პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის იგივე შემადგენლობას, მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე დაეკისრა.
შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, ახლა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და 7 დღის ვადაში პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს. ახალი პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაზე, საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.
არსებული ინფორმაცით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ კვირიკაშვილის მთავრობაში არ მოხვდებიან განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე. რაც შეეხება საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ქვეყნის პირველი დიპლომატი, კვრიკაშვილის პირველი მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე გახდება. რაც შეეხება ნოდარ ხადურს, მას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. ქვეყნის ეკონომიკას კი ეკონომიკური საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია ან „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე ჩაიბარებს.
შეინარჩუნებს თუ არა მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას, ამ საკითხზე არ საუბრობს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნოდარ ხადური, რომლის განცხადებით, უნდა დაველოდოთ კოალიციის პოლიტსაბჭოს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადმონაცვლების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ეკონომიკური საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია.
განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თამარ სანიკიძის განცხადებით, მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრების შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. სანიკიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მინისტრთა განახლებულ კაბინეტში ის განათლების მინისტრად აღარ განიხილება.
„ზოგადად, კანდიდატურებთან დაკავშირებით, როგორც წესი, იმართება ხოლმე კონსულტაცია. ასეთ კონცულტაციებს ადგილი არ ჰქონია. შეტყობინება, რომ პოსტი უნდა დავტოვო, არ მაქვს. ეს ინფორმაცია მედიიდან გავიგე. ალბათ, თქვენ გყავთ ის სანდო წყარო, ვინც გაწვდით ამ ინფორმაციას და მისი სანდოობა წყაროდან უნდა გადაამოწმოთ. ვფიქრობ, რომ ნორმალური და ლოგიკურია, როცა ახალი პრემიერი მოდის და გუნდი კომპლექტდება. მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. ჯერ დავაზუსტოთ, ვინ იქნება პრემიერი, შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრები. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იქნება თანმდევი და არა წინმსწრები“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
„იმის გათვალისწინებით, რომ პირნათელი ვარ ჩემი სამშობლოს და საქმის წინაშე, ძალიან მშვიდად და მართლად ვგრძნობ თავს“, - ასე გამოეხმაურა გელა დუმბაძე მის შესაძლო განთავისუფლებას და აქვე აღნიშნა, რომ ძალიან წუხს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. მინდა ყველას ვუთხრა, შევინარჩუნოთ აბსოლუტური სიმშვიდე, რამდენიმე დღეში გაირკვევა ახალი მინისტრთა კაბინეტი. კანდიდატებს შორის დასახელებულია ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. აბსოლუტურად მისაღებია, ის არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი პროფესიონალი.
ვფიქრობ, იქნება ღირსეული ხალხი, რომლებიც გააგრძელებენ წამოწყებულ რეფორმებს და საქმეს. მე ვერ გეტყვით, ვიქნები თუ არა. შინაგანი გაწონასწორებული გრძნობა მაქვს, რომ ჩემი საქმის, სამშობლოს მიმართ ვარ პირნათელი და მშვიდი“, - განაცხადა გელა დუმბაძემ.
ექსპერტი, გია ხუხაშვილი თვლის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სისტემურად უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გახდა ეფექტური და სისტემური გადაწყვეტილების მიღების უნარიანი, მაშინ ბევრი არაფერი შეიცვლება.
„სისტმუერად რა იცველბა? ხადური, რომ წავიდეს ამით ეკონომიკური რისკები არ გაჩნდება? სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს მთავრობაში ისეთი პიროვნებები, რომლებზეც რაღაცა დგას. საზოგადოება ითხოვს ვიღაცის სისხლს, ამიტომ ერთი-ორი განტევების ვაცი საჭირო. შეიძლება ამით ბევრი არაფერი შეიცვალოს, მაგრამ აგრესია შეიძლება ცოტათი შენელდეს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტის, დემურ გიორხელიძის განცხადებით, სანამ ცნობილი არ იქნება შეხედულებათა სისტემა და ახალი სამოქმედო პოლიტიკა, რომელსაც დაეყრდნობა ახალი პრემიერ-მინისტრი, მანამდე კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ძნელია.
„უნდა ვიცოდეთ გახარია იქნება თუ ბახატაძე, რით მოვლენ, რა უნდა გააკეთონ, რა პერიოდში რა პარამეტრების შედარება შეგვიძლია, დღევანდელი კონსტიტუციური წყობის შემთხვევაში ცალკეულ მინისტრს რისი გაკეთება შეუძლია? მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას და სამთავრობო გადაწყვეტილების დონეზე უკვე სამინისტროები მოქმედებენ და სად არის ეს სამთავრობო შეხედულებათა სისტემა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ?
ვიღაცას არ მოსწონდა ნოდარ ხადური და კარგი, შეიცვლება ხადური და მოვა სხვა, მაგრამ მერე რა? ჩვენ გვჭირდება არა ცუდი და კარგი ადამიანის გარჩევა, არამედ გვჭირდება საქმიანი ადამიანების გარჩევა. გააკეთებენ თუ არა საქმეს და იქნება თუ არა მთავრობა ქმედითი? ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის მთავრობა და არა ცალკეული მინისტრი“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისი თქმით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მთავრობის მეთაური და თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც მთავრობის მეთაურს ექნება.
„ჩვენ გვინდა საქმიანი გუნდი, რომელმაც ისიც როგორ უნდა გააკეთოს საქმე. პიროვნულად არავისთან მაქვს პრობლემა, შეიძლება კარგი ადამიანი მოიყვანო მთავრობაში, მაგრამ საქმე ვერ გააკეთოს. მეც არ ვარ ცუდი ადამიანი, მაგრამ თუ მეტყვით ზურაბ სოტკილავასთან ერთად უნდა ვიმღერო სცენაზე, ალბათ შევრცხვები და თქვენი მოლოდი, რომ რაიმეს გავაკეთებ ამ სცენაზე, სასაცილო იქნება. ასეთ სასაცილო მდგომარეობაშია ჩვენი ხალხი. იმ ადამიანებისგან ელიან სიკეთეს, რომლებსაც არ შეუძლიათ სისტემური ცვლილების განხორციელება, ქვეყნის გაყვანა იმ ორბიტაზე, რომელსაც განვითარების ორბიტა ჰქვია“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.