„ვიდრე რომელიმე მოსამართლეს არ შეუსრულდება 65 წელი, ახალ კანდიდატებს დაკეტილი ექნებათ სასამართლოს კარები“

„ვიდრე რომელიმე მოსამართლეს არ შეუსრულდება 65 წელი, ახალ კანდიდატებს დაკეტილი ექნებათ სასამართლოს კარები“

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭომ მისი რჩევები არ გაითვალისწინა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 7 დეკემბერს თავად მოუწოდა ლევან მურუსიძეს მიეღო სწორი გადაწყვეტილება და უკან გაეტანა თავისი საკონკურსო განაცხადი, რაც არ გააკეთა. მინისტრის ამბობს, რომ ერთადერთი რაც შეუძლია არის რჩევები, საჯარო განცხადებები, რომლებიც ამ შემთხვევაში არავინ არ გაითვალისწინა.

for.ge-სთან საუბრისას „თავისუფლი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განმარტებით, იუსტიციის საბჭოს წევრები მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, ამიტომ თანამდებობები უნდა დატოვონ.

ბატონო შალვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას მოითხოვს როგორც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუმცა, საბჭოს არც ერთი წევრი არ აპირებს გადადომას. საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების მიმართ არსებობს კითხვები, მაგრამ არის მიზეზი, რატომ უნდა გადადგნენ?

შალვა შავგულიძე: იუსტიციის საბჭოს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ლევან მურუსიძის დანიშვნას უკავშირდება, საბჭოს წევრები იმ ფუნქციას ვერ ასრულებენ, რისთვისაც ჩვენ მათ ლეგიტიმაცია მივეცით. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, თავად გადადგნენ, რადგან იმას ვერ აკეთებენ, რაც წესით უნდა აკეთონ. იუსტიციის საბჭოს, სასამართლოს კორპუსის ფორმულირებაში და მის ადმინისტრირებაში განსაკუთრებული როლი აქვს მინიჭებული.

რაც შეება ლევან მურუსიძეს, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭომ არ გაითვალისწინა მისი რჩევები. მინისტრის ეს არგუმენტი მისაღებია თქვენთვის?

- მე არ მომისმენია იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ანუ, მან მკაფიოდ გამოხატა ნეგატიური პოზიცია მურუსიძის ისევ მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით. ასეთივე ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა უმრავლესობის სხვა წარმომადგენელმაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა აქტიური მოქმედება იმისათვის, რომ სასამართლო სისტემა დავიცავათ იმგვარი მოსამართლეებისგან, რომლებიც მზად არიან იმ პირობით, რომ თავად დარჩნენ მოსამართლეებად, სასამართლო საქმიანობა გააკონტროლებინონ მმართველ პოლიტიკურ ძალას, ანუ „ქართულ ოცნებას“.

ასეთ შემთხვევაში დაცვის რა მექნიზმი არსებობს, თუნდაც იმისათვის, რომ არ მოხდეს სასამართლო სისტემის კონტროლი ხელისუფლებისგან?

- უნდა ჩამოვყალიბდეთ. მოგეხსენებათ, რომ უკვე დაწყებულია ეს პროცესი არასამთარობო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის მიერ. ჩვენი პოლიტიკური ძალა „თავისუფალი დემოკრატები“ ვიზიარებთ ამ აქტივობას. იცით, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, საჭიროა მოიძებნოს სამართლებრივი მექანიზმები თუნდაც იმისთვის, რომ თუ შესაძლებელი გახდება გამოწვეული იქნას იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა და შეიქმნას ახალი შემადგენლობა. ყოველ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია აქტიური პოზიციის გამოხატვა, ამასთან შეგუება დაუშვებელია.

რა შეიცვლება იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობის გამოწვევით? საბჭოს გადაწყვეტილებით მურუსიძე აღიჭურვა მოსამართლის სტატუსით, მართალია გამოსაცდელი ვადით, მაგრამ ის არის მოსამართლე...

- მარტო მურუსიძე არ არის. როგორც ჩანს, კორპორატიული თავის გადარჩენის რეჟიმში დგას მოსამართლეთა ის კორპუსი, რომელთაც ეწურებათ ვადა და რომელთა მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მიმართ ნდობა აბსოლუტურად არ გააჩნია ჩვენს საზოგადეობას. ამიტომ გაჩნდა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა საზოგადოებაში. სწორედ, რომ უმეტეს წილად ამ მოსამართლეთა მიერ განხორციელებმა მართლმსაჯულებამ წაართვა სამართალი ხალხს. აქედან გამომდინარე, საჭიროა სწორი ფორმის მოძებნა, რომ უვადოდ გამწესების პრესპექტივა თანასწორად შეექმნას ყველა მსურველს, ეს იქნება ძველი კანდიდატი, თუ ახალი მოსამართლე. ბუნებრივად მოხდეს ახალი, ჯანმრთელი სისხლის შეტანა ჩვენს სასამართლო კორპუსში. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ძალიან სერიოზული დაფიქრება და მუშაობა გვმართებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით ვაკანტურია 61 მოსამართლის თანამდებობა, თუმცა არ ხდება ახალი მოსამართლეების შეყვანა სასამართლო სისტემაში. იზიარებთ არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომ ამ პროცესს აფერხებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და თავად იუსტიციის მინისტრი? ანუ, ისინი არ არის დანიტერესებული, რომ სასამართლო სისტემა დაკომპლექტდეს ახალი მოსამართლეებით....

- მოსამართლის განსამწესებლად საჭიროა 10 ხმა, მაგრამ ეს 10 ხმა არ ჰქონდა ძველ შემადგენლობას. ამიტომ, საჭირო იყო ახალი არამოსამართლე წევრებიდან დამატებოდა ხმები, რადგან ვერ ხდებოდა მათ შორის შეთანხმება და ამიტომ ვერ ინიშნებოდნენ მოსამართლეები. ეს საკითხიც დასარეგულირებელია და ამიტომ, მთლიანობაშია დასანახი ეს პრობლემა. როგორც ჩანს, იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ფუნქციას, ვერც ახალ მოსამართლეებს ნიშნავენ...

თუმცა, მურუსიძის შემთვევაში საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება...

- როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში უმაღლესი ხელისუფლების ჩარევის შედეგად მოხდა იმგვარი ადამიანის მოსამართლედ დანიშვნა, რომლის მიმართ საზოგადოებაში არის მიუღებლობა. ჩანს, რომ საბჭოს ეს შემადგენლობა სასამართლო ხელისუფლების სასარგებლოდ ვერ ფუნქციონირებს, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამ საკითხზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ მოვა სამართალი ჩვენს ქვეყანაში, უსამართლობას არ შეეგუება ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, საჭიროა საკითხის დარეგულირება და გადაწყვეტა.

და რა უშლის ხელს ხელისუფლებას ამ საკითხის დარეგულირებაში?

- ამ მოწვევის პარლამენტმა მივიღეთ კანონი, რომ მოსამართლედ უვადოდ გამწესდება მოხდებოდა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, ანუ მის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელების შემდეგ გადაწყდება კონკრეტული მოსამართლის უვადოდ გამწესება. მაგრამ ახალ სამათავრობო პროგრამაში წავიკითხე ასეთი რამ - მთავრობას შემოთავზებული აქვს, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გავრცელდეს მხოლოდ იმ კანდიდატებზე, რომელთაც არ აქვთ სასამართლო პრაქტიკა, ხოლო ის კანდიდატები, რომლებიც ძველი კანონის მიხედვით 10 წლით გვყავს დანიშნული, ანუ რომელთაც აქვთ სასამართლო პრაქტიკა, მათზე არ გავრცელდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. ასეთ არათანაბარ პირობებში მოსამართლეების ჩაყენება გამოიწვევს იმას, რომ არსებული მოსამართლეთა კორპუსი და მათ შორის მურუსიძე, ფაქტობრივადად უვადოდ გადაინიშნებიან.

ანუ, გამოდის, რომ მურუსიძეზე და ძველ მოსამართლეთა კორპუსზეა მორგებული კანონი?

- აგაშენათ ღმერთმა, ამაშია საქმე. ახალ კანდიდატს სჭირდება გაიაროს ერთწლიანი სკოლა, შემდეგ გარკვეული საფეხურები, ანუ კონკურსის პირობები მისთვის გაცილებით უფრო მკაცრი და ხანგრძლივია. ამ სკოლის გავლა არ სჭირდებათ ძველ კანდიდატებს და წარმოიდგინეთ, მთელმა სასამართლო კორპუსმა დაწეროს განცხდება, რომ იწყვეტენ 10-წლიანი ვადით დარჩენის უფლება-მოსილებას და აკეთებენ განცხადებას უვადოდ გამწესებაზე. ზოგს ერთი წელი აქვს დარჩენილი, ზოგს 2 და ზოგს 5. თუ დისციპლინური დევნა არ აქვთ აღძრული და როგორც წესი, წინა ხელისუფლება მოსამართლეებს დევნას არ აღუძრავდა, ისინი ფაქტიურად გადაინიშნებიან უვადოდ და დღეის მდგომარეობით კონკურენტი არ ეყოლებათ.

გამოდის, რომ ისევ ძველი მოსამართლეებით შეივსება სასამართლო სისტემა?

- დიახ, უვადოდ გამწესდება ძველი მოსამართლეთა კორპუსი. ფაქტობრივად,ვიდრე რომელიმე მათგანს არ შეუსრულდება 65 წელი, ახალ კანდიდატებს უბრალოდ დაკეტილი ექნებათ სასამართლოს კარები. თუნდაც, რომ ის სამწლიანი გამოსაცდელი ვადა წარმატებით გაიარონ, არ მიეცეთ უვადოდ გამწესების უფლება. უნდა დაელოდონ როდის განთავისუფლებდა ვაკანსია და ეს ვაკანსია არ იქნება მანამ, სანამ მოსამართლე არ მიაღწევს 65 წელს.

ახალი და ძველი კანდიდატების ასეთ არათანაბარ პირობებში ჩაყენება, გამოიწვეს როგორც მურუსიძის, ასევე მისი მოქმედი კოლეგა მოსამართლეების ავტომატურ გადანიშვნას. ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ძველ მოსამართლეთა კორპუსს, რომელთა მიმართ ნდობა დაბალია, ხოლო ზოგიერთის მიმართ მიუღებლობა, როგორც ეს მურუსიძის შემთვევაში გამოჩნდა, დაინიშნება უვადოდ. აი, ასეთი კანონი არ უნდა შემოიტანოს იუსტიციის სამინისტრომ, აი ეს არის სწორედ ქალბატონი თეას გასაკეთებელი. თორემ, ის, რომ წუხილი გამოთქვა, არ არის საკმარისი.