საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დილიდან ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციას პირად საუბრებში ადასტურებდნენ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.
„დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევის თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი ბრძოლა 2012 წელს, ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხიმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალოებას, პირველი ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი, მისი პირველი მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცლილება შეეხება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი ახალ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა ვიხილოთ საქართველოს რკინიგზის დირექტორი - მამუკა ბახტაძეც. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკომიკური საბჭოდან მთავრობაში გადაინაცვლებს გიორგი გახარია, რომელიც ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიაშვილს ჩაანაცვლებს, თავად ქუმსიაშვილი კი ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს შეცვლის.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ: სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. გარდა ამისა, როგორც for.ge-ს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, წინასაარჩევნოდ საკუთარი განცხდების საფუძველზე თანამდებობას დატოვებს, თბილისის მერი, დავით ნარმანია.
რა გახდა პრემიერის გადადგომის ოფიციალური მიზეზი, უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან მურუსიძეს პირადად ლობირებდა, რაც საზოგადოების პროტესტის მიზეზი გახდა.
შეეწირა თუ არა ლევან მურუსიძეს ღარიბაშვილის პრემიერობა, ეს პარასკევს კენჭისყრაზე დადასტურდება. თუკი პარასკევს მურუსიძის კანდიდატურა ჩავარდება, ასეთ შემთხვევაში ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. თუკი მურუსიძე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, მაშინ ღარიბაშვილისთვის ამ პასუხისმგებლობის დაკისრება ალბათ, რთული იქნება.
მეორე ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება, ის ყოფილ პრემიერთან ერთად აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო პროცესში და ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრეობდა.
ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩევლისთვის, გია ხუხაშვილისთვის კი, ნაკლებად დამაჯერებელია ვერისია, რომ ღარიბაშვილმა თანამდებობა სიის პირველობისთვის დატოვა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი უნდა წასულიყო რბილად და ამიტომაც, სიის პირველობა მისთვის კარგი აეროდრომი იყო სახის შესანარჩუნებლად.
„ღარიბაშვილის პირველობა ბევრს არაფერს მატებს „ქართულ ოცნებას“ და არასერიოზული იქნება, თუ ვინმეს მას განიხილავს, როგორც ორთქმავალს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რამეს დამატებითს მისცემს. თუმცა, პირადად მისთვის სახის შესანარჩუნებლად ეს შეიძება ბევრ რამეს ნიშნავდეს და არა „ქართული ოცნებისთვის“.
არ მინდა კატეგორიული ვიყო, მაგრამ ლოგიკურად მიმაჩნია მურუსიძის საკითხი. დიახ, თუ პარასკევს ჩავარდება მურუსიძის კანდიდატურა, მაშინ უკვე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გათვალისწინებული იქნა საზოგადოების აზრი, რადგან მურუსიძის წარსული იმდენად მძიმე თემაა ქართული საზოგადოებისთვის, რომ შეიძლება ვთქვათ, ღარიბაშვილი გადაყვა მისი ლობირების საკითხს. თუმცა, დაველოდოთ პარასკევის გადაწყვეტილებას.
ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ცვლილება უკავშირდებოდეს პატრიარქის ემოცურ ტალღაზე გამოთქმულ სურვილს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა წინმსწრებად დაიწყო ამის საკანონმდებლო ინიციატივის გაფორმება, რითაც, პრინციპში, როგორც პოლიტიკოსი, ირაკლი ღარიბაშვილი გაშიშვლდა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, როგორც ხუხაშვილი ამბობს, უდავოდ საინტერესო არჩევანი შეიძლება იყოს, რადგან კვირიკაშვილი ერთადერთი ადამიანია მთავრობაში, რომელსაც არ აქვს ხიდები დამწვარი სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც აქვს რესურსი კომუნიკაციის აწყობის, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„ხელისუფლების სხვა წევრები დარაზმული იყვნენ და პოლემიკაში იყვნენ შესული მთლიანად საზოგადოებასთან, შემდეგი ეპითეტებით - პროვოკატორები, მოღალატეები და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ფრაზები გვესმოდა ჩვენ. ერთადერთი იყო კვირიკაშვილი და ასევე, სერგეენკო, რომლებიც ყოველთვის კორექტული იყვნენ პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. აქედან გამომდინარე, თუ საუბარია კონსოლიდაციაზე და ახალი ხიდების გადებაზე, ამ მხრივ გიორგი კვირიკაშვილი ძალიან საინტერესო ფიგურა არის“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როგორც წესი, თანამდებობიდან განთავისუფლება არის დასჯა. თუმცა, მისი თქმით, ასეთი სახის სადამსჯელო ოპერაციას არ აკეთებენ წინასაარჩევნო პერიოდში და ამავე დროს ცდილობენ, რომ თუკი ცვლილებები მოხდება, მას მოჰყვეს პერსპექტივა. ამ ცვლილებას კი პოლიტოლოგის განცხადებით, პერსპექტივა აქვს.
„თუკი „ქართულმა ოცნებამ“ ხმების ის რაოდენობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე, რაზეც გათვლა აქვთ, ასეთ შემთხვევაში სიის პირველი ნომერი ან პრემიერი უნდა გახდეს, ან პარლამენტის თავმჯდომარე და დაიკავოს ძალიან მაღლი პოსტი სახელმწიფოში. ეს ცვლილება ღარიბაშვილის ხელახლა პრემიერობისთვის არ არის გამიზნული. ალბათ, ეს სვლა გამიზნულია იმისათვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე. ამის შესაძლებლობა ამ ცვლილებაში ნამდვილად არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ საკმაოდ მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ მთავრობაში არსებითი ცვლილებები განახორციელოს, თუმცა, თვლის, რომ პიროვნული ზომიერებისა და თანამდებობრივი გამოცდილების გათვალისწინებით, კვირიკაშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება.
„პირველი, კვირიკაშვილი გამონათქვამები არასოდეს გამხდარა სკანდალის და ჟურნალისტური ქილიკის საგანი, მას ყოველთვის გაზომილი აქვს სიტყვა-პასუხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ წინ არის არჩევნები და პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანია გაწონასწორებული და სხვადასხვა მოვლენებზე თანაბარი ინტონაციით მოლაპარაკე ადამიანი. ამ მხრივ კვირიკაშვილი საკმაოდ სასიამოვნოდ გამოირჩევა ბევრისაგან.
რაც მთავარია, მან იცის, როგორც ეკონომიკა, ასევე საგარეო პოლიტიკური მიმართულებაც, ეს ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრისთვის. მისი თანამდებობრივი გამოცდილება პრემიერის თანამდებობაზე მხოლოდ გამოადგება. პიროვნული ზომიერება და თანამდებობრივი გამოცდილება - ეს არის მისი პლუსი. რაც შეეხება მინუსებს, ამ მხრივ თავი არ გამოუჩენია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მაშ ასე, პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. ასევე, შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად პარალამენტსაც. მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.