„ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება!“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშვნას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მურუსიძე მოსამართლის მანტიით აღჭურვა. 14 წევრიდან მურუსიძეს ხმა მხოლოდ 10 წევრმა დაუჭირა და მათ შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული საბჭოს არამოსამართლე წევრები - ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თორდია.
ლევან მურუსიძის სასარგებლო არჩევანი გააკეთეს საბჭოს მოსამართლე წევრებმა: თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ილონა თოდუამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ და ლევან თევზაძემ. ავადმყოფობის გამო კენჭისყრას ვერ დაესწრო იუსტიციის საბჭოს წევრი, გოჩა მამულაშვილი. ხოლო, ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც პრეზიდენტის მიერ დასახელებული წევრია საბჭოში, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.
ლევან მურუსიძის არჩევა სამოქალაქო სექტორის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეს ადამიანი მიიღებს საქართველოს სახელით, საბჭოს ათივე წევრი გაიზიარებს პასუხისმგებლობას.
„იუსტიციის საბჭოში ჩვენ გვყავს 10 ლევან მურუსიძე და ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის და ყველა იმ დანარჩენი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც მიღებული აქვს ლევან მურუსიძეს და რომელსაც მიიღებს. ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეს ადამიანი მიიღებს საქართველოს სახელით, საბჭოს ათივე წევრი გაიზიარებს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დანიშვნას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. როგორც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნა, სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის“, - განაცხადა პრეზიდეტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მას სურს საზოგადოებას უთხრას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა.
„სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ლევან მურუსიძის თქმით, კონსტიტუციაში გათვალისწინებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი უნდა შესრულდეს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად, ცხოვრებაში.
„როდესაც 2013 წელს მე ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინაც პრეზიდენტს ასევე ძალზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, თუმცა არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.
ჩემი მოწოდება არის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. კონსტიტუციაში გათვალისწინებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი შესრულდეს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად, ცხოვრებაში“, - აღნიიშნა ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ალანიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს განცხადებების გაკეთების გარდა, იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში ჩარევის სხვა ბერკეტი არ აქვს. ალანიას განმარტებით, პრეზიდენტი თავისუფალია, გააკეთოს განცხადებები, თუმცა, ამბობს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით ევალება, ხელისფულების გადანაწილების პრინციპს უკეთესად იცნობდეს.
„არც პრეზიდენტს, არც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვგულიხსმობ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერმინისტრს, არ აქვთ უფლება, გაკეთონ განცხადებები და ჩაერიონ სასამართლო ხელისუფლების გადაწტვეტილებებში. მახსოვს თითოეული მათგანის განცხადება. როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ საუბრობდნენ იმაზე, რომ სასამართლოს წინაღმდეგ გაკეთებული განცხადებები ურტყამდა დემოკრატიის მთავარ ღირებულებებს. გამკვირვებია, დღეს ისინი რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს? არ ვიცი, პრეზიდენტი რა ბერკეტზე საუბრობს, მაგრამ ერთადერთი, რაც მას შეუძლია არის ის, რომ განცხადებები გააკეთოს. ის პირი, ვინც პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში წარმოადგინა ერთი ხმით სარგებლობს და თუ მათ დღემდე პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ ეს მათი გასარკვევია“, - აღნიშნა თამარ ალანიამ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. პარლამენტის წევრი ეკა ბესელია თვლის, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება. ბესელია კატეგორიულად აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური ჩარევა ამ საკითხში არ ყოფილა.
„გულწრფელად გეტყვით ჩემს პოზიციას და ჩემს აზრს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ჩაერეოდა და არ ჩარეულა ამ პროცესში და იუსტიციის საბჭომ თავად მიიღო ეს, ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან ამ პროცესში არავინ ჩარეულა.
იმიტომაც ვთქვით უარი, რომ იუსტიციის საბჭოში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი პოლიტიკოსი, რათა მათ დამოუკიდებლად მიეღოთ ეს გადაწყვეტილებები. თუ გავითვალისწინებთ წინა ისტორიებს, საზოგადოების განწყობას, ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ საქმეს, სანდრო გირგვლიანის საქმეს, ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მურუსიძის მოსამართლედ არჩევა მიუღებელია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისვის. „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მურუსიძის არჩევის შემდეგ, ისღა დარჩენია „ქართულ ოცნებას“ ადეიშვილი ჩამოიყვანოს და ჩააბაროს სამართალწარმოების ბედი. მისი განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია მთელი საზოგადოებისთვის.
„ის გადაწყვეტილება, რაც გამოცხადდა მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ეს არის შეურაცხმყოფელი მთელი საზოგადოებისთვის და ჩემთვის პირადად. სწორედ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ პროკურატურა და სასამართლო იყოს იგივე პრინციპებით მართული, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა.
„ქართული ოცნებას“ უნდა შოთაძის პროკურატურა და მურუსიძის სასამართლო. ისღა დარჩენიათ მათ ადეიშვილი ჩამოიყვანონ და ჩააბარონ იუსტიციის და მთელი სამართალწარმოების ბედი. ეს სირცხვილია და ამას სერიოზული რეაქცია მოყვება ქართული საზოგადოებისგან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით ჯანდიერის განცხადებით, დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ უსამართლობის მანტია მოისხა. როგორც ჯანდიერი ამბობს, მურუსიძის სამართლით ქართული საზოგადოება ვერ იცხოვრებს.
„დღეს საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის დაშორება უფრო გაღრმავდა. ლევან მურუსიძის დანიშვნა ამ თანამდებობაზე ადასუტრებს, რომ სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებას ნდობა ვეღარ ექნება. ქართველმა ხალხმა უარი უთხრა წინა ხელისუფლებას იმის გამო, რომ სამართალიანობის მიმართ ჰქონდა პრეტენზია. დღეს უსამართლობის მანტია მოისხა მოქმედმა ხელისუფლებამ, რომელიც არათუ არ იწყებს სასამართლოს რეალურ რეფორმას, არამედ წარსულის მავნე ტრადიციებს აგრძელებს“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ამასთან, როგორც ჯანდიერი აცხადებს, დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, უყოყმანოდ დატოვებდა თანამდებობას.
„სირცხვილი პარლამენტის უმრავლესობის მიერ საბჭოში მივლენილ ყველა იმ წევრს, ვინც დღევანდელი გადაწყვეტილება გააფორმა და ხმა მისცა ლევან მურუსძის დანიშვნას. ყოველი ახალი ხელისუფლება, რომელიც ზედაპირულად უყურებს სამართლის უზენაესობის საკითხს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას“, - აღნიშნა დავით ჯანდიერმა.