პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანონოს დასამტკიცებლად მთავრობის სრულ შემადგენლობას უცვლელად წარუდგენს. გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მისივე მოადგილის მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურა წარადგინა. თუმცა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას.
„პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ეფექტური და ძლიერი მთავრობის აუცილებლობაზე საუბარობს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ ახალი პრემიერი ეფექტურად და წარმატებით გაართმევს თავს ურთულეს ამოცანებს.
„საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა. არსებულ პოლიტიკურ გუნდში მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას მყისიერად, ასევე როგორც კი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარმოადგინეს, მაშინვე დავუჭირე მხარი მყისიერად. იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს ურთულეს ამოცანებს თავს. გიორგი კვირიკაშვილთან ბევრჯერ ვარ შენახვედრი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მაშ ასე, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობაში ცვლილებები იქნება, თუმცა ეს არ იქნება მასშტაბური. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო კარუსელს გაზაფხულზე დაატრიალებს, შესაბამისად, კვირიკაშვილის მთავრობაში არ მოხვდებიან – განათლების, ფინანსთა, გარემოს დაცვის, შერიგების და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები.
თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემრულებელი, თინა ხიდაშელი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება.
„ვფიქრობ, რომ ეს არის გიორგი კვირიკაშვილის პრივილეგია. ეს ცვლილებები მისგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ. დიახ, მე ნამდვილად ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება. ჩვენ ყველანი ამის საქმის კურსში ვართ“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები. როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, შექმნილი ვითარება სახარბიელო ნამდვილად არ არის კოალიციისთვის, რადგან მხარადმჭერთა საკმაოდ დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია ხელისუფლების ქმედებებით. შესაბამისად, ძაბირაძე თვლის, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ პრემიერ–მინისტრის ცვლილება საკმარისი არ არის.
„მოლოდინები იყო დიდი, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. ერთია, რა იყო გამომწვევი მიზეზი, მეორეა რეალობა. რეალობა კი, ასეთია – „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისეთი ენთუზიზმით არ არის განწყობილი, როგორც ეს იყო თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების დროს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად სჭირდება ახალი იმიჯის შექმნა, რათა არჩევნებში მიაღწიოს წარმატებას, რაც ძალიან რთული იქნება.
ბუნებრივია, რომ მარტო პრემიერის შეცვლა საკმარისი არ იქნება. მოსახლეობისთვის აუცილებელია ცვლილებები მთავრობაში. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ იმისათვის, რომ ამომრჩეველი შემოტრიალდეს კოალიციის მხარეს, ცვლილილება აუცილებელია. ბევრი პრობლემის გადაჭრა მოუწევს ხელისუფლებას“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ახალი პრემიერ–მინისტრის თავისუფლების ხარისხის შემოწმება, ვიდრე რაიმე კომენტარი კონკრეტული თანამდებობის პირის შესახებ.
„კარგი იქნებოდა საკადრო საკითხების შესახებ იმ ადამიანისგან გვცოდნოდა მიდგომები, რომელიც თავად განაგებს ჩვენს ქვეყანაში საკადრო პოლიტიკას. ჩემთვის საინტერესო იქნება ნებისმიერი ცვლილება, რადგან შესაძლოა, მარტივად გავაკეთოთ დასკვნა, თავისუფლების იგივე ხარისხი ექნება ახალ პრემიერს, როგორც მის წინამორბედს, თუ რაიმე ისეთი დამოუკიდებელი ნაბიჯი იქნება მისგან, რომელიც განასხვავებდა კვირიკაშვილს ღარიბაშვილისგან.
ერთადერთი, ვინც ამას განსაზღვრავს, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ნებისმიერი ასეთი ცვლილების შესახებ პირდაპი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ახალი პრემიერ–მინისტრის თავისუფლების ხარისხის შემოწმება“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
სამთავრობი ცვლილებების პარალელურად, საკადრო ცვლილებები შეეხებათ სახელმწიფო რწმუნებულებს. გავრცელებული ინფორმაციით, გაზაფხულზე თანამდებობას თითქმის ყველა გუბერნატორი დატოვებს. ექსპერტები თვლიან, რომ იმ რეგიონში სადაც ნიჰილიზმია ხელისუფლების მიმართ, სწორი იქნება ასეთი რწმუნებულის შეცვლა.
ამასთან, სულ უფრო აქტუალური ხდება ინფორმაცია თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის შესახებ. როგორც სახელისუფლებო კულუარებში აცხადებენ, თბილისელებისა და ხელისუფლების უკამყოფილების ფონზე, დავით ნარმანია თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს და თბილისის მერის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ჩარდება.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე ნარმანიას გადადგომა საკმაოდ სახიფათო იქნება, რაც შესაძლოა არასაურველი შედეგით დასრულდეს.
„ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ არჩევნებამდე მერის ცვლილება არ უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ ეს შესაძლოა, ძალიან არასასურველი შედეგით დასრულდეს. იცით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ თბილისში არ სჭირდება სიტუაციის და პიროვნებების შეცვლა, ეს სჭირდება მთლიანად საქართველოს მასშტაბით. არ მგონია, რომ ნარმანიას შეცვლამ და რიგგარეშე არჩევნებმა საპარლამენტო არჩევნებისთვის პოზიტიურად იმოქმედოს. იმ შემთხვევაში, თუკი მერის და პარლამენტის არჩევნები ერთმანეთს დაემთხვევა, ეს უკვე სხვა საკითხია. თუ ნარმანიას გადადგომაზე არის ლაპარაკი, უფრო გამართლებული მგონია, რომ ეს გაზაფხულზე მოხდეს. ნამდვილად დასაშვებად მივიჩნევ ასეთ ვარიანტს, რომ ერთდროულად დაინიშნოს ქალაქის მერის და საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
თბილისის მერის გადადგომას არ ელოდება სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ნარმანია კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მონური ერთგულება არ გამოუხატავს ძველი თბილისის განახლების პროექტთან დაკავშირებით.
„პირველმა, ვინც ნარმანიას წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა, ეს ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ამ ადამიანს მხოლოდ ხეების დარგვა სურდა, ბევრი ადგილ–მამული მაქვს, მივცემდი ხეების დარგვის საშუალებასო. ასეთი განცხადება მოჰყვა ნარმანიას ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი თბილისის განახლების პროექტთან დაკავშირებით შეადგენს პროფესიონალთა ჯგუფს, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან საკუთარი ხედვა გამოთქვან ამ პროექტის შესახებ. აი, ეს არ აპატიეს მას, მერის ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაულოცეს.
ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ საკუთარი არჩეული კადრების თოჯინებივით თამაშის გარდა, გასართობი არაფერი აქვს ბატონ ივანიშვილს. ეს მას ხელეწიფება, სიამოვნებს. ნაცვლად პროფესიული კადრების მოძიებისა, მთავარია ახლად დანიშნულ კადრს, პირადი ნდობა ჰქოდეს ჩვენს კადრებთუხუცესისგან და რაც მთავარია, მისი ბიოგრაფია დაკავშირებული უნდა იყოს რომელიმე იმ ობიექტთან, რომლის მფლობელი არის ივანიშვილი“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.