პრემიერი წავიდა, მაგრამ ოფიციალურად არავინ ამბობს, რატომ მიიღო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება. იმ მიზეზების თაობაზე, რის გამოც ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თუ პარტიამ ღარიბაშვილის გაშვება გადაწყვიტა, ბევრს საუბრობენ და მრავალგვარი ვერსიებიც გამოდის კულუარებიდან, თუმცა ყველაზე რეალურად მაინც ერთი ვერსია გამოიყურება - მმართველმა ძალამ საკუთარი შეცდომები და სისუსტე ღარიბაშვილს შეაწმინდა.
შედეგად რას მივიღებთ, მალე გამოჩნდება, მმართველი ძალის პოლიტიკოსებმა ალბათ, უკეთ იციან რა შედეგზე დაიდო ფსონი, თუმცა ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ, ყველა ცდილობს, ღარიბაშვილის ღირსეულ არჩევანზე გააკეთოს აქცენტი.
ღია და პირდაპირი საუბრისგან ყველა თავს იკავებს, საზოგადოების გამოსაკვებად კი დაახლოებით ისეთ ვარაუდებს სჯერდებიან, როგორიც, მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა შემოგვთავაზა - „როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, იცოდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ გადაწყვეტილების შესახებ ფიქრობდა უკვე კარგა ხანია, თუმცა რომელ დღეს და რომელ საათზე მოხდებოდა, ეს არ იცოდნენ.
რამდენად შეცვლის პრემიერის, ლამის, რევოლუციური გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას თუ არა, საზოგადოების განწყობებს მაინც, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაზე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა დაგროვილი და ეს პრობლემები საკმაოზე მეტად თვალსაჩინოა, როგორ ფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის გადადგომა შეცვლის სიტუაციას?
- ძალიან ძნელია ახლა ამაზე ლაპარაკი, რადგან უნდა ვიცოდეთ, ვინ იქნება მისი შემცვლელი და რა მიზნით მოვა ახალი გუნდი ხელისუფლებაში. ჯერჯერობით იმისი თქმა, რომ ღარიბაშვილის წასვლით რაღაც შეიცვლება, საკმაოდ რთულია.
არ მგონია, რადიკალური ცვლილებები მოხდეს, რადგან ამას არა მხოლოდ პრემიერის წასვლა, არამედ კიდევ ბევრი ფაქტორი და გადაწყვეტილება სჭირდება - თუ მართლაც გვინდა, რომ რაღაც მნიშველოვანი შეიცვალოს ქვეყანაში.
აუცილებელია, უფრო ღრმა ანალიზი შექმნილი სიტუაციისა, ამავე დროს, სხვა კუთხით მოვლენების შესწავლა, ასევე, კონცეპტუალური პროგრამების შემუშავება და ინიციატივების მთელი კომპლექტი, რომ რეალურად რაღაც შედეგი დადო.
საინტერესოა ერთი კითხვა, რომელზეც ოფიციალური პასუხი არ არის და სავარაუდოდ, არც იქნება - ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ ღარიბშვილი უნდა წასულიყო? როდესაც მსგავსი სიტუაციაა ეჭვები ფარული მმართველობის შესახებ კიდევ უფრო არ მძაფრდება?
- ბევრი ვარიანტი არ გვაქვს - ან თავად უნდა მიიღოს პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება, ან პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს უნდობლობა, თუ ქვეყანაში რაღაც საშინელება მოხდა, ან პრემიერმა ჩაიდინა რაღაც დანაშაული - სხვა მექანიზმი არ არის. ღარიბაშვილმა თავად გადაწყვიტა, თუ ვიღაცამ უთხრა, წასულიყო, რთულია განსაზღვრო. რაც ვნახეთ, არის ის, რომ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ოფიციალურად ასეა, მაგრამ ყველასათვის გასაგებია, რომ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა...
- უამრავი ვარიანტი შეიძლება დასახელდეს, შესაძლოა, ივანიშვილი ან გუნდში სხვებიც იყვნენ უკმაყოფილო - ეს ისეთი დეტალებია, რომლის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს - ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცეები იყვნენ უკმაყოფილო - ვიღაცეებს ახალი პოსტები სჭირდებათ და ა.შ.
არაერთხელ გაგვიკეთებია წინასაარჩევნო მდგომარეობის შეფასება და ანალიზი - ხელისუფლების ოფიციალური პოზიციითაც და ექსპერტების პროგნოზითაც არჩევნებამდე ღარიბაშვილის გადაყენება წამგებიანი სვლა იქნებოდა ხელისუფლებისათვის - ახლა რაღაც განსაკუთრებული მოხდა? - ცოტა ხნის წინ, არა ხელისუფლების სასარგებლოდ, აგორდა პატიმრების შეწყალების თემა, ეროვნული ვალუტა და ეკონომიკა მოგეხსენებათ რა მდგომარეობაშიცაა, პლუს აღმასრულებელი ხელისუფლების უკიდეგანო სახელფასო დანამატები და ა.შ. - შესაძლებელია სამთავრობო ცვლილებებით ამ ყველაფრის გადაფარვა?
- არ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკრეტულ საკითხს უკავშირდება ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება, უფრო მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, არჩევნების წინ შეიცვალოს იმიჯი და სხვანაირი სახით წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე.
ამომრჩეველს რაც შეეხება, მის განწყობაზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით შექმნილმა დამატებითმა პრობლემებმა. არ გეკითხებით, იქნება თუ არა - უნდა იყოს თუ არა განახლებული მთავრობისთვის ეს წამყვანი თემა, თუკი სურს ხალხის ნდობის შენარჩუნება?
- სწორედ ამას ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, ის იმედგაცრუება, რაც არის საზოგადოებაში, რამენაირად შეცვალოს. ცხადია, მოხდება პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი რამ გახდება შესაცვლელი.
თუ მოხდა ისე, რომ ღარიბაშვილის ფიგურა უბრალოდ, სხვა ფიგურით ჩანაცვლდა და მეტი არაფერი შეიცვლება, ეს „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის - შემიძლია, ამისი გარანტია მივცე კოალიციის მესვეურებს.
შეიძლება, პრემიერის წასვლა იყოს ერთგვარი პასუხი NDI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც მმართველ ძალას ხელისუფლებაში დარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩა?
- ეს კვლევა რომ არ ჩატარებულიყო, ისედაც ნათელი იყო სურათი - დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ისედაც აწარმოებს საკუთარ გამოკვლევებს. გარდა ამისა, საზოგადოების განწყობა კვლევების გარეშეც ცნობილია. ანუ, ის ტენდენცია, რაც ამ კვლევაში ციფრებში იყო ასახული, ისედაც კარგად ჩანს საზოგადოებაში. არსებობს 60% ამომრჩევლის, რომელსაც არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება, ვის დაუჭერს მხარს. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებაც“ და სხვა პარტიებიც შეეცდებიან ამ 60%-ის ათვისებას.
არაერთხელ მითქვამს, რომ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ქართულ ოცნებასაც“ სჭირდება რებრენდინგი და ეს ცვლილება სწორედ ამის დასაწყისია.
ერთი პრემიერის და რამდენიმე მინისტრის შეცვლა რებრენდინგი ვერ იქნება - ბევრად უფრო მობილური, ღრმა და გააზრებული ქმედებებია საჭირო. შესაძლოა, ამ კვლევამაც ითამაშა გარკვეული როლი, მაგრამ მის გარეშეც იძულებული იქნებოდა „ქართული ოცნება“ მკვეთრი ნაბიჯები გადაედგა. სხვაგვარად ძალზე გაუჭირდება არჩევნებზე წონადი შედეგის დადება.