რა მთავარი გამოწვევები დგას ახალი პრემიერის წინაშე თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების თუ პრიორიტეტების პარალელურად, პრემიერს უწევს საარჩევნო კამპანიის წაყვანაც. ბიძინა ივანიშვილის განცხადების მიუხედავად, რომ ის მთელ თავის რესურსს მოახმარს მისი გუნდის გამარჯვებას, ოფიციალურად, პასუხისმგებლობის აღება საკუთარი გუნდის წარმატებაზე გიორგი კვირიკაშვილის ეკისრება.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
რამაზ საყვარელიძე: პირველი მთავარი გამოწვევა ეს იქნება საარჩევნო მარათონი, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურობას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ, მთავრობის ავკარგიანობაზეა დამოკიდებული იმ პარტიის მიმართ განწყობა და მისი რეიტინგი, რომელიც გადის არჩევნებზე. ეს მომენტი შესაძლოა, არ არის აფიშირებული თვითონ პარტიის მიერ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მისთვის.
ამავე დროს, არის ქვეყნის პრიორიტეტები და პრობლემები, გამოწვევები, რომელშიც ერთ-ერთი მნიშველოვანია ის, რომ ხელისუფლებამ მხარი აუბას იმ საგარეო ამოცანებსა და გამოწვევებს, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოსთვის.
არის საკმაოდ პოზიტიური გამოწვევები, ერთი მხრივ, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის საკითხი, მეორე მხრივ ჩინეთის შემოსვლა საქართველოში თავისი, შესაბამისი ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორებით, გარდა ამისა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება რუსეთთან, რაც საქართველოს ხელისუფლების წინაშეც აყენებს გარკვეულ გამოწვევებს, რადგან რუსეთი არ არის ისეთი პარტნიორი, რომელთანაც შეიძლება მოდუნება.
არის უარყოფითი გამოწვევებიც - ვალუტის კურსი - მთელ მსიოფლიოში მიდის დოლარის გაძლიერების პროცესი, მაგრამ ყველა ქვეყანას არ უდგას ის ამოცანა, რომ ამ პროცესს მინიმალური დანაკარგებით გაართვას თავი. ისევ გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილების შექმნა მთელ საქართველოში.
მართალია, ვერ წარმომიდგენია ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში როგორ შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ თუკი მოსახლეობა ჩადგება საქმის კურსში რას აპირებს ხელისუფლება ამ მხრივ და დამაჯერებელი იქნება მისი ნაბიჯები სამუშაო ადგილების გაზრდის კუთხით, ყველა კონკრეტულ რეგიონში და არა ზოგადი ფრაზებით, მაშინ იმედიც გაჩნდება ამ მიმართულებით და ფსიქოლოგიური პრობლემა მეტ-ნაკლებად, გადაჭრილი იქნება - ხელს არ შეუშლის მმართველ პარტიას საარჩევნო წარმატებაში.
კიდევ ორი გამოწვევაა „ქართული ოცნების“ წინაშე, ერთი, რომ საზოგადოება უნდობლად განეწყო იმ კუთხით, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას აპირებს მურუსიძის ამბის შემდეგ და ეს წარმოდგენა თუ არ შეიცვალა, ძალიან გაჭირდება საზოგადოების და ხელისუფლების ურთიერთობა. მეორე - პიარი სჭირდება ნებისმიერ ხელისუფლებას, მათ შორის, ამ ხელისუფლებასაც. ვგულისხმობ ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, ხელისუფლება რას აკეთებს ან რას ვერ აკეთებს და რა მიზეზით. ანუ დიალოგი მოსახლეობასთან - ეს ჯერ კიდევ შეიძლება ამ ხელისუფლების გამოწვევად ჩაითვალოს.
ირაკლი ღარიბაშვილი თითქოს არ ყოფილა ცუდი პრემიერი, იყო შეცდომები, მაგრამ არა ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ამის მიუხედავად, არ გამართლდა მოლოდინები, გაჩნდა უნდობლობა და ა.შ. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნის წინსვლის სურვილი არ ამოძრავებდა, თუმცა იყო რაღაც რამაც მას ხელი შეუშალა - მართალია, ივანიშვილმაც გაურკვევლად ისაუბრა ამის შესახებ, მაგრამ ჩანს გარედან ეს მიზეზები?
- ვიტყოდი, ხელი შეეშალათ ისეთი წარმატების მიღწევაში, რომელიც თვითონ ჰქონდათ წარმოდგენილი, თორემ წარმატებები ნამდვილად იყო, თუმცა არც იმდენი, რა დონის აპელირებასაც ახდენდა თავად პრემიერი. მიჭირს შეფასება, უფრო სკურპულოზური შესწავლაა საჭირო, თუმცა ვთვლი, რომ ახალმა გუნდმა ძველის შეფასებები უნდა გააკეთოს.
ზოგადად კი, მეჩვენება, რომ ღარიბაშვილი არ იყო პიროვნულად მომზადებული იმ რთული თანამდებობისათვის, რომელზეც მოუწია ყოფნა. ის შესანიშნავად მუშაობდა შს მინისტრად, მაგრამ იქ, სადაც მას დასჭირდა საჯარო მოქმედებები, წააწყდა სირთულეებს. ძალიან ხშირად, არ იყო დამაჯერებელი მისი პოზიცია. ვფიქრობ, ამ წინააღმდეგობებმა გაუწია ცუდი სამსახური და ამიტომ ვამბობ, რომ არ იყო მზად იმ საჯარო საქმიანობისთვის, რასაც პრემიერობა გულისხმობს.
ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საზოგადოების 60%-ს სავარაუდოდ, იმედგაცრუების გამო არ აქვს გადაწყვეტილი, მომავალ არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს. ახალი წლიდან უკვე დაიწყება ბრძოლა ამ 60%-ისთვის. რა შანსები აქვთ ერთი მხრივ, სახელისუფლებო პარტიას, მეორე მხრივ, საპარლამენმტო და არასაპარლამენტო ოპოზიას, რომ ეს ხმები აითვისონ?
- დავიწყოთ ოპოზიციით - ის, ვინც თავს მთავარ ოპოზიციონერად თვლის, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ცუდი სამსახური გაუწია უკრაინულმა ფარულმა ჩანაწერებმა. მით უმეტეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერი არ იცვლება და იგივე რჩება მარად და მარად (რაკი სიტუაცია იცვლება, ხოლო ნაციონალური მოძრაობა არა), ესეც არ არის მისთვის მომგებიანი პოზიცია.
უფრო მეტი შანსი მოცემული მომენტისთვის აქვს ირმა ინაშვილის პარტიას, თუმცა ვფიქრობ, მაინც ვერ გახდება ძალიან ძლიერი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის“, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასაც აკლია პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება. ეს გამოიკვეთა კიდეც იმაში, რომ როდესაც ის აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს შიმშილობის მეთოდებზე გადაინაცვლა, ეს რადიკალური ზომა დღევანდელ ქართულ სინამდვილეში უკვე აღარ არის ეფექტური - განვლილი ეტაპია. თუმცა, ამ პარტიის მიმართ განწყობები პოზიტიურია, რამაც შესაძლოა განსაზღვროს მომავალ არჩევნებში მაღალი მაჩვენებელი.
კიდევ ლაპარაკია ახალ სახეებზე, თუმცა არ ვიცი, როგორი იქნება პაატა ბურჭულაძის შედეგი, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე ის არ გვიხილავს და შეიძლება ითქვას, პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება მასაც აკლია.
რატომღაც ბურჯანაზე და ნათელაშვილი ნაკლებად ჩანან...
„რუსთავი 2“-ის ეთერში ჩანან, განსაკუთრებით, ნათელაშვილი...
- როგორც ჩანს, იმ არხზე აქტიურობენ რომელსაც არ ვუყურებ... ყოველი შემთხვევისთვის მე მაქვს უკმარისობის გრძნობა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ყველაზე მეტი შანსი, ხმების უმრავლრსობის მოპოვებისა მას აქვს, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს უმრავლესობა საკმარისი იყოს საპარლამენტო გადაწყვეტილებების მისაღებად. ვფიქრობ, ამისათვის რომელიმე პარტიასთან ალიანსში მოუწევს შესვლა.
როგორც აღნიშნეთ, ღარიბაშვილი კარგი მინისტრი იყო, მაგრამ პრემიერის პოსტზე გამოცდილება არ ეყო, რას იტყვით კვირიკაშვილზე?
- როგორც პირველმა დებატებმა აჩვენა, კვირიკაშვილი უფრო მშვიდად შეხვდება პოლიტიკურ ორთაბრძოლებს, ეს უკვე მომგებიანი პოზიციაა. რაც შეეხება იმას, რამდენად იქნება შედეგიანი, პოლიტიკური გამოცდილება მეტ-ნაკლებად მას აქვს - ადრე იყო მემარჯვენეების პოლიტიკურ გუნდთან ერთად.
დამოუკიდებელი რამდენად იქნება?
- ვისგან?
ბიძინა ივანიშვილისგან.
- არ ვთვლი რომ ეს არის მთავარი ამოცანა, ივანიშვილისგან იყოს დამოუკიდებელი. თუ კარგი მიმართულებით კარნახობს ბიძინა ივანიშვილი, ეს პირიქით კარგ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თუ ეს არ იქნება კარგი მიმართულება, აი, მაშინ არის-ხოლმე ხელშემშლელი ფაქტორი ვინმეზე დამოკიდებულება. რომ ვთქვათ, გავლენები არ აქვთ პოლიტიკოსებსო არ იქნება სწორი, მთავარია ეს გავლენა სასარგებლო იყოს.
რა გამოცდილებაც გვაქვს, სასარგებლოა ეს გავლენები?
- ივანიშვილის გავლენა რომ არ ყოფილიყო, ბევრი რამ უარესად იქნებოდა, ვიდრე არის თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის სასარგებლოა - ანუ შეიძლება არ იყოს გარანტირებული მისი კარნახის უშეცდომობა, მაგრამ მეორე მხრივ, საკუთარი შეცდომების დანახვის უნარიც გააჩნია - მან აღიარა საკადრო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები, ის ცდილობს მის გამოსწორებას და ეს უდავოდ პლუსია.
მას შეეძლო ეთქვა, რომ თავისი ფუნქცია შეასრულა, მაგრამ რაკი აქვს განცდა, რომ ვალდებულია საზოგადოების წინაშე, ნორმალურ პროცესებამდე მიიყვანოს ქვეყანა, ეს მისასალმებელია.
ივანიშვილი საუბრობს საკუთარ გავლენაზე საარჩევნო პროცესში, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნებაზე არაფერს ამბობს. ცოტა ხნის წინ იყო საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა, ის დაბრუნდეს პოლიტიკაში, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ან არჩევნების შემდეგ დაიკავოს საპასუხისმგებლო პოსტი. როგორ ფიქრობთ, ეს თემა რამდენად აქტუალური გახდება რჩევნების წინ?
- ფაქტია, რომ მას არ უყვარს პოლიტიკა და ანალიტიკოსის საქმიანობა უფრო მოსწონს. პოლიტიკაზე ფიქრი ურჩევნია იმ ნიაღვარში ყოფნას, რასაც პოლიტიკა ჰქვია. ამიტომ ძალიან რთული სიტუაცია უნდა შეიქმნას, რომ მან კვლავ გადადგას ნაბიჯი პოლიტიკისკენ. არ მგონია, რომ ასეთი სიტუაცია მალე შეიქმნას, რადგან ახალ მთავრობასაც სჭირდება დრო და საზოგადოებასაც, რომ დავინახოთ არის თუ არა საჭირო მისი დახმარება.
განცხადებები, რომელიც მან გააკეთა შემდეგ კი სხვებმა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებაო, სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც სახელისუფლებო კრიზისის განცდა უფრო მძაფრი იყო. ახლა ეს სიმძაფრე ახალი სამთავრობო გუნდის მოსვლამ დააცხრო.
როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება 2016 წელი?
- სანახავია, როგორი იქნება მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები. ის ვერსიები, რაზეც არის ლაპარაკი, შეიძლება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს და სერიოზული გავლენა მოხდინოს პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე.
როგორც ყველა საარჩევო წელი, ის დაძაბული იქნება - საქართველოს პლიტიკური ცხოვრება იმ მხრივაც უნიკალურია, მისი საპარლამენტო არჩევნები ემთხვევა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს - ჩვენ კი ძალიან ვართ დამოკიდებული ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, როგორ გადაწყდება ეს თემა.
თავის მხრივ, ამერიკის არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს, ისეთ თემებზე, როგორიცაა რუსეთის მოქმედება დასავლეთის მიმართ; დასავლეთთან დაახლოებული პოსტსდაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ; გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ შემდგომი ბედი, თუ იქამდე არ გადაწყდა ეს საკითხი. ასე რომ, მსოფლიო პოლიტიკის ყველა ძირითად საკითხში ქართული არჩევნები ნაკლებად, მაგრამ ამერიკული არჩევნები ნამდვილად შეიტანს თავის წვლილს და მოახდენს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზეც.
ასევე დიდ გავლენას მოახდენს რუსულ-თურქული ურთიერთობები და ძალიან ფრთხილი პოლიტიკა გვჭირდება იმისათვის, რომ სპილოების ჭიდაობაში ჩვენ არ გადაგვთელონ.