„ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ჩაკეტილი სისტემაა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის არამიმზიდველია“

„ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ჩაკეტილი სისტემაა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის არამიმზიდველია“

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ განვითრების ეტაპზე არ არის, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნებოდა. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ პარტიაში პარადიგმის შეცვლა ვერ მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშაძის მოსაზრებით, პარტიას შეუძლია ღია პლატფორმა გახდეს, სადაც ყველა ინოვაციურად დაინტერესებულ ჯგუფს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების რეალიზების საშუალება ექნება.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, for.ge გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:

გასულ წელს, ქვეყნაში გატარებულ რეფორმებს თუ პროექტებს, როგორ აფასებთ? რამდენად წარმატებული წელი იყო - 2015?

- სამწუხაროდ, საქართველოს უკუსვლა აქვს და ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის კუთხით, არანაირი წინსვლა არ შეიმჩნევა. სამუშაო ადგილები ვერ იქმნება და ვერც ერთი სექტორი ვერ ვითარდება. „ქართული ოცნება“ სამ მსხვილ პროექტს ვერ დაასახელებს, სადაც ქვეყანაში მსხვილი ინვესტორი შემოვიდა. მთავრობამ განვითარების ახალი ტალღის წამოწყება ვერ შეძლო, რომელიც ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება. ბოლო სამი წელიწადია, რაც რეფორმები გაჩერებულია. სწორედ ამიტომ, რეგიონში კონკურენტუნარიანობას ვკარგავთ და ბიზნესისთვის საქართველოში შემოსვლა უინტერესო გახდა.

საქართველო რეფორმების წამოწყების თვალსაზრისით, რეგიონის მასშტაბით, ინიციატორი და ლიდერი იყო, დღეს კი, მაჩანჩალა ქვეყანა გახდა, რომელსაც გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა აქვს და არავინ იცის, რა უნდა, ვისთან თანამშრომლობს და ვისთან - არა. არავინ იცის, ჩვენს სტრატეგიულ ორბიტაზე ევროკავშირი და რუსეთი სად არიან და თურქეთისგან რა გვინდა. იმის შეგრძნება არ მაქვს, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას რამდენად იაზრებს.

თქვენ გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა ახსენეთ და გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, ევროპელებიგაურკევეველისაგარეო კურსის მქონე ქვეყნებს უვიზო მიმოსვლას აძლევენ?

- ამ საკითხზე ნუ ვიკინკლავებთ. ყველამ იცის, რომ ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა 2012 წლამდე დაიწყო და სამუშაო გეგმაც შემუშავებული იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვექნებოდა. მნიშვნელოვანია ის, ამ ყველაფერს რამდენად კარგად გამოიყენებ. ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. ხელისუფლების მიმართ უზარმაზარი კრიტიკა იყო როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ასევე მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური შეთანხმება იყო, რომელსაც მხარს ჩვენც ვუჭერდით.

თუმცა, ხელისუფლება გადანაშაულებთ, რომ თქვენ უვიზო მიმოსვლის პროცესის ჩაშლასთან დაკავშირებით, გარკვეული მცდელობები გქონდათ...

- ასეთი სპეკულაციური განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებდა, რომელიც სამ თვეში ყველას დაავიწყდება. ამ განცხადებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ქვეყანა სხვა განზომილებაშია და უკუსვლა კი არ უნდა იყოს, წინსვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თუკი უვიზო მიმოსვლის დროს საქართველოდან ერთი მილიონი ადამიანი გავა, უარესობა იქნება. მოქალაქეები ქვეყანას დატოვებენ, რადგან ხალხი პერსპექტივას ვერ ხედავს. ხალხმა რწმენა დაკარგა, რომ მათ პრობლემებს ხვალ-ზეგ ვინმე უშველის.

ახალმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ეკონომიკის განვითარება და დამუშაო ადგილების შექმნაა. ეს ხალხს იმედს არ უსახავს?

- პრემიერის გამოსვლაში ზოგადი ფრაზებია, როგორც ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე საწარმოების აშენებასა და ტურიზმზე. ორი კითხვა მაქვს - როდის და როგორ აპირებს ამ ყველაფრის გაკეთებას?! პრემიერმა კონკრეტული თარიღები დაასახელოს - რა იქნება 1-ელ თებერვალს თუ 1-ელ აპრილს?!

თარიღებით გაწერილი მოქმედებები არც თქვენს დროს იყო. ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგანაც გვესმოდა, რომ საქართველო სინგაპული გახდებოდა და ..

- თქვენ შეგიძლიათ, 2012 წლის საარჩევნო კალენდარი ამოიღოთ, რომელიც შემდგომ ოთხ წელზე გათვლილი იყო.

პრემიერმა თქვა, რომ გადაჭარბებული დაპირებები იყოო...

- თუკი გადაჭარბებული იყო, გადმოჭარბებული რა არის, ეს მაინც გვაჩვენონ. რა გააკეთეს, ის მაინც გვითხრან. ისედაც გაუბედურებული ადამიანები კიდევ უფრო გაუბედურდნენ.

ადამიანების გაუბედურებაში რას გულისხმობთ - ეკონომიკურ ვითარებას, თუ ადამიანის უფლებებს, რომელიც თქვენს დროს ირღვეოდა?

- ეკონომიკურად გაუბედურებულ ადამიანებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ამ მხრივ, არაფერი არ შეცვლილა. ყველა ტაბუდადებული საკითხი ნელ-ნელა აფეთქდება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აფეთქდა.

დღეს, საქართველოში, პატიმრებს აწამებენ? ადამიანებს ქონებას ართმევენ?

- პატიმრების წამების ფაქტებიც არის და დღეს, საქართველოში ბიზნესი ვერ შემოდის, რადგან თავისუფლებად ბიზნესს ვერ გააკეთებენ. ეკონომიკური ვითარება როდის უფრო ხელსაყრელი იყო, ამის შედარება შეგვიძლია. კონკრეტული ციფრების მოყვანა შემიძლია და ეკონომიკის ზრდას ციკნების რაოდენობით არ ვთვლი.

რაც შეეხებანაციონალურ მოძრაობას“, ამ პარტიაში მთავარი მეამბოხე თქვენ ხართ, რომელსაც გუნდი ხშირ შემთხვევაში, გიპირისპირდებათ. რატომ? 2016 წელს, თქვენი პოლიტიკური გეგმები რაში მდგომარეობს?

- ჩემს ფუნქციას რეგიონში რეფორმების ახალი ტალღის წამოწყებაში ვხედავ. ჩემს ფუნქციას იმაში ვხედავ, რომ საზოგადოებას ბევრი ინოვაცია შევთავაზო როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მოლდოვასა და მაკედონიაში. ერთხელ და სამუდამოდ, საბჭოთა მენტალობიდან და მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ, სადაც ხელისუფალზე დამოკიდებული ვართ. ჩემი და ჩემი გუნდის რეფორმები მიმართული იქნება იქითკენ, სადაც ყველაზე ცუდი პოლიტიკოსიც კი, სახელმწიფოს ზიანს ვერ მოუტანს. ისეთი ინსტიტუტები უნდა შევქმნათ, სადაც სახელმწიფოს ინსტიტუტები მართავენ და არა პერსონები. რაც შეეხება პარტიას, ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ განვითრების ეტაპზე ვერ არის, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნებოდა. მძიმე საარჩევნო წელი გვაქვს და პარტიაში სერიოზული დისკუსიები გვაქვს.

პარტიის განვითარებას ვინ აფერხებს?

- სახელებსა და გვარებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამაზე საუბარი უკვე ბევრჯერ იყო. შეიძლება, ვიღაცა ამას მე მაბრალებს, ან სხვას. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარადიგმის შეცვლა ვერ შევძელით. ამ პარტიას შეუძლია ღია პლატფორმა გახდეს, სადაც ყველა ინოვაციურად დაინტერესებულ ჯგუფს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების რეალიზების საშუალება ექნება. ამ მხრივ, პარტია ჯერ კიდევ ჩაკეტილი სისტემაა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის არამიმზიდველია. ეს ჩემთვის გულსატკენია. ეს მთავარი გამოწვევაა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ. თუკი ამას ვუპასუხებთ, ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ.

პარტიაში დაპირისპირებაა .. ბოკერია-უგულავასა და უკრაინაში მყოფი პირების გუნდებს შორის. ამის დამადასტურებელი იყო გოკა გაბაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც ის თქვენ გიწოდებთ - „ჭიათურელ, ნაგლ, კომკავშრელ ტიპს“. კონფლიქტური სიტუაცია პარტიის დაშლამდე ხომ არ მივა?

- პარტიის დაშლაზე სამი წელია საუბარია და არ დაიშალა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, დაპირისპირებაა ეს თუ კამათი, თუკი თქვენ პერსონალურ საუბრებს გულისხმობთ, ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ორ ადამიანს შორის რა საუბარი იქნება და კონტექსტი რა იქნება, ამაზე რა ვთქვა? - თქვენი სატელეფონო საუბარი რომ მოისმინოთ, შეიძლება, ის თქვენც არ მოგეწონოთ. ამ ყველაფერს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს არის აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა.

აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა ის, როცა თქვენ გოკა გაბაშვილი - „ჭიათურელ, ნაგლ, კომკავშრელ ტიპსგიწოდებთ?

- პერსონალურ საუბარში თავის ძმასთან რაც უნდა, ის მიწოდოს. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს და ამ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთებას არც ვაპირებ. საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ კომკავშირელია და ვის - ასაკიდან გამომდინარე, კომკავშირი საერთოდ არ ახსოვს. ამ თემაზე კომენტარი არ გამიკეთებია და ამას არც ვაპირებ, რადგან ჩემთვის ღირებული არ არის პერსონალურ საუბრებზე კომენტარის კეთება. ეს საკითხი იმდენად არ მაინტერესებს, რომ „ვაიბერ ჩათში“ სიცილ-ხარხარიანი კომენტარი პირველად მე დავწერე. ეს შეგიძლიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰკითხოთ.

ანუ, გოკა გაბაშვილთან ამ საკითხის გარკვევა არ გიცდიათ?

- არც ვაპირებ. ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრი ჰქონდეს. არასოდეს დამიმალავს, რომ ჭიათურაში ვარ დაბადებული. ამას ნაკლად არ მივიჩნევ.