„ოცნებას“ დღემდე არ აქვს ახსნილი, რა არის ეს ქართული ოცნება“

„ოცნებას“ დღემდე არ აქვს ახსნილი, რა არის ეს ქართული ოცნება“

„ოცნება“ აცნობიერებს, რომ პრობლემა მარტო პერსონალურ შემადგელობაში არ არის. პრობლემაა, როგორც კვალიფიკაციაში, ასევე კომპეტენციაში და შესაბამისი უნარების არქონა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, ქვეყანაში არ არის რესურსი, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ამ რესურსისთვის მოტივაციის შექმნაზე თავად „ოცნებამ“ უნდა იზრუნოს.

რატომ ხდება აღმასრულებელი ხელისუფლება დასაქმების წყარო და რაზეა გათვლილი ივანიშვილის ეს ნაბიჯი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

ბიძინა ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უსაყვედურა გარდა 2-3 ადამიანისა, პარლამენტში არ არის გუნდი, რომელიც იმუშავებს კანონპროექტების შექმნაზე. ცნობილი ხდება, რომოცნების“ საპარლამენტო სია ძირეულად იცვლება, არ იქნებიან წარმოდგენილი, როგორც სპორტსმენები, ასევე მსახიობები. ფაქტია ისიც, რომქართული ოცნებისეს გუნდი ვერ გახდა შედეგზე ორიენტირებული. როგორ წარმოგიდგენიათქართული ოცნებისსაპარლამენტო სია?

ვალერიან გორგილაძე: მსახიობების და სპორტსმენების ეს არტიკულაცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი პარლამენტში, იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ თვითონ კოალიციის რიგებში არის უკმაყოფილება. კონკრეტულად - პარლამენტში ფრაქციათა უმრავლესობა არასათანადო კვალიფიკაციას ავლენს. სპორტსმენები და მსახიობები უფრო აქტიურად ჩანან, მეტიც, გამოირჩევიან გარკვეული ეგზოტიკური გამონათქვამებით და როგორც ჩანს, ეს იპყრობს ყურადღებას.

როგორ ფიქრობთ, სხვა მასშტაბების პრობლემასთან ხომ არ გვაქვს საქმე, ვიდრე ეს კონკრეტული გამონათქვამებია?

- რა თქმა უნდა, პრობლემა ბევრად უფრო სხვა მასშტაბების არის. აქ საუბარია იმაზე, რომ სპორტსმენები და მსახიობები მრავლად არიან წარმოდგენილნი, მაგრამ რომ გადავხედოთ სხვა ქვეყნის პარლამენტს, მათ შორის დასავლეთის და აშშ-ის, ვნახავთ, რომ სპროტსმენებიც არიან და მსახიობებიც. ზოგი გუბერნატორია და ზოგი პრეზიდენტიც და ბევრად უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მთელი ცხოვრება პოლიტიკით არიან დაკავებულნი.

გუნდის ამ შემადგენოლობას აბსოლუტურად სხვა მისია გააჩნდა 2012 წელს, დღეს სხვა ვითარებაა. შესაბამისად, შეილება ვთქვათ, რომ დღეს ეს გუნდი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყნის წინაშე?

- ეს უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში. მაგალითად საუბარს დავიწყებდი კობახიძე-ბესელიას სკანდალით, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის წასვლით აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით, როცა ის ხშირად საუბრობდა პრობლემების არსებობაზე, რომ უნდა მოხდეს სიის განახლება; მოლაპარაკებები იგივე ინტელექტუალთა კლუბთან, ლამის მთელი ინელექტუალთა კლუბი წამოიყვანონ, ეს ძალიან მიამიტური და სასაცილო მცდელობებია. პრობლემის გადაჭრა იმით, რომ შენ ინტელექტუალებს მოიზიდავ სხვადასხვა აკადემიური წრეებიდან და ისინი გახდებიან წარამატებული პოლიტიკოსები, ეს ძალიან მიამიტური მცდელობაა. მსგავსი მცდელობები ყოველთვის მარცხით მთავრდება და ამას ისტორიაც ადასტურებს.

რა თქმა უნდა, „ოცნება“ აცნობიერებს, რომ პრობლემა მარტო პერსონალურ შემადგელობაში არ არის. პრობლემაა, როგორც კვალიფიკაციაში, ასევე კომპეტენციაში, პრობლემაა შესაბამისი უნარების არქონა. ირაკლი კობახიძის კრიტიკულ შენიშვნებზე კონკრეტული დეპუტატების მკაცრი რეაქცია და გაღიზიანება, ეს არის კერძო შემთხვევები, რომელსაც ყურადღება არც უნდა მივაქციოთ. ფაქტია, რომ „ოცნების“ საპარლემნტო სია 80%-ით იქნება განახლებული და ეს არის ობიექტური პროცესი.

შესაძლოა,ოცნების“ საპარლამენტო სია განახლდეს, მაგრამ არის მეორე საკითხი - დეპუტატები, რომლებიც დატოვებენ საკანონმდებლო ორგანოს, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ორგანოში და ასეთი დაპირება მათ ივანიშვილისგან მიიღეს. ჩნდება კითხვა, თუკი ეს კონტიგენტი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებასაც უყენებს საკანონმდებლო ორგანო, რა მიზნით სთავაზობენ მათ ალტერნატივას აღმასრულებელ ხელისუფლებაში?

- სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი ძალიან მადარდებს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ნაკლებად კომპეტენტური კვალიფიციური კადრი სჭირდება? მგონია, რომ პირიქით - გარკვებული მენეჯერული და სხვა უნარ-თვისებებით აღჭურვილი უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი.

რაზეა გათვლილი ივანიშვილის ეს ნაბიჯი?

- ელემენტალურია - ნუ ნერვიულობთ, დაგასაქმებთ, ულუკმაპუროდ არ დაგტოვებთ. ანუ, არ დაგტოვებთ შესაბამისი სტატუსის გარეშე და მიიღებთ საპატიო ადგილებს.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება დასაქმების წყარო ხდება?

- რა თქმა უნდა. ერთი მხრივ, ივანიშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ პრობლემები არის და მართლაც გვჭირდება კომპეტენტური და თვისობრივად განსხვავებული ადამიანური რესურსი და მეორე მხრივ, მათ უთხრა, რომ თქვენ სანერვიულო არაფერი გექნებათ, ვინაიდან ღირსეულად დასაქმდებითო. ეს არ არის გამოსავალი, ეს არის არასწორი მიდგომა. მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემები არის მოსალოდნელი და იცით, რომ სიის ფორმირება, როგორც წესი, ყოველთვის არის შიდა აფეთქებების საბაბი. ნებისმიერ პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის მწვავე დისკუსიის და დაპირისპირების მიზეზი და ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გამონაკლისი არ არის.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ხერხი გასაგებია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორი. მე მგონია, ეს თავად ბიძინა ივანიშვილმაც იცის, მაგრამ იმისთვის, რომ არ გამწვავდეს სიის დაკოპლექტების პროცესი და კონსოლიდირებულად წარსდგეს „ოცნება“ ახალი სიით და მხარდამჭერებით, დგამს ამ ნაბიჯს, რომ ნაკლებად მტკივნეულად ჩაიაროს სიის გაწმენდის პროცესმა, არავინ არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო - როგორც რომის იმპერიაში ხდებოდა, როდესაც არაფრის მაქნის ჩინოვნიკებს ნიშნავდნენ აბსოლუტურად არაფრისმაქნის თანამდებობაზე, ამ თანამდებობის მეშვეობით ისინი იღებდნენ ანაზღაურებას, მაგრამ მათ გადაწყვეტილებაზე არაფერი არ იყო დამოკიდებული.

ჩვენ გვაქვს კი ამის ფუფუმება? გამოდის, რომ ივანიშვილი ცდილობს შექმნას ერთიანობის ილუზია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღესქართული ოცნებისთვის“...

- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი თანამდებობები გვქონდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ეს რესურსი გააჩნია. როგორც გითხარით, ივანიშვილი ცდილობს ნაკლებად ნეგატიური ემოციებით დატვირთული იყოს ეს პროცესი, რომ ამან არ მიიღოს საჯარო პოლიტიკური სკანდალის ფორმები და შექმნას ერთიანობის ილუზია. ამას აკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია და ბუნებრივია, ამას აკეთებს ივანიშვილიც.

სწორედ ამიტომაც არის ეს მესიჯი ტრანსლირებული, რომ დამშვიდდეს ყველა - საკანონმდებლო საქმიანობა არ უნდა იქცეს პერმანენტულ ოცნებად „ოცნების“ წევრებისათვის, რომ არის სხვა შესაძლებლობები და ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს მათ დასაქმებას. მათ პერსონალური გარანტია მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან და ეს შემადგელობა, რომელიც დატოვებს პარლამენტს, არ დარჩება გარკვეული სტატუსისა და საპასუხისმგებლო საქმიანობის გარეშე.

ფაქტია, რომ საკადრო რესურსებთან დაკავშირებით პრობლემები იყო და არის. ამ საკადრო დეფიციტის ფონზე,ოცნება“ შეძლებს გუნდის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას?

- ეს არის „ოცნების“ პრობლემა. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმაში, რომ ქვეყანაში არ არის რესურსი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამ რესურსისთვის მოტივაციის შექმნაზე თავად „ოცნებამ“ უნდა იზრუნოს. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური წახალისება ან ანაზღაურება, ეს არის გარანტია იმისა, რომ ეს რესურსი დამოუკიდებლად გაატარებს იმ პოლიტიკას, რომლის აუცილებლობასაც ხედავს თავისი კომპეტენციიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე.

როდესაც შენ კვალიფიციური კომპეტენტური რესურსი მოგყავს და კარნახობ საკმაოდ პრიმიტიულ გეზსს, თუ როგორ უნდა განვითარდეს და წარიმართოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესი, როდესაც პრაქტიკულად, არ უსმენ ამ ადამიანებს, ეს არის პრობლემა. პრობლემა არის არა ის, რომ „ოცნება“ ვერ პოულობს ამ რესურსს, არამედ ის, რომ გარკვეულწილად, ეს რესურსი უნდობლობას უცხადებს „ქართულ ოცნებას“ და ამაშია სწორედ მთავარი პრობლება.

ანუ, „ქართული ოცნებაამ კომპეტენტური რესურსის დიდი ნაწილისთვის არ არის გარანტი იმისა, რომ ეს კვალიფიცური რესურსი თავის პოტენციალს გამოიყენებს ამ ქვეყნის ინტერესების განსახორციელებლად?

- „ოცნების“ ბრენდი უკვე ნაკლებ მიმზიდველი ხდება და ეს არის პრობლემა. ამდენად, „ოცნებას“ მოუწებს დამტკიცება ამ ხალხისთვის, რომ ქვეყნის მომავალი, მისი განვითარება დაკავშირებულია სწორ და ეფექტიან პოლიტიკასთან, რომლის გატარებასაც ფიქრობენ. პრობლემაა ისიც, რომ „ოცნებას“ დღემდე არ აქვს დეკლალირებული ქვეყნის განვითრების სტრატეგია, არ არის ახსნილი, რა არის ეს ქართული ოცნება. უნდობლობა არის არა მარტო „ქართული ოცნების“ მიმართ, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ. მთლიანად პოლიტიკური კლასი არის დისკრედიტირებული ამ თვალსაზრისით, იმიტომ, რომ არანაირი იდეის მატარებლები არ არიან. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა იდეების და ინტელექტის დეგრადაციის გზაზეა მიმავალი.