მმართველი გუნდი შეწყალების კომისიის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოდის და ალეკო ელისაშვილის მოთხოვნების უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავს, ოპოზიცია კი იმის გარკვევას ითხოვს, პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაკავებული იყვნენ თუ არა ნარკობარიგების შეწყალებით.
ე.წ. კოკაინის საქმეზე პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება და მხარეები ერთმანეთის მიმართ ახალ-ახალ ბრალდებებს თითქმის ყოველდღე აჟღერებენ. ეკა ბესელია და მანანა კობახიძე რეპუტაციის შელახვისთვის შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან, ელისაშვილი კი, პროკურატურას არ ენდობა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და უმრავლესობის ლიდერს, ზვიად კვაჭანტირაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს.
ელისაშვილი ირწმუნება, რომ კომისიასთან ითანამშრომლებს და მას ფაქტების დასადგენად გარკვეულ მტკიცებულებებს წარუდგენს, უმრავლესობა კი პროგნოზირებს, რომ კომისიის საქმიანობა შოუდ გადაიქცევა და ის არანაირი შედეგის მომცემი არ იქნება.
უმრავლესობისგან განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ე.წ. კოკაინისა და პოლიტპატიმართა სიების შექმნის თაობაზე კომისია უნდა შეიქმნას.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, თუკი ასეთი კომისია შეიქმნება, ამ კომისიაში ბესელია-კობახიძე არ უნდა შევიდნენ, რომლებიც საკუთარ საქმეს გამოიძიებენ.
„გაუგებარია, ელისაშვილი ერთი წელი ჩუმად რატომ იყო და რატომ არაფერს ამბობდა?! ასევე გაუგებარია, ელისაშვილი სატელევიზიო დებატებს რატომ არ თანხმდება, რომელიც ბესელიამ შესთავაზა?! ეს დავა ჩემი საქმე არ არის, ჩემი მიზანია, სიმართლე ვიცოდე, ვიცე-სპიკერი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე დაკავებული არიან თუ არა ნარკობარიგებით?“, - აცხადებს ნადირაშვილი.
კანონმდებელი 2012 წლის დეკემბერში, პარლამენტის მიერ მიღებულ პოლიტპატიმართა სიას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ სიის გათვალისწინებით, რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმრებად გამოაცხადეს.
„როდესაც პოლიტპატიმრების სიას გადახედავ, არ შეიძლება, ეჭვი არ გაგიჩნდეს, ამ სიაში ადამიანები როგორ მოხვდნენ?! თუკი ადამიანს რაიმე დაინტერესება არ აქვს, წარმოუდგენელია, მან პოლიტპატიმართა სიაში რუსეთის ჯაშუშები ჩასვას. ამ გადაწყვეტილებისთვის ადამიანს ან ნაცნობობა აკავშირდებს, ან ფულს იღებს, ან დავალებას ასრულებს. კონკეტული ადამიანები ვიცი, რომლებიც საუბრობენ, რომ ეკა ბესელიას თანხა გადაუხადეს და პოლიტპატიმართა სიებში ამის გამო მოხდვნენ. ცხადია, ამ ადამიანების დასახელება წარმოუდგენელია, რადგან ელისაშვილი რა დღეში ჩავარდა ნახეთ და სხვამ რომ ხმა ამოიღოს, რა მოხდება?“, - აღნიშნავს ნადირაშვილი, რომლის მსგავსად, პოლიტპატიმართა სიას ეხმაურება მისი თანაგუნდელი დავით დარჩიაშვილი.
for.ge-სთან საუბარში დარჩიაშვილი ამბობს, რომ ის კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, როდესაც პოლიტპატიმრების საკითხზე საუბარი დაიწყო, ოპოზიცია მაშინვე ამბობდა, რომ ეს აბსურდი იყო.
„არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველო ავტორიტარულ ქვეყანად არ ჩაუთვლია, ქვეყანას დემოკრატიის პრობლემები ჰქონდა და აქვს კიდეც. სისტემურად შეუძლებელია, რომ არაავტორიტარულ ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარი იყოს. კონკრეტული გვარები არსებობს, რომლებსაც პოლიტიკასთან რა კავშირი აქვთ, არავინ იცის. როცა პარლამენტმა ეს სია შეადგინა, მაშინ ივანიშვილის ბამბაც ჩხრიალებდა, ჩვენი კი, ოქროც - არა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და უმრავლესობამ თვალები უნდა გაახილოს და დაინახოს, საქმე რასთან აქვს. ეს არის ისტორიული აფიორა“, - აცხადებს დარჩიაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ალეკო ელისაშვილი ცილისწამებლური კამპანიით არის დაკავებული, რომელსაც პოლიტიკური მიზნები აქვს.
ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერთი კაცის მხრიდან აჟიოტაჟი ატყდა, რასაც სრულიად მედია და პოლიტიკური სპექტრი აჰყვა, რის გამოც არასერიოზული ვითარება შეიქმნა.
„პრემიერ-მინისტრიც რომ გადადგეს და პოსტიდან გადადგომის თაობაზე პრეზიდენტმაც განცხადება რომ დაწეროს, ამაში ცუდი რა იქნება? - ალეკო ელისაშვილს არგუმენტები ამ ყველაფერზეც გამოუჩნდება. პროკურატურას უნდა დაველოდოთ, რაც ცივილიზებული საქციელი იქნება. თუკი ეს არ გვინდა, მაშინ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ერთ კაცს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეუძლია, მთელი მედია სენსაციური ჭორებით ფეხზე დააყენოს“, - აღნიშნავს ძიძიგური, რომლის მსგავსად, კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოდის ნუკრი ქანთარია.
როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, კომისიის შექმნის თაობაზე დაყენებული მოთხოვნა არის მორიგი ხრიკი, რომ კომისია კიდევ ერთ სალაპარაკო ადგილად იქცეს.
„ეს კბილები მოცლილი გვაქვს. ელისაშვილს თავისი განცხადებების რა დასაბუთება აქვს? - ის ამბობს, იყო ერთი-ორი მესიჯიო და ამ წრეზე ვტრიალებთ. მგონია, რომ ცილისწამებების კამპანია მრავალფეროვანი გახდება, რადგან არჩევნები ახლოვდება. დეპუტატებს უფლებამოსილება რატომ უნდა შეუჩერდეთ? ეს რაღაც გეგმას ემსახურება, სადაც ელისაშვილი გამოყენებულია. თავიდან მეგონა, რომ მას მძაფრ სიუჟეტიან სცენარში ჩაჯდომა სურდა, ახლა ვფიქრობ, რომ მის უკან რამდენიმე ფლანგი დგას. ეს ფლანგები გამოჩნდება“, - დასძენს ქანთარია.
ალეკო ელისაშვილის მოთხოვნებს ადამიანის უფლებათ დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ეხმაურება და for.ge-სთან აცხადებს, რომ ელისაშვილის მიდგომები არ მოსწონს და მასთან გასაუბრება უნდოდა, რაც ვერ მოახერხა - საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
„რაფალიანცის საქმეზე გიორგი ღვინიაშვილისთვისაც უნდა მოეხადათ ბოდიში, რადგან მას ეს საქმე დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდეს. მიმაჩნია, რომ ამ საქმეზეც კომისიის შექმნა პოლიტიზირებული იქნებოდა, რადგან ბავშვის დაღუპვის ფაქტს ქვეტექსტს მისცემდენ. მას ვურეკავდი და არ მიპასუხა. ძალიან მიკვირს, რომ მას ასეთი მიდგომები აქვს, რადგან ჟურნალისტური გამოცდილება სხვა რაღაცეებს გვკარნახობს. ვერც კომისიის შემადგენლობას ვხედავ და ვერც მტკიცებულებებს. უფრო მეტი ვარაუდი, კითხვის ნიშანი და ეჭვია, ვიდრე პასუხი. ეკა არის ძალიან კარგი უფლებადამცველი, კვალიფიციური და წესიერი ადამიანი და ის პოსტიდან რატომ უნდა გადადგეს? რეალურად, საპროკურორო საბჭოში არაფერი არ ხდება“, - დასძენს ფოფხაძე, რომლის მსგავსად, კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოდის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.
for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ ამ საქმის გარშემო უცნაური რაღაც ხდება, რადგან ელისაშვილ-კობახიძეს შორის შემდგარი კომუნიკაცია ოფიციალური ურთიერთობის გარეთ არ გასულა.
„პროკურატურაში ელისაშვილის მობილური ტელეფონი შემოწმდა და იქ სმს-ები არ აღმოჩნდა. შთაბეჭდილება რჩება, რომ ელისაშვილი უცნაურ სკანდალშია გახვეული და ცდილობს, რომ ახალი თემა შემოიტანოს, კომისია შეიქმნას, რათა ის გაუგებრობა კიდევ გაგრძელდეს, რომელიც მას თავის თავთან გააჩნია. თუკი ის არ დადასტურდება, რასაც ელისაშვილი ამბობს, როგორც მინიმუმ, მან მორალური პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
რაც შეეხება მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას განწყობას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, ბესელია კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, ხოლო კობახიძე ელისაშვილს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.
როგორც for.ge-ს მანანა კობახიძემ განუცხადა, ის პროკურატურას ენდობა და იმედი აქვს, რომ ეს გამოძიება ბოლომდე მივა და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ თუკი, გამოძიების ობიექტურობაზეა საუბარი, ეს საქმე პროკურატურას უნდა ანდონ, რადგან გაუგებარია, დეპუტატებმა საკუთარი „დანაშაული“ როგორ უნდა გამოიძიონ. დეპუტატი არ ფიქრობს, რომ პარლამენტი იმ რესურსით არის აღჭურვილი, რაც საქმის გამოძიებას სჭირდება.
„პროკურატურას უნდა მივენდოთ და დავა სასამართლოშიც მიდის. დავამტკიცებთ, რომ ჩვენს მიმართ წამოწყებულია ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი დისკრედიტაციისთვის არის დაწყებული. ელისაშვილის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციებს. ელისაშვილი ჩიხშია შესული და როგორც ჩანს, აქცენტების გადატანა იქით უნდა, რომ თურმე, პროკურატურას აღარ ენდობა და ახლა საკითხზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. მან არასერიოზული თამაში წამოიწყო, რომელსაც პოლიტიკური მიზანი ამოძრავებს. როგორც ჩანს, ამ ადამიანს ამ საქმის გამოძიება არ სურს, რადგან ის ჟურნალისტის პროფესიას არ ამოეფარებოდა და იმ „ძვირფას“ მოწმეს თავად დაასახელებდა. უკაცრავად, მაგრამ ელისაშვილი ჟურნალისტი აღარ არის და ის პოლიტიკოსია, რომელიც ე.წ. დანაშაულის შესახებ ჩვენებას აძლევს. ჩვენების ნაწილობრივ მიცემა არ არსებობს და მან წყარო უნდა დაასახელოს, რათა გამოძიებას ხელი შეუწყოს დ არა პირიქით - შეუშალოს. თუკი ის ჩვენებას არ აძლევს, მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ეს სისხლის სამართლის შესაბამისი ქმედების და ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა შეაფასოს“, - აღნიშნავს კობახიძე.
ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ თუკი ელისაშვილმა რაღაც თამაში წამოიწყო, მას ბოლომდე უნდა მიჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რომ მას პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, სკანდალისთვის თემა სჭირდებოდა და მისთვის „ქართული ოცნების“ გამოკვეთილი სახეებისთვის ტალახის სროლა მომგებიანი იყო.
„ეს ჩემი და ეკას წინააღმდეგ მიმართული კამპანია არ არის, ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმება, იმედი მაქვს როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლოსი და კითხვებზე პასუხის გაცემა ელისაშვილს მოუწევს“, - დასძენს კობახიძე.
ვინაიდან, აღნიშნული თემა აქტუალობას არ კარგავს, არ არის გამორიცხული, საგაზაფხულო სესიაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგეს. რაც შეეხება კომისიას, კონსტიტუციის შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად. კერძოდ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი საფუძველია ინფორმაცია: სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.
აღსანიშნავია, რომ კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა და სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
კონსტიტუციური ნორმებიდან გამომდინარე, კომისიას უფლება აქვს, ინფორმაციის მოსმენის შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე საკითხი დასვას, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.