„სააკაშვილის 2009 წლის დადგენილებით, თბილისში საერთოდ აკრძალული იყო დევნილთათვის ბინების აშენება“

„სააკაშვილის 2009 წლის დადგენილებით, თბილისში საერთოდ აკრძალული იყო დევნილთათვის ბინების აშენება“

როგორი იქნება დევნილებისთვის 2016 წელი და რა ჩაითვლება განვლილი წლის წარმატებად, ამის შესახებ For.ge-ს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესაუბრა.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს უმთავრეს გამოწვევად რჩება დევნილების საცხოვრისით დაკმაყოფილების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ დევნილს ბინა გადაეცით, მთლიანობაში, ეს პრობლემა არ ამოწურულა.

- ზოგადად, დევნილებისთვის ბინების ასეთი ტემპით მშენებლობა არასდროს არ ყოფილა. ერთადერთი, 2008 წლის ომის შემდეგ დევნილებისთვის აშენდა კოტეჯური ტიპის დასახლებები და კორპუსები ფოთსა თუ წყალტუბოში და ეს ერთჯერადი აქცია იყო. სხვა დევნილებისთვის ბინები არ აშენებულა, სანამ „ქართული ოცნება“ არ მოვიდა ხელისუფლებაში. არათუ არ აშენებულა, სააკაშვილის 2009 წლის დადგენილებით, თბილისში საერთოდ აკრძალული იყო დევნილთათვის ბინების აშენება-გადაცემა. გვახსოვს, როგორ ყრიდნენ მათ სასტუმროებიდან და ასახლებდნენ ზოგს ფოცხო-ეწერში, ზოგს კი სხვაგან. ახლა ეს მიდგომა შეიცვალა, ყველას ერთბაშად ვერ დავაკმაყოფილებთ ბინით, მაგრამ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ვცდილობთ, ჯერ ყველაზე გაჭირვებულები და ყველაზე დამსახურებულები დავაკმაყოფილოთ. ასევე - ისინიც, ვინც ცხოვრობენ ნგრევად ობიექტებში. თბილისში 14 ნგრევადი ობიექტიდან ექვსი უკვე დავხურეთ. მაშ შორის, ორს ყველაზე დიდი ბზარი ჰქონდა. საუბარია სასტუმრო „კოლხეთზე“, რომელიც დღეს თუ ხვალ ჩამოიქცეოდა. ამ სასტუმროში მცხოვრებმა თითქმის ყველა პირმა მიიღო ბინის გასაღები და ზოგმა დაიწყო გადასვლა ახალ ბინაში, ზოგი- დაიწყებს. მეორე დიდი ნგრევადი ობიექტი იყო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო, დანარჩენები მცირე ნგრევადი ობიექტებია.

როგორც ვიცი, ოლიმპიური სოფელიც დევნილებს გადაეცათ. რა პრინციპით ხვდებოდათ დევნილებს ბინა თბილისის ზღვაზე ან დიდ დიღომში?

- დევნილებს თბილისის რამდენიმე ადგილას გადაეცათ ბინები. ეს არის 330 ბინა თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში, დაახლოებით ასი ბინა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბინები ისანთან, ვარკეთილის მეტროსთან, დიდ დიღომში, რომელიც ქართველი მენაშენეებისგან გამოვისყიდეთ. ვის შეხვდებოდა ბინა თბილისის ზღვაზე თუ დიდ დიღომში, ამას წყვეტდა კენჭისყრა და ბედი. მაგალითად, დევნილი, რომელმაც იცოდა, რომ მას უნდა შეხვედროდა ოროთახიანი ბინა, სხვა დევნილების თვალწინ პროფკავშირების დიდ დარბაზში იღებდა კონვერტს და ამბობდა, რომ მას შეხვდა ბინა თბილისის ზღვაზე ან დიღომში, ზოგიერთმა გაცვალა კიდეც ბინები იქვე, ასევე, გაცვალეს სართულები. ერთადერთი, ვისთვისაც გამონაკლისი დავუშვით, ეს გახლდათ შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მათთვის ადაპტირებული სართულები წინასწარ იყო განსაზღვრული.

რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად კარგი ბინა არ შეხვდება, რადგან არც ყველა მშენებელია ერთნაირად კარგი, არც ყველა კორპუსია ზუსტად ერთნაირი, ზოგან რამდენიმე კვადრატულით მეტია ან ნაკლებია. იყვნენ ოჯახები, რომლებმაც ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან სხვას შეხვდა მათზე დიდი ბინა.

არის მოსაზრება, რომ მცოცავი ოკუპაციის პირობებში უმჯობესია, დევნილები მხოლოდ ცენტრალურ ადგილას არ ჩაასახლონ.

- საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ იცხოვროს, თუმცა ეს უფლება არ მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, გინდა თუ არა, ყველას თბილისში აუშენონ ბინა. ჩვენ გვაქვს ასეთი პრინციპი, ყველა ადამიანს, ვინც თბილისში არ ცხოვრობს, ვაძლევთ უფლებას, ბინა მიიღოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, თბილისს გარდა. თბილისში მცხოვრები დევნილები კი ცოტა პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ აქვთ საშუალება, ბინა მიიღონ თბილისშიც და თბილისს გარეთაც. წლების განმავლობაში თბილისში მცხოვრებს და აქაურ გარემოსთან ადაპტირებულს (აქ აქვთ სამსახური, ბავშვები აქ სწავლობენ) სახელმწიფო ვერ გაუშვებს დედაქალაქის გარეთ. თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადასვლისთვის წავახალისოთ თბილისში მცხოვრები დევნილები, მათ ვეუბნებით, რომ თბილისიდან წასვლის შემთხვევაში, ორი ქულით მეტს მიიღებენ. ანუ ბინები თუ ნაწილდება ზუგდიდში, ქუთაისში, გორში ან სხვაგან, შეიძლება, ეს ორი ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რომ უფრო ადვილად და ადრე მიიღონ ბინა. ბევრმა დევნილმა ისარგებლა ამით და იმის გამო, რომ თბილისიდან წასვლაში ეს ორი ქულა ემატებოდა, აღარ დაელოდა დედაქალაქში ბინების აშენებას და ისარგებლა სოფლის სახლის პროგრამით.

სოფლის სახლის პროგრამით, დევნილს მხოლოდ სახლს კი არა, ჰექტრობით მიწასაც აძლევთ, რომ მას საარსებო გაუჩნდეს?

- დიახ, მათთვის ვყიდულობთ მიწას და იყო შემთხვევა, როცა დევნილებმა 8 ჰექტარი მიწა იყიდეს სამეგრელოში სახლთან ერთად. მაგალითად, ბოლნისის ცენტრში მშვენიერი სახლები იყიდეს 1500 კვადრატული მეტრით, რაც ქალაქის ცენტრში ძალზე კარგი პროექტია, ან მიიღეს ვენახი ქალაქგარეთ.

მოგვიანებით თუ ინტერესდებით, დაემკვიდრა თუ არა დევნილი შეძენილ კარ-მიდამოში, მოიწყო თუ არა შიდამეურნეობა, თუ გაყიდა კუთვნილი?

- უმრავლეს შემთხვევაში, ეს ადამიანები შეძენილ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თუმცა ზოგჯერ ყიდიან კიდეც და ეს მათი უფლებაა. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანმა იყიდა ბინა, 3-5 თვის შემდეგ კი ეს ბინა უკანვე გადაუფორმა იმავე ადამიანს, ვისგანაც იყიდა. ამ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანებს შორის წინასწარ იყო გარიგება, რომ დევნილი ფულს უკან მიიღებდა. ამას დავარქვათ, რომ ამით დევნილმა ფული „გააცოცხლა“. თუ ურჩევნიათ ფული, ვერც ამას დავუშლით, თუმცა წინასწარ რომ გვცოდნოდა, რომ ასე მოიქცეოდნენ, ალბათ, არ მივცემდით ბინას ან სხვას მივცემდით, მაგრამ ეს კრიმინალი არ არის და ვერ დავუწყებთ დევნას.

გასული წლის ბოლოს თბილისში უკვე 541-მა ოჯახმა მიიღო ბინა. 2016 წელს კიდევ 523 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას ახლადაშენებულ კორპუსებში, ამას ემატება ათასზე მეტი ბინა საქართველოს სხვა რეგიონებში, ისევ ახლადაშენებულ ან კაპიტალურად გარემონტებულ სახლებს ვგულისხმობ. გარდა ამისა, მინიმუმ, სოფლის 500 სახლი იქნება შესყიდული. ასე რომ, 2000 დევნილი იზეიმებს წელს ახალმოსახლეობას. ამას ემატება ახალი მიდგომა, რაც ჩვენ დავნერგეთ. კერძოდ, იმ საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვა, სადაც დევნილები ამდენი წელია, ცხოვრობენ. ეს არის სასტუმროები, ყოფილი სანატორიუმები, რომელთაც ჰყავთ კერძო მფლობელები, ან კიდევ, საბჭოთა პერიოდში მშენებარე კორპუსები. დღეს დავა მიმდინარეობს რეალურ მფლობელებსა და დევნილებს შორის, რომლებმაც უზარმაზარი ფული დახარჯეს ამ კორპუსის აშენება-გადაკეთებაში. ამიტომ მფლობელებისგან გამოვისყიდეთ და 700-ზე მეტ დევნილს ვუყიდეთ ასეთი ბინა. ამას ემატება საინტერესო პროგრამა-იპოთეკური სესხის დაფარვაში დახმარება. რატომ ავამოქმედეთ ეს პროექტი? - ბევრი დევნილი არ დაელოდა სახელმწიფოსგან ბინის აშენებას, მათ სამსახური, შემოსავალი ჰქონდათ და იყიდეს კიდეც ბინები, მაგრამ კრიზისის, ლარის დევალვაციის გამო გაუჭირდათ სესხის გადახდა. ცხადია, გაჩნდა ბინის დაკარგვის საფრთხე და შეიძლება, ეს ადამიანები სოციალურად დაუცველთა რიგებს შემატებოდნენ, თუმცა კონკურსი გამოვაცხადეთ და შედარებით მაღალქულიანებს ვუფარავთ სესხებს 20 ათასი ლარის ფარგლებში. ახლაც მიმდინარეობს ეს კონკურსი, დაახლოებით 50 კაცს ეყოფა ეს თანხა, 500-მდე განაცხადია შემოსული. სოფლის სახლის პროგრამაც და ეს იპოთეკური სესხის დაფარვის პროგრამაც სახელმწიფოსთვის მომგებიანია, რადგან გაცილებით იაფი ჯდება სოფელში სახლის შეძენა და 20 ათასი ლარის ფარგლებში სესხის დაფარვა, ვიდრე ახალი ბინის მშენებლობა. ერთი ბინის ფასად 3-4 დევნილს ვაკმაყოფილებთ, ისევე, როგორც სახლების გამოსყიდვის შემთხვევაში.

ერთ-ერთი სასტუმრო 130 დევნილისთვის გამოვისყიდეთ და თითოეული დევნილისთვის ეს გამოსყიდვა დაახლოებით 9 ათასი დოლარი დაჯდა, აშენებას კი 30 ათასი დოლარი და მეტი სჭირდება. ასეთი მოქნილი მეთოდებით ვცდილობთ, რაც შეიძლება, მეტი დევნილი დავაკმაყოფილოთ.

რაც შეეხება დევნილთა შემწეობებს, ზოგადად, სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებენ. ზოგჯერ ეს კრიტიკა სამართლიანია. შემწეობები ჯობია იყოს ადრესირებული და საჭიროებებზე მორგებული და არა ისე, რომ ყველა იღებდეს თანხას. მაგალითად, როგორც მითხრეს ჩემმა კოლეგა მინისტრებმა, ზოგიერთებს დაერიცხათ კომუნალური გადასახადების 20-ლარიანი ვაუჩერი. შეიძლება, ეს ვაუჩერი მეც დამერიცხა, თუმცა მე ეს არ მჭირდება და გადავურიცხავ სხვას. ამ დროს კი ვიღაც ისეთი იღებს ამ ვაუჩერს, ვისაც არ სჭირდება. ასევეა დევნილების შემწეობების შემთხვევაშიც. 45-ლარიან შემწეობას იღებს ყველა დევნილი, მათ შორის, შეძლებულნი და მართლა გაჭირვებულნიც. ამიტომ სჯობს, ეს თანხა იყოს ადრესირებული და მიიღოს იმან, ვინც მართლა გაჭირვებულია.

მაგრამ უმწეოთა ქულებს მიღმა ზოგჯერ ნამდვილად გაჭირვებულებიც რჩებიან.

- კრიმინალი ყველა სფეროში ხდება, მაგრამ გაყალბებას უნდა ვებრძოლოთ, როგორც ნებისმიერ სხვა კრიმინალს, მაგრამ იქ, სადაც არ ყალბდება, სეპარაცია უნდა მოვახდინოთ. ამით მართლა გაჭირვებულმა დევნილებმა შეიძლება მიიღონ არა 45 ლარი, არამედ- მეტი. ამდენად, სოციალური პოლიტიკა მოსაწესრიგებელია.

მართალია, ეს უფრო შერიგების სამინისტროს კომპეტენციაა, მაგრამ აფხაზებთან შერიგების თვალსაზრისით, ჩვენს დევნილებში საამისო რესურსს ხედავთ?

- აფხაზებთან ურთიერთობაში ჩვენი სამინისტრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ოღონდ მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს არანაირად არ არის პოლიტიკური, ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ურთიერთობა. ვგულისხმობ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას, იდენტიფიცირებას, გადმოსვენებას. უკვე გახსნილია შვიდი სამარხი, ცხრა სამარხი წელს ემატება, წარმოიდგინეთ, 16 სამარხია გახსნილი ენგურს გაღმა, ხოლო ენგურს გადმოღმა ხუთი სამარხის გახსნა და იდენტიფიცირება მოხდა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. უნდა ავიღოთ დნმ გარდაცვლილისგან, ჩვენ არ ვიცით, ის გარდაცვლილი ვინ არის. ამ დროს რამდენიმე ათასი ოჯახი ეძებს მიცვალებულს, ყველა ამ ოჯახიდან დნმ უნდა იყოს აღებული და შეჯერებული. თანაც, ეს ხდება ორგან, თბილისის და ზაგრების ლაბორატორიაში. მინდა, გულწრფელი მადლობით მოვიხსენიო აფხაზური მხარე, რომელიც ძალზე გახსნილია ამ ურთიერთობაში.

თქვენ შერიგება ახსენეთ და, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, პირველად გააჟღერა, რომ თბილისის ზღვაზე კორპუსებს ვყიდულობდით და დევნილებს გადავცემდით, უამრავმა აფხაზმა დაურეკა თავის ნაცნობს თბილისში და უთხრა, ხედავთ, როგორ შეიცვალა თქვენი მთავრობის პოლიტიკა, ძველი მთავრობის პოლიტიკისგან განსხვავებით?! როგორ უნდა ელაპარაკო აფხაზს ან ოსს, როცა მიადგები ტანკებით, ქვემეხებით ბათუმის სასტუმროში შესახლებულ დევნილებს, გამოყრი გარეთ, აკივლებ, აწივლებ, შემდეგ ისინი დაიძვრებიან აფხაზეთისკენ, ამის მერე გამოვა შენი მაღალი თანამდებობის პირი და იტყვის, ყველა ესენი ქვეყნის მოღალატეები არიანო. თუ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, გარანტირებულ დემოკრატიას, მაშინ გაცილებით მეტი პერსპექტივა რჩება დიალოგისთვის.

არაერთხელ დაუსვამთ ჩემთვის კითხვა, ასოცირების ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე შედეგის შემდეგ (უვიზო მიმოსვლა ევროპასთან), წამოვლენ თუ არა აფხაზები და ოსები დიალოგისკენ? მე მგონია, საკითხის ასე დასმა შეურაცხმყოფელიცაა. ერთი ვიზის ჩარტყმით ამდენხნიანი კონფლიქტი არ ამოიწურება, მაგრამ კომპლექსურად, ნორმალურ სახელმწიფოდ რომ ჩამოვყალიბდეთ, გაცილებით მეტი შანსი დარჩება დიალოგისთვის. დღევანდელი მსოფლიო მაინც მიდის საზღვრების გახსნისკენ. პერიოდულად ეს საზღვრები მკაცრდება, ამას ემატება ლტოლვილების კრიზისი, უკვე ევროკავშირის შიგნითაც დაიწყეს შიდა საზღვრების გაკეთება, მაგრამ ეს მაინც დროებითი მოვლენაა და ახლა ჩვენ აქ ავაშენოთ კედლები, ეს უკვე წარსულში დარჩენა გამოვა.

პირად საკითხსაც შევეხოთ. სულ ახლახანს გამოქვეყნდა თქვენი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რამაც ზოგიერთებს ეჭვი გაუჩინა, თითქოს ახალი ბინა შეიძინეთ.

- ეს არის დოდაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის მშენებლობაც 2005 წელს დაიწყო. 2006-ში თანხა მთლიანად იყო გადახდილი და 2006-ის ბოლოს მშენებლობა შეჩერდა. სხვათა შორის, 2006 წლის დეკლარაციაშიც წერია ამ მშენებარე კორპუსის შესახებ, 2007, 2008 წლების დეკლარაციაშიც იგივე მეორდება. ერთადერი, რაც იცვლება, ეს არის, რომ ხელშეკრულებები დადებული გვქონდა ჯერ სამშენებლო კომპანია „ვალენსიასთან“, მერე „კორტექსთან“, შემდეგ შეჩერდა მშენებლობა, მშენებელი დაიჭირეს, ამხანაგობის წევრები თავზარდაცემულნი ვიყავით, გიგი უგულავას დროს თბილისის მერიამ შემოიყვანა ახალი მენაშენე, შპს „დელუქსი“. 2014-დან აღარც „დელუქსი“ იყო და კორპუსი უკვე ამხანაგობის საკუთრება იყო. როგორც იქნა, დამთავრდა მისი მშენებლობა, რაც აისახა დეკლარაციაში. ახლა ვიღაცამ შეიძლება გადახედოს შარშანდელ დეკლარაციას და არ გადახედოს 2006-2007 წლების დეკლარაციას და ჩათვალოს, რომ ახალი ბინა შევიძინე. სინამდვილეში, ახალი ბინა არ მიყიდია. ერთსა და იმავე ბინაზე რამდენიმე წლის წინაც ერთ გრაფაში ეწერა, რომ ბინა ვიყიდე, მეორე გრაფაში ეწერა, რომ ბანკიდან ვალი ავიღე, მესამე გრაფაში ეწერა, რომ ახალი ქონება გაჩნდა და ამის შემდეგ დაიწერა, თითქოს სამი ბინა იყო ნაყიდი. ახლაც იგივე შეცდომა რომ არ განმეორდეს, განმარტებას ვაკეთებ, ეს არის ისევ და ისევ სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, 2005 წლიდან მშენებარე ბინა, რომელიც ახლა დასრულდა. იდეაში, ამის გაყიდვას ვაპირებ, რათა ბანკის ვალი დავფარო.