„ღარიბაშვილის გადადგომით მოხდა ოპოზიციის განცხადებების დადასტურება“

„ღარიბაშვილის გადადგომით მოხდა ოპოზიციის განცხადებების დადასტურება“

„თუ არ შეიცვალა გადაწყვეტილების მიღების და პოლიტიკის წარმოების პროცესი, არ მგონია, რომ მმართველ კოალიციას არჩევნებზე რაიმე სერიოზული წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ერთგვარი კომპრომისული ფიგურაა, რომლის მიმართაც ხელისუფლების ოპონეტებსაც არ აქვთ დიდი წინააღმდეგობა.

რამდენად მიეცემა კვირიკაშვილს თავისუფლად მოქმედების საშულება და შეეცდება თუ არა შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ეკონომიკური კრიზისი, კლანური მმართველობა დაქართული ოცნებისდაბალი რეიტინგი, ფიქრობთ, რომ ეს არის საკითხები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი გახდა?

ზაალ ანჯაფარიძე: ალბათ, სხვადასხვა დოზით შეიძლება მოვიაზროთ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტორი, მაგრამ წამყვანი, ალბათ, არის ის, რომ ღარიბაშვილის მუშაობით კმაყოფილი არ იყო მმართველი კოალიცია. ვერ დადგა ის შედეგები, რისი მოლიდინიც იყო. შედეგები კი, მოგეხსენებათ, რომ არც თუ ისე სახარბიელოა. გარდა ლარის კურსის ვარდნისა, რაშიც სხვა ფაქტორების გარდა, წვლილი მიუძღვის მთავრობის არასათანადო მუშაობასაც. ამას დავუმატოთ ის გახმაურებული სკანდალები, რომელიც უკავშირდებოდა პრემიების და დანამატების საკითხს, რამაც საზოგადოებაში სერიოზული პროტესტი გამოიწვია და ამ პროტესტის ნეგატიური კვალი დღემდე მოჰყვება ხელისუფლებას.

იგივე ნეპოტიზმი და რაც მთავარია, სიტყვიერ დაპირებებს და რიტორიკას ვერ გასცდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, გახდა საფუძველი იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის კარებისკენ მიეთითებინათ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად საერთაშორისო ფაქტორებმაც იქონია გავლენა. მართალია, ჩვენ მივიღეთ ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმი, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ვერ გახდა სანდო და მისაღები პარტნიორი.

ყველა თანხმდება, რომ მას, როგორც პრემიერს ჰქონდა წარმატება, მაგრამ ვერ გახდა სანდო და მისაღები პარტნიორი. რატომ, რა უშლიდა ამ ყველაფერში ღარიბაშვილს ხელს?

- ლიდერი რომ იყო, უნდა გაგაჩნდეს ლიდერის თვისებები, შეგეძლოს შენს ირგვლივ ეფექტური გუნდის ფორმირება. შეძლო ღარიბაშვილმა მის ირგვლივ ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება? - ვერ შეძლო. იგივე მისი განცხადებები, ერთის მხრივ ევროპისკენ სწრაფვაზე, მეორეს მხრივ რუსეთთან ურთიერთობის სწრაფვაზე. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს განცხადებები ევროპის და აშშ-ის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ორ სკამზე ჯდომის მცედელობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ჩანს, ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა არა წამყვანი.

მაინც მგონია, რომ გადადგომის მიზეზი იყო შიდა პოლიტიკური პროცესები, რამაც განაპირობა კოალიციის რეიტინგის დაცემა და რაც საკმაოდ საგრძნობი დარტყმა აღმოჩნდა კოალიციისთვის. მართალია ამბობენ, რომ NDI-ის სოციოლოგიურ გამოკითხვებს არ ენდობიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ შიდა მოხმარებისთვის ძალიან კარგადაც ითვალისწინებენ სოციოლოგიური გამოკითხვებს შედეგებს. შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოების განწყობა სახეზეა და ეს ხელისუფლებისთვის და კოალიციისთვის არასასურველია.

რამდენად გამოიწვევს ღარიბაშვილის წასვლა საზოგადოების ნდობის შემოტრალებას კოალიციის სასარგებლოდ?

- რთული სათქმელია. იცით, ამ დღეები არაერთხელ მკითხეს ეს ცვლილება ხომ არ უკავშირდება წინასაარჩევნო მზადებას, რა თქმა უნდა, ესეც არის. წინასაარჩევნოდ გადაიდგა ასეთი ტაქტიკური ნაბიჯი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ხომ არის იმის დემონსტრირება, რომ ხელისუფლება არის სუსტი?! როგორც ჩანს, მართალი იყვნენ ხელისუფლების ოპონენტები, როდესაც ამბობდნენ, რომ უნიათო მთავრობა გვყავსო.

ფაქტობრივად, ღარიბაშვილის გადადგომით მოხდა ოპოზიციის განცხადებების დადასტურება. ასე ვთქვათ, მთავრობამ განაცხადა: კი, გვყავდა სუსტი პრემიერ-მინიტრი, მაგრამ ახლა ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბაროთ, ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდანო. როგორც ჩანს, ამ განწყობის გაღვივებაზეა საუბარი.

და შეძლებს კოალიცია ახალი ფურცლით საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენას?

- გიორგი კვირიკაშვილი ერთგვარი კომპრომისიული ფიგურაა, რომლის მიმართაც ხელისუფლების ოპონეტებსაც არ აქვთ დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მისცემენ მას თავისუფლად მოქმედების საშულებას, რამდენად ეფექტური იქნება და შეეცდება შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, რომელიც ძალიან ცუდი იყო წინა პრემიერის დროს. ვერც ერთი მინისტრი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას და თვითონ პრემიერ-მინისტრიც არ იყო ბოლომდე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისუფალი, რაც აფერხებდა მთელ რიგ პროცესებს.

თუ ეს პრობლემა პრობლემად დარჩა, მაშინ სახელების შეცვლით სიტუაცია არ გამოსწორდება. თუმცა, მიჭირს იმის თქმა, არჩევნებამდე დარჩენილ 11 თვეში რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ისეთი განსაკუთრებული, რომ რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია. გარკვეულ სფეროებში შესაძლებელია ჯერ კიდევ გარკვეული პოზიტივის ჩვენება, რომ ამომრჩეველი მობრუნდეს „ქართული ოცნებისკენ“ - ყველა არა, მაგრამ მისი ნაწილი მაინც.

ამ პროცესში საინტერესოა ღარიბაშვილის პოლიტიკური მომავალი. ფიქრობთ, რომ იქნება სიის პირველი ნოემრი? მაგალითად ლევან ბერძენიშვილს ვერ წარმოუდგენია ღარიბაშილი სიის პირველ ნომრად...

- ირაკლი ღარიბაშვილის გამოსამშვიდობებელ სიტყვას რომ ვუსმენდი, მენიშნა - როდესაც მან თქვა, რომ მიდის, მაგრამ არაფერი უთქვამს სად გააგრძელებს მოღვაწეობას. მას არ უთქვამს, რომ რჩება პარტიაში. ვეთანხმები ლევან ბერძენიშვილს იმ კუთხით რატომ უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი ასეთი ადამიანის სიის პირველ ნომრად დაყენება, როცა ტრადიციულად, საარჩევნო პოლიტ-ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სიის პირველი ნომერი გამწევი ლოკომოტივია მთელი საარჩევნო სიის.

შესაბამისად, სიის პირველი ნომერი საზოგადოებაში უნდა ასოცირდებოდეს წარმატებასთან და ყველაფერ პოზიტივთან. ღარიბაშვილი ნამდვილად არ ასოცირდება ასეთად საზოგადოების თვალში. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს „ქართული ოცნება“ თუ დასახელებული იქნება სიის პირველ ნომრად. არ მგონია, რომ ასე იყოს. შეიძლება მოხვდეს საპარლამენტო სიაში, მაგრამ რაც შეეხება სიის პირველ ნომრად მის დასახელებას, პირადად ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

როდესაც ვსაუბრობთ მთავრობის არაეფქტურობაზე და დაბალ რეიტინგზე, ეს არ უნდა გახდეს მინისტრთა კაბინეტის გადახალისების მიზეზი?

- თავისთავად, სახელების და გვარების შეცვლა არაფერს მოიტანს, თუ არ შეიცვალა მანკიერი პოლიტიკა და არ გაჩნდა გაუმჯობესების ნიშნები. კი ბატონო, ხადურის მაგივრად მოვა სხვა, მაგრამ თუ არ შეცვალა ის ფისკალური პოლიტიკა, რასაც ფინანსთა სამინისტრო ატარებდა, თუ არ შეცვალა დაგეგმარების ის პოლიტიკა, რომელიც ყველა ექსპერტის მიერ მიჩნეული იქნა არასწორად, მაშინ რა მნიშვნელობა ექნება საკადრო ცვლილებას? მე მგონია, რომ არავითარი.

ველოდები, რომ შეიძლება მთავრობაში 1-2 მინისტრი შეიცვალოს, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში იყო კითხვები და სამართლიანი კითხვებიც, მაგრამ ისევ და ისევ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საზოგადოება დღეს უკვე სხვა არის. ეს არ არის ის საზოგადოება, რომელიც ადრე იყო - მარტო სახელების და გვარების ცვლას ვერ აღიქვამს ისე, როგორც ხელისუფლებას შეიძლება უნდოდეს, რომ აღიქვას. საზოგადოება მოელის კონკრეტულ პოზიტიურ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ახალ მინისტრებად შერჩეული იქნებიან ისეთი კადრები, რომელთაც მიეცემათ მეტი მოქმედების თავისუფლება.

ფიქრობთ, რომ მოქმედების თავისუფლება იქნება, ანუ ერთპიროვნული მმართველობიდან გამოვა ქვეყანა?

- სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია იმიტომ, რომ თუ ეს ვერ გააცნობიერეს მმართველ კოალიციაში, თუ გადაწყვეტილების მიღების და პოლიტიკის წარმოების პროცესი არ შეიცვალა, არ მგონია, რომ მმართველ კოალიციას არჩევნებზე რაიმე სერიოზული წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს.