გაურკვევლობა, ვერსიები და მოლოდინები

გაურკვევლობა, ვერსიები და მოლოდინები

პრემიერის გადადგომასა და სამთავრობო პორტფელების ცვლას ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებენ. ანლიტიკოსებს მიჩნიათ, რომ ყოფილმა პრემიერმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და ახლა წინასაარჩევნოდ პოზიციების გამყარებას ახალი პოლიტიკური გუნდით შეეცდება.

ექსპერტთა ნაწილი ივანიშვილის გათვლებს მის პოლიტიკაში დაბრუნებას უკავშირებს. სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე უმრავლესობამ პრეზიდენტს სწორედ ივანიშვილის კანდიდატურა წარუდგინოს.

სხვათა შორის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირის - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას აქტიურად აშუქებს მსოფლიო მედია. სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე „ქართული ოცნების“ პოპულარობა შემცირდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა კი გაიზარდა.

უკვე კარგა ხანია, ცალკეული პოლიტოლოგები შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიიჩნევენ. ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამ რამდენიმე ხნის წინ აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების მოტივაცია ბევრი იყო. მათ შორის, ივანიშვილი საკუთარი მოსაზრებების რეალიზებას უკვე საკუთარ გუნდშიც კი ვერ ახდენდა, რასაც შესაძლოა, ყოფილი პრემიერი იძულებული გაეხადა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, „ქართული ოცნების“ ავტორიტეტმა ქვეყანაში იკლო. ამიტომ აუცილებელი იყო ძლიერი პოლიტიკური გუნდის შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი არც თავის დროზე ყოფილა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მას გარემოებებმა უბიძგეს, საინტერესოა, დღეს არის თუ არა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებლად ვითარება შექმნილი?

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მზაობას არ ამჟღავნებს, მით უმეტეს - პრემიერის რანგში დაბრუნების სურვილს. თუმცა ისე დინამიურად ვითარდება სიტუაცია, არაფერია გამორიცხული. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდებელ წერილს, რომელიც მან პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის დროს დაწერა და თქვა, რომ კრიტიკული სიტუაციისას ყველაზე უარესი სკეპტიკოსებისთვის კი ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ შესაძლოა, იგი დაბრუნებოდა პოლიტიკას.

„ბიძინა ივანიშვილმა როცა შეაბიჯა პოლიტიკაში, მაშინ სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო, მაშინ ხელისუფლება გახლდათ შესაცვლელი. ახლა ერთადერთი დარჩა, მთავრობის სათავეში დააყენონ ნიჭიერი, ენერგიული მენეჯერი და მას თავისუფლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცენ. ლარის დევალვაცია, ენდიაი-ს კვლევა,-ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში გახდა ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის თუ გაშვების მიზეზი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული პროცესები, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა, ყოფილიყო მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება არ იყო ამაში ჩარეული, მაგრამ საზოგადოების უმეტესობა მაინც მიიჩნევდა, რომ ამა თუ იმ დოზით, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის პროცესების უკან იდგა. თუ ღარიბაშვილი იყო ამაში რამენაირად ჩართული, მას ნამდვილად არ აპატიებდნენ იმას, რომ ეს პოლიტიკური რეპუტაციის დაკარგვად დაუჯდა ხელისუფლებას“,-აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე და მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა შესაძლოა, წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს. თუმცა საეჭვოა, მისმა გადადგომამ „ოცნებას“ რაიმე დივიდენდები შემატოს, რადგან ეს, ფაქტობრივად, გამოდის იმის აღიარება, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უნიათო მთავრობა, რადგან წარმატებული პოლიტიკოსები და მენეჯერები თანამდებობიდან ასე არ მიდიან. პირიქით, მისი გადადგომა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში ნეგატიურ ემოციებს გამოიწვევს და ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ხელისუფლება მართლაც სუსტია და მას არ ჰყავს სათანადო საკადრო რესურსი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ზუსტად იმ დოზით გამოჩნდება, რა დოზითაც დასჭირდება „ქართული ოცნების“ კრიზისიდან გამოსვლას. თუმცა წინასწარ რამის თქმა ძნელია და ეს პროცესთა დინამიკაში გამოჩნდება.

„დღეის მდგომარეობით, ეს თემა აქტუალური არ არის. ამ ბოლო დროს ვინმეს მიბაძვის სენი შეეყარა ღარიბაშვილს. ჯერ მიბაძა პატრიარქს და მასავით ემოციურად გამოვიდა, ახლა ბიძინა ივანიშვილს მიბაძა გადადგომასთან დაკავშირებით. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თემის გააქტიურება დამოკიდებულია იმაზე, რა ტემპერატურაზე ავა პოლიტიკური დაპირისპირება. თუ კრიზისი გაღრმავდება, კრიტიკულ წერტილში შეიძლება თეორიულად მისი დაბრუნება დავუშვათ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ მოელის, რადგან ამის საჭიროება არ დგას. კერძოდ, ქვეყანა კრიზისის მდგომარეობაში არ არის, პირიქით, წარმატების მდგომარეობაშია. მით უმეტეს, ვიზალიბერალიზაციამ, როგორც შედეგმა, პრაქტიკულად, დადებითად გააფორმა მთავრობის სამწლიანი მუშაობა. ამიტომ, თუ ივანიშვილს პრემიერად დაბრუნება უნდოდა, პირველ რიგში, დაბრუნდებოდა იმით, რომ მეტ-ნაკლებად მას დაკავშირებოდა ეს პროცესი. ის უნდა დაბრუნებულიყო ძლიერი კრიზისის შემთხვევაში, ან ძლიერი წარმატების წინ და მას მიეწერებოდა ეს საქმე.

„ის, რომ ივანიშვილს დღეს სიტყვა ეთქმის ხელისუფლებაში, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რადგან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ის არის მმართველი გუნდის დამფუძნებელი, კოალიციის შემქმნელი. თქვენ წარმოიდგინეთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებსაც კი ეთქმით მიმდინარე პერეზიდენტებთან სიტყვა და ხშირად თათბირობენ გადაწყვეტილების მიღების წინ. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და არაფერი არაფორმალური აქ არ არის. ღარიბაშვილი გადადგა, როგორც მთავრობის მეთაური, მთავრობის წარმატების ფონზე და ახლა, რაც უნდათ, მისმა ოპონენტებმა ის ილაპარაკონ. თვითონ პარტია „ქართული ოცნება“ დაულაგებელია, ინსტიტუციურად განუვითარებელია. ადამიანური რესურსები მინიმალური აქვს და საჭიროებს მეტ ჩართულობას. ამიტომ პრემიერი ღარიბაშვილი ამდენ გამოწვევას ვერ გაუძლებდა. მე ვფიქრობ, ეს იყო კარგად შეთანხმებული, დაგეგმილი, გააზრებული პროცესი“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

რაც შეეხება ენდიაი-ს კვლევას და მის გავლენას ღარიბაშვილის გადადგომის საქმეში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ენდიაი-ს კვლევები ირონიზებულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან და არც ერთ ქვეყანაში ერთ-ერთი კვლევითი ჯგუფის შედეგების გამო არ ხდება მთავრობის ცვლილებები. მეტიც, ენდიაი-ს კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს საერთოდ არ უნდა გაემარჯვა არჩევნებში. ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით კი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვიჭირს, ლარმა ბევრად უფრო გაუძლო გარე წნეხებს, ვიდრე ბევრმა ვალუტამ რეგიონში.