„ღარიბაშვილს ბევრი მინისტრი თან გაჰყვება“

„ღარიბაშვილს ბევრი მინისტრი თან გაჰყვება“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან მიდის თუ არა, ეს კითხვა ყველას აქვს, მაგრამ პასუხები საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი, ამ დრომდე არ იციან. მედიის წარმომადგენლების მსგავსად, მმართველი გუნდის წევრები მთავრობის კანცელარიაში ჩანიშნული პრესკონფერენციის ჩატარებას ელოდებიან, რომლის დროც უკვე რამდენჯერმე შეიცვალა.

ბოლო ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელი შესაძლო მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ბრიფინგს 20:00 საათზე გამართავს, თუმცა, ამ დრომდე, ვერც ერთი დეპუტატი იმას ვერ ამბობს, ღარიბაშვილი პოსტიდან მიდის თუ არა და თუკი მიდის, რა მიზეზით.

for.ge-სთან კულუარულ საუბარში უმრავლესობის წევრები გადაწყვეტილებით გაოცებას არ მალავენ და ამბობენ, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ კოალიციაში შემავალი პარტიების მსგავსად, მოსალოდნელ შესაძლო საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არც პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ფლობდნენ. ისინი კულუარულ საუბრებში თანამდებობიდან ღარიბაშვილის შესაძლო წასვლის თაობაზე სინანულს გამოთქვამენ, თუმცა, ამავე დროს, გაოცებას ვერ მალავენ, გადაწყვეტილება თუ რის გამო იქნა მიღებული.

დეპუტატთა ნაწილი ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ღარიბაშვილის მიმართ გარკვეული ქეისები დაიდო და მისი პოსტიდან შესაძლო წასვლაც ამას უკავშირდებოდეს“.

„თუკი პოსტი ღარიბაშვილმა დატოვა, ამის მიზეზები ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება და მის თაობაზე ინფორმაცია მხოლოდ მცირე წრეს ექნება“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

უმრავლესობის მეორე ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე მიანიშნებს, მაგრამ ისინი იმასაც ამბობენ, რომ ღარიბაშვილს ბევრი მინისტრი თან გაჰყვება.

 იმ შემთხვევაში თუკი, თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დატოვებს, პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობაზე მსჯელობა უახლოეს მომავალში მოუწევს.