აფხაზეთი: ყველა პრობლემის მიუხედავად, სოხუმელი როკერები სიხალისეს არ კარგავენ

აფხაზეთი: ყველა პრობლემის მიუხედავად, სოხუმელი როკერები სიხალისეს არ კარგავენ

საბჭოთა პერიოდის კულტურის სახლი სოფელ აგუძერაში – სეპარატისტული რესპუბლიკის აფხაზეთის დედაქალაქთან სოხუმთან ახლოს. ხუთშაბათის საღამო. სამი აფხაზური როკ-ჯგუფი კონცერტისთვის ემზადება. განათების და გახმოვანების სისტემა მთლიანობაში პროფესიონალურია, მაგრამ ხმის ოპერატორის არ ყოფნის გამო, ჯგუფ Ferumage-ის გიტარისტ ალექსანდრე ცამრუკის ხმის ხარისხზე წვალება უწევს

„არაფერი მესმის“ – გაჰყვირის გიტარისტი სცენიდან. „ნუ ნერვიულობ“ – პასუხობს ციმრუკი – „ყველაფერი წესრიგშია“.

აფხაზეთის თხუთმეტწლიანმა ბლოკადამ ადგილობრივ მუსიკოსებს მაყურებლის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა წაართვა. 1992-93 წლების ომის შემდეგ საქართველოსთან, ბარების და ღამის კლუბების უმრავლესობა დაიხურა, ხოლო მეტ-ნაკლებად ნიჭიერი მუსიკოსები, მაგალითად ისეთი როგორიცაა მომღერალი ხიბლა გერზმავა გაიფანტნენ. რუსეთის გადაწყვეტილებამაც კი, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფო ეცნო, როკერებს მდგომარეობა ვერ შეუმსუბუქა.

მაგრამ აფხაზი ახალგაზრდობა ამტკიცებს იმას, რომ ომის შემდგომი სირთულეებისა და დანაკარგების მიუხედავად როკი არ ნებდება და განაგრძობს არსებობას. „ნელ-ნელა (სოხუმი) მუსიკალური თვალსაზრისით ქალაქი იღვიძებს და ცოცხლდება“ – ამბობს ალექსანდრე ცამრუკი, რომელმაც „კრასნოდარის საუკეთესო გიტარისტის“ ტიტული ამ რუსულ ქალაქში რამდენიმე წლის წინ გამართულ გიტარისტების კონკურსზე მოიპოვა.

შარშან გენა ბერულარამ აფხაზეთის დედაქალაქში მუსიკალური მაღაზია გახსნა, ასე რომ აფხაზეთის მცხოვრებლებს უკვე აღარ სჭირდებათ მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად სოჭში ან მოსკოვში გამგზავრება, ხოლო მაღაზიიდან ერთი კვარტლის დაშორებით კონკურენტი ობიექტი – უფრო პატარა ზომის მუსიკალური მაღაზია გაიხსნა.

„აქ ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც საქსოფონზე, გიტარასა და პიანინოზე უკრავენ“ – ამბობს ბერულარა – „იმის ნაცვლად, რომ ათასი, ორი ათასი რუბლი (დაახლოებით 36-37 დოლარი) სოჭში მოგზაურობაზე დახარჯონ, მათ შეუძლიათ ეს ფული დაზოგონ და ყველაფერი აქ შეიძინონ“.

როკის აფხაზ თაყვანისმცემლებს შორის სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები არიან. ვიდრე დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებებს მიაღწევდა, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, 35 წლის ინგლისურად მოლაპარაკე მაქსიმ ღვინჯია ერთ-ერთი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფის წევრი იყო.

ადგილობრივი მუსიკოსებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების შოვნა შედარებით იოლია, რაც შეეხება ახალ იდეებს აქ საქმე უფრო რთულადაა. გენა ბერულარას თქმით, ემბარგოს გამო აფხაზეთის მცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კულტურული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა და მსოფლიოში თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან.

თუმცა მთავარი პრობლემა, რომელსაც დღეს აფხაზეთის მუსიკოსები აწყდებიან, კონცერტებისთვის საჭირო მოედნებია. თბილისისგან განსხვავებით, რომელსაც ცოცხალი მუსიკის შესრულებისთვის შესანიშნავი სივრცე აქვს, სოხუმში შესაბამისი კულტურა არ არის განვითარებული და მხოლოდ ერთი კლუბია „ოლომპი“, სადაც როკ-კონცერტები ხშირად არ ტარდება. საკურორტო ქალაქებში გაგრასა და ბიჭვინთაშიც კი ცოცხალი მუსიკის შესრულებისთვის მოედნები არ არის.

ამიტომ როკერებს თავად უწევთ საკუთარი მუსიკალური წარმოდგენების ორგანიზება (როგორც შეუძლიათ). ფულის არ არსებობის გამო, შარშან ზაფხულში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ვერ მოხერხდა. ხუთშაბათს აგუძერაში კონცერტი იმიტომ ჩატარდა, რომ გიტარისტი ცამრუკი კულტურის სახლის დირექტორის, მასსავით როკის თაყვანისმცემლის კარგი ნაცნობია.

„სამწუხაროდ ჩვენ აღარ გვაქვს ასეთი კონცერტების ორგანიზების შესაძლებლობა. ამის გამო მივემგზავრებით ხოლმე რუსეთში, მაგრამ ჩვენ აქ გვინდა დაკვრა“ – ამბობს გიტარისტი ალექსანდრე ნიდოგრეევი.

ადგილობრივი მუსიკალური მოედნების არ არსებობა იმას იწვევს, რომ მუსიკოსები ქორწილებში და კორპორატიულ ღონისძიებებზე უკრავენ, რაც როკ-კოლექტივებს შორის არც თუ პოპულარულია, რადგან ასეთ ღონისძიებებზე მუსიკალური ნაწარმოებების სიას სტუმრების ან დღესასწაულების ორგანიზატორების გემოვნება განსაზღვრავს.

მუსიკალურმა და ტელე-პროდიუსერმა არტურ ლაკერბამ ამ აუდიტორიაში პოპ-დივა ხიბლა მუკბაზე მოდა დაამკვიდრა. მის მიერ შესრულებული ისეთი სტილის სიმღერები, როგორიცაა „ყველა დედა კარგია, მაგრამ ჩემი – ყველას სჯობია“ აფხაზურ ქორწილებში იმაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ჯგუფ Metallica-ს „Bleeding Me“. გარდა ამისა მუკბა სიმღერებს მხოლოდ აფხაზურ ენაზე მღერის, რაც პროდიუსერის თქმით, უკვე გენიალობის ტოლფასია. „აფხაზი როკერები. თავად რა შეუქმნიათ? ვის ბაძავენ? ამერიკულ მუსიკას? ვცდები?“ – აღნიშნავს ის ირონიით.

აფხაზეთის მუსიკალური კოლექტივები, როგორებიცაა Ferumage, KA-50, „მაიაკი“ ისეთი ცნობილი ამერიკული ჯგუფების და მუსიკოსების ნაწარმოებებს ასრულებენ, როგორებიც არიან Red Hot Chili Peppers, Nirvana და ჩაკ ბერი, მაგრამ თავადაც წერენ მუსიკას. ჯგუფი „აშხარდაცი“, რომლის რეპერტუარიც როკის და ხალხური მოტივების ნაზავია, საკუთარ სიმღერებს აფხაზურ ენაზე მღერის.

როკ-ჯგუფების მუსიკოსთა თქმით, მათი თაყვანისმცემლების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ხოლო ახალგაზრდებს სულ უფრო მეტად უნდათ როკის მოსმენა, თუმცა იმ 30-40 ადამიანიდან, რომლებიც აგუძერაში კონცერტს დაესწრნენ და ბილეთში 100 რუბლი (დაახლოებით 3 დოლარი და 60 ცენტი) გადაიხადეს, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები იყვნენ.

ჯგუფ КА-50-ის გიტარისტი რუსტან ხარციზოვი თავად ალექსანდრე ცამრუკს არ ჩამორჩა და ორჯერ მქუხარე აპლოდისმენტების ქვეშ დიკ დეილის „Misirlou“-ს თემაზე (რომელიც კვენტინ ტარანტინომ უკვდავყო თავის ფილმში Pulp Fiction) ვარიაცია შეასრულა.

როდესაც კონცერტით გამოწვეული ადრენალინის გამოყოფის პროცესმა იკლო, აფაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ტექნიკოსმა ხარსტოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში როკის შესრულების პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენ არ გვაქვს ადგილები სადაც დავუკრავთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ ამას გადავლახავთ, შევცვლით“ – სთქვა მან ინგლისურად, მაგრამ პროფესიონალურ შესრულებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გაეცინა – „ამით ფულის შოვნა? აფხაზეთში ფულის გამო გიტარაზე არავინ არ უკრავს. ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრებაა“.

foreignpress.ge