„ღარიბაშვილისთვის ძირითად გადაულახავ პრობლემად იქცა მისი გადაჭარბებული ლოიალურობა დიდი ოჯახის მიმართ“

„ღარიბაშვილისთვის ძირითად გადაულახავ პრობლემად იქცა მისი გადაჭარბებული ლოიალურობა დიდი ოჯახის მიმართ“

„გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაში გაჟღერებული შეტყობინებების ანალიზი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ამ ვითარებაშიც შესაძლებელია, პრემიერ მინისტრს გააჩნდეს დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის მაღალი ხარისხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუაბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ მთავარი პრობლემების შემქმნელების იდენტიფიკაცია და შემდგომ ამ „განტევების ვაცების“ განდევნის პროცესი „ოცნების“ რიგებიდან.

ბატონო ვალერიან, წლის ბოლოს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქვეყანაში, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი გადადგომა. არსებობდა პრემიერის გადადგომის წინაპირობა?

ვალერიან გორგილაძე: ობიექტურად, ირაკლი ღარიბაშვილის გადასადგომად არსებობდა მრავალი ფაქტორი, რომელიც ლეგიტიმურად ხდიდა ამ შესაძლებლობას. ეს არის ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ინფლაციის ზრდა, სოციალურად დაუცველი და სიღატაკის ზღვარს მიღმა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და ა.შ. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ექსპერტების და პოლიტიკოსების უმრავლესობას ეჭვი ეპარება სწორედ ამ წინაპირობის სინამდვილეში. ღარიბაშვილის გადადგომა მოხდა ელვისებურად, ყოველგვარი წინასწარი მსჯელობის და ამ მოვლენისთვის დამახასიათებელი სამთავრობო კრიზისის მომასწავლებელი ნიშნების გარეშე.

დაბალი რეიტინგი, ეკონომიკური კრიზისი და მათ შორის ბოლო კვლევა, რამაც აჩვენაქართული ოცნებისდაბალი რეიტინგი, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილს, ასეა?

- მე არ ვფიქრობ, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ და მისმა შედეგებმა შექმნეს პრემიერის გადადგომის წინაპირობა.

რატომ?

- ჯერ ერთი ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ არსებობს სტაბილური და დასაბუთებული სკეპტიციზმი. მეორეც, ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი, საქართველოს ეკონომიკა ერთადერთია რეგიონში, რომელიც ზრდის ტემპებს ინარჩუნებს. ქვეყნის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ლარის დევალვაცია, ინფლაცია და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზრდა. თუმცა, ჩემი აზრით, სოციალური ესკალაციის არც ერთი ფაქტი არ წარმოადგენს ღარიბაშვილის გადადგომის წინაპირობას. ჩემი აზრით, ღარიბაშვილისთვის ძირითად გადაულახავ პრობლემად იქცა მისი გადაჭარბებული ლოიალურობა დიდი ოჯახის მიმართ.

თამაზაშვილების და ჯანყარაშვილების გავლენის ზრდა სხვადსხვა ეკონომიკურ სეგმენტებზე, ამ გვარების შესაძლო ჩართულობა კორუფციულ სქემებში. ამ და სხვა ფაქტორების ერთობლიობამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ღარიბაშვილის პოზიციები მისი მთავარი პროტექტორის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ნიშანდობლივია, რომ თავის გამოსამშვიდობებელ ვიდეო მიმართვაში, ღარიბაშვილმა ხაზსგასმით აღნიშნა თავისი მადლიერება ოჯახის მიმართ და არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი, რაც ღარიბაშვილის დისკურსისთვის არ არის დამახასიათებელი.

ხშირად საუბრობენ, რომ ღარიბაშვილი, როგორც ლიდერი ვერ ჩამოყალიბდა. თუ ეს ასეა, რამ განაპირობა ეს?

- ივანიშვილის ფაქტორის უარყოფა შეუძლებელია ჩვენს სინამდვილეში, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაში გაჟღერებული შეტყობინებების ანალიზი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ამ ვითარებაშიც შესაძლებელია, პრემიერ მინისტრს გააჩნდეს დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის მაღალი ხარისხი. ლიდერის მთავარი თვისება ვლინდება მის უნარში მიაღწიოს კონსენსუს ყველა ძირითად მოთამაშესთან. ამ თვისების დემონსტრირებას ცდილობს კვირიკაშვილი.

როგორ შეაფასებდით 2015 წელს ქვეყენაში განვითარებულ პროცესებს, რა იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი?

- ბუნებრივია, რომ უარყოფით მოვლენებს მიეკუთვნება ყველა ის ფაქტორი, რომელმაც მოახდინა ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი გაჭირვება. ეს არის ლარის დევალვაცია, ინფლაცია და როგორც შედეგი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემდგომი გაღარიბება. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ რუკაზე უზარმაზარი მოწყვლადი ფენის არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ნებისმიერი ნეგატიური ფლუქტუაცია ფინანსურ ბაზარზე კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენი მოსახლეობის ისედაც მძიმე ყოფას. ამ თვალსაზრისით ხელისუფლებამ ნათლად უნდა დაინახოს ამ საფრთხეების სიმწვავე. დადებით მოვლენებად ვთვლი ვიზა - ლიბერალიზაციას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ჩინეთის ეკონომიკურ (და შესაბამისად პოლიტიკურ) შემოსვლას ქართულ სივრცეში. მაგრამ, როგორც სოციოლოგი, არ შეიძლება არ აღვნიშნო არნახული სოლიდარობის და თვითორგანიზაციის უნარი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ვერეს ხეობის კატასტროფის დროს.

უცნაურია, მაგრამ კატასტროფული ვითარება ყველაზე მეტად ერში არსებული პოტენციალის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო, როდესაც ათასობით მოხალისემ გამოავლინა თავისი ნების სუვერენობა ხელისუფლებისაგან, რაც გამოიხატა სამაშველო სამუშაოების მენეჯმენტში. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ პროცესის ორგანიზებაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად ჩვენ ვიხილეთ სოციალური ქსელები. ვფიქრობ, რომ საქართველოში შემდგომი პროცესების მიმდინარეობაც (სოციალური, პოლიტიკური) მნიშვნელოვნად განიზასღვრება სოციალური ქსელების მენეჯმენტის მეშვეობით.

2016 წელი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნებარომელიც დაინტერესებულია დარჩეს ხელისუფლებაში, რა ცვლილებები უნდა განახორციელს საარჩევნო სიაში? უშვებთ შესაძლებლობას, რომ კოალიცია ამ შემადგენლობით არ წარსდგეს არჩევნებში?

- ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის გადადგომას და ბესელია-კობახიძეს ირგვლივ აგორებულ სკანდალს ექნება შორს მიმავალი შედეგები „ქართული ოცნებისთვის“ და მართალი გითხრათ, მგონია, რომ ამ შედეგებს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოზიტიური ეფექტი ამ კოალიციისთვის. ოცნებისთვის ამჟამად არის ხელსაყრელი ვითარება თავისი რიგების გასაწმენდად, ამასთან ერთად „ქართული ოცნების“ კოალიციამ შეიძლება ახალი სტიმული შეიძინოს.

თუ ამ ლოგიკას გავყვებით უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ მთავარი პრობლემების შემქმნელების იდენტიფიკაცია და შემდგომ ამ განტევების ვაცების განდევნის პროცესი „ოცნების“ რიგებიდან, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს შიდა კოალიციურ ბრძოლას და გაუხსნის მას თავისი რიგების განახლების ფართომასშტაბიან შესაძლებლობას.

დღეს, კოალიაციას აქვს იმის რესურსი, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე? როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერი ოფიციალურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში...

- მართალი გითხრათ, კოალიციას აქვს ის რესურსი, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშეც წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე. ივანიშვილის გამოჩენა სიის პირველ ნომრად, ჩემი აზრით, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ალარმისტული სიგნალი. ანუ მოსახლეობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ კოალიციაში იმდენად ცუდად არის საქმე, რომ მათ კვლავ დასჭირდათ ივანიშვილის აქტიური ჩართვა. ჩემი აზრით, პირველი სამეული, რომლის წარდგენის რესურსი გააჩნია კოალიციას საარჩევნო სიაში - კვირიკაშვილი, უსუფაშვილი, სერგეენკო - კვლავ უალტერნატივოდ მეჩვენება, თუკი მას დავურთავთ ინტელექტუალებს, რომელთა ღირებულებების რელევანტურობაშიც ეჭვი არ შეეპარება მოსახლეობის დიდ ნაწილს...

მაგალითად ვინ?

- ზაზა ფირალიშვილი, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შანსები წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე, ყველაზე ძლიერი პერსონალური შემადგენლობით. თუმცა, საამისოდ „ოცნებას“ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს.

და ბოლოს, იმ პრობლემებიდან და გამომწვევიდან გამომდინარე, რაც არსებობს ქვეყანაში, რას ელოდებით 2016 წელს, როგორც შიდა პოლიტიკური პროცესების, ასევე საგარეო მიმართულების თვალსაზრისით?

- ეს წელი შეიძლება გამოდგეს ყველაზე მძიმე პერიოდად ჩვენი დამოუკიდებლობის უახლეს ისტორიაში. უპირველესად ვგულისხმობ დასავლეთი - რუსეთის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას, რომლის მწვავე ფაზა სწორედ, რომ 2016 წლისთვის არის მოსალოდნელი. უკარაინა და სირია - ორივე არეალი საქართველოს ათასი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს, რუსეთ-თურქეთისა და აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის არსებულმა დაძაბულობამ ასევე შეიძლება იქონიოს დიდი გავლენა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ამას ემატება ძალზედ რთული სოციალური ფონი, რომელიც დღეისათვის შექმნილია საქართველოში. ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, უნდა მოახდინოს ყველა არსებულ გამოწვევაზე და საფრთხეზე ადეკვატური არტიკულაცია მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს.

სხვა შემთხვევაში საარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე შეიძლება დამატებით და ყველაზე დიდ საფრთხედ იქცეს, როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. თუმცა, გავიმეორებ - ის არნახული თვითორგანიზაცია და სოლიდარობა, რომელიც გამოავლინა ჩვენი საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა ვერეს ხეობაში დატრიალებული კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის დროს, იძლევა საფუძვლიანი სოციალური ოპტიმიზმის შესაძლებლობას.