ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს არ ასახელებს, პოლიტიკურ გეგმებზე არ საუბრობს და დასვენებას გეგმავს, მისი მემკვიდრე გიორგი კვირიკაშვილი კი, „დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულების“ პირობას დებს.
საზოგადოების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლის მოტივებზე კითხვები მმართველ გუნდშიც აქვთ, მაგრამ მედიის მსგავსად, ყოფილი პრემიერისგან პასუხები მათაც ვერ მიიღეს.
პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილს პოსტიდან წასვლის მიზეზების დასახელება for.ge-მ სთხოვა, თუმცა ამაოდ. უმრავლესობის დახურულ სხდომაზე კი, რომელიც დაახლოებთ 40 წუთი გაგრძელდა, ყოფილ პრემიერს კითხვებით ზაქარია ქუცნაშვილმა მიმართა. წყაროს ცნობით, ქუცნაშვილმა ღარიბაშვილს ჰკითხა - „იქნებ გვითხრათ, თანამდებობიდან რატომ მიდიხართ? შესაბამის კითხვებს მედიის წარმომადგენლები გვისვამენ და ეს საზოგადოებასაც აინტერესებს“.
ამას გარდა, ქუცნაშვილმა გამოსვლისას ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ღარიბაშვილი პოსტს მაშინ ტოვებს, როცა ქვეყანამ 25 წლიანი სურვილი აისრულა და ამჟამად, უვიზო მიმოსვლის მოლოდინშია.
როგორც წყარო ამბობს, ქუცნაშვილის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა - „იქნებ, ყოფილი პრემიერის იმ საჯარო განცხადებით შემოვიფარგლოთ, რომელიც მან გააკეთა“.
უსუფაშვილის ამ მოწოდების შემდეგ, ღარიბაშვილმა უმრავლესობის სხდომაზე, საკუთარი გადაწყვეტილების მოტივად მხოლოდ ესღა თქვა: „ახლა ეს ჩემთვის და თქვენთვის უმჯობესია“.
რას გულისხმობდა ყოფილი პრემიერი „ჩემთვის ასე ჯობია“, ეს მედიის წარმომადგენლებისთვისაც უცნობი დარჩა, რადგან მან საკუთარ მოტივებზე და გეგმებზე ბევრი არ ისაუბრა. უფრო სწორად, მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემაც არ მისცა.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც გამოსვლისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან პოსტიდან წასვლის მიზეზები საჯარო გამოსვლის დროს მკაფიოდ დააკონკრეტა, for.ge-მ მას შეახსენა, რომ მისი გამოსვლაში წასვლის მიზეზი არ ჩანდა.
ყოფილ პრემიერს კითხვით მივმართეთ - „მას უმრავლესობის წევრები წარმატებულ პრემიერად მიიჩნევენ და შესაბამისად, რამდენად ლოგიკურია, წარმატებული ადამიანის პოლიტიკიდან წასვლა?“.
ირაკლი ღარიბაშვილმა გვიპასუხა, რომ ცხოვრებაში მისი პრინციპი იყო - იქედან გამარჯვებული გასულიყო, სადაც მოღვაწეობდა და მუშაობდა.
„ვფიქრობ, რომ სწორი დრო შევარჩიე. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, - დასძინა ღარიბაშვილმა, რომელსაც დავით უსუფაშვილმა საშუალება აღარ მისცა, მედიის მიერ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე - „ტოვებს თუ არა პარტიის თავმჯდომარის პოსტს“ ყოფილ პრემიერს პასუხი გაეცა.
ღარიბაშვილი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მიმიკებით ცდილობდა, რაც შეიძლება აღქმული იყოს როგორც - კი და როგორც - არა.
მაშინ, როდესაც მედია ღარიბაშვილისგან პასუხს დაჟინებით ითხოვდა, დავით უსუფაშვილი გამოვიდა და თქვა: „სტუმრებს პარლამენტი მასპინძლობს, ამიტომ თუ შეიძლება, ორი სიტყვის თქმის უფლება მოგვეცით“.
მედიამ უსუფაშვილს სიტყვის თქმის უფლება მისცა და მან „მიმავალ“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მის მემკვიდრეს, გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვა.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობაში განხორციელუბული ცვლილება ქვეყნის ინტერესებს და საქმის წინ წაწევას ემსახურება.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ქვეყნის ინტერესებში“ რა იგულისხმა, ეს გაურკვეველი რჩება, მაგრამ მისი განცხადება წინააღმდეგობაში უმრავლესობის იმ წევრებთან მოდის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო.
თუკი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, მაშინ ქვეყნის წინ წაწევა გიორგი კვირიკაშვილს, რატომ დაავალეს? - ბევრი ისეთი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხები არათუ მედიას, არამედ თავად მმართველ გუნდს არ გააჩნია და ისინი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლაბირინთის გაშიფვრას ცდილობენ.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ირწმუნება, რომ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი და დრამატული ცვლილებები არ იქნება და შესაძლოა, სამთავრობო გუნდში, რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს.
ვინაიდან, პარლამენტი სამთავრობო გუნდზე მსჯელობას 28-29 დეკემბერს გეგმავს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღება შაბათ-კვირას მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობაში პირდაპირ იმ მინისტრებს ვერ ასახელებენ, რომელთაც პოსტების დატოვება მოუწევთ. თუმცა, for.ge-ს წყაროს ცნობით, თუკი ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლა მის გარემოცვას უკავშირდება, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური წმენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოშიც წავა, რომლის ხელმძღვანელი პირები არიან: ალექსანდრე ჭიკაიძე და მინდია ჯანელიძე.