„თავისუფალი დემოკრატები“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ირაკლი ალასანიას გუნდს საარჩევნო პროგრამა თებერვლის ბოლოსთვის დაბეჭდილი და გამოცემული ექნება.
თუ რა გეგმები აქვთ, 2016 წელს „თავისუფალ დემოკრატებს“ და როგორ აფასებენ ისინი 2015 წელს, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:
პოლიტიკური თვალსაზრისით, გასული წელი რამდენად წარმატებული იყო?
- ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის. უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, ისინი გეტყვიან, რომ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ იმას ვერ აკონკრეტებენ, სახელმწიფო რა მიმართულებით ვითარდება. ყველას საამაყო ის გვაქვს, რომ ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, რაც მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმატება არ არის. საქართველო მრავალი წელია ევროპისკენ მიილტვის და ამ საკითხს წერტილი წვალებ-წვალებით, სავარაუდოდ, ამ ხელისუფლების ხელში დაესმება. ეს ნებისმიერი იმ ადამიანის მიღწევაა, ვინც ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებულიყო. ეს წარმატება ხელისუფლებასაც ჩავუთვალოთ, მაგრამ უამრავი შეძახილი და მოწოდება უნდა გავიხსენოთ, მათ შორის - ჩვენი აქტივობაც.
ხელისუფლება ჯანსაღმა კრიტიკამ აიძულა, რომ ევროპული ღირებულებების კალაპოტში მოქცეულიყო. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას ამ გზიდან გადახვევის ცდუნება ჰქონოდა, მაგრამ მას ამის საშუალება ქართულმა საზოგადოებამ არ მისცა.
მთავრობას ევროპული გზიდან გადახვევის მცდელობის სურვილი რატომ უნდა ჰქონოდა?
- როცა კოალიცია დავტოვეთ, მაშინ ხაზი გავუსვით, რომ საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეები იყო. ხელისუფლებისთვის ესეც ერთგვარი გამოსაფხიზებელი სიგნალი იყო და იმასაც ვუშვებ, რომ მთავრობა დაფიქრდა, მათი წამოწყების ცხოვრებაში გატარება არ ღირდა, რადგან ეს კურსი რომელიმე პარტიას კი არ ეკუთვნის, არამედ ქართველ ხალხს.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ „თავისუფალმა დემოკრტებმა“ ხელისუფლება აიძულეთ, რომ მას ევროპული კურსიდან არ გადაეხვია?
- ხელისუფლებისთვის ამ შეძახილმა ცივი შხაპის როლი ითამაშა. როცა თავდაცვის მინისტრს მნიშვნელოვან კონტაქტზე ხელის მოსაწარად სხვა ქვეყანაში უშვებ და ამ დროს „ქურდული“ გზით სამინისტროს მაღალჩინოსნებს აკავებ, შემდეგ მათ პატიმრობიდან უშვებ და თან სამსახურშიც აღადგენ, ეს განცდას აჩენს, რომ შეგნებულად არა მხოლოდ მინისტრს, არამედ იმ ადამიანს ებრძვი, ვინც პროდასავლური კურსის გამტარებელია. ჩვენ ეს ეჭვი გამოვთქვით და რატომ არ უნდა გამოგვეთქვა?
კოალიციიდან თქვენი წამოსვლის შემდეგ, ევროპული კურსი შეიცვალა?
- კი, ბატონო არ შეიცვალა და ძალიან კარგი, რომ არ შეიცვალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს ადგილზე მყოფი საღად მოაზროვნე ადამიანი იგივეს გააკეთებდა. საფრანგეთში მომავალი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე რომ გირეკავს და გეუბნება, პრემიერმა დამავალა, დოკუმენტს ხელი არ მოაწეროო და შემდეგ პრემიერს რომ ურეკავ და ტელეფონზე არ გპასუხობს, ჩვენ რა აზრი უნდა გაგვჩენოდა?
თქვენ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების გაკეთება და კოალიციიდან გასვლა იჩქარეთ?
- „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა. არჩევანი იყო - პარტიის წევრები „ოცნებაში“ დავრჩენილიყავით, პარტია განადგურდებოდა და ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მოიკვეთებოდა. ამ შემთხვევაში, თქვენ გიორგი ცაგარეიშვილს, როგორ შეხედავდით? ასეთ კაცად მიცნობთ, რომ ამგვარი ღალატით დაკავებული ვიყო? - თუკი რაიმე არ მომწონს, ამას პარტიაშიც ღიად ვამბობ, რაც ინსინუაციების საფუძველი ხდება - აი, „თავისუფალ დემოკრატებს“ ვიღაც ტოვებსო. ერთმანეთს ხმამაღლა ვესაუბრებით, მაგრამ არ ვტოვებთ. ასევე ერთმანეთს ვაკრიტიკებთ, მაგრამ არ ვლანძღავთ. ამაში ცუდი რა არის? - შეიძლება ვინმეს უკვირს, მაგრამ პარტიაში კენჭისყრები იმართება. სხვა სახის მიღწევები, რა გვახსოვს? - საუბარია, რომ მოსამართლეთა კორპუსის ზოგიერთ წევრს აშინებენ, მასზე ზეწოლა ხდება და ვიღაცამ დედაზე უარი თქვა. სასამართლო პოლიტიკას ვერ მოვწყვიტეთ და ესეც ხელისუფლების ლაფსუსია. „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შესაძლოა, საშინლად არ მომწონდეს, მაგრამ ამ სახის ტელევიზიას აქვს თუ არა არსებობის უფლება? - რა თქმა უნდა, აქვს. ის ჯიბის ტელევიზიაა და კონკრეტულად ოდესელი ვიგინდარას, ნაძირალა სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიაა. სააკაშვილს ჯიბის ტელევიზიის ქონის უფლება აქვს თუ არა? - რა თქმა უნდა, აქვს. შეუძლიათ თუ არა ამჟამინდელი მფლობელებს ყოფილებს ედავონ? - რა თქმა უნდა, მათ დავის უფლება აქვთ. ჟურნალისტების საქმინობაში ცხვირი არავინ უნდა ჩაყოს და ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, „რუსთავი 2“-ს თავს დავანებებდი. სააკაშვილს 1-ელი ოქტომბრის არჩევნები როგორც „რუსთავი 2“-თან და „რეალ ტვ“-თან ერთად მოვუგეთ, „ქართულ ოცნებას“ შნო და ლაზათი რომ ჰქონდეს, 2016 არჩევნებსაც ასე მოუგებდა, მაგრამ ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა და დანაშაულებიც უკვე თვალში საცემია.
თქვენ კოალიციიდან 2014 წლის ოქტომბერში წამოხვედით, მაგრამ 2015 წელს, კოალიცია თქვენს ნაკლებობას განიცდიდა?
- რა თქმა უნდა, უჩვენობა ეტყობათ. მათი მხრიდან სახეზეა არაკვალიფიციური დებატები და ხშირ შემთხვევაში, პასუხგაუცემელი კითხვები რჩება. ამას გარდა, მუდმივი ლანძღვა-გინება და მუშტიკრივია. ადამიანი მუშტებზე მაშინ იყურება, როცა არგუმენტები გამოელევა. პარლამენტში ძველბიჭობა არავის არ შეშვენის. უმრავლესობამ თითქმის, ყველა დებატები წააგო. მათი მხრიდან სიახლე არაფერია და მათ არგუმენტებიც მოძველებული აქვთ.
დააკვირდით, ჩემს დროს, გარემოს დაცვის კომიტეტი რას აკეთებდა და ახლა გია ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობის დროს, რას აკეთებს?! ასევე შეგიძლიათ, საფინანსო და ევროინტეგრაციის კომიტეტებს დააკვირდეთ. თქვენმა კოლეგამ თამაზ მეჭიაურს დაურეკა და ლარის გაუფასურების მიზეზი ჰკითხა, მან კი უპასუხა, შვებულებაში იყო და არ იცოდა, ლარს რა სჭირდა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დავით ონოფრიშვილი ჟურნალისტს რა პასუხს გასცემდა? არაპროფესიონალიზმი თვალში საცემია.
კოალიციაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია გვქონდა. დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში ღამეების თენებაც მახსოვს, სადაც რიგ საკითხებზე გადამწყვეტი ხმის უფლებაც გვქონდა. ჩვენში ის არის, რაც „ქართულ ოცნებაში“ არ არის.
„თავისუფალ დემოკრატებში“ რა არის?
- მიზანდასახულობა, პროფესიონალიზმი და წესიერება. ეს გვაქვს და ამის დათმობას გვთხოვდნენ. განსაკუთრებით, წესიერების. პარტიის ლიდერს უნდა გავმიჯნულიყავით, ის ჩაგვეწიხლა და შემდეგ ასეთი ცაგარეიშვილი ვის დააინტერესებდა?
ოპოზიციაში ყოფნამ რა მოგცათ? ეს მანტია რამდენად კარგად მოირგეთ?
- ძალიან რთულად. ხელისუფლებიდან ოპოზიციაში არასოდეს არ წამოვსულვართ. პირველი თვეები მარტივი არ იყო და გარკვეული დაბნეულობა იყო. მართალი გითხრათ, იმედგაცრუებაც იყო, რადგან „ქართული ოცნების“ ფუნდამეტს სხვებთან ერთად ვაშენებდით. ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ ჩვენი როლი ჩვენც გვაქვს. ბევრი ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ თავს იწონებს, თვალით არც 2007 წელს მინახავს და არც სხვა წლებში. ასევე არც ზოგიერთი მინისტრი მინახავს, რომელიც სად დადიოდა, არავინ იცის.
ტრაგიკომედია იყო, ის „თავისუფალი დემოკრატები“ უმრავლესობაში როგორ ჩაგვანაცვლეს. მარიკა ვერულაშვილის ყვარელში წარმოებული საარჩევნო კამპანია გაიხსენეთ, სადაც ის რუსეთის ხელით მოსახლეობას გაუპატიურებით ემუქრებოდა. ოქრიაშვილმა, ვერულაშვილმა და ფეიქრიშვილმა ჩვენ ჩაგვანაცვლეს, რომლებიც ნაციონალებთან გაიგივებულები იყვნენ. არჩევნები რომ წაგვეგო, ეს ადამიანები სად იქნებოდნენ?
თქვენ ოპოზიციაში საკუთარი თავი დაიმკვიდრეთ? უფრო მეტად აქტიურები რატომ არ ხართ?
- საკონკურენციო ველი იზრდება და ამაშინ ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ჩვენი ადგილი დავიმკვიდრეთ, რასაც კვლევის შედეგები ადასტურებს. მოვახერხეთ, რომ პარტიის სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის მიგვეხედა. ექვს თვეში ის გავაკეთეთ, რაც ბოლო ექვსი წლის მანძილზე ვერ გავაკეთეთ. პარტიაში დაახლოებით 3000 წევრი გვყავს, რაც ფარატინა ქაღალდი არ არის. არ მგონია, რომ ის პარტია, რომელიც ექვს თვეში, პარტიაში 3000 ადამიანს აწევრიანებს, პოლიტიკური კრახისთვის განწირულია. მგონია, რომ ჩვენი პროექტი წარმატებისთვის არის განწირული. საქართველოში პარტია არ მოიძებნება, რომელსაც თებერვლის ბოლოსთვის, საარჩევნო პროგრამა დაბეჭდილი ექნება და გამოცემული ექნება.
საარჩევნო სიის დაკომპლექტებას, როგორ აპირებთ?
- ფუნდამეტი პროგრამა უნდა იყოს, რომლის გარშემოც საარჩევნო სიაში შესული ადამიანები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გაერთიანდებიან. საარჩევნო ოლქები დაიჩეხა და დეზორიენტირებული ვართ, სად ვინ დავაყენოთ და ოლქების საზღვარი სად გაივლის. წესით, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები მაისში გამოკვეთილი უნდა მყავდეს, მაგრამ ცესკო ოლქების საზღვრებს 1-ელ ივნისამდე არ დაადგენს. გამოწვევებს ხელისუფლება ქმნის, ისევე როგორც ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნიდა. არ მეგონა, თუკი „ქართული ოცნებიდან“ ჩემი კოლეგები იგივე გზაზე დადგებოდნენ. ხელისუფლების ერთ-ერთი მარცხი საარჩევნო რეფორმაა. მათ იციან, რომ პროპორციული წესით არჩევნებს ვერ მოიგებენ, რის გამოც მათთვის მთავარი დასაყრდენი „ფულიანი“ ბატონები ან ქალბატონები არიან, რომელსაც „ქართული ოცნებისთვის“ ინკუბატორი გამოჩეკავს. ეს ადამიანები ამ რაიონებში ჩანერგილები იქნებიან. ასეთ ადამიანებთან ბრძოლა რთული იქნება, რადგან ქვეყანაში ისევ სიღარიბეა და ადამიანების ცრუ დაპირებებით დაპურება და მათი ყიდვა ისევ მარტივია. იმედი მაქვს, რომ ზიზღის არჩევნები არ იქნება. ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებს, მაგრამ როცა დამშეულ ხალხს თავზე მდიდარ ადამიანს ასვამ, ამით არჩევნები ხომ ყალბდება?
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ 2016 წლის არჩევნები „ფულზე გაყიდული“ იქნება?
- რა თქმა უნდა. გამონაკლისი 2012 წლის არჩევნები იყო, რადგან ჩვენ იდეის გარშემო ვიყავით გაერთიანებული და ეს ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. ბატონი ბიძინა, ვითომ ხელისუფლებას გაემიჯნა, მაგრამ ის პროცესებს მართავს და ამაში ეჭვი საქართველოში აღარავის ეპარება. უმრავლესობის წევრები იძახიან, ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდესო, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, რადგან ერთი ადამიანის ნებასა და ნიჭზე ორიენტირებული ვართ. ოპოზიციის მთავარი სამიზნე ეს ერთი ადამიანია, ასევე უმრავლესობის აღტაცების საფუძველიც ეს ერთი ადამიანია. ერთ წრეზე ვტრიალებთ და ერთი ადამიანის მმართველობა არ დასრულდა. მეგონა, რომ ივანიშვილი ისეთ ტენდენციებს დანერგავდა, რითაც ბელადომანიას თავს დავანებებდით. ნაციონალები ხალხთან ვერ მიდიან, შეიძლება, მათ თავი გაუტეხონ, „ქართული ოცნება“ ვერ დადის, რადგან მათ სათქმელი არაფერი აქვთ.
თქვენ რა გაქვთ სათქმელი?
- კარგადაც ვმეტყველებ, კარგადაც ვაზროვნებ, არავისთან გავლა არ მცხვენია და დღესაც ფეხით დავდივარ, რაც ჩემი მთავარი მონაპოვარია. როცა ხელისუფლებაში ვიყავი, მაშინაც თავაწეული დავდიოდი, რადგან ჩემი ქალაქისთვის და ხალხისთვის სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია. ხელისუფლების მხრიდან სრული გაუცხოებაა და ისინი ხალხს არ ესაუბრებიან. ხელისუფლებასა და ხალხს შორის კავშირი აბსოლუტურად გაწყვეტილია, რომლის აღმდგენი „ოცნება“ არ არის. ხელიდან დროა გაშვებული. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ჩვენც გაღიზიანებული გვხვდება, აქამდე სად იყავითო და წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების წარმომადგენლებს რას უზამენ? - საკმაოდ რთული წელი გველოდება.
პოლიტიკური თვალსაზრისით, 2016 წლისგან რა ელოდებით?
- ჩემს ოპონენტებს მომავალ წელს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას ვუსურვებ. ხელისუფლებამ კრიტიკა კრიტიკად უნდა მიიღოს და არა შეურაცხყოფად. იმ დანატოვარზე უნდა ვიზრუნოთ, რასაც ჩვენი შვილები ჰქვია.