პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგელობა დამტკიცებულია - პარლამენტმა 86 მომხრე ხმით 28-ის წინააღმდეგ მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მოსმენა დაახლოებით 13 საათის განმავლობაში, ცხარე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. სანამ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს სამთავარობო პროგრამა გააცნო, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სხდომის უსასრულობა დაანონსა და ტრიბუნის დაკავება გიორგი კვირიკაშვილს მოსთხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო პროგრამა ძველია, კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი გეგმები გაახმოვანა და პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას გაუსვა, ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და პირობა დადო, რომ მთავრობას კომპლექსი არ ექნება, რომ ოპოზიციას რაღაცეებში დაეთანხმოს.
„ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება უფრო კარგი ქვეყანა ერთად ავაშენოთ, სურვილს გიდასტურებთ, რომ საკითხები სამუშაო ვითარებაში კონსტრუქციულად განვიხილოთ. საზოგადოების გამთლიანების ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გახლეჩილები ვიყოთ. ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ და უფრო მეტი სტაბილურობის შეგრძნება უნდა შევქმნათ, რათა ადამიანებმა მომავალზე იფიქრონ და არა - წარსულზე. პოლიტიკოსები ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილად ვიქეცით. შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველანი გლადიატორები ვართ, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეები ტელევიზიით ყოველ საღამოს გვიყურებენ. ეს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც ჩანს, პარლამენტის ტრიბუნიდან კვირიკაშვილის ეს მოწოდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ბევრი წევრისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მათ შორის, არც ნუკრი ქანთარიასთვის, რომელმაც კვირიკაშვილს ირიბად ურჩია, რომ ნაციონალების მიმართ კონსტრუქციული პოლიტიკის გატარება - „შეაყარე კედელს ცერცვი“ გამოვა.
გამოსვლისას ქანთარიას მხედველობიდან არც ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩა, რომელიც თავდაუზოგავ და შრომისმოყვარე ადამიანად მიიჩნია და აღნიშნა, რომ წინამორბედმა კვირიკაშვილს ესტაფეტა გადასცა და ახალმა პრემიერმა პროცესი ბოლომდე დაუღალავად უნდა მიიყვანოს.
„ირაკლის წასვლაზე მითქმა-მოთქმაა და თუკი უნდათ, ის ლეგენდად დარჩეს, მეც ამის მომხე ვიქნები. ირაკლის ავტორიტეტი არ უნდა გაიფანტოს და ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ბატონო გიორგი, თქვენ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდეთ, მაგრამ მგონია, რომ ეს შეაყარე კედელს ცერცვია, თუმცა, თქვენ მაინც სცადეთ. თითოეულ ეჭვმიტანილთან სამართალი უნდა მივიდეს, დანარჩენი ვის რას მიირთმევს, ეს სხვა საქმეა“, - მიმართა ქანთარიამ კვირიკაშვილს.
ქანთარიასგან განსხვავებით, ნაციონალების თავდასხმის ობიექტი ისევ ყოფილი პრემიერები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი იყვნენ. თუკი გიორგი კანდელაკი ბანკი „ქართუ“-ს შემოსავლით და ივანიშვილის პოლიტიკური გავლენებით დაინტერესდა, დავით დარჩიაშვილმა ღარიბაშვილი გააკრიტიკა და კვირიკაშვილის გამოსვლის შინაარსით სასიამოვნო გაოცება გამოხატა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის დროს, ასევე ახლაც, მთავრობის მოსმენისას გაჟღერდა მოსაზრებები - ქვეყნის არაფორმალურ მმართველობასა და კოალიციის შეუსრულებელ დაპირებებზე.
დაახლოებით 38 გამოსვლიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ეკონომიკურ საკითხებს მხოლოდ რამდენიმე კითხვა შეეხებოდა, დანარჩენი კი, პოლიტიკური შინაარსის იყო, სადაც ოპოზიციონერებმა კვირიკაშვილს პასუხები მოსთხოვეს, როგორც ივანიშვილის გამონათქვამებსა და ქმედებებზე, ასევე ღარიბაშვილის პოზიციებზე. მათ შორის იყო - საყდირის ბორცვის აფეთქება.
სანამ, კვირიკაშვილი საყდრისის საკითხზე ისაუბრებდა, მას ეკა ხერხეულიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაუპირისპირდა და მინისტრის პოსტიდან გაშვებისკენ მოუწოდა.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ის ზაქარეიშვილის დაცვას არ ცდილობს, მაგრამ მის ზოგიერთ იდეას იზიარებს.
„ბატონ პაატას ძალიან კარგი იდეები აქვს, რომელიც შეგვიძლია, განვიხილოთ. აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ყველა სიკეთე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება, უპირველეს ყოვლისა, ხელმისაწვდომი იქნება თანამოძმეებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა არ უნდა შეგვეშინდეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელსაც ხერხეულიძემ კონსტიტუცია მოუტანა, საიდანაც შესაბამისი მუხლები წაიკითხა, შემდეგ ზაქარეიშვილის პოლიტიკური განცხადებები გაახმოვანა და მინისტრი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.
კვირიკაშვილმა აფხაზეთის საქართველოში შემადგენლობასთან დაკავშირებით ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ჟურნალისტის ინტერპრეტაციად შეაფასა, ხოლო ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება კონსტრუქციულ ნაბიჯად მიიჩნია.
„შეიძლება, შინაგანი სკეპტიციზმი გვქონდეს, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე აპანჩურებით არ ვუპასუხოთ. დამერწმუნეთ, საერთაშორისო არენაზე, კონსტრუქციული პოლიტიკა გაცილებით უფრო დადებითად წარმოგვაჩენს. ამ ურთიერთობებში ყველა შესაძლო პოზიტიური პოტენციალი უნდა გამოვწუროთ, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით წამოვიდეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც საქართველოში რუსული პროპაგანდის გამო წუხილი გამოთქვა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური ნაბიჯები იდგმება.
მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა ხერხეულიძის მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას უპასუხა, ის გიორგი კანდელაკს ეკამათა, რომელმაც ბანკი „ქართუ“-სთან დაკავშირებით კითხვა რამდენჯერმე გაიმეორა.
კერძოდ, კანდელაკი დაინტერესდა, „ქართუ“ ბანკის მოგება 17-ჯერ რატომ გაიზარდა და იხუმრა თუ არა პრემიერმა, როცა თქვა, რომ ივანიშვილს საკუთარი გავლენები არ გამოუყენებია.
კანდელაკის საპასუხოდ, კვირიკაშვილმა ოპოზიციონერებს წარსული გაახსენა.
„არ მინდოდა და ამ საკითხზე საუბარს თავი შეგნებულად ავარიდე. ენა როგორ გიბრუნდებათ, როცა „ქართუ“-ზე საუბრობთ? 2011 წელს ეს ბანკი ვინ დახურა, ხალხს ვინ იბარებდა და ეუბნებოდა, რომ აქტივები უნდა გადააფარმოთო? - თქვენ არ ხართ იმ ხელიუფლების წარმომადეგენლი? ბატონი ბიძინა, რა შუაშია? - მფლობელი ივანიშვილი რომ იყო, ბანკი ამიტომ წაართვით. გიყრუებთ და გაკვირვებული ვარ, ამაზე როგორ საუბრობთ?“, - მიმართა კანდელაკს კვირიკაშვილმა, რომელმაც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა მიზანშეწონილად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის პატივს საკონსტიტუციო უმრავლესობის აზრს სცემს.
ზემოთაღნიშნული საკითხების გარდა, პრემიერ-მინისტრმა სოფლის დაცარიელება საერთო ტკივილად მიიჩნია და მთავრობის მიზნად, აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაასახელა.
„მინიმალური კომფორტი ქმნის ყველა სოფელში უნდა იქნას შეტანილი. სწორედ ამიტომ, რეგიონალური განვითარების გეგმა გვაქვს და ინტერნეტიზაციის პროექტი წამოვწიყეთ, რომელიც ძალიან ძვირიანი იყო და ეს პროექტი „ქართუ“ ფონდის მიერ იქნება დაფინანასებული. პრეცდენტები გვაქვს, რომ ადამიანები სოფლებს უბრუნდებიან“, - დასძინა კვირიკაშვილმა, რომელმაც ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციების დაწესება არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ მთავრობის წინასწარი მონაცემებით, ეს ბიზნესი საკმაოდ დამაზიანებელია, თუ ძალიან მკაცრი რეგულაციები არ იქნა.
რაც შეეხება სხვა დეპუტატების გამოსვლებს, ზურაბ აბაშიძემ გიორგი კვირიკაშვილს სპარტაკობა უსურვა, მურმან დუმბაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული საუბარი გაიხსენა და განაცხადა, რომ ნოდარ ხადურს დააბარა - „ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცით, რომ 1:0-ია, რადგან მე ისევ ვიცე-სპიკერი ვარ, ის კი პოსტზე აღარ არის“. 13 საათიანი განხილვისას გივი თარგამაძემ მხოლოდ ერთი სიახლე გაიგო, რომ „ბატონ ხადურს თურმე ციკანი მართლა არ უყვარს“.
რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ, პარლამენტმა მთავრობას კენჭი უყარა. მას უმრვლესობამ ნდობა გამოუცხადა, ოპოზიციამ კი, მთავრობას წითელი ბარათი უჩვენა, რასაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი for.ge-სთან საუბარში გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, მთავრობის პროგრამა იმ ბიუჯეტის ფარგლებში გასაკრიტიკებელი არ არის, რომელიც ქვეყანას გააჩნია - მთავარი პრიორიტეტები უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„რეგიონსა და მსოფლიოში ურთულესი ვითარება შეიქმნა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფაქტიურად არ არსებობს და ქვეყანამ მცირედით, მაგრამ ზრდა მაინც შეძლო. ქვეყანას საკმაოდ დადებითი შეფასებებ აქვს. კვირიკაშვილი მართვის სტილის დამკვიდრებას გვთავაზობთ, როდესაც პრიორიტეტული იქნება ჩამორჩენილი სფეროების განვითარება. ახალი ენერგია ამ ფორმით გამოიხატება და არა კონკრეტული ადამიანების განცხადებებით. ვინც პროგრამას იცნობს და ძალიან ცოტა იცნობს, მას საფუძველი არ აქვს ისაუბროს, რომ სიახლე არაფერი არის. განსაკუთრებით შენიშვნები ნაციონალებისგან არის მიუღებელი. მათ იმის დანახვა არ უნდათ, რაც კეთდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.