„კალაძისთვის ადმინისტრაციული რესურსის გადაბარება ხდება, ის კი ყველას ჩაჩეხავს“

„კალაძისთვის ადმინისტრაციული რესურსის გადაბარება ხდება, ის კი ყველას ჩაჩეხავს“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრევენციული სამუშაოების გატარება საერთოდ არ ხდება და კრიმინალის სტატისტიკა კატასტროფულად გაზრდილია. მისი თქმით, შს სამინისტროში სიტუაცია დღითიდღე უარესდება.

ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესებზე, for.ge გივი თარგამაძეს ესაუბრა:

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა, თუმცა, სხვადასხვა მედია საშუალებები მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე აპელირებენ. რამდენად შესაძლებელია, რომ ცვლილებები ძალოვან მინისტრებს შეეხოთ?

- ძალოვან უწყებებს პოლიტიკური ნაწილიც აბარიათ და ისინი არჩევნების დროს პოლიტიკურ მოწინააღმდეგებზე ზემოქმედებას ახდენენ, რაც კიდევ უფრო ტრაგიკული არ არის, ვიდრე ის, რომ ძალოვან უწყებებში ერთი ბატუტზე მხტომელია, ხოლო მეორე ხორცის გამყიდველი. ამ ადამიანებს ქვეყნის უსაფრთხოება ყოველგვარი გამოცდილების გარეშე აბარიათ.

მათ წარსულ საქმიანობას რატომ ეხებით, შს მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ?

- ზოგადად, ხორცის გამყიდველი ძალიან ღირსეული პროფესიაა და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ შეიძლება, ამ გამოცდილებით უსაფრთხოებაში უცებ გადახვიდე, ისევე როგორც არ შეიძლება, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ხორცის პროფესიონალი გამყიდველი გახდე.

შეგიძლიათ, მითხრათ, თქვენი ხელისუფლების ძალოვანი მინისტრები რას წარმოადგენდნენ? დავით კეზერაშვილს, ან ვანო მერაბიშვილს ისეთი რა მიღწევები ჰქონდათ, რის გამოც მათ ეს პოსტები დაიკავეს?

- ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ძალოვანი მინისტრები არც ბატუტზე მხტომელები იყვნენ და არც ხორცის გამყიდვლები, ისინი ამ თანამდებობებზე პოლიტიკიდან მოვიდნენ. პოლიტიკურ თანამდებობებზე ისეთი ადამიანები ინიშნებიან, რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ. ამ პოსტებზე ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსები და წევრები დაინიშნენ.

თქვენ ძალოვან მინისტრებს აკრიტიკებთ, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ სისასტიკითნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი მინისტრები გამოირჩეოდნენ და არაოცნების“...

- ამ დამოკიდებულებაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან ერთეული შემთხვევების გარდა, მაშინდელმა ოპოზიციამ ეს საქმეები თითზე დაიხვია და დიდი ყურადღების საფუძველი გახადა. გახმაურებული საქმეები ბოლომდე არ გასულა, ხოლო იმ საქმეებზე, რაც ბოლომდე გავიდა, განაჩენები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახალი არაფერი გაგვიგია.

პარლამენტში მინისტრების მოსმენამ აჩვენა, რომ გიორგი მღებრიშვილი გაწონასწორებული, საქმეზე ორიენტირებული პირია. თქვენ ეს შთაბეჭდილება არ დაგრჩათ?

- ამ ხალხის გამოსვლა უფრო დავარცხნილია და უზრდელობის ზღვარზე არ დადიან, მაგრამ წინამორბედებისგან მათი სხვა განსხვავება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მღებრიშვილი მშვიდად გამოიყურება, ის რამდენიმე თვეა მინისტრია და შინაგან საქმეთა სამინისტროში სიტუაცია დღითიდღე უარესდება.

შს სამინისტროში მდგომარეობის გაუარესება რაში გამოიხატება?

- კრიმინალის სტატისტიკაში. მღებრიშვილმა თავადაც აღიარა, რომ კრიმინალი გაზრდილია. სინამშვილეში, კრიმინალის სტატისტიკა კატასტროფულად გაზრდილია. ადამიანების გატაცების გარდა, ყველაფერი ხდება. უცებ ავტომობილები გატყდა, რომელმაც უკვე მასიური სახე მიიღო. ამ დანაშაულებს ისეთი თვისება აქვს, რომ თუკი ეს ერთხელ მოხდება, ე.ი. ის სისტემატიურ სახეს იღებს. ამ ყველაფრის პრევენცია შეიძლებოდა. კრიმინალის ზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო პოლიტიკის შედეგია. გამეზარდაშვილი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროს ერთ-ერთი კორუფციული პირი იყო, ის მინისტრის მოადგილისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს ითავსებს. ის პირდაპირ თამაზაშვილის კადრია და ამ თანამდებობებს მხოლოდ ამიტომ ითავსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის სასაზღვრო დეპარტამენტში ფულს აკეთებს, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას ვერ მივაღწიე.

თქვენ ამბობთ, რომ გამეზარდაშვილიფულს აკეთებსდა ამის მტკიცებულება გაქვთ? ან ფულს როგორაკეთებს“?

- სტრუქტურის ბიუჯეტი იგივეა, რაც ჩვენს პერიოდში იყო. ის დაახლოებით ნახევარ მილიარდზე მეტია. ჩვენს დროს შეგეძლო, მიმხვდარიყავი, ეს ფული სად მიდიოდა და ახლა შეგიძლიათ, მითხრათ, სად მიდის? ჭიკაიძე და გამეზარდაშვილი კვირაში ერთხელ სასაზღვრო პუნქტებს ხსნიდნენ და უწყების ფინანსები არც იქ მიიმართება. პოლიციელებს ხელფასები შეუმცირდათ, სადაზღვევო პაკეტიდან ოჯახის წევრები ამოყარეს, მათ პრემიებს არ აძლევენ, რაც მათთვის ყველაზე მძიმეა. თანამშრომლებს დატვირთული გრაფიკით ამუშავებენ, რაც მომქანცველია. ამას გარდა, „ინფორმატორები“ აღარ არსებობენ. მთავრობას სურს, უბნის ინსპექტორს ფუნქციები ჩამოართვან და „ინფორმატორი“ გახადონ, რაც ასე არ ხდება. „ინფორმატორი“ შეფარულად ოპერ მუშაკს უნდა ჰყავდეს და არა ასე ღიად.

ვინაიდან, უწყების ხარჯვითი ნაწილით ხართ დაინტერესებული, სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართეთ?

- რა თქმა უნდა, მივმართე. ერთი და იმავე პირის მიერ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღება ხუთჯერ მოხდა და საქმე გახსნილი არ არის. პრევენციული სამუშაოების გატარება საერთოდ ვერ ხერხდება. ხშირ შემთხვევაში კი, დაგეგმილი დანაშაულები ვერ იხსნება.

როგორ ფიქრობთ, მთავრობის შემადგენლობის დატოვება რომელ მინისტრებს მოუწევთ?

- სამი წლის მანძილზე, გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იყო და მის პერიოდში ყველა ის მავნებლური რეკომენდაციაა მიღებული, რომელმაც ეკონომიკა ბეჭებზე დასვა. როგორ შეიძლება, ყოფილი ვიცე-პრემიერი იძახდეს, რომ რაღაც პერიოდი დასჭირდება თავისი გუნდის მინისტრები გაიცნოს? ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ კვირიკაშვილი ღარიბაშვილისგან განსხვავებული კონსტიტუციის ადამიანია და ტრიბუნასთან გამოსვლისას უზრდელობის ზღვარზე არ დადის.

თქვენგან განსხვავებით? - ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს თქვენც მიმართავდით სიტყვებით - „ჰაკიმ ფაშადა ..

- როცა ადამიანი არ უზრდელობს, პროცესიც მშვიდად მიდის. ღარიბაშვილი იძულებულს გხდიდა, რომ საუბრის ამ რეჟიმში გადასულიყავი. ღარიბაშვილი ჩემზე 15 წლით პატარაა და მის მიმართ აგრესიულ საუბარს საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ საუბარი ღრენით დაიწყო - „ბატონო გივი“.

როცა ხელისუფლებაში იყავით, ოპოზიციის რეპლიკები თქვენც არ მოგწონდათ და აგრესიულები ხდებოდით...

- განსხვავება დიდი იყო. ჩემი მეზობელი ღარიბაშვილი უმუშევარი დატოვეს და მგონია, რომ მის წრეში მხოლოდ უმუშევრობა არ იქნება პრობლემა.

რას გულისხმობთ?

- ვფიქრობ, რომ მის სანათესაო შლეიფში მხოლოდ უმუშევრობა არ იქნება პრობლემა და მათი პრობლემა პროკურატურასთან ურთიერთობა იქნება. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება გაიხსენეთ, სადაც მან თქვა, რომ თურმე, უკრაინულ ფირმასთან ავანსის სახით 47 მილიონი იყო ისე გაცემული, რომ არაფერი არ გაკეთდა. ამ ტენდერის ყველა მასალა ჯავახიშვილს გავუგზავნეთ, ისინი სიტუაციაში გაერკვენ. ამ ძალის ნიშანია ის, რომ როგორც კი რომელიმეს ფეხი დაუცდება, ერთმანეთს კორტნიან.

კალაძის ხალხი რეგიონებში დადის და ღარიბაშვილის ხალხს ეუბნება, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ. კალაძისთვის ადმინისტრაციული რესურსის გადაბარება ხდება, რადგან მას საარჩევნო ამბებს აბარებენ, ის კი ყველას ჩაჩეხავს. იგივე შეცდომებს უშვებენ და ეს ძალიან კარგია. ადგილობრივი არჩევნების წინ, თბილისის საკრებულო სიები კალაძემ მიიტანა, ამ საქმეს ღარიბაშვილის ხალხი ჩამოაშორეს, კალაძემ კი ფიასკო განიცადა, როცა ბევრი მეორე ტური მიიღო. შედეგი ახლა უფრო უარესი იქნება.