"ნარმანია იძულებული იყო გაჰყოლოდა იმ დინებას, რომელიც მისსავე საწინააღმდეგოდ იყო წარმოქმნილი"

პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის მერს უკვე მეორედ მიმართავს, დედაქალაქში პროექტების განხორციელების ტემპი დააჩქაროს. როგორც ცნობილია, მიმდინარე პროექტების დაჩქარებისა და მათი ეფექტურად განხორციელების გზებზე გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას პირველად 11 იანვარს ესაუბრა. პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა.

პრემიერმა მერიის წარმომადგენლებისგან ქალაქში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ადმინისტრაციაში გაიმართა, თბილისში ახალი პროექტების განხორციელებასა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„საუბარია დედაქალაქში სრულიად ახალი პროექტის დაწყებაზე, რომელიც ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას სთხოვა, გამკაცრდეს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლი, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.

თავად თბილისის მერის განცხადებით, პროექტების სწრაფად განხორციელებასთან დაკავშირებით პრემიერისა და მისი პოზიციები აბსოლუტურად იდენტურია. ნარმანიას თქმით, მერია დღე და ღამე იმუშავებს, რათა მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად შესრულდეს ყველა პროექტი.

„პრემიერისა და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რო0მ პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორციელოთ და მეორე მხრივ, ამან ხარისხზე არ უნდა იქონიოს გავლენა. რამდენიმე პროექტი იქნება მნიშვნელოვანი, რომელთა განხორციელების წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ეს იქნება აღმაშენებლის გამზირის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ასევე გუდიაშვილის მოედნის სამუშაოები.

ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება, ისევე როგორც რამდენიმე ხიდის აღდგენის პროექტი ხორციელდება. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენის პროექტებს დავიწყებთ. ასე რომ, წელი დატვირთული იქნება პროექტებით, არ მოვასვენებთ არც ერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ, რათა მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველა პროექტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრემიერის მიმართვას მერისადმი, რომ დედაქალაქში პროექტების განხორციელების ტემპი დააჩქაროს, მერის საქმიანობაში ჩარევად აფასებენ უმცირესობაში. მეტიც, მათივე განცხადებით, ნარმანიამ დაკარგა პოლიტიკური წონა და ამის პოლიტიკური გაგარძელება იყო ლილუაშვილის მერის მოადგილედ დანიშვნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ნარმანია საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გადადგება და მის მოვალეობას ვიცე-მერი შეასრულებს. როგორც ჩანს, ამ სცენარას გაითამაშებს „ქართული ოცნება“.

„დღეს, ფორამლურად თბილისის მერი არის ლილუაშვილი. ნარმანიას თანამდებობაზე დარჩენა განპიროვნებულია ერთადერთი ფაქტორით, თბილისში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“თბილისი მერის გაყვანის შანსი არ აქვს. ზუსტად იციან, რომ მერის არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ნარმანიას გადაყენებას ურჩევნიათ ჰყავდეთ, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ყველგან, გარდა თბილისის მერიისა. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი, ლოგიკური დასკვნა არის ის, რომ ბატონი ნარმანია გადადგება საპარლამენტო არჩევნების დროს. კანონმდებლობით, როდესაც მერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი, მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება და მის მოვალეობას ასრულებს ვიცე-მერი. როგორც ჩანს, ამ სცენარას გაითამაშებს „ქართული ოცნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი აბესაძე.

რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობის პოზიციას, for.ge-ს მცდელობის მიუხედავად, უმრავლესობის წევრებმა სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. ჩვენ ასევე დაუკავშირდით საკრებულს პრეს-სამსახურს, რომლისგან მივიღეთ დაპირება, რომ დღის ბოლომდე შევძლებდით კომენტარის მიღებას, თუმცა დაპირების მიუხედავად უმრავლესობის წევრებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

უმრავლეობისგან განსხვავებით ექსპერტები თვლიან, რომ მთავრობა ნიადაგას ამზადებს იმისათვის, რომ დავით ნარმანიაც ყოფილი პრემიერის მსგავსად უხმაუროდ და ყოველგვარი დამატებითი კითხვების გარეშე წავიდეს. შეგახსენებთ, პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ნარმანია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს თანამდებობას.

რაც შეეხება პრემიერის მოთხოვნას, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ პრემიერთან მერის ორჯერ ასეთი შეხვედრა იმის მიმანიშნებელია, რომ თბილისის მერს გადაეცა ყველა უფლებამოსილება, რაც კანონით ეკუთვნის. რადგან, მისივე თქმით, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ თბილისის მერს მონაწილეობა არ მიუღია საკუთარი კადრებით მერიის დაკომპლექტებაში, მას არ ჰქონდა მიცემული შესაბამისი უფლებამოსილება. მისივე თქმით, ნარმანია როგორც თავმდაბალი მეცნიერი, იძულებული იყო გაჰყოლოდა იმ დინებას, რომელიც მის ირგვლივ მისსავე საწინააღმდეგოდ იყო წარმოქმნილი.

„იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი გამამხნევებელი შეძახილით იმ შედეგს მიიღებს, რომლის იმედიც მას გააჩნია. რამდენიმე თვის წინ წავიკითხე, რომ არსებობს ჩანაფიქრი, რომლის მიხედვით ბატონი ლილუაშვილი ვიცე-მერი გახდებოდა და შემდეგ ჩაანაცვლებდა მერს.

ვერაფერს გამოვრიცხავ და მით უმეტეს საკადრო საკითხებში. ნებისმიერ შემთხვევაში, პრემიერის განცხადების შემდეგ შეიძლება ვიხილოთ არნახული აქტივობა თბილისის მერისგან, თუ ეს არ მოხდა, მაშინ ბატონი ნარმანია შვებას იგრძნობს საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვებით“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ნარმანიას განთავისუფლებას ამდენი „ჩალიჩი“ არ სჭირდება, რადგან ნარმანია არ არის პოლიტიკური ფიგურა და ერთი სიტყვაც საკმარისია იმისათვის, რომ წავიდეს.

„რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, აქ პასუხისმგებლობის აქცენტირებაზე უფროა საუბარი. ანუ, თუ თბილისში რამე წესრიგში არ არის, მთავრობის პასუხისმგებლობა ამაში ნაკლებია. არ ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლებას ნარმანიას გაშვების ფუფუნება აქვს. ოქტომბრამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ძალიან მაღალი რისკის შემცველი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ეს სისტემა შენარჩუნებული იქნება ოქტომბრამდე. ნარმანია ნომინალურად იქნება შენარჩუნებული, მას ეყოლება დანიშნული მენეჯერები, რომლებიც რეალურად შეასრულებენ მერის ფუნქციებს. ხოლო ოქტომბრისთვის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთად ჩატარდეს თბილისი მერის და საპარლამენტო არჩევნები“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.