„საპატიო კონსულების ინსტიტუტის დაკნინება, სავარაუდოდ, მაია ფანჯიკიძის პირადი განაწყენებით აიხსნება“

„საპატიო კონსულების ინსტიტუტის დაკნინება, სავარაუდოდ, მაია ფანჯიკიძის პირადი განაწყენებით აიხსნება“

უცხო ქვეყნების საპატიო კონსულები ღიად საუბრობენ იმ პრობლების შესახებ, რომელთა წინაშეც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მიერ მათთვის არსებული პრივილეგიების გაუქმების შემდეგ აღმოჩნდნენ.

ფილიპინების რესპუბლიკის გენერალური კონსული საქართველოში თემურ ჭიჭინაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საპატიო კონსულების ინსტიტუტის დაკნინება, სავარაუდოდ, მაია ფანჯიკიძის პირადი განაწყენებით აიხსნებოდა.

თემურ ჭიჭინაძე: თქვენი მედიასაშუალებიდან შევიტყვე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპატიო კონსულებთან მიმართებით მაია ფანჯიკიძის ხისტი პოლიტიკის გადახედვა მოითხოვა. ამის შემდეგ გავეცანი ქალბატონ ფანჯიკიძის პასუხს ამასთან დაკავშირებით და მინდა, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო. წელიწადნახევარია, რაც ეს ფაქტი მოხდა და ამასთან დაკავშირებით  პირველად თქვენ გესაუბრებით.ჩემი აზრით ბატონი ზვიადის განცხადებას მივესალმები, დროული და აუცილებელი იყო, რადგან საპატიო კონსულთა ინსტიტუტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს და სერიოზულ საქმეებზეა ორიეტირებული და პასუხისმგებელი. ამიტომ მისი გაუქმება, რასაც ქალბატონი მაია შეეცადა, რა თქმა უნდა, რბილად რომ ითქვას არასწორი იყო. ბატონ ზვიადს ვეთანხმები მის პათოსში, ერთი რამის გარდა, მე ვერ ჩავთვლი, რომ ეს მაია ფანჯიკიძის ხისტი პოზიცია იყო. ჩემი აზრით, ეს იყო გაბრაზებული ადამიანის პოზიცია ვიღაცაზე, ვინაიდან მსგავსი  პრეცედენტი  დიპლომატიის ისტორიაში არ მოიძებნება.

მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ახალი არაფერი მოუგონია, ცვლილებები ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე გაატარა და პრივილეგიები გაუუქმა საპატიო კონსულებს. ამდენად, საინტერესოა, ვის უნდა გაებრაზებინა მაია ფანჯიკიძე?

- გაბრაზებული ადამიანის პოზიცია გამოიხატება იმაში, რომ, საერთოდ, როცა რაღაცის ცვლილება ხდება დიპლომატიურ კორპუსში, ეს უნდა მოხდეს არა მარტო საპატიო კონსულებთან, არამედ იმ სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად, რომელთაც ჩვენ წარმოვადგენთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ წარმოვადგენთ იმ 22 ქვეყანას, რომლებიც აკრედიტირებულნი არიან საპატიო კონსულების სახით საქართველოში. ჩვენთან არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა და მოულოდნელი იყო ის ფაქტი, როდესაც გაფრთხილების გარეშე მოგვიხსნეს აკრედიტაცია. ეს ჩვენი უფლება-მოვალეობების მთლიან შეზღუდვას ნიშნავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კონსულთა ასოციაცია ითხოვდა, შეხვედრას სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რაც სამწუხაროდ დღემდე არ მოხერხდა. ღირსად არ ჩაგვთვალეს, რომ 22 მეგობარი ქვეყნის კონსულებს შეხვედროდა რომელიმე ჩინოვნიკი და განემარტა. არათუ ევროკავშირში, არამედ მეხუთეხარისხოვან ქვეყნებშიც არ ხდება, რომ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე შეზღუდონ ეს უფლებები და გაუარესონ არსებული სამუშაო პირობები. ავიღოთ მაგალითისთვის ფილიპინების საკონსულო, რომელსაც მე წარმოვადგენ. საკონსულო აწარმოებს  სავიზო მომსახურეობას  როგორც საქართველოს მოქალაქეებზე ასევე, აზერბაიჯანელებზე. ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, ერთი წლის განმავლობაში ვიზების გაცემა ადგილზე არ ხერხდებოდა, რის გამოც ქართველებსა და აზერბაიჯანელებს იმ პერიოდში ანკარაში წასვლა და  ვიზების აღება იქ უწევდათ. ამით  სერიოზული დისკომფორტი შეიქმნა. რაც შეეხება ევროკავშირს, შეიძლება, საქართველოს კონსულს იქ არ ჰქონდეს ისეთი პრივილეგიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე არსებული უფლებები დააკნინო და უარესი გახადო.  

იქნებ, გახსნათ ბრჭყალები და გვითხრათ, საპატიო კონსულებმა რა აწყენინეს მაია ფანჯიკიძეს?

- არ მინდა, ამაზე ვისაუბრო, მაგრამ არსებობდა ეჭვი, რომ ერთ-ერთი კონსულის გამო მოხდა ეს ამბავი. სხვანაირად, ეს ქმედება არ აიხსნება. ევროკავშირს მოთხოვნა არ არის, გააუარესეთ საპატიო კონსულთა პირობებიო. პირიქით, ყველა დიპლომატიური ურთიერთობა რეგულირდება არა ევროკავშირის გამოცდილებით, არამედ ვენის კონვენციით. აქ ყველაფერი გაწერილია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იმიტომაც არ უნდოდათ კონსულთა კორპუსთან შეხვედრა, რომ არ ჰქონდათ არგუმენტი, თუ რატომ ხდებოდა ეს შეზღუდვები.

უცხო ქვეყნების საპატიო კონსულების 99% საქართველოს მოქალაქეა და ძირითადად, ბიზნესით არიან დაკავებულნი. მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საქართველოსაც ჰყავს საპატიო კონსულები ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არცერთი ჩვენი კონსული არ სარგებლობს იმ პრივილეგიებით, რომლითაც სარგებლობდნენ საქართველოში უცხო ქვეყნების საპატიო კონსულები.

- რა მნიშვნელობა აქვს, ეს საპატიო კონსულები ქართველები არიან თუ უცხოელები? არც იმას აქვს მნიშვნელობა, ბიზნესმენები არიან თუ დიპლომატები. მთავარია, რომ ისინი ასრულებენ დიპლომატის ფუნქციებს. მაგალითად, ავსტრიას, ბელგიას, დანიას (ევროკავშირის ამ ქვეყნებს) და კანადას ჩვენთან უცხოელები წარმოადგენენ. რაც შეეხება იმ ფაქტს, თითქოს არც ერთი ჩვენი კონსული არ სარგებლობს პრივილეგიებით სხვა ქვეყნებში, არც ეს შეესაბამება რეალობას.  მაგალითისთვის- საქართველოს ორი კონსული ჰყავს ფილიპინებზე და ორივე სარგებლობს ყველა იმ უფლებითა და პრივილეგიით, რომელიც უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მშვენივრად იციან სამინისტროში და წარდგენილიც აქვთ სია პარიტეტის თაობაზე.  თუ ფილიპინებზე იცავენ პარიტეტს, საქართველოში რატომ არ უნდა დაიცვან? რატომ ირღვევა პარიტეტი?

ექსმინისტრის თქმით, უცხო ქვეყნების საპატიო კონსულებს სამი ელემენტი მოაკლდათ ცხოვრებაში და სწორედ ამან გამოიწვია მათი უკმაყოფილება. კერძოდ, მათ მოეხსნათ დიპლომატიური იმუნიტეტი, დიპლომატიური ნომრები მანქანებზე, ასევე, მოეხსნათ დაცვა და ისინი ვალდებულნი არიან, უბრალო ხალხის მსგავსად, გადაიხადონ გადასახადები. თუ ისინი გამართავენ წვეულებას, ამ წვეულებაში გადახდილი ფული არ დაიბეგრება, მაგრამ, თუკი მეგობრებთან ერთად არიან, მათ მიერ გადახდილი ფული ჩვეულებრივ იბეგრება.

- ამაზე პუნქტების მიხედვით გიპასუხებთ. პირველი, დიპლომატიური იმუნიტეტის მოხსნა ნიშნავს, რომ მე და თქვენ გავთანაბრდით. ვთქვათ, დაკავებულია ფილიპინების მოქალაქე ან პრობლემები აქვს საზღვარზე, როგორ გავაგებინო მესაზღვრეს, პოლიციელს, რომ გარკვეული უპირატესობა მაქვს? არის უბედური შემთხვებიც  როცა საჭიროა გადავასვენოთ მიცვალებული, თუ კონსულს არ აქვს  პრივილეგია, როგორ მოხერხდება ეს?  არადა, როგორც ვენის კონვენციით, ასევე, გაეროს წესდებით გათანაბრებული ვართ კარიერულ კონსულებთან, რადგან ჩვენ გვიხდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა , რომლებიც აქ ცხოვრობენ და ეს მოქალაქეები საკმაოდ ბევრნი არიან.

ჩემი კოლეგებიც აღნიშნავენ, რომ ჩვენ სამუშაო პირობები უკიდურესად  გაუარესებულია.დაიკარგა კომუნიკაცია დიპ. კორპუსთან, სახ. სტრუქტურებთან და ა.შ. ამას წინათ იყო შემთხვევა, როცა მოსკოვიდან ჩამოფრინდა ფილიპინელი ცნობილი ჟურნალისტი, რომელსაც ვიზა არ ჰქონდა იმ მომენტში. ცხადია, დამიკავშირდნენ, მაგრამ ამ შეზღუდვების გამო ვერაფრით მოვახერხე აეროპორტში შესვლა. ის კაცი უკან გააბრუნეს.ქ-ი მაია  დაცვის მოხსნაზე რომ ლაპარაკობს, ჯერ ერთი, დაცვის დაყენების საკითხს მინისტრი არ წყვეტს, ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა, რომელსაც კონვენციით ეკისრება ეს ვალდებულება. რა ვუყოთ  იმ საბუთებს, დოკუმენტაციას, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო საიდუმლოებას, დაუცველი დავტოვოთ? ვინ აგებს ამაზე პასუხს? დაცვა ხომ კონსულს არ იცავს, ის იცავს იმ შენობას, დაწესებულებას, რომელშიც ეს საბუთები ინახება.  . რაც შეეხება გადასახადების გადახდას,ეს უბრალოდ ყურით  მოტანილი არგუმენტია-- თქვენთვის ცნობილია, რომ ძირითადად საპატიო კონსულებად ისეთი ხალხი ინიშნებიან, რომლებიც თავიანი ხარჯით სწევენ მომსახურებას, რადგან ბევრ ქვეყანას არ აქვს ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც საქართველოს.

და ძირითადად ამიტომაც არიან ბიზნესმენები?

- რა თქმა უნდა, ამ ხარჯს თავისით სწევენ, რომ რაღაც ელემენტარული პრივილეგია მათ ჰქონდეთ.  რაც 1963 წელს ვენის კონვენციით დაკანონდა. ერთხელ დავთვალეთ და, მთლიანობაში, ჩვენი საპატიო კონსულების ბიზნესიდან წელიწადში გადასახადების სახით დაახლოებით 100 მილიონამდე ლარი შედის სახელმწიფო ბიუჯეტში. წარმოიდგინეთ, ეს ბიზნესმენები რომ წავიდნენ და ისადილონ, რაში სჭირდებათ შეღავათი? ჯერ ერთი, რესტორანში არავინ სარგებლობს ამ შეღავათით. რა შუაშია აქ მეგობრებთან გადახდილი თანხები? რესტორანში რომ წავიდე, სულაც არ მჭირდება ეს შეღავათი, რამდენი ფული შეგვაქვს ბიუჯეტში და ასი ლარის გულისთვის შეღავათი მჭირდება?

თუ გახსოვთ, ადრე ამერიკის მოქალაქემ ჩვენი ახალგაზრდა გაიტანა მანქანით და ამის გამო იგი არავინ დაიჭირა, ამ დროს კი ჩვენმა დიპლომატმა - გიგა მახარაძემ ამერიკელი გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევისას შემთხვევით იმსხვერპლა და მან საკუთარ თავზე იწვნია ამერიკული მედიის სიმწვავე. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მას 7-დან 21 წლამდე ციხე ელოდა და საბოლოოდ ძლივს გამოვიდა ამერიკული ციხიდან. დიპლომატების მიმართ ორმაგი სტანდარტები ახალი არ არის.

- ჩვენ ვალდებულნი ვართ ქართული კანონმდებლობის წინაშე და ვიცავთ ამ კანონს. თუ კანონს დავარღვევთ, ვაგებთ პასუხს, როგორც რიგითი მოქალაქეები. უბრალოდ, იმუნიტეტი გვიცავს, რომ უმიზეზოდ არ მოხდეს ჩვენი დაკავება და ხელი არ შეგვეშალოს საკონსულო საქმიანობაში. გიგა მახარაძის დაჭერა იმ მომენტში იყო სახელმწიფო სისუსტის გამოხატვა, მასაც იცავდა იმუნიტეტი. ამიტომ, როგორც ამერიკელ მოქალაქეს უნდა ეგო პასუხი, ისე უნდა ეგო ქართველსაც. აქ უპირატესობა არავის არ უნდა ჰქონოდა. თანაც, ეს იმუნიტეტი გიცავს გარკვეული პერიოდი, თორემ როცა ფაქტზე გიჭერენ, პასუხს აგებ კანონის წინაშე. მით უმეტეს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც წარმოვადგენთ უცხო ქვეყანას, კანონის წინაშე ვალდებულნი ვართ.  რაც შეეხება ინვესტიციებს--

ქალბატონი მაია აღნიშნავს, რომ უნდა მოიზიდონ ინვესტიციებიო. ჯერ ერთი, ჩვენ უცხო ქვეყანას წარმოვადგენთ და ამის ვალდებულება არ გვაკისრია. საქართველოს მხრიდან დანიშნულმა კონსულებმა უნდა მოიზიდონ ინვესტიციები.

თუკი მაია ფანჯიკიძის არგუმენტებს აბსურდულად მიიჩნევთ, ფიქრობთ, რომ უმჯობესია, ყოფილმა საგარეო მინისტრმა რეალობა განმარტოს?

- ადამიანი ყოველთვის უშვებს შეცდომას, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა აღიაროს ეს.  როგორც ავღნიშნე ეს „რეფორმა“, რასაც ფანჯიკიძის „რეფორმას“ უწოდებენ, პიროვნულად განაწყენებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. პარლამენტმა განიხილა და იურიდიულად შეამოწა ეს საკითხები, თორემ ზვიად კვაჭანტირაძე ჩემი ახლობელი არაა. თვითონ ზვიად კვაჭანტირაძემ, როგორც ძველმა გენ.კონსულმა თურქეთში, კარგად იცის, რა ფუნქციები აქვთ კონსულებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სერიოზული და გამოდილი დიპლომატია. მათ იციან ყველაფერი და ეს ჩემი ან ვიღაცის ხათრით არ კეთდება. საპატიო კონსულების ინსტიტუტი ისევე უნდა შენარჩუნდეს, როგორც ადრე იყო. ეს თვით სააკაშვილმაც არ გააკეთა. სააკაშვილმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი მოუხსნა, მას, როგორც სან-მარინოს კონსულს, ვერც იმუნიტეტი მოუხსნა და ვერც ეს სტატუსი ჩამოართვა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ეს ვენის კონვენციით ეკუთვნოდა. აქ არ არის მარტო კონსულებთან ურთიერთობა, არამედ იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაცაა, სადაც ისინი მოღვაწეობენ. შეიძლება, ამაზე არ მოხდეს დიპლომატიური სკანდალი, მაგრამ თვითონ ამ ფაქტით ეს სახელმწიფოები გაოგნებულნი არიან, რატომ მოხდა ეს ამბავი. განმარტება მათაც არ მიუღიათ.

მინდა ვისარგებლო  შემთხვევით და  ქალბატონ მაიას მივულოცო შობა-ახალი წელი, ვუსურვო ბედნიერება.