მსახიობი, იურისტი თუ უბრალოდ „მეწაღის შვილი“?!

მსახიობი, იურისტი თუ უბრალოდ „მეწაღის შვილი“?!

დიდი კამათი და დავაა ატეხილი დღეს საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, მედიასა და საზოგადოებაში, თუ ვინ სჭირდება ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკას, რა პროფესიის ადამიანი, იურისტი, ეკონომისტი, მსახიობი, სპორტსმენი თუ კიდევ - სხვა. მიუხედავად უახლოესი ისტორიიდან მიღებული პოლიტიკური გამოცდილებისა, ალბათ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ერთი და იგივე წრეზე სიარული, რადგან გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის მოხელეების მსჯელობებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მკვეთრად არ ჩანს ის პოლიტიკური ხაზები, რომელიც ზოგადსაკაცობრიოა და რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური , ანუ ნორმალური განვითარების მთავარი პირობა უნდა იყოს.

დიახ, ზოგადად თუ ვიტყვით, ქვეყნის მმართველობაში გვჭირდება ჭკვიანი პოლიტიკოსები. პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა და, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის დაკომპლექტდება მაღალი რანგის პოლიტიკოსებით, მაგრამ ისმის კითხვა, ვინ არის პოლიტიკოსი? ის ვისაც პოლიტოლოგიის კურსი აქვს გავლილი, იურისპუდენცია აქვს შესწავლილი, ეკონომიკური ცოდნა-გამოცდილების მქონეა, თუ მსახიობი, სპორტსმენი, მუშა ან უბრალოდ „მეწაღის შვილი“ .

თუ დავფიქრდებით, ამ შეკითხვაზე პასუხი არის ცალსახად ნათელი, ისე როგორც ორატორი ქმნის აუდიტორიას, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი პოლიტიკოსი თავის ირგვლივ ქმნის ძლიერ საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელსაც ძალუძს საკუთარი ნების გამოხატვა. პოლიტიკოსი თავის ცხოვრების ყველა ეტაპზე, (მნიშვნელობა არ აქვს, არჩეულია თუ არა), ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოხატავს (საკუთარ, პოლიტიკური პარტიის) ნებას, რაზედაც რეაგირებს საზოგადოება, არჩევნების პერიოდში კი ეს საზოგადოება ხდება ამომრჩეველი და იგი არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით თუ რომელი პოლიტიკოსის (პოლიტიკური პარტიის) მიერ გამოხატული ნება უფრო მისაღებია მისთვის.

სიტყვა მარკეტინგი წარმოდგება მარკეტ-დან, რაც ინგლისურად ბაზარს ნიშნავს, დიახ პოლიტიკური მარკეტინგი, ისევე როგორც ზოგადი მარკეტინგი, უპირველეს ყოვლისა ბაზრის შესწავლას გულისხმობს, რაც მისი მოთხოვნა-მიწოდების რეგულაციის საშუალებას აძლევს პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ გუნდს. პოლიტიკური ბაზრის საზღვრები ემთხვევა და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც ქვეყნის საზღვრებს.

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, დღეს ქართულ პოლიტიკაში, პატიოსნების, მორალური სიმტკიცის, განათლების, მეცნიერული აზროვნების, პატრიოტიზმის დეფიციტია, ამიტომ პოლიტიკური ბაზრის მოთხოვნილებაც ამ კატეგორიიდან მოსულ ადამიანებზე იქნება, რომელი პარტიაც ამ მოთხოვნის შესაბამისად მოახდენს ბაზრისთვის პოლიტიკოსთა მიწოდებას, იმ პარტიას დაუჭერს ხალხი მხარს. ამ კრიტერიუმების მატარებელი ადამიანი კი შეიძლება იყოს მსახიობიც, იურისტიც და უბრალოდ „მეწაღის შვილიც“ - ასეთია დღეს ხალხის მოთხოვნა!

p.s. უნდა გამკაცრდეს კანონი არჩევნების გამყალბებლების წინააღმდეგ