„ღარიბაშვილისთვის რომ მიეცათ საშუალება, ნელ-ნელა გაევლო პოლიტიკაში საფეხურები, ბრწყინვალე სახელმწიფო მოღვაწე იქნებოდა“

„ღარიბაშვილისთვის რომ მიეცათ საშუალება, ნელ-ნელა გაევლო პოლიტიკაში საფეხურები, ბრწყინვალე სახელმწიფო მოღვაწე იქნებოდა“

ახალი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გზავნილები რადიკალურად განსხვავდება ყოფილისგან. ხისტი ტონის ნაცვლად, კვირიკაშვილი გაცილებით ლმობიერია პრეზიდენტის მიმართ. პოლიტიკური პრაგმატიზმი და დაზავების მცდელობა მარგველაშვილთან?! რა განასხვავებს ყოფილ და მოქმედ პრემიერებს?

ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ყოფილისა და მოქმედი პრემიერების გზავნილები რადიკალურად განსხვავებულია. კვირიკაშვილი ამბობს, რომ მარგველაშვილი თავის რეზიდენციაში იმყოფება და  საკითხი არ უნდა დაისვას, რომ 2013 წელს ხელისუფლების დაპირებები ხშირად გადაჭარბებული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმე გადააგდო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა მარგველაშვილთან ურთიერთობის დათბობა არჩია კვირიკაშვილის საშუალებით?

- ალბათ, გახსოვთ, პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ძალიან კარგი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდა ღარიბაშვილთან და როდესაც ისინი ხვდებოდნენ, ეს იყო ნორმალური ურთიერთობა. მეორე იყო ინსტიტუციონალური ურთიერთობები, რომელიც მაინცდამაინც ვერ დალაგდა. პრეზიდენტი არასდროს არ გასულა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, ის მოქმედებდა იმ უფლებამოსილებაში, რა უფლებამოსილებაც ჰქონდა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მარგველაშვილის მიმართ მთლად ადეკვატური არ იყო. ამიტომ ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს ამას ვერ დავაბრალებთ, რადგან ამ გუნდში კვირიკაშვილიც იყო. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან კვირიკაშვილის პოზიციის ცვლილება ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოზიციის ცვლილებას პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პირადად მარგველაშვილისადმი.

როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ეს დამაზარალებელი იყო ქვეყნისთვისაც და შემდეგ თავად „ქართული ოცნებისთვის“. როგორც არ უნდა გაათეთრონ, მაინც ხდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება, ვინმეს მოსწონს მარგველაშვილი, თუ არა, ეს სხვა საკითხია. ამიტომ კვირიკაშვილის პოზიცია განსხვავდება ღარიბაშვილისგან, თუმცა აქ მგონია, გადამწყვეტ როლს თამაშობს არჩევნები.

საარჩევნოდ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უფრო ლოიალურია. არ ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებაში“ კომპრომისი მოხდა, რომ მათ უკან დაიხიეს. მაინც მგონია, რომ ადამიანები ვართ, რაღაცნაირად შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მთავარია, შეგვეძლოს ამ შეცდომის გამოსწორება. ძალიან გამიჭირდება შეფასება, კვირიკაშვილის პიროვნულ თვისებებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან მას არ ვიცნობ.

გამარჯვებული ადამიანები ასე იოლად არ მიდიან პოლიტიკიდან. მაჟორული ბრიფინგის შემდეგ ღარიბაშვილის წასვლა მოულოდნელი იყო. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ის განაწყენებული წავიდა, ზოგი კი თვლის, რომ ამ საქმეში უსუფაშვილ-ხიდაშელის ტანდემი იკვეთება, რომლებიც ცდილობდნენ, მოეშორებინათ ყოფილი პრემიერი.

- არა მგონია, ღარიბაშვილი თავისი სურვილით გადამდგარიყო. როგორც ჩანს, გუნდში იყო პრობლემები. მე ამას ვუკავშირებ არჩევნებს. სხვა საკითხია, დეკემბერში უნდა გადამდგარიყო თუ თებერვალში. აჯობებდა, ეს თებერვალში მომხდარიყო და არა დღეს, მაგრამ ეს აუცილებელი იქნებოდა არჩევნებამდე. სულაც არ ვადანაშაულებ ღარიბაშვილს ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, რადგან ასეთივე ვითარება იყო 2012 წელსაც, როცა „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და გაცილებით მძიმე მდგომარეობაა დღეს. ზოგადად, ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და, ვინც არ უნდა ყოფილიყო პრემიერად, სამი წელი არ იყო დიდი დრო. ცუდად არ ვაფასებ ღარიბაშვილის მუშაობას, მაგრამ ფაქტია, „ოცნების“ რეიტინგი ეცემა და „ოცნებას“ სჭირდება ახალი იმიჯის შექმნა.

რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ მცდელობას, მოეშორებინათ ღარიბაშვილი, არ ვიცი, რაში გამოიხატა ეს. მე ამას ვერ ვხედავ. ხიდაშელმა ერთი-ორი განცხადება გააკეთა და მაშინაც ვთქვი, სჯობს, მოზომილი განცხადებები გააკეთოს-თქო, ეს გაიმეორა ღარიბაშვილმაც და არა მგონია, ეს პრობლემატური ყოფილიყო. მეორე მხრივ, არც ხიდაშელ-უსუფაშვილს, არც მთლიანად „რესპუბლიკურ პარტიას“ ისეთი გავლენა არ აქვს „ქართული ოცნების“ კოალიციაზე, რომ მათ შეძლონ პრემიერის გადაყენება. „რესპუბლიკელები“ მაინც უმრავლესობის უმცირესობაში არიან.

მაგრამ საკვანძო პოსტები მათ უჭირავთ.

- კი, ეს პოსტები უჭირავთ მანამ, სანამ ეს უმრავლესობის უმრავლესობას ან კოალიციის ლიდერს სურს. როგორც კი გაჩნდება კითხვის ნიშანი, ერთი წუთი დასჭირდება მათ ჩამოშორებას. თავის დროზე არანაკლები პოსტები ეკავათ „თავისუფალ დემოკრატებს“, მაგრამ ერთ დღეში დამთავრდა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ასე რომ, პოსტებს, თუ ის საპარლამენტო მმართველობის დროს გამაგრებული არ არის უმრავლესობის მხარდაჭერით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ივანიშვილ-მარგველაშვილს შორის არცთუ თბილი დამოკიდებულების შესახებ ყველასთვის ცნობილია. კვირიკაშვილის დანიშვნით არაფორმალური ლიდერის მმართველობის ხანა ხომ არ სუსტება?

- არა მგონია, რაიმე სუსტდებოდეს. უბრალოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც კინკლაობაა ორ შტოს შორის, ყოველთვის წამგებიანი რჩებოდა აღმასრულებელი ხელისუფლება და არა -პრეზიდენტი. აქ პოლიტიკურ ქულებზეა ლაპარაკი. ამიტომ ეს არ იყო ღარიბაშვილის პირადი ინიციატივები, ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება.

თუმცა ეს დათბობა დროებითი იქნება და მხოლოდ არჩევნებამდე გასტანს?

- არჩევნებამდე აუცილებლად გაგრძელდება. უფრო მეტიც, ვფიქრობ, ეს პრობლემა საერთოდ მოიხსნება არჩევნების შემდეგ. ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ, რომ არსებობს კანონი, არსებობს გადაწყვეტილებები და უნდა შევეგუოთ ამ კანონებს. მე ვფიქრობ, უმრავლესობას მიიღებენ, მაგრამ ზუსტი პროგნოზირება რთულია, მაინც ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე. უნდა ვნახოთ, არჩევნების შემდეგ რა ძალა ექნება „ოცნებას“ იმავე პარლამენტში. მეორეც, ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, პრეზიდენტი იქნება იმ სასახლეში თუ არა, ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია. კიდევ მოდის არჩევნები და 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტის ვადა დასრულდება, ალბათ, „ქართული ოცნება“ მას აღარ დაასახელებს კანდიდატად.

დავუბრუნდეთ პრემიერების თემას. ბიძინა ივანიშვილი პრემიერობის დროს მოვლენებს სახელებს პირდაპირ არქმევდა. გვახსოვს მისი შეხვედრა ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან. მისი გადადგომის შემდეგ რამდენად თანმიმდევრული იყო ღარიბაშვილის და შემდეგ უკვე კვირიკაშვილის დანიშვნა? ღარიბაშვილის სიხისტეში ხომ არ იყო პრობლემა, რადგან პოლიტიკა მაინც არაგულწრფელობის ელემენტებს შეიცავს.

- პოლიტიკა შეიცავს იმ ელემენტებს, რომელი ელემენტების გამტარებელიცაა თავად პოლიტიკოსი. არა მგონია, ღარიბაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ვფიქრობ, მან ინერციით გააგრძელა ის სტილი, რაც დატოვა წინა პრემიერმა. თქვენ ახსენეთ ხისტი დამოკიდებულება და მართლაც იყო ეს დამოკიდებულება. როცა ივანიშვილი გადადიოდა სამოქალაქო სექტორში, ის პირობას იძლეოდა, რომ ძალიან მალე საქართველოში ექსპერტთა და ჟურნალისტთა ახალი პლეადა გაჩნდებოდა. იმ პერიოდში მივესალმებოდი ამას, მაგრამ არც ექსპერტობა და არც ჟურნალისტობა მარტო ფულის აღებას და სწავლას არ ნიშნავს. ადამიანს კიდევ რაღაც შიგნით უნდა ჰქონდეს. ორი წელი გავიდა და ვერც ჟურნალისტთა ახალ თაობას ვხედავ, რომელიც ყველაფერს წერტილს დაუსვამდა და ვერც ექსპერტთა გაძლიერებულ რაზმებს. ეს პოზიცია, რაც ივანიშვილს ჰქონდა ექსპერტთა და ჟურნალისტთა მიმართ არასწორი იყო. ასე ხელოვნურად სამოქალაქო საზოგადოების შექმნა ვერ ხერხდება. როცა ღარიბაშვილმა ეს სტილი გააგრძელა, უფრო დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ივანიშვილს დიდი ავტორიტეტი აქვს მოსახლეობაში და არასამთავრობო თუ სხვა სექტორთან მის ხისტ დამოკიდებულებას ხალხი პატიობდა, ხოლო ღარიბაშვილს ასეთი დამოკიდებულება, უბრალოდ, არ აპატიეს. ღარიბაშვილი პოლიტიკაში ახალგაზრდულ ასაკში ჩაერთო, მას არ ჰქონდა ეს გამოცდილება. იმ ბაზით, რითაც ღარიბაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ ყველაფერს. გაცილებით უარესის მოლოდინი მქონდა, ვთვლი, რომ ღარიბაშვილმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, რასაც გუნდი მისგან ითხოვდა. ვერ გააკეთა ის, რასაც ითხოვდა საზოგადოება, მაგრამ არა მგონია, ეს ღარიბაშვილის ბრალი იყოს. სიხისტე კი მისი ახალგაზრდული ასაკიდან, გამოუცდელობიდან და მიღებული მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს. ჩვენ არ ვუფრთხილდებით თაობებს, ღარიბაშვილისთვის რომ მიეცათ საშუალება, ნელ-ნელა გაევლო პოლიტიკაში საფეხურები, ბრწყინვალე სახელმწიფო მოღვაწე იქნებოდა, მაგრამ, როცა მას დროზე ადრე აჰკიდეს ტვირთი, რომელსაც ის ვერ ასწევს, აქ მიდგომაზეა ლაპარაკი. ჩვენ ასე ვკარგავთ ყველა რესურსს და მერე ვიწყებთ წუწუნს, რომ ახლები არ ჩანან. არადა, ვერ გამოჩნდება ახალი, თუკი გამოჩენისთანავე მის დისკრედიტირებას მოვახდენთ.

რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ახალი პრემიერი?

- სამწუხაროდ, ახალ პრემიერს დროის დეფიციტი აქვს. მარტო ვერაფერს გააკეთებს, გუნდმა უნდა დასახოს პროგრამა, თუ რას აკეთებენ საარჩევნო წელთან დაკავშირებით. თუკი არსებობს ციდან ჩამოყრილი მილიარდები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ, თუ ასეთი რამ არ არსებობს, მაშინ რადიკალურ სისტემურ ცვლილებებს ახალი პრემიერიც ვერ განახორციელებს. იმდენად მცირე დროა დარჩენილი და დამოკიდებულება „ოცნების“ მიმართ იმდენად არამყარია, რომ პირველი საზრუნავი დღეს პრემიერსაც და „ოცნებასაც“ აქვს ის, რამენაირად შემოატრიალოს ამომრჩეველი, რათა 2016 წლის არჩევნებისთვის ძალაუფლება შეინარჩუნოს.