სად მიდის, არ ვიცით, რატომ წავიდა პრემიერობიდან, ესეც უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ რიგით მე-11, საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერის შესახებ ძვირის თქმა თვით ნაციონალებსაც ვერ გამოუვიდათ. პერიოდულად ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს, მისი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, ემოციურობას უწუნებდა. თუმცა იყო თუ არა პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა ისეთივე დროული, როგორც მისი მოსვლა პოლიტიკაში?
ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: ჯერ ერთი, მოდით, ტერმინი „გადადგა“ დავივიწყოთ. ღარიბაშვილი გადააყენეს, უფრო სწორად, ურჩიეს, გადამდგარიყო, მაგრამ კორლეონესი არ იყოს, ეს ისეთი წინადადება იყო, რომელზეც უარს ვერავინ იტყოდა. ამ წუთას ვუსმენ ბიუროს სხდომას, გაოცებული ვარ უსუფაშვილით, მე ამ ბიჭს უფრო ჭკვიანად ვიცნობდი, ჭკვიანი ნამდვილად არის, მაგრამ ეტყობა, ამ სამ წელიწადში იმდენად მოსწყდა ჩვენს საზოგადოებას, ყველა დეგენერატი ჰგონია. ახლა ამბობს, არიან ქვეყნები, სადაც თვეები ცხოვრობენ მოვალეობის აღმსრულებლობის რეჟიმში, ჩვენ კი ისე მაგრები ვართ, რომ ერთ კვირაში ყველაფერს გადავწყვეტთო. შე დალოცვილო, განათლებული კაცის სახელი გქონდა და არ იცი, რომ იქ, სადაც თვეობით ვერ თანხმდებიან პრემიერზე, მინისტრებზე, დემოკრატიაა? უცხოეთში არ ხდება ასე, რომ ერთი კაცი იტყვის და ყველანი უკვე გაჭიმულნი არიან სმირნაზე. ეს უკვე სახლობანას თამაშია. პირდაპირ გვითხრან, რომ ღარიბაშვილმა ვერ შეძლო პრემიერობა, არ იყო მზად უცებ შექმნილი საგარეო და საშინაო კრიზისული ფონისთვის, უცებ დაიწყო ეროვნული ვალუტის ვარდნა, ეკონომიკური კრიზისია, ინვესტიციები არ არის. ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ, ელემენტარულად, როცა ორი დღით ადრე გამოდის და მაჟორულ ტონში წარმოაჩენს ყველაფერს, როცა სადღეგრძელოს ჰგავს ღარიბაშვილის გამოსვლა 21 დეკემბერს და უკვე 23-ში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გვეუბნება, მე მივიღე გადადგომის გადაწყვეტილებაო, ასეთი რამ არსად მომხდარა. ასეთი რამ მოვისმინე მხოლოდ ელცინისგან. თავის დროზე ორჯერ გადადგა დე გოლიც, მაგრამ ორჯერვე დაუფარავად თქვა მიზეზი, რატომაც მიდიოდა. მეორე გადადგომისას დე გოლს გამბედაობა ეყო, ეთქვა, „მე თავი მოვაბეზრე ფრანგებს და ფრანგებმა თავი მომაბეზრეს მე, ჩემი კონტრაქტი ფრანგებთან გაწყდა“.
პარალელებზე როცა ვსაუბრობთ, ტალეირანიც, რიჩარდ ნიქსონიც გადადგა. დე გოლის შემთხვევაში კი, სტუდენტური გამოსვლები გახდა დეტონატორი, რამაც საბოლოოდ შეიწირა მისი კარიერა. ღარიბაშვილის შემთხვევაში გადადგომის მიზეზი რომ არ დასახელდა, ეს გიჩენთ შეკითხვებს?
- ღარიბაშვილი გადადგა იმიტომ, რომ საარჩევნო წელი მოდის და კიდევ ერთი უშინაარსო განცხადება გაკეთდა, რომელიც თუთიყუშივით გაიმეორა „ქართული ოცნების“ სამმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომ სჭირდებოდათ ახალი სისხლი, რაც უცებ სამივეს ერთად „გაახსენდა“. სინამდვილეში, ვინც გადაწყვიტა ღარიბაშვილის წასვლა, სწორედ იმან უთხრა, ახალი სისხლიო. გინდ კვირიკაშვილი იყოს, გინდ სერგეენკო, ახალი სისხლი იქნება ეს? რომელი ახალი სისხლი აქვს კვირიკაშვილს, - სამი წელი უკვე ამ მთავრობის წევრია.
იმავე დე გოლს რომ დავესესხოთ, პოლიტიკა ძალიან სერიოზული საქმეა, რომ იგი პოლიტიკოსებს ანდო. შესაბამისად, როგორც წესი, საქართველოშიც მომზადებული ადამიანები არ მოდიან პოლიტიკაში. თქვენ ვერ ხედავთ რესურსს, რომ ახალი სისხლი გადაისხას „ქართულმა ოცნებამ“?
- ახალი სისხლი თუ უნდოდათ, მაშინ უნდა შეეყვანათ ვინმე პარლამენტს გარე ოპოზიციიდან, აკადემიური, საუნივერსიტეტო წრეებიდან. არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები-ლადო პაპავა, მიშა ჯიბუტი, მაგრამ არ უყვართ, ვინც აკრიტიკებს. 200 წლის წინ ნაპოლეონმა პირველი მთავრობა სულ თავისი მოწინააღმდეგეებისგან შეარჩია. შს მინისტრი - ფუშეც კი ნაპოლეონის დაუნდობელი მტერი იყო. სწორედ ეს არის ახალი სისხლი. ღარიბაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მაგ გუნდიდან, უკეთესი შედეგი არ იქნებოდა.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ძნელია, იმაზე დიდი ტვირთის ზიდვა, ვიდრე ადამიანს შეეძლო და ღარიბაშვილიც გადადგა. თუმცა ჩვენს პოლიტიკაში დღემდე არიან ადამიანები, რომლებსაც ტვირთის ზიდვა არ შეუძლიათ და მაინც არ ეშვებიან პოლიტიკას. თუნდაც ნაციონალების დროს სამუდამოდ ჰქონდათ გარანტირებული ხელისუფლება. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ღარიბაშვილს აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა? სხვათა შორის, ბევრს დაწყდა გული, რომ მან პოსტი დატოვა.
- არც არავინ წასულა თავისი ნებით, ჩვენი პოლიტიკიდან არც ერთი მინისტრი, შევარდნაძიდან მოყოლებული, თავისი ნებით არ წასულა.
ამერიკაშიც კი, ამ დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთადერთი პრეზიდენტი ნიქსონი იყო, ვინც უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ გადადგა.
- თავისი ნებით ნიქსონიც არ წასულა. ნიქსონის იმპიჩმენტი უკვე გადაწყვეტილი იყო, ნიქსონს ციხე ელოდა და მოხდა გარიგება, რომ ის გადამდგარიყო და ახალი პრეზიდენტი მას შეიწყალებდა. ფორდმა ნიქსონი შეიწყალა. ნიქსონმა დანაშაულისთვის სასჯელი არ მოიხადა, ამიტომაც იყო, რომ ფორდმა პირველივე არჩევნები წააგო. ამერიკელებმა მას არ აპატიეს ნიქსონის შეწყნარება. რაც შეეხება ტალეირანს, ის გადადგა, რომ მას ციხე ან დახვრეტა ელოდა. გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ ტალეირანი დიდი სიამოვნებით დასთანხმდა ბურბონების პრემიერ-მინისტრობას, მაგრამ 81 წლისა რომ გახდა და ნახა, რომ „ბურბონებმა არც არაფერი ისწავლეს და არც არაფერი დაივიწყეს“, თანაც ასაკში იყო და ავადმყოფობდა, მაშინ პოლიტიკიდან წავიდა. ამიტომ თავისი ნებით გადამდგარ ჩინოვნიკებს შორის მახსენდება მხოლოდ დე გოლი. მეორე გადადგომისას დე გოლმა რეფერენდუმი მოიგო, მაგრამ მოიგო არა ისე, როგორც მიჩვეული იყო (70-80-90 %-ით), არამედ მცირე უპირატესობით (58 %-ით), რაც დე გოლისთვის შეურაცხმყოფელი იყო. არადა, ამ 58%-ზე ჩვენი პოლიტიკოსები ოცნებობენ. დე გოლს მართლა მისტიროდნენ ფრანგები, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ბოლომდე დემოკრატი იყო.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა, კიდევ რისი გაკეთება შეეძლო ღარიბაშვილს ამ პირობებში?
- რა არის, იცით? ღარიბაშვილს ამრეზილად უყურებდა დასავლეთი. არ ვიცი, ეს იყო თუ არა გადადგომის მიზეზი. ხშირად ღარიბაშვილი უტაქტოდ იქცეოდა ოპოზიციის მიმართ. მოღრუბლული ამინდი რომ ყოფილიყო, იტყოდა, ეს ნაციონალების ჩაწყობილიაო. კახურად ხისტი იყო. დედის გინებაზე საჯაროდ არ გადადიოდა, თორემ ხომ გახსოვთ, თავის დროზე ივანიშვილიც აღაფრთოვანა, რა კარგი გინება სცოდნიაო.
მაგრამ სააკაშვილისგანაც გვესმოდა, აი, შევარდნაძის დამყაყებული რეჟიმი, ასლან აბაშიძიძე - აჭარის ფაშა, წურბელები, გაქსუებულები, სააკაშვილი ძალზე უტაქტო იყო, მაგრამ მას დასავლეთი პატიობდა.
- რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს. სააკაშვილი მათი ბიჭი იყო, ივანიშვილს კი დასავლეთში რუსეთის კაცად თვლიდნენ. გარდა ამისა, ისეთი ამპარტავანი ქალი, როგორიცაა ხიდაშელი, ორ წელიწადში დაივიწყებდა „ტკბილ-ტკბილ“ ეპითეტებს, ღარიბაშვილი რომ ამკობდა ჩანაწერების დროს? თუკი არსებობს რაიმე კახური გინება, ღარიბაშვილმა მის მიმართ ყველაფერი გაიხსენა. თინა ხიდაშელის გამწარება ეს არის უსუფაშვილის გამწარება და მთელი „რესპუბლიკური პარტიის“ გამწარება.
და დასავლეთში მიტანილი ენა?
- კი, დასავლეთშიც, რომ ეს რუსული გავლენაა, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის კაცია. არ გახსოვთ, სამი თვის წინ რომ თქვა უსუფაშვილმა, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ივანიშვილის გარეშე ცხოვრებასო. კი, უსუფაშვილი ივანიშვილის გარეშე ყოფნას დიდი სიამოვნებით მიეჩვევა, მაგრამ აბა, ერთი მეჭიაურს ჰკითხეთ, ჰკითხეთ ზვიად ძიძიგურს, „სოციალ-დემოკრატებს“.
ირაკლი ღარიბაშვილი ეკლესიური ადამიანია, მისი ფრაზა-„მარადიული ამქვეყნად არაფერია, გარდა უფლისა და სამშობლოსი“, შემთხვევითი იყო?
- არა, შემთხვევითი არაფერია. არც ის, რომ ყველას გადაუხადა მადლობა, თავის მცირეწლოვან ბავშვებსაც კი, რომლებმაც არც იციან, პრემიერი რა არის, მაგრამ, ვინც გახადა იგი პრემიერად, მას მადლობა არ გადაუხადა. უბრალოდ, ღარიბაშვილმა ივანიშვილი გაიხსენა დროზე მოსვლითა და წასვლით. ასე რომ, თავი დაანებონ ტყუილებს, თითქოსდა, პრემიერი დიდი ხანია, ფიქრობდა გადადგომას და თქვან, რომ ჩვენ დიდი ხანია, ვჩალიჩობდით, რომ ივანიშვილს როგორმე გადაეყენებინა ღარიბაშვილი. ეს უფრო სწორი იქნებოდა ხიდაშელ-უსუფაშვილის და ყველას მხრიდან. იდეალიზირებას ნუ მოვახდენთ, ქართულ პოლიტიკაში არავინ არის ისეთი, რომლისთვისაც მარადიული იყოს მხოლოდ უფალი და სამშობლო. ქართულ პოლიტიკაში, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, სექსუალური მიდრეკილებისა, მარადიულია პირადი კეთილდღეობა, რომ მათ 30 თაობას გაჰყვეს ეს კეთილდღეობა. სამშობლოსა და იდეებისთვის მებრძოლს, სამწუხაროდ, დღეს ვერავის ვხედავ. ვხედავ მხოლოდ კარგ ოპოზიციონრებს, რომლებიც არაკვალიფიციურ, ცინიკოს ჩინოვნიკებად გადაიქცნენ.