პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში გავლენიან ფიგურად მიიჩნევს, თუმცა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის საფუძვლებს ვერ ხედავს და მთავრობის მხრიდან პრინციპული პოლიტიკის გატარების პირობას დებს. გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ თავს დამოუკიდებელ ადამიანად თვლის, კარიერულ წინასვლას საკუთარ გამოცდილებას უკავშირებს და ქართული პოლიტიკური ცხოვრების სხვა რელსებზე გადაყვანის სურვილს გამოხატავს.
მომავალი პრემიერი პრეზიდენტთან, პარლამენტთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობის სურვილსაც გამოთქვამს, თუმცა პოლიტიკოსებს მოუწოდებს არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად ნუ გადაიქცევიან.
მთავრობის მომავალმა ხელმძღვანელმა საკუთარ გეგმებზე, ხედვებსა და პროგნოზებზე ყურადღება პარლამენტის ტრიბუნიდან გაამახვილა, სადაც მინისტრობის კანდიდატებთან ერთად გამოცხადდა და გაზაფხულზე, საკადრო ცვლილებების განხორციელებაც არ გამორიცხა. კვირიკაშვილმა მთავრობის წევრები მეგობრებად მიიჩნია და მათთან საქმიანობის სურვილიც გამოხატა, მაგრამ მათ გამოსაცდელი ვადაც მისცა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წითელ ბარათს მთავრობის რომელი წევრი მიიღებს, ამის თაობაზე მინისტრობის კანდიდატები არ საუბრობენ, თუმცა მათ გაწეული სამუშაოებით თავის მოწონება დღეს, თავდაპირველად, საკომიტეტო ფორმატში სცადეს, შემდეგ კი, უმცირესობა-უმრავლესობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომებზე წარსდგნენ.
თუკი „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის სხდომაზე კამათი ზურაბ აბაშიძესა და გიორგი კვირიკაშვილს შორის გაიმართა, უმცირესობის სხდომაზე ერთმანეთს კვირიკაშვილი-სუბელიანი და თარგამაძე-მღებრიშვილი დაუპირისპირდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებისგან განსხვავებით, ნაციონალებს გიორგი კვირიკაშვილთან არ გამოუყენებიათ ტერმინები: „ჰაკიმ ფაშა“, „იაფი ფული“, „მატყუარა ბიძინა“, „ცოლის ნათესავები“ და ა.შ. მაგრამ კითხვები ეხებოდა - ეკონომიკას, გახმაურებულ საქმეებსა და მთავრობის წევრების ცალკეულ გამონათქვემებს.
ოპოზიციამ კვირიკაშვილი გაწონასწორებულ პიროვნებად მიიჩნია, მისი წინამორბედი კი, გააკრიტიკეს და მასზე კარგის გარდა, ცუდი ყველაფერი თქვეს. კვირიკაშვილმა ოპოზიციის ქათინაურები დააფასა, თუმცა, მას ივანიშვილისგან განსხვავებით, ღარიბაშვილი არ დაუცვია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრებს, მინისტრობის კანდიდატები ფართო ფორმატში, თავდაპირველად, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეხვდნენ, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო გეგმები გაახმოვანა და თქვა, რომ მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკა და დასაქმება იქნება, ასევე აქცენტი გაკეთდება ტურიზმზე.
მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა გამოსვლა დაასრულა, მას ზურაბ აბაშიძემ - „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გადასცა, მისი გაცნობა ურჩია და იმედი გამოთქვა, რომ ეს მისთვის სამაგიდო დოკუმენტი გახდება, რადგან მისი თქმით, კოალიცია ხელისუფლებაში ამ დოკუმენტით მოვიდა.
„ამ დოკუმენტში იყო დაპირებები როგორც ტოტალური უმუშევრობის დამარცხების თვალსაზრისით, ასევე სამართლიანობის აღდგენით. იქნებ, პასუხი გასცეთ, რა შესრულდა და რა არა“, - მიმართა აბაშიძემ კვირიკაშვილს, რომელმაც ოპოზიციონერის რეპლიკა თავდაპირველად შეურაცხყოფად მიიღო და მოუწოდა სპექტაკლის მონაწილე არ გახდეს.
კვირიკაშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ დარწმუნება სცადა, რომ მისი დიდი სურვილია, კონფრონტაცია და პოლარიზაცია, რაც საზოგადოებაში არსებობს, დასრულდეს.
„ჩვენ ყველანი ერთი არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად გადავიქეცით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს, ადამიანებმა ერთმანეთს უფრო კეთილი თვალით შეხედონ და საზოგადოება რაღაცნაირად გავამთლიანოთ“, - მიმართა ალასანიას გუნდს კვირიკაშვილმა, რომელსაც გიორგი ცაგარეიშვილმა პასუხები მოსთხოვა გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის - ჟვანიას და კიწმარიშვილის საქმეებზე.
ცაგარეიშვილმა გამოსვლისას ყურადღება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ძალიან, კარგია, რომ შოთაძემ ორი მილიონი ლარის ქონება დააბრუნა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ორი მილიარდის ქონება რომ „აახია“, ის არ ჩანს.
ცაგარეიშვილის საპასუხოდ, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ჟვანიასა და კიწმარიშვილის საქმეებზე გარკვეული პროგრესია და მას ამ საკითხებზე უფრო კონკრეტული საუბარი ექნება.
„მეჩვენება, რომ სამართლიანობის აღდგენის ტემპი დაჩქარების რესურსი არსებობს და ვეცდები, რომ ჩვენი მხრიდან გამოხატული პოლიტიკური ნება აღვასრულოთ და პროცესი დავაჩქაროთ. ეს დელიკატური პროცესია და მაქსიმალურად ჩქარა, მაგრამ სიზუსტით უნდა ვიმოქმედოთ“, - დასძინა კვირიკაშვილმა, რომელსაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით, საზოგადოების მიერ დასმული კითხვები მიაწოდეს, რის საპასუხოდაც, პრემიერობის კანდიდატმა მათ იმ პოსტების წარდგენა მოსთხოვა, სადაც პრეტენზიები მათ მიმართაც ისმის.
„მაინტერესებს, სითამამე თუ გეყოფათ, რომ თქვენს მიმართ გაჟღერებული პრეტენზიებიც წაიკითხოთ?“,- მიმართა „თავისუფალ დემოკარატებს კვირიკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით, ნინო გოგუაძის კითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს.
გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ ფიზიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, როცა უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდება, მას დაესწრება.
პრეზიდენტზე საუბრისას კვირიკაშვილი ავლაბრის რეზიდენციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მარგველაშვილის ადგილზე პოლიტიკური გუნდის განწყობას გაითვალისწინებდა.
„პრეზიდენტის სასახლიდან გამოსახლების საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას“, - დასძინა კვირიკაშვილმა, რომელმაც „თავისუფალი დემოკარტების“ შემდეგ შეხვედრა ნაციონალებთან გამართა.
აღსანიშნავია, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, ნაციონალები კვირიკაშვილთან უფრო თავშეკავებულები იყვნენ, მას სიღრმისეულ კითხვებს უსვადნენ და კომპლექსებისგან დაცლილ ადამიანად ახასიათებდნენ, თუმცა, პრემიერობის კანდიდატს ოპოზიციონერების მიმართ ვნებების დაცხრობის თაობაზე მოწოდებების გაკეთება მაინც მოუხდა.
კერძოდ, კვირიკაშვილმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გაცნობის პირობა დადო და აღნიშნა, რომ მან არ იცის, გიორგი ღვინიაშვილს ბავშვის მკვლელობა ვინ დააბრალა. კვირიკაშვილის გამოსვლა კობა სუბელიანმა გააპროტესტა.
„ის ადამიანი, ვინც ღვინიაშვილს ესა დააბრალა, კულტურის მინისტრის მოადგილეა, ამ საქმიდან ვერ გამოძვრებით, რადგან ბავშვის სიკვდილი დაგვბარალეთ, ახლა კი, წყნარად სხედხართ“, - მიმართა ყვირილის ფონზე სუბელიანმა კვირიკაშვილს, რომელმაც ოპოზიციონერს მოუწოდა, ნუ ყვიროდა და ვნებები დაეცხრო.
კვირიკაშვილ-სუბელიანის შემდეგ, კამათი თარგამაძე-მღებრიშვილს შორის გაიმართა და მათი დაპირისპირების მიზეზი ზურაბ გამეზარდაშვილი გახდა, რომლის თაობაზეც ოპოზიციონერი დაინტერესდა, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს რატომ იკავებდა. თავის მხრივ, მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ მას ვერავინ დააბრალებს, რომ ის ვინმეს სადმე ვინმეს ხათრით ნიშნავს.
მღებრიშვილ-თარაგამაძის კამათში კვირიკაშვილი ჩაერთო, მან ნაციონალებს წარსული გაახსენა და განაცხადა, რომ საზოგადოებას პოლიციის ეზოებში თავგახეთქილი ადამიანები ახსოვს, ისევე როგორც ის - ქუჩაში ადამიანებს როგორ ხოცავდნენ.
კვირიკაშვილმა ცხრაწლიან რეჟიმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას შავ-თეთრი ფილმები კარგად ახსოვს.
„თქვენ გინდათ, რომ ჩემი ფორმატიდან ამომაგდოთ და სხვა ფორმატში გადამიყვაოთ, მაგრამ ჩემი პასუხი მშვიდი იქნება. ცოტა თვითკრიტიკაც გქონდეთ. თქვენს დროს ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ და ნულოვანი ტოლერანტობაც გაიხსენეთ. მოგიწოდებდით, რომ თქვენს წარსულზე თამამად ისაუბროთ. თქვენს დროს პროგრესიც იყო, მაგრამ უარყოფითი ასპქეტები იყო, როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდით. ღრმად ფესვებგადგმული ავტორიტარული სისტემა გქონდათ. ამის გაანალიზებისკენ მოგიწოდებთ. იდეალურიები არ ვართ, მაგრამ ტენდენცია, რომ დადებითია, ამაზე კითხვის ნიშანი არ არის“, - მიმართა ნაციონალებს კვირიკაშვილმა, რომლის გამოსვლაც ავტორიტარულ რეჟიმთან დაკავშირებით ირმა ნადირაშვილმა გააკრიტიკა და ოპოზიციონერი მთავრობის წევრების შერჩევის სპეციფიკით დაინტერესდა.
ნადირაშვილის თქმით, მთავრობაში მინისტრების დაწინაურება იმის მიხედვით ხდება, მათ რა დამსახურებები აქვთ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.
„ამ მთავრობას შეგვიძლია, „ბანკი ქართუს“ მთავრობა დავარქვათ. თქვენ „ქართუს“ პრეზიდენტი იყავით, თქვენი მოადგილე ქუმსიშვილი იყო, ხოლო ხაბაძე აჭარის ფილიალის მმართველი. მთავრობაში მინისტრების დაწინაურება იმის მიხედვით ხდება, მათ რა დამსახურებები აქვთ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ასევე მისი დაცვის ორი წევრი ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობენ, ხოლო სერგეენკო მისი პირადი ექიმი იყო. გასაგებია, რომ ივანიშვილი კადრებს ასე არჩევს, რაც ქვეყანასაც ეტყობა, რადგან „ბანკი ქართუს“ მოგება გაიზარდა, ქვეყანა კი, გაღარიბდა. გასაგებია, რომ მთელი მთავრობა „ქართუ ბანკის“ წარმატებაზე მუშაობს და არა ქვეყნის, მაგრამ მაინტერესებს, ხმას ამოიღებთ თუ არა მაშინ, როცა ივანიშვილი მინისტრობის ახალ კანდიდატებს შემოგთავაზებთ?! მთავრობაში ცვლილებების განხორციელებას რა კრიტერიუმებით აპირებთ? როცა ავტრორიტარულ მმართველობაზე საუბრობთ, თქვენი წინამორბედი გაიხსენეთ, რომელიც დილის 7 საათზე დაიბარეს და მან არც კი იცოდა, რომ უკვე სახლში იყო წასული და მას გამოსამშვიდობებელი სიტყვის 16 დუბლის ჩაწერა მოუხდა“, - მიმართა კვირიკაშვილს ნადირაშვილმა.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არის, თუმცა, ივანიშვილი პოლიტიკურად გავლენიანი ფიგურაა.
„ბატონ ბიძინას, პოლიტიკური გავლენა რისთვის სჭირდება? არც მისი ადვოკატი ვარ და არც დამცველი, მაგრამ ის პოლიტიკაში შემოვიდა და თავისი ნებით წავიდა. მას ამ ქვეყანაში სიმდიდრე არ მოუხვეჭავს, მან არაერთი მილიარდობით ლარი თუ დოლარი დახარჯა, რომ არაერთი ადამიანის თუ კულტურული ძეგლების მდგომარება გამოესწორებინა“, - დასძინა კვირიკაშვილმა, რომელსაც ეკა ხერხეულიძემ საყდრისის აფეთქებული ძეგლის ისტორია შეახსენა.
კვირიკაშვილმა არც ხერხეულიძის კრიტიკა გაითვალისწინა და არც ნადირაშვილის, საკუთარ წარსულს თვალი გადაავლო და აღნიშნა, რომ მას საბანკო სისტემაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.
„არ ვიცი, ვინ შეიძლება ჩათვალოს, რომ „ქართუ ბანკში“ მუშაობის გამო მთავრობაში მოვედი. ამერიკაში განათლება მიღებული მაქვს და ორი უნივერსიტეტი დამთავრბული მაქვს. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ვერ უარყოფთ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია“, - დასძინა კვირიკაშვილმა, რომლის უკან ხერხეულიძე ივანიშვილის აჩრდილს ხედავს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კვირიკაშვილმა 2016 წლის არჩევნების დემოკრატიული პრინციპებით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ მან 2012 წელს, წინასაარჩევნოდ გაჟღერებული დაპირებები გადაჭარბებულად მიიჩნია.
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს პოლიტიკური დებატების ფორმატში იმსჯელებს, თუმცა, ოპოზიცია მის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა, სამთავრობო პროგრამაში ახალი არაფერი არ არის და მისი გუნდი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.
„მთავრობას ცაიტნოტის რეჟიმში ვიხილავთ. მინისტრობის კანდიდატებს სამი-ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ ფორმატში მოვუსმინეთ, რაც ფორმალური ხასიათისაა. ფაქტიურად, მინისტრები არაფორმალური მმართველის მიერ ისევ დანიშნულია“, - დასძინა შავგულიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, მთავრობას მხარს არ უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. for.ge-სთან საუბარში გივი თარგამაძე ამბობს, რომ მთავრობა პროცესს ისე წარმოაჩენს, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მთავრობისგან ახალს და კარგას არაფერს ელოდება.
„კვირიკაშვილი წინამორბედისგან განსხვავებით, ზღვარგადასულ რაღაცეებს არ იძახის“, - დასძინა თარგამაძემ.
მთავრობას ნდობის გამოცხადებისთვის 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.