„მთავარია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს არ მიადგეს დარტყმა“

„მთავარია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს არ მიადგეს დარტყმა“

„გაზპრომის“ თემა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა საზოგადოებაში და სავარაუდოდ, არჩევნებამდე ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან საკმაოდ მომგებიანი თემაა ოპოზიციისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია მხოლოდ შექმნილი დეფიციტის შევსებაზე, ეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის საშიში არ უნდა იყოს, თუმცა ვიდრე საბოლოოდ გაირკვეოდა, კონკრეტულად რაზეა საუბარი, თემის პოლიტიზირება უკვე მოხდა.

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმძიმეს საფრთხედ გადაიქცეს. აღარაფერს ვიტყვით იმ სპეციალურ ბრიფინგებსა და აქციებზე, რაც აღნიშნული საკითხის „პრევენციისთვის“ ეწყობა დრო და დრო.

მმართველი გუნდი ცდილობს, ოპოზიციის შემოტევები მეტ-ნაკლებად გაანეიტრალოს, თუმცა ამას რამდენად ახერხებს, ძნელი სათქმელია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემას ადვილად არ გაუშვებს ხელიდან, რადგან დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულობის დამამტკიცებელ საბუთად უკეთესი არგუმენტის მოძიება ალბათ, გაუჭირდება.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას გაახსენა, რომ რუსეთიდან საქართველო აღნიშნული ტრანზიტის მეშვეობით გაზს ყოველთვის იღებდა.

„ეს არ არის ახალი გაზი - აქ შეიძლება იყოს ცოტა მეტი გაზი, ან ცოტა ნაკლები გაზი, მაგრამ რუსეთიდან გაზს ჩვენ ყოველთვის ვიღებდით. არც ერთ ექსპერტს, ჟურნალისტს, წინა მთავრობის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსული გაზი არ უნდა მივიღოთ. 2011, 2010, 2009, 2008 წელს რუსული გაზი არავის ჩაუკეტავს და არ უთქვამს, რომ ჩვენს ენერგოსისტემაში იმდენად ბევრი გაზია, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ხვალაც და ზეგაც. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და პარტნიორი იყო და რჩება აზერბაიჯანი. რაც შეეხება დამატებით სარეზერვო საშუალებებს, იქნება ის თურქეთიდან, ირანიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან, ეს შესაძლებლობები და ვარიანტები საქართველოს უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რუსული გაზი აზერბაიჯანულით საქართველომ 2006 წლის გაზსადენის აფეთქების შემდეგ ჩაანაცვლა, როდესაც ქვეყანა გაზისა და დენის გარეშე დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მაშინ დაიწყო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები. თუმცა გაზსადენის აფეთქების გარდა, რუსულ გაზზე უარის თქმის ერთ-ერთ მთავარ მოტივად მისი ღირებულება დასახელდა.

მანამდე ძირითადი მომწოდებელი გახლდათ „იტერა“, რომელსაც „გაზპრომმა“ უფლება მისცა, დსთ-ს ქვეყნებში ყოფილიყო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი.

შეგახსენებთ, 1991-1992 წლების ცნობილი მოვლენების დროს, საქართველოში მაქსიმალურად შემცირდა ბუნებრივი გაზის მიწოდება, გაზის მოწოდება-მოხმარება თანდათანობით კლებულობდა და1995-1996 წლებში თბილისს, ისევე როგორც მთელ საქართველოს, გარდა ზოგიერთი ობიექტებისა, გაზი აღარ მიეწოდებოდა. ბუნებრივი აირის მოწოდება აღდგა მხოლოდ 1996 წლის ბოლოს და 1997 წლისათვის იგი 830 მლნ. მ3-ით განისაზღვრებოდა.

რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ საქართველოში თბოლექტრომატარებლების შემოტანაზე ექსკლუზიური, შესაბამისად, მონოპოლისტური მდგომარეობა აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ მოიპოვა.

არასაპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ „ნაცმოძრაობას“ „სოკარის“ მონოპოლისტურ მდგომარეობაში ფინანსური დაინტერესება აქვს.

„სოკარს“ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ შეუქმნა ხელოვნურად მონოპოლისტური მდგომარეობა და ეს შექმნა პირადი ფინანსური, კორუფციული მდგომარეობის გამო. ეს არის მათი წივილ-კივილის და აჟიოტაჟის საფუძველი დღეს. ნაცმოძრაობა ცდილობს არ შემცირდეს „სოკარის“ შემოსავლები, არ გაუჩნდეს კომპანიას კონკურენტი, რაც ფასებს შეამცირებს, რაც მის სეგმენტსაც შეამცირებს, შესაბამისად, ნაცმოძრაობის შემოსავლების წილიც იქნება შემცირებული“, - აცხადებს „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია.

მანამდე კი, ვიდრე „სოკარი“ შემოვიდოდა, მაშინდელი ოპოზიცია „იტერაში“ ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ინტერესებზეც საკმაოდ ბევრს საუბრობდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ გაზს, როგორც ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე აცხადებს, შაჰ-დენიზის ველის გაზის რესურსების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი რესურსები აზერბაიჯანს არ გააჩნია - საუბარია 1.2 ტრილიონ კუბურ მეტრზე, ხოლო ექსპლუატირებადი მარაგები დაახლოებით 900 მილიარდი კუბური მეტრის ტოლია.

როგორც თვალჭრელიძე აცხადებს, 2012 წელს აზერბაიჯანმა 15.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, 2013 წელს - 16.2 მილიარდი, 2014 წელს - 16.9 მილიარდი კუბური მეტრი. ასე რომ, გაზის წარმოების სუსტი ზრდის ტენდენცია აშკარად სახეზეა. მაგრამ, 2012 წელს აზერბაიჯანმა 8.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, 2013 წელს - 8.6 მილიარდი, ხოლო 2014 წელს - 9.2 მილიარდი.

თვალჭრელიძის შეფასებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანის გაზგამანაწილებელი სისტემა ამორტიზებულია, ათეულობით წელი არ გარემონტებულა და საბჭოთა მემკვიდრეობას შეადგენს, სადაც ქსელში გაზის დანაკარგი სულ მცირე 15%-ია.

„მარტივი არითმეტიკული გათვლები გვიჩვენებს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანი ყოველწლიურად სამხრეთ კავკასიის მილსადენით თურქეთს 6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის იმისთვის, რომ საქართველო მოამარაგოს გაზით, აზერბაიჯანი იძულებულია „გაზპრომიდან“ წლიურად სულ მცირე, 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინოს. ამ მშრალი სტატისტიკური მონაცემებიდან ორი ძირეული დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი. პირველი, ჩემთვის გაუგებარია, როგორ განვითარდება „შაჰ-დენიზ-2“-ის პროექტი, საიდან გამონახავს აზერბაიჯანი მილსადენის ასავსებად საჭირო გაზის რესურსს? მეორე, მდგრად პერსპექტივაში ჩვენ აუცილებლად გაზის წყაროების დივერსიფიცირება უნდა განვახორციელოთ - მარტო აზერბაიჯანს ვერ ვენდობით. სხვათა შორის, ამ გარემოებას, არაპირდაპირ, აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს. მაგალითად, „სოკარის“ განცხადებით, კომპანია მზად არის, უზრუნველყოს ირანიდან გაზის მიწოდება საქართველოსთვის. ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი უკვე მხოლოდ თავის რესურსებს აღარ ენდობა.

რა უნდა გააკეთოს ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ? რასაკვირველია, აწარმოოს მოლაპარაკება ყველა პოტენციურ გაზის მიმწოდებელთან და აირჩიოს გაზის მოწოდების საუკეთესო და დივერსიფიცირებული სქემა. ასეთი მოლაპარაკებებიდან არც „გაზპრომი“ უნდა გამოირიცხოს. ამასთან, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ „გაზპრომი“ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნებზე რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის ერთ-ერთ უმთავრეს ბერკეტს. გავიხსენოთ, თუნდაც, 2006 და 2009 წლების რუსეთ-უკრაინის „გაზის ომები“. ამიტომ მხოლოდ „გაზპრომზე“ ფსონის დადება მიამიტური იქნებოდა და მჯერა, რომ ჩვენი მთავრობა ასეთ არაპროფესიულ ნაბიჯს არ გადადგამს“, - აცხადებს თვალჭრელიძე.

ექსპერტი, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკა უნდა იყოს გამჭვირვალე, უფრო გასაგები და ცხადი საზოგადოებისთვის. მისი შეფასებით, სწორედ ნაკლები ინფორმირებულობა წარმოადგენს საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანების საფუძველს. როგორც ვაჟა ბერიძე თვლის, სწორედ ამით სარგებლობენ ის არასამთავრობოები და პოლიტიკოსები, რომლებსაც გარკვეული თემები პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ-ხოლმე.

ექსპერტი აცხადებს, რომ სწორედ ნავთობპროდუქტების თემაა მსოფლიოსა და ჩვენს სამეზობლოში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და ახლა ცივილიზებული სამყარო ცდილობს, თავისი ხისტი პოლიტიკის გამო დასაჯოს რუსეთი. როგორც ბერიძე მიიჩნევს, თავისთავად, ირანისთვის სანქციების მოხსნაც ცვლის ენერგოგარემოს საქართველოს ირგვლივ.

„მაგრამ საქართველო არის პატარა ქვეყანა, ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც რაციონალური ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე ის, რომ საქართველოს ჰქონდეს დივერსიფიცირების საშუალება და პარალელურად, რაც შეიძლება, იაფად მიიღოს ენერგომატარებლები“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე და მიიჩნევს, რომ ამ ამოცანას საქართველოს ხელისუფლება რაციონალურად არეთმევს თავს და არც ჩვენს დასავლელ პარტნიოერებს აქვთ ამასთან დაკავშირებით შეკითხვები.

„მოვისმინე აშშ-ს ელჩის შეფასებაც ამ საკითხთან დაკავშირებით და ცალსახად ვეთანხმები იმაში, რომ ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, არის ლოგიკური - არ უნდა იყოს მიბმული ქვეყანა ერთ რომელიმე წყაროზე რადგან ეს სახიფათოა. ასევე, განმარტებები, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება, არის გასაგები. ამ განცხადების შემდეგ, ეს ისტერიები და როკ-ფესტივალები, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია“.

ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ამ ხელისუფლებასაც აქვს თავისი შეცდომები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამაც დაგვაყენა კონკრეტული რეალობების წინაშე, როდესაც „ენგურჰესი“ მთლიანად გადასცა მართვაში რუსულ კომპნიას, ხოლო ახლახანს „ბილაინმა“ შეიძინა „კავკასუს ონლაინი“ („კავკასუს ონლაინის“ მფლობელები გახლდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები, რომლებმაც თავის დროზე, ძველ მფლობელს, პრაქტიკულად, წაართვეს კომპანია. (რედ.), რითაც რუსულ კომპანიას საშუალება მიეცა აკონტროლოს საქართველოს საინფორმაციო სივრცე.

როგორც ვაჟა ბერიძე აცხადებს, დაახლოებით მსგავს კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ „გაზპრომიც“, თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა გვავალდებულებს ნორმების შესრულებას, რომლის თანახმადაც, სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის საფასური ფულად ერთეულში უნდა გადავიყვანოთ და ნატურით მიღებაზე უარი ვთქვათ, ანუ გამოდის, რომ ამ გაზის შესყიდვა მოგვიწევს (სომხეთში გატარებული გაზის მოცულობის 10%).

„მეტიც, ნაციონალების იდეოლოგი კახა ბენდუქიძე სულაც მილსადენის რუსებისთვის მიყიდვას გეგმავდა და ამაში ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავდა. ამდენად, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ უფრო მეტად გამჭვირვალე და გასაგები იქნება დღეს რაზე ველაპარაკებით „გაზპრომს“, ამაში ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტს, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიქმნა. უამრავი ობიექტი გადაეცა რუსულ კომპანიებს, ხოლო ნაცმოძრაობის არგუმენტი იყო ის, რომ ფულს სუნი და წარმომავლობა არ აქვს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

როგორც ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, ეს გაუგებრობები წარმოიქმნა იმიტომ, რომ ხელისუფლება აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს.

„ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის ბოლო ინტერვიუში საუბარი იყო იმაზე, რომ „სოკართან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ დეფიციტის შევსების თაობაზე. თუმცა ნათქვამია ისიც, რომ ამით შესაძლოა, დეფიციტი სრულად ვერ დაიფაროს და მაინც მოგვიხდეს ალტერნატიული წყაროს ძებნა. ამის გარდა, ჯერ საუბარი იყო, რომ მილსადენით, რომლითაც აზერბაიჯანულ გაზს ვიღებთ, მეტი მოცულობის გატარება შეუძლებელი იყო, თუმცა „სოკარი“ აცხადებდა, რომ მას შეეძლო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. ამიტომ ვამბობ, რამდენიმე დღის შუალედში ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები თავისთავად აჩენს ეჭვებს“,- აცხადებს ლაგაზიძე.

წყალმომარაგება, ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსების წარმოება, კავშირგაბმულობა - ეს ის სფეროებია, რომელიც ან სრულად აქვს მონოპოლიზირებული რუსულ კომპანიებს, ან სოლიდურ წილებს ფლობენ და ეს ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების დამსახურებაა, ამიტომ გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც რუსული გაზით საქართველოში შექმნილი დეფიციტის შესაძლო შევსებას მოჰყვა.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, შეიძლება ასეც დაისვას საკითხი, რა განსხვავებაა თბილისის წყალსა და „გაზპრომს“ შორის, რადგან ორივე სტრატეგიული ობიექტია, მაგრამ „გაზპრომის“ შემთხვევაში არსებობს სხვა ნიუანსებიც.

„დასავლეთისთვის საქართველო და აზერბაიჯანი არის ერთი სტრატეგიული ღერძი, იგი განიხილება, როგორც ალტერნატიული დერეფანი, რომელის მეშვეობითაც დასავლეთი მიიღებს ენერგორესურსებს რუსეთის გვერდის ავლით. ამის გარდა, საუბარია იმ ტვირთების ნაკადებზეც, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გავა დასავლეთში საქართველოს გავლით. ამდენად, აქ მხოლოს ენერგორესურსების მიწოდებაზე არ არის საუბარი, არამედ საქართველო აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების საძირკველზე.

გარდა ამისა, ცალკე აღებული საქართველო და აზერბაიჯანი ნაკლებად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. აჟიოტაჟია ატეხილი იმის თაობაზე, რომ გაიზრდება საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე, მაგრამ ეს არ არის გაზის ის მოცულობა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს - აქ სულ სხვა კონტექსტია მთავარი - საქრთველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს არ მიადგეს დარტყმა“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე შეფასებით, ის ლოგიკა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც შეცდომები ჰქონდა, ამ ხელისუფლებას უფლებას აძლევს, ანალოგიური შეცდომები დაუშვას - არანაირად არ არის გამართლებული.

მართალია, ოფიციალურად აშშ-ს ელჩი საქართველოში ჩვენი მთავრობის ტაქტიკას დადებითად აფასებს, მაგრამ რეალურად, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, რადგან იმ პერიოდში, როდესაც კახა ბენდუქიძე მილსადენის გასაყიდად ნიადაგს ამზადებდა საზოგადოებაში და მას მხარს უბამდა მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, აშშ-ს ხმამაღალი განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, მილსადენი „გაზპრომს“ შეეძინა. როგორც იმ პერიოდში ითქვა, სწორედ აშშ-ს დამსახურება იყო, რომ ეს გარიგება ჩაიშალა.

„თუკი რეალურად მიმდინარეობს საუბარი დეფიციტის ისევ აზერბაიანული გაზით შევსებაზე, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ აზერბაიჯანის მონდომება არ იქნება და ამაში ალბათ, ამერიკის ინტერესიც არის ჩადებული“.