საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალზე საუბარს იმ გაკვეთილების გათვალისწინებით გეგმავს, რომელიც წარსულიდან გამოიტანა. დეპუტატის თქმით, უმცირესობის მიზანია, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს. კანონმდებელი სამთავრობო ცვლილებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, გიორგი კვირიკაშვილი დაბალანსებული, მშვიდი და საღი აზრის მქონე ადამიანია, მაგრამ ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებელი ვერ იქნება.
პარტიის გეგმებსა და სამთავრობო ცვლილებებზე, for.ge პარლამენტის ექს სპიკერს, დავით ბაქრაძეს ესაუბრა:
პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. როგორ აფასებთ, სამთავრობო გუნდს?
- მთავრობასთან დაკავშირებით, რამდენიმე პრობლემას გამოვყოფდი. როცა ოპოზიცია მთავრობას ნდობას არ უცხადებს, ეს თვითმიზანი არ არის და ეს კონკრეტული თემებიდან გამომდინარეობს. მთავრობის შემადგენლობაში მინისტრებად იგივე სახეებს ვხედავთ. კერძოდ, იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების მანძილზე, საკუთარი დარგები ძალიან რთულ მდგომარეობამდე მიიყვანეს და რომელთა „დამსახურებითაც“ დღეს, ცხოვრება გაძვირდა, ლარი გაუფასურდა, უმუშევრობამ მოიმატა და ხალხი უფრო მეტ გაჭივრებაში ჩავარდა.
მეორე პრობლემა მთავრობის მიდგომაა. მოვისმინეთ, რომ თურმე, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა ვითარდება და პროცესები წინ მიდის. მთავრობა რომ გამოდიოდეს და ამბობდეს, რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ გაჭირვება, პრობლემა და სირთულეებია და მეტს მოვინდომებ და მეტს გავაკეთებო, დავფიქრდებოდით, მათთვის მხარი ხომ არ დაგვეჭირა. პრემიერმა თქვა, რომ საარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყოო. კვირიკაშვილის გულწრფელობას ვაფასებ, რომელმაც მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ხალხის მოტყუებას თავი დაანება და აღიარა, რომ საარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყო, რომელიც არ შესრულდება. ეს რას ნიშნავს? - დარჩენილ ათ თვეში ხალხს იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ის ყველაფერი შესრულდება, რისი ხათრითაც ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა. კერძოდ, ეს იყო გაზრდილი პენსია, შემცირებული ტარიფი, მომატებული სამუშაო ადგილი, იაფი ფული, კრედიტები და ა.შ. ასევე ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამ მთავრობის დაპირებებს ვერ ვენდობით, რადგან ერთ მშვენიერ დღეს, ახალ დაპირებებზეც გამოაცხადებენ, რომ წამოცდენა იყო, ან გადაჭარბება.
ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და კვირიკაშვილი ის პიროვნება არ ბრძანდება, რომელიც ქვეყანაში ძირითად გადაწყვეტილებებს მიიღებს. გულწრფელად გეტყვით, რომ პარლამენტში კვირიკაშვილმა ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე მისმა წინამორბედმა. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კვირიკაშვილი დაბალანსებული, მშვიდი და საღი აზრის მქონე ადამიანია, რომლის მიდგომა მომეწონა თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
როგორ ფიქრობთ, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლა რას უკავშირდება?
- ერთ მშვენიერ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ისე გაქრა, რომ თვითონაც არ იცოდა, რომ ბრიფინგი უნდა ჩაეტარებინა. ამ ადამიანმა სამი წლის მუშაობა შეაჯამა, გეგმებზე ისაუბრა, საახალწლო მოსაწვევები დაარიგა და ბრიფინგი ოთხჯერ გადადო, მაგრამ ბოლოს მაინც გაქრა. რატომ? - იმიტომ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. ერთ მშვენიერ დღეს, გიორგი კვირიკაშვილი და მისი მემკვიდრეებიც ასე გაქრებიან, სანამ ქვეყანას არაფორმალური მმართველი ჰყავს. ღარიბაშვილი პოსტიდან ისე წავიდა, რომ მიზეზი არათუ ჩვენ, არამედ თავადაც კი არ იცის. ძალიან ცუდია, როცა ჩვენ მკითხაობა გვიხდება. შეიძლება, მისი პოსტიდან წასვლა არჩევნების წინ განახლებას უკავშირდება, ან მის გარემოცვასა და ოჯახის კორუფციულ საქმეებს. როცა პრემიერი მიდის, ის ნორმალურ საზოგადოებაში მიზეზს ამბობს. თურმე, დემოკრატიაა ის, რომ დაკავებული თანამდებობიდან შუა გზაში გაიქცევი. უკაცრავად, მაგრამ ეს საზოგადოების დაცინვაა. დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ ხალხი საქმის კეთებისთვის მანდატს გაძლევს და სანამ ის არ ამოგეწურება, საქმეს აკეთებ. ანგელა მერკელი ათი წელია გერმანიის კანცლერია და ხუთი წლის წინ, ვინმეს აზრად მოუვიდოდა, რომ დემოკრატიის მიზეზით მერკერი პოსტიდან წასულიყო?
თქვენ არაფორმალურ მმართველობაზე აპელირებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან კი, გიორგი კვირიკაშვილმა საპირისპირო თქვა. მან აღნიშნა, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანი იყო და მომავალშიც, ასეთად დარჩება. გამორიცხავთ, რომ მას მმართველობასთან დაკავშირებით, ივანიშვილისგან გარკვეული გარანტიები ჰქონდეს მიღებული? ამის დასტური მის მიერ გაჟღერებული მესიჯები არ გგონიათ, რომელიც პრეზიდენტთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობას გულისხმობს?
- სხვა რამეს კვირიკაშვილი ვერ იტყოდა. წარმოუდგენელია, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ეთქვა, რომ ის ვიღაცაზე დამოკიდებულია. ის გადაწყვეტილებების მიღებისას რამდენად დამოუკიდებელი იქნება, ამას დრო გვაჩვენებს. მთელი მთავრობა ერთადერთი ნიშნითაა დაკომპლექტებული, რაც ივანიშვილთან ახლობლობას უკავშირდება. ასეთ პირობებში რთული წარმოსადგენია, რომ კვირიკაშვილს დამოუკიდებელი მანევრირების სივრცე ჰქონდეს. შესაძლოა, მას შედარებით მეტი მანევრირების სივრცე ჰქონდეს, ვიდრე ღარიბაშვილს, რადგან მისი გონებრივი პოტენციალი უფრო დიდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის დამოუკიდებელი ვერ იქნება. მის მიერ გაჟღერებული მესიჯები თუ შესრულდება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
კვირიკაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში სიძულვილის ენა და კონფრონტაცია უნდა დასრულდეს. ღარიბაშვილის შემთხვევაში ადგილი უფრო აგრესიულ პოლიტიკას ჰქონდა. ხელისუფლება ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას ხომ არ ცდილობს?
- თუკი ქვეყანაში სტაბილურობის შექმნა ვინმეს ინტერესშია, ეს ყოველთვის ხელისუფლებაა. ყოფილმა პრემიერმა საკუთარი თავი ძალიან დააზარალა, როცა არასტაბილურობის პროვოცირება და ქვების სროლის წახალისება მუდმივად ხდებოდა. არასტაბილურობის განცდა როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას აზიანებს. სამი წლის მანძილზე, ხელისუფლება ოპოზიციასთან დაპირისპირებით ძირს თავად ითხრიდა. როგორც ჩანს, კვირიკაშვილი უფრო ჭკვიანია და მიხვდა, რომ არჩევნების წინ მთავრობას ასეთი დაზიანება არ სჭირდება და ვითარების დასტაბილურობა მთავრობის ინტერესებში შედის. სწორედ ამიტომ, მან მიდგომა შეცვალა, რასაც მივესალმებით. ჩვენს ინტერესში ქვეყანაში არეულობის წარმოქმნა არ შედის. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ნორმალური და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და არჩევნებში გავიმარჯვოთ, რათა ქვეყანას ეს ხელისუფლება მოვაშოროთ. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკაზე და იმ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, რაც ხალხს აწუხებს. თუკი ხელისუფლება შეეცდება, რომ პროცესები ნორმალური დებატის და მშვიდობიანი არჩევნების პროცესში გადაიყვანოს, ეს როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყნის კარგი იქნება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზაფხულზე საკადრო ცვლილებები განხორციელდება. როგორ გგონიათ, პოსტიდან წასვლა ვის მოუწევს?
- ბატონ გიორგის ვინ დაავალა, რომ იგივე შემადგენლობით წარმსდგარიყო? - ვინც ეს გააკეთა, პრემიერს ძალიან ცუდი სამსახური გაუწია, რადგან ყველაზე დიდი პოზიტივი, რაც კვირიკაშვილს ამ წარდგენიდან შეეძლო მიეღო, სიახლის ეფექტია. ადამიანებს სიახლის განცდა და ახლის იმედი გაუჩნდებოდათ. მან ძველი სახეებით სიახლის განცდა დაასამარა. მან ის პოზიტივი ვერ მიიღო, რაც მთავრობაში ახალ სახეებს და ახალ ენერგიას ნიშნავდა. სიგნალით, რომ გაზაფხულზე მთავრობა შეიცვლება, აბსოლუტურად დემორალიზებული კაბინეტი მივიღეთ. ანუ, ისეთი მინისტრები მივიღეთ, რომლებიც საქმის კეთებით თავს არც აქამდე იკლავდნენ და მომავალში მათი ამოცანა ის კი არ იქნება, რომ საქმე გააკეთონ, არამედ იმაზე იფიქრებენ, ახალ კაბინეტში ვინ დარჩება და ვინ - არა. როგორ შეიძლება, ადამიანს უთხრა, რომ შეიძლება, შენ ორ თვეში წახვიდე, ან დარჩეო? - ამ პროცესში თვითგადარჩენის ინსტიქტი ერთვება. ძველი სახეები გვყავს, ოღონდ კიდევ უფრო გაუარესებული. ეს ძველი სახეები ფიქრობენ, შემდგომ კარუსელში ვინ გადარჩება და ვინ - არა. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომელიც კვირიკაშვილმა პირველივე ნაბიჯზე დაუშვა. ეს მისთვის გაწეული ძალიან ცუდი სამსახური იყო.
რაც შეეხება თქვენს პარტიას, რა გეგმები გაქვთ?
- ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ არა დაპირისპირებასა და დევნაზე, არამედ იმაზე ვიმსჯელოთ, რაც ხალხს აწუხებს. წარსულიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ვისწავლოთ, მაგრამ ეს მომავალს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენი ამოცანაა, მომავალზე იმ გაკვეთილების გათვალისწინებით ვისაუბროთ, რომელიც წარულიდან გამოვიტანეთ. სწორედ იმის გამო, რომ ბიზნესთან მიმართებაში სერიოზული პროლემები გვქონდა, დეკრიმინალიზაციაზე ამიტომ ვსაუბრობთ. მომავალში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება ეკონომიკის დეკრიმინალიზაცია და კანონის დონეზე ეკონომიკური აქტივობა დაცული იყოს.
ანუ, თქვენი დაპირება იქნება ის, რომ ყველაფერს საპირისპიროდ გააკეთებთ, რასაც მანამდე წლების მანძილზე აკეთებდით? ბიზნესრეკეტი და ა.შ.
- გადასახადების შემცირებას გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით. ბიზნესს კანონი უნდა იცავდეს, ამიტომ, ბიზნესის დეკრმინალიზაციასა და ბიზნესის დაცვაზე კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტი გვაქვს. რიგი გადასახადების შემცირება და გაუქმება ახალი ხალხის დასაქმებას ნიშნავს. ჩვენი პროგრამის უმთავრესი ნაწილი იქნება, პოლიტიკური შურისძიების კამპანიის დასრულება და შერიგება.
თქვენს გზავნილებს ხალხი ირწმუნებს?
- ამას იმ პოზიციიდან ვლაპარაკობთ, როცა ჩვენ ვიდევნებით. ამას ხალხი ირწმუნებს. მაშინ, როცა ჩვენი ლიდერები პატიმრობაში არიან და პარტია იდევნება, კი არ გავბოროტდით, პირიქით გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ეს დასრულდეს. თუკი შემდეგი მთავრობა დევნას გააგრძელებს და წინა მთავრობების მიმართ იგივე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო, ამას საზოგადოება ვეღარ გადაიტანს. დევნასა და შურისძიებას წერტილი უნდა დაესვას და ცივილიზებული ქვეყანა უნდა გავხდეთ, სადაც მთავრობები ისე მოდიან და მიდიან, რომ ერთმანეთის მომხრეებს არ იჭერენ და სამსახურიდან არ ყრიან.
ეს გზა, თქვენ რატომ ვერ დაინახეთ?
- ეს ერთადერთი გზაა და შეიძლება, ეს გზა ჩვენს გუნდს ვერ დაგვენახა, როცა ხელისუფლებაში ვიყავით, მაგრამ თავის დროზე, პრეზიდენტ შევარდნაძეს ხელი რომ არ მოვკიდეთ, ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იყო.
თუმცა, საზოგადოებას ახსოვს, კამერების წინ სახლებში შევარდნები და ხალხის დაპატიმრებები...
- ეს ზოგადად, მკაცრ პოლიტიკას უკავშირდებოდა. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური თვალსაზრისით ვსაუბრობ. ოპონენტების მიმართ ძალიან ადვილად შეიძლებოდა ფაქტების მოძიება კორუფციაზე, გამსახურდიას მომხრეების დარბევაზე და ა.შ. ნაბიჯი სწორი მიმართულებით მაშინაც გადაიდგა. შეიძლება, რაღაცეები ხელისუფლებიდან ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფერს ამ პოზიციიდან ძალიან კარგად ვხედავთ. თუკი მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში რაღაცას გავაკეთებ, ერთ-ერთი მთავარი ხაზი ის იქნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიება და დევნა შეწყდეს.