უმრავლესობის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს არ ელოდება მანანა კობახიძე. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, თუკი მინისტრთა კაბინეტის მუშაობის პროცესში საკადრო ცვლილებების აუცილებლობის საკითხი დადგება, ბუნებრივია, მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და პრემიერმა ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.
პოლიტიკურ კულუარებში კი მინისტრების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები ნამდვილად იგეგმება. ცვლილებები შეეხებათ, განათლების, ფინანსთა, კულტურის და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრებს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას, შესაძლოა, დაემშვიდობოს შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ჯერ კიდევ დამტკიცებამდე განაცხადა, რომ გუნდის მუშაობას დააკვირდებოდა და გადაწყვეტილებებს შემდეგ მიიღებდა. მაშ ასე, თუ დავაკვირდებით მთავრობის მეთაურის განცხადებას, ცხადია, რომ ცვლილებები იქნება. იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები დროული, ანალიტიკოსების შეფასებით ამას დრო გვიჩვენებს და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, კონკრეტულად კი იმაზე, რამდენად ეფექტური იქნება ახალი დანიშვნები და იგრძნობს თუ არა მოსახლეობა ამ ცვლილების შედეგს.
„მმართველი პარტიის რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე მათ სურთ. ამ რეიტინგის გამოსწორების ერთ-ერთი მექანიზმია სწორედ ახალი სახეები და საკადრო ცვლილებები. დღეს სამთავრობო გუნდის წინაშე დგას პრობლემა, როგორიც არის ოპერატიულობა. თუკი მოკლე ვადაში დაძლევენ ამ ავადმყოფობას, ამას დრო გვიჩვენებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
სამთავრობო ცვლილებების პარალელურად, სულ უფრო აქტუალური ხდება მერის არჩევნების თემა. შესაბამისად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ნარმანია საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობას დატოვებს. ხელისუფლების დაბალი რეიტინგის ფონზე ექსპერტები თვლიან, რომ მერიაში ცვლილება აუცილებელია. როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, მოსახლეობის უკმაყოფილება და დაბალი რეიტინგი ერთგვარად დაკავშირებულია მერის საქმიანობასთან.
„ბიძინა ივნიშვილმა თავისი პასუხიმგებლობით წარადგინა მერის კანდიდატურა და საკმაოდ ენერგიულად იბრძოდა მისი გამარჯვებისთვის. შესაბამისად, მთლიანად პარტიაზე გადადის ის დამოკიდებულება, რაც მერის მიმართ ჩამოუყალიბდა საზოგადოებას. მერია რთული სტრუქტურაა, საკმაოდ ბევრი ტიპის გამოცდას უწყობს ყველა მერს და ერთ-ერთი გამოცდა არის კორუფციის თემაა. მოგეხსენებათ, რომ თბილისი მნიშვნელოვანი ქალაქია არჩევნებისთვის.
მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ იყრის თავს, თბილისში შექმნილი განწყობა გავლენას ახდენს ქართულ მოსახლეობაზე. ამ პირობების გათვლაისწინებით თუ ვიმსჯელებთ, სასურველია, რომ პარტიამ შეამსუბუქოს ამომრჩევლის გულისწყრომა, მაგრამ მეორე მხრივ, უკვე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი საიმისოდ, რომ ახალი მერის კანდიდატურა წამოაყენოს „ქართულმა ოცნებამ“. თუკი „ქართული ოცნების“ გავლენის გარეშე დარჩება თბილისი, ეს ძალიან რთული იქნება მმართველი გუნდისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მერის შესაძლო ცვლილებაზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.
„არა მგონია, რომ ოქტომბრამდე მერის არჩევნებზე სერიოზული საუბარი შედგეს. ეს ძალიან დიდი რისკი იქნება ხელისუფლებისთვის და შეიძლება ითქვას, რომ ფატალური შედეგის მომტანი. თუკი მერის არჩევნებს ხელისუფლება წააგებს, რისი ალბათობა, სამწუხაროდ, დიდია, საპარლამენტო არჩევნების წინ ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა და შეიძლება საპარლამენტო არჩევნების წაგების შანსიც გახდეს. შესაბამისად, ხელისუფლება ამ რისკზე ვერ წავა, უფრო სავარაუდოა, რომ მერის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.