეტყველებას რომ ვუსმენ, მე მგონი, ასი სიტყვა იციან და ამ ას სიტყვას აბრუნებენ წინ და უკან. მათი ლექსიკა ამით ამოიწურება. სწორი სელექცია ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლია, დაწყებული კომუნისტებიდან, დამთავრებული ივანიშვილით. გამსახურდიაც ამან დაღუპა, შევარდნაძეც და, გარკვეულწილად - სააკაშვილიც. არავის არ ჰყავდა ისეთი ახლო წრე, რომელიც გაუბედავდა და ეტყოდა, ამის გაკეთება არ შეიძლება, თორემ ჩვენ ამას გადავყვებითო.

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ უკვე საუბრობენ მის სანათესაოზეც. დეპუტატ ლექსო თამაზაშვილის შესახებ გავრცელდა, თითქოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისქართული ოცნებისსიაში ყოფნა სწავლის გაგრძელების მიზნით აღარ სურს. თუმცა თამაზაშვილი ირწმუნება, რომ არ აპირებსქართული ოცნებისდატოვებას და იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, ეს არაფერს წყვეტს. ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ დღემდე აქტუალურია კითხვა, ივანიშვილის ერთგულებს ასე იოლად იცილებენ, თუ ეს იყო დასავლეთისთვის გაღებული ხარკი ან გუნდში არსებული დაპირისპირება?

- სხვათა შორის, ივანიშვილმა რამდენიმე ეფექტური ჟესტი გააკეთა, ის და ღარიბაშვილი ერთად მივიდნენ პანაშვიდზე, მეგობრულად იყვნენ ახლაც, საგურამოს მარანში შეხვედრაზე, ოჯახებითურთ, მაგრამ თავად ღარიბაშვილის გადაყენების ფაქტის განეიტრალებაა შეუძლებელი. ადამიანს, რომელსაც, ალბათ, დაწერილი ჰქონდა წინასაახალწლო მილოცვა, ეს მილოცვაც არ ათქმევინეს. რაც შეეხება მის ახლო ნათესავს, პარლამენტარ ლექსო თამაზაშვილს, იგი სად წავა, ვინ მიიღებს? წავა მხოლოდ სახლში. სამსახურში პროტექციითაც რომ მოაწყონ, იქაც ათვალისწუნებული იქნება.

საერთოდ, შექსპირისეული სიტუაცია იქმნება, ეს ხალხი განწირულია ათვალისწუნებისკენ. ვისაც თავმოყვარეობა და ღირსება აქვს, ამათ ყველას ტრაგიკული დასასრული აქვს. როდესაც ახალგაზრდა ადამიანი თავის მომავალს მთლიანად მიაბამს ერთ პიროვნებას, მაშინ ის მზად უნდა იყოს, რომ იმ პიროვნების წასვლასთან ერთად, პოლიტიკურ მოუსავლეთში თავადაც წავა. რაც შეეხება ერთგულებს, ბიძინა ივანიშვილი ერთგულთა გარეშე ნულია.

მაგრამ მისთვის ყველაზე ერთგული ირაკლი ღარიბაშვილი ჩანდა.

- ახალ ერთგულებს შეიძენს მაშინ. ივანიშვილს ერთგულების დეფიციტი არ ექნება მანამ, სანამ ის ივანიშვილია. ღარიბაშვილი კახურად ხისტი იყო, პოლიტიკა მაინც თეთრი ხელთათმანებით საქმის კეთებაა და არა- კახური ზეპირსიტყვიერებით. გაიხსენეთ ღარიბაშვილის განცხადებები ოპოზიციაზე, რომ მე არ ვიცნობ ოპოზიციას, ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია... ის, რაც შერჩა თბილისის მერს - ოპოზიციამ რა იცის ბიუჯეტისო... ცხადია, პრემიერს არ შერჩებოდა.

ჯოკია ბოდოკიასაღიარებასთუ გავითვალისწინებთ, რომივანიშვილი ნარმანიას წინააღმდეგ მას შემდეგ განეწყო, რაცპანორამა თბილისსპრობლემები შეექმნა“, შესაძლოა, არც ნარმანიას შერჩეს თავისი სიტყვები...

- რასაკვირველია, ეს ასეა, როცა გუნდში ამდენი დილეტანტი, სულელი, გაუნათლებელი ადამიანია. ყველაფერს თავი დავანებოთ, ეშმაკობაც არ აქვთ. ღარიბაშვილს კახელი გლეხის ეშმაკობაც არ ჰქონდა. ეტყობა, თავიდან იმხელა გარანტიები ჰქონდა მიღებული ივანიშვილისგან, რომ მოტყუვდა. კარგად მახსოვს „მაესტროს“ ეთერში გია ხუხაშვილი იყო მიწვეული და გიამ ისეთი რამ თქვა, გავოცდი - „ჩემი და ბიძინას მეგობრობა უკვე ისეთ დონეზეა, ამას ვერავინ დაანგრევს“-ო. ამის შემდეგ ორი თვეც არ იყო გასული, გია უკვე სულ სხვანაირად ალაპარაკდა ივანიშვილზე. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წარმავალია. არადა, გიას ახლოს ვიცნობ, ჩემი მეგობარი და ჭკვიანი ბიჭია. ასე რომ, ღარიბაშვილი თავიდანვე განწირული იყო. ეს ახალგაზრდა ბიჭი, პოლიტიკაში ნულოვანი გამოცდილებით, გადააგდეს. ეს იგივეა, დიდი შტორმის დროს ზღვაში გადააგდო ადამიანი, რომელმაც ცურვა არ იცის და არც მაშველი რგოლი აქვს. სხვა საკითხია, რომ ღარიბაშვილს არაჯენტლმენურად მოექცნენ.

ივანიშვილს ჰყავს უნივერსიტეტის ერთი-ორი ჭკვიანი პროფესორი, მრჩეველი, იმათ მაინც დაეწერათ ღარიბაშვილისთვის, რა ეთქვა წასვლის დროს. მთავარია, დროზე წახვიდე - ეს შეიძლება თქვას ადამიანმა, რომელიც პოლიტიკაში უკვე 10-15 წელია და თან ასაკშია შესული. როცა 32 წლის ბიჭი ორწელიწადნახევრიანი პრემიერობის შემდეგ იტყვი, დროზე უნდა წავიდეო, ეს უკვე სასაცილოა. მაშინ იბადება კითხვა, მაინცდამაინც შენი დროის ლიმიტი რატომ აღმოჩნდა მინიმალური? ჩვენ არ ვცხოვრობთ დასავლეთში და არ არის ის პირობები, როცა გეტყვიან, წადიო, სიმართლე თქვა, რატომაც მიდიხარ. მაშინ საერთოდ უნდა გადაიკიდო ის ერთი კაცი.

საქართველოში ბევრჯერ გვინახავს არეული ცხოვრება, არეული საკადრო პოლიტიკა, დაწყებული კომუნისტებიდან, მაგრამ დღეს ამის მწვერვალს მივაღწიეთ, არავინ არავის არ ენდობა, სრული ქაოსი და არაადეკვატურობაა.