„ხონელმა სამტრედიელთან ერთად დაიძინა და ხან ვანელთან ერთად გაიღვიძა, ხან - წყალტუბოელთან“

„ხონელმა სამტრედიელთან ერთად დაიძინა და ხან ვანელთან ერთად გაიღვიძა, ხან - წყალტუბოელთან“

პარლამენტი „საარჩევნო კოდექსს“ მესამე მოსმენით მიმდინარე კვირას დაამტკიცებს, საარჩევნო ოლქების გადანაწილების მეთოდით მაჟორიტარი დეპუტატები უკმაყოფილოები არიან, ცვლილებების ავტორები კი, მათ საქართველოს რუკის გადახედვას ურჩევენ.

მმართველმა გუნდმა ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას საარჩევნო ოლქები თავიდან გადაანაწილა და თუკი პირველი ვერსიით, დედაქალაქს 18 საარჩევნო ოლქი ჰქონდა, ეს კვოტა გარდაბანი-მარტყოფის მიერთებით 22-მდე გაიზარდა.

თბილისის მსგავსად, დამატება-შემცირება სხვა მაჟორიტარულმა ოლქებმაც განიცადეს, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებს და 2016 წლის წინასაარჩევნო პროცესის საფრთხეებზე მიანიშნებს.

როგორც for.ge-ს ფრაქცია - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მოსახლეობა მიჩვეულია, რომ არჩევნების დღეს, ერთსა და იმავე ოლქში დადის და კონკრეტულ კანდიდატს ხმას აძლევს და თუკი, პარლამენტი იმაზე ფიქრობს, კანონები მოსახლეობისთვის უნდა იწერებოდეს, ის ადვილად აღქმადი უნდა იყოს და მოსახლეობის გულამდე, ყურამდე, გონებამდე ადვილად უნდა მიდიოდეს.

„ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ეს კანონი არც გულამდე მიდის, არც ყურამდე და არც გონებამდე. სრული დაბნეულობა იქნება და ამომრჩეველი დეზორიენტირებული იქნება. ერთი კვირის წინ მანდატების სხვა გადანაწილება იყო, ახლა სხვა არის. ხონელმა სამტრედიელთან ერთად დაიძინა და ხან ვანელთან ერთად გაიღვიძა, ხან წყალტუბოელთან. ბაღდათელმა ხან სვირელთან ერთად დაიძინა და ხარაგაულელთან ერთად გაიღვიძა“, - აცხადებს დეპუტატი.

ცაგარეიშვილი პროგნოზირებს, რომ ამ ურთულესი წყობის ამომრჩევლამდე მიტანა რთული იქნება.

„თუკი ხელისუფლების მუშაობის სტილს შეხედავთ, მიხვდებით, რომ ამ სისტემის დანერგვა ურთულესი იქნება. ამ ვაი სისტემაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცესკო კი არ იღებს, არამედ მთავრობა. ახლა ხელის შეხოცვის მცდელობაა. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი შემოდის, რთული არჩევნები და ბევრი მეორე ტური იქნება“, - დასძენს ცაგარეიშვილი.

ცვლილებებს აკრიტიკებს ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი. for.ge-სთან საუბარში თარხნიშვილი ამბობს, რომ ცვლილებებით, იმ მუნიციპალიტეტების რიცხვი გაიზარდა, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ეყოლება.

მისი შეფასებით, არსებული სისტემა ცასა და დედამიწას შორის  - მაჟორიტარულსა და პროპორციულ სისტემას შორის არის გამოკიდებული და საარჩევნო ადმინისტრაციებს რეალური პრობლემები შეექმნება.

„73 საარჩევნო ოლქი არსებობს, საიდანაც საპარლამენტო ოლქის საზღვებს მხოლოდ 12 დაემთხვევა, დანარჩენი ან ვიღაცის იურისიდქციაში შეიჭრება, ან რამდენიმე ოლქი გაერთიანებული იქნება. ოლქებს შორის კომპეტენცია როგორ გადანაწილდება, გაუგებარია. ოლქები საუბნო წევრებს ნიშნავენ და გაერთიანების შემთხვევაში რომელი ოლქები დანიშნავენ, გაუგებარია. ოლქები უბნებზე საჩივრებს იღებენ და საჩივარი რომელ ოლქში უნდა შევიდეს და რომელ სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს? - ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრაციის იმედზეა დარჩენილი, რომელსაც ამის მენეჯმენტი გაუჭირდება. ამასთანავე, ამომრჩევლისთვისაც გაუგებარი იქნება, სად რა უნდა გაასაჩივროს“, - აცხადებს თარხნიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ქაოსს წარმოშობს და ხელისუფლებას ამ სისტემიდან გამომდინარე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება გაუჭირდება.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, ცვლილებების არსს არ ეთანხმება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე. for.ge-სთან საუბარში დუმბაძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ზემომთიან აჭარას მაჟორიტარი დეპუტატი თითქმის აღარ ეყოლება, როცა ბათუმს სამი მაჟორიტარი ეყოლება, თუმცა, ზემომთიანი აჭარის კონრეტული მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დატოვება, არასამართლიანი და არაპროპორციულია.

„75 დეპუტატი არჩეული პროპორციული წესით უნდა იქნეს, ხოლო 75 სამხარეო პროპორციული წესით, რაც სამართლიანი იქნება, ვინაიდან ამომრჩევლის არც ერთი ხმა არ იკარგება. სამწუხაროდ, უმრავლესობა იმ პირობის შესრულებაზე არ მიდის, რაც მან წამოაყენა. არჩევნებში მონაწილეობა რაც არ უნდა დაჩეხილი სიებით მოგვიწიოს, პოლიტიკაში მაინც ჩართული ვიქნები და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოლებ“, - დასძენს დუმბაძე.

ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის ხონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭავჭანიძე და for.ge-ს არწმუნებს, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებით მოსახლეობა უკმაყოფილოა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ვანსა და ხონს ტერიტორიულად არავითარი კავშირი არ აქვთ.

„ჩემი პოზიციაა, რომ ძველი სისტემა დარჩეს და რაიონს მისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. თუკი ამ სისტემას ვცვლით, მაშინ პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. წარმოუდგენელია, რომ მესტიას მისი წარმომადგენელი არ ჰყავდეს და სხვაზე მიერთებული იყოს. ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატი სად უნდა იყოს - ვანში თუ ხონში? - მოსახლეობას ვანთან გაერთიანება არ სურს“, - აცხადებს ჭავჭანიძე.

ოპოზიციის მსგავსად, ცვლილებებს არ მიესალმება თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო ოლქების თანაბრად გადანაწილების თაობაზე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფულ-ტრადიციული საკითხები არ გაითვალისწინა. კანონმდებელის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ვითომ ვენეციის კომისიის წარმატებული პრაქტიკის კვალობაზე, არითმეტიკული პრინციპით იხელმძღვანელა. საქართველოს ტერიტორიის 2/3 მაღალმთიანეთს წარმოადგენს და თუკი 15 მუნიციპალიტეტს პარლამენტში 15 წარმომადგენელი ჰყავდა, მომავალში 5 ეყოლება, დანარჩენი ქალაქები და ახლომდებარე რაიონები კი, 145 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილნი.

„არ შეიძლება, ციფრებით გათანაბრება სამართლიანი სისტემის საფუძველი იყოს. 45 სოფელია - ყაზბეგში, 85 სოფელია - თიანეთში, 280 სოფელია - დუშეთში. ანუ, ეს დასახლებული პუნქტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქი იქნება. თიანეთის სოფლების მოსავლელად ერთი-ორი თვე მჭირდება, რადგან სამი-ოთხი სოფლის გარდა, შეხვედრა რთულია და შეხვედრა 10 წუთიანი ვერ იქნება. ყაზბეგი-თიანეთი-დუშეთის გაერთიანება პასუხისმგებლიანი დეპუტატის მიმართ სამუშაოს მოცულობას გაზრდის. გეოგრაფიული სირთულე რჩება, რადგან თბილისისგან განსხვავებით, კონტაქტის დამყარება რამდენიმე ასეულ კილომეტრზე მოგვიწევს“, - დასძენს ქუცნაშვილი. მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ წევრი პავლე კუბლაშვილიც. როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, ამ კანონპროექტს რამდენიმე პრობლემა აქვს და რაიონების დაჩეხვა და მისი სხვაზე მიბმა ხდება. კუბლაშვილის განცხადებით, მესტიის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის გაერთიანება პრობლემებს წარმოშობს.

„ისედაც დიდი თბილისისთვის გარდაბნის რაიონიდან მარტყოფის დამატება მოხდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელოვნურია. ამას მხარდაჭერა არსად არ ექნება. პოლიტიკური სპექტრის გარეშე საარჩევნო კანონის მიღება არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭქვეშ დააყენებს. ვერც ერთ პარტიას ვხედავთ, ვინც წარმოდგენილ პროექტს მხარს დაუჭერს. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ ერთმანდატიანი ოლქები შეენარჩუნებია. ბევრი მოდელი არსებობს, რომელიც თანაბარწონიანობას გადაჭრის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პრობლემის კიდევ უფრო გართულების გზით წავიდა“, - დასძენს კუბლაშვილი.

კრიტიკოსების საპასუხოდ, ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ვინც დაინტერესებულია, რა ცვლილება განხორციელდა, მას შეუძლია, საქართველოს რუკას დახედოს. მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტით გადანაწილებული საარჩევნო ოლქებია და ხელისუფლებამ ამით იმას მიაღწია, რომ 10 პროცენტის ფარგლებში, 47 ათასიანი ამომრჩეველი იქნება - 61 ოლქი, ხოლო 10-15 პროცენტის ფარგლებიდან 12 გასული იქნება.

„ჩვენ შევძელით, რომ კოალიცია საზღვრების გადანაწილებაზე ძალიან რადიკალურ გეგმაზე შეჯერებულიყო. გეთანხმებით, რომ ცვლილებები საარჩევნო ოლქებში პრობლემებს წარმოქმნის, მაგრამ ეს პრობლემებია მანძილი, რადგან ოლქების ფართობები იზრდება და საარჩევნო კამპანიის ჩატარება რთული იქნება. ვისაც დეპუტატობა უნდა, საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ნუ დაიზარებს და თავის საარჩევნო ოლქში უფრო მეტი იაროს, ვიდრე აქამდე დადიოდა. პატარა ოლქები არც მომავალში იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.

რაც შეეხება საარჩევნო ოლქებს, for.ge მას იმ ჩარჩოს შესაბამისად გთავაზობთ, რომლითაც „საარჩევნო კოდექსშია“ მოცემული. კერძოდ, საარჩევნო ოლქები იქნება შემდეგნაირად:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

2. საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვრებში თითო-თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

3. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, ბაღლოჯიანის, ჭიკაანის, კუჭატნის, გავაზისა და მთისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

5. თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის . ყვარლის, შილდის, ენისელის, საბუესა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

6. ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულას, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორეს, ფშაველის, ყარაჯალასა და ართანას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ორი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის . გარდაბნის, ვახტანგისის, კალინინოს, ლემშვენიერას, ნაზარლოს, სართიჭალის, ქესალოს, ნორიოს და ჯანდარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

9. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის, თელეთის, კრწანისის, ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარისა და ახალი სოფლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

10. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდა კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა, ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

11. წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

12. მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის, კასუმლოს, სადახლოს, კაპანახჩის, ქუთლიარის, კაჩაგანისა და ყულარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

13. მარნეულის მუნიციპალიტეტის . მარნეულის, ყიზილაჯლოს, თამარისის, წერეთლის, დამია-გეურარხის, შულავერის, შაუმიანის, წერაქვის, ხოჯორნის, ახკერპისა და ოფრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

14. ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

15. დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

16. კასპის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

17. ქარელის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანისა და შინდისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

18. . გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

19. გორის მუნიციპალიტეტში, გარდა ქვახვრელის, ვარიანის, შინდისის, ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

20. ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება ერთი ერთი 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იქმნება.

21. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზავრეთის, კოჩიოს, პტენას, ბარალეთისა და ჩუნჩხას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

22. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გარდა აზავრეთის, კოჩიოს, პტენას, ბარალეთისა და ჩუნჩხას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში იქმნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

23. . ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

24. ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის, გარდა კვახჟირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.იქმნება.

25. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირეს, შროშის, ფუთისა და ძირულას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

26. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, გარდა ილემის, სანახშირეს, შროშის, ფუთისა და ძირულას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

27. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

28. ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

29. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომარის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

30. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გარდა სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

31. . ფოთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანებისა და ურეკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

32. მარტვილის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის, გარდა ნორიოს, ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

33. სენაკის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს, ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

34. ხობის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

35. . ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

36. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, გარდა აბასთუმნის, ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

37. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

38. . ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

39. ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა, საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

40. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქედას მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.

41. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედას მუნიციპალიტეტის, გარდა მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა, საზღვრებში ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება.