მსოფლიო ქვეყნების მაგალითს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არსებობენ საქმეები, რომლებმაც შეიწირა არა ერთი ხელისუფლება. სწორედ, გახმაურებულმა სისხლის სამართლის საქმეებმა შეიწირა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც, თუმცა ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია. ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ნათელი გახდა, როგორი „დემოკრატია“ იყო ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. თანამედროვე მსოფლიოში იშვიათად არის ქვეყანა, სადაც მსგავსი მეთოდებით უსწორდებიან პატიმრებს.
სისტემური დანაშაულებების საქმეზე გამოძიებისგან პასუხებს ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მეხუთედ მიმართა პროკურატურას კითხვით - რა ეტაპზეა გამოძიება გაუპატიურებების საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა, პასუხი არ მიუღია.
„მე მგონი უკვე მეხუთედ, პირდაპირ ეთერში მინდა მოვკითხო საქართველოს პროკურატურას ის საქმეები, სადაც სისტემური დანაშაულებებია, სადაც წამება და ის კატასტროფაა ასახული, რაც ხდებოდა, ამ საქმეებზე რამდენი ადამიანი ჩასმული ციხეში, რამდენის მიმართ მიმდინარეობს ძიება და რამდენი ადამიანი არის სავარაუდოდ, ამ საქმეებში ეჭვმიტანილი?
საქართველოს პროკურატურას მინდა მოვკითხო, ეს საქმეები, რომ მერე არ იყოს საუბარი იმაზე, რომ მე რამე არ მოვიკითხე. ამ დონის საქმეები რომ გაჩერებულია სამი წელი და მეტი, რომელი „მესიჯების საქმე“ უნდა მომეკითხა? იმიტომ არ მოვიკითხე „მესიჯების საქმე“, რომ გაუპატიურებების საქმეზე ღია ეთერში მეხუთედ ვკითხულობ, რა რეალობაა დამდგარი და პასუხს ვერ ვიღებ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რატომ არ გასცა პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია, ამაზე განმარტება ირაკლი შოთაძის უწყებას ამ დრომდე არ გაუკეთებია. საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ქვეყანაში დანაშაულთან ბრძოლა წახალისებული იყო დანაშაულით, რაზეც პასუხს არავინ არ აგებდა.
ჭკადუას განცხდებით, როგორც საპროკურო საბჭოს წევრი, ასეთ გახმაურებულ საქმეებზე მოითხოვს ანგარიშს მთავარი პროკურორისგან. მისივე თქმით, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ძველი კადრები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული დანაშაულის ჩადენაში და დღემდე თანამდებობას ინარჩუნებენ.
„ბუნებრივია, რომ არც ერთ მათგანს, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული ასეთ დანაშაულში, არ სურთ, ამ საქმეების გამოძიება. მე, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, გამოვიყენებ ამ მანდატს იმისთვის, რომ სწორედ ასეთი ტიპის საქმეებზე მოვითხოვო ანგარიში მთავარი პროკურორისგან და მათ შორის იმაზე, რომ პრეზიდენტს არ მიაწოდეს ინფორმაცია გამოძიების დეტალებზე. თუ დავინახე, რომ ირაკლი შოთაძემ არ გასცა პასუხი კითხებს, მე ვიქნები პირველი, ვინც ამაზე ისაუბრებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არა მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით, არამედ კითხვები არსებობს ბევრ სხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კითხვების ძირითადი ნაწილი მიმართულია გამოძიების გამჭვირვალეობასთან.
„არავინ არ ითხოვს სრულად გამჭვირვალეობას და ყველა საქმეზე ყოველდღიურ ხელმისაწვდომოობას, მაგრამ რა ეტაპზეა გამოძიება, რა საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს პროკურატურა, ამ ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ჩვენს საზოგადოებას.
აქ მხოლოდ თეორიული საკითხებით თავის მართლება არ გამოდგება. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ რთულია მტკიცებულებების მოპოვება და, რომ ეს დაკავშირებულია დროსთან და ა.შ. ამ მხრივ თავის მართლება მისაღები რომ იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას აკეთებს გამოძიება. ძალიან კარგია, თუკი ვინმე მიმალვაშია, მაგრამ ეს არ არის ხელისშემშლელი გამოძიებისთვის, რომ ვერ შეკრიბოს მტკიცებულებები და საქმე ვერ წარმართოს სასამართლოში.
მაქვს კითხვა, რატომ არ წარიმართა ეს საქმეები სასამართლოში? მეტიც, არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც ითხოვს მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი გამჭვირვალეობა, რომ მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.