NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებს „ოცნება“ არ ენდობა, „ნაცმოძრაობა“ მის გზამკვლევად გამოყენებას გეგმავს

NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებს „ოცნება“ არ ენდობა, „ნაცმოძრაობა“ მის გზამკვლევად გამოყენებას გეგმავს

საქართველოში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ყოველი მორიგი კვლევის შედეგები პოლიტიკურ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობისა და სპეკულაციის თემა ხდება. ოპოზიცია პოლიტიკურ რეიტინგებზე აპელირებს და მთავრობის საქმიანობას აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი, ხშირ შემთხვევაში, კვლევის შედეგებს ეჭვის თვალით უყურებს და კვლევის მეთოდოლოგიის გადახედვას ითხოვს.

როგორც წინა შემთხვევებში, ასევე ახლაც, NDI-ის შედეგებს სიხარულით - „ნაციონალური მოძრაობა“ შეხვდა, თუმცა, „თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, ნაციონალები პარტიული - 10 პროცენტიანი რეიტინგით უკმაყოფილოები არიან.

for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ კვლევის შედეგები მისთვის გზამკვლევია იმის თაობაზე, ქვეყანაში რა სიტუაციაა.

მისი მოსაზრებით, ვიზალიბერალზიაცია პროევროპელი პარტიების პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებდა. დეპუტატი ასევე ფიქრობს, რომ კვლევის შედეგებით გზავნილია გაკეთებული, რომ ქვეყანაში მდგომარება ცუდად მიდის და უმუშვრობა და სიღარიბე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ქართულ ოცნებას“ ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე დანარჩენ ორ ოპოზიციურ პარტიას ერთად - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამის გამო ხელისუფლება NDI-ზე გაბრაზებულია. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ეს ციფრები კიდევ უფრო უარესობისკენ რომ შეიცვალოს, მერე რა თქვას?! როცა მათი შედეგი 65 პროცენტი იყო, კვლევა მოსწონდათ, ხოლო როცა მათი მაჩვენებელი შემცირდა, ეს აღარ მოსწონთ. პრემიერს ვუსმენდი და განცდა მაქვს, რომ ეს ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ“, - აცხადებს მაჭავარიანი.

კანონდებელი მიიჩნევს, რომ NDI ამერიკული სერიოზული ინსტიტუტია და ისე არ ხდება, რომ ვაშინგტონში კარგი ბიჭები არიან და საქართველოში - ცუდი.

„როდესაც კვლევა NDI-ის ქოლგით ქვეყნდება, ამაზე ეს ინსტიტუტი პასუხისმგებლობას იღებს. ჯერჯერობით, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი გააქტიურებული არ არის, რაც ჩვენთვის გზავნილია, რომ ამომრჩვლამდე უფრო უკეთესად უნდა მივიტანოთ ის, რომ შურისძიება არ იქნება და მოქალაქეების ცხოვრება უკეთესი როგორ გახდება. მართალი გითხრათ, პარტიული რეიტინგი არ მაკმაყოფილებს“, - ამბობს მაჭავარიანი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი გოკა გაბაშვილი.

როგორც for.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, კვლევის შედეგები ქვეყანაში არსებულ სამწუხარო რეალობას სრულად ასახავს.

მისი თქმით, გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება და ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

„სამწუხაროდ, მთავრობა ამ ყველაფერს ვერ ხედავს და ისინი რითი არიან დაკავებულები, ეს ჩანს. პოლიტიკური პარტიების რეიტინგებში იგივე პოზიციებია, რაც იყო და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მთავრობის მხარდაჭერა უფრო დაიკლებს და ოპოზიციის მოიმატებს. „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, სარკეს გაუბრაზდებიან თუ რეალობას შეხედავენ“, - დასძენს გაბაშვილი, რომელიც NDI-ს შედეგებს ენდობა და აღნიშნულ ინსტიტუტს კომპეტენტურ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ნაციონალებისგან განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატები“ ყურადღებას საკუთარ პარტიულ რეიტინგზე ამახვილებენ და for.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მისი პარტიის მხარდაჭერა იზრდება.

დეპუტატის მტკიცებით, ბოლო კვლევების განმავლობაში, პარტიის ზრდის ტრადიცია შენარჩუნებულია და მის გუნდს ის ამომრჩეველიც მხარს უჭერს, რომელსაც გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ხმას ვის აძლევდა.

„ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდას ვაპირებთ, მაშინ როდესაც დანარჩენი ორი პარტია მხარდაჭერებს კარგავს. საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება და ამ კვლევების მიხედვით, ხალხი ვერ ხედავს, რომ მისი მდგომარეობა პოზიტიურად იცვლება. ვერ ვიტყვი, რომ ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მსურველთა ციფრი ტოლი იქნება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მიათრევენ. ასე რომ, ყველა პოლიტიკოსმა უნდა იმუშაოს, რომ ევროპის წინააღმდეგ მიმართული რუსული პროპაგანდა მიღებული არ იყოს“, - აცხადებს ჩიქოვანი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობა NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა, მის დეტალურად გაცნობას არ გეგმავს და ორგანიზაციას წარსულს ახსენებს. for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ ის ამ კვლევების შედეგით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ NDI კვლევების თემას საერთოდ უნდა გაემიჯნოს, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ ნაწილში, რადგან ეს მხარე პოლიტიკურად ანგაჟირებული ხდება. დეპუტატი იმ ფაქტს ვერ იხსენებს, როცა კვლევის შედეგები ზუსტი იყო.

„როცა გამოკითხულთა 60 პროცენტი საკითხზე ჩამოყალიბებული არ არის, რაღაც დასკნა უნდა გააკეთონ. ამ შემთხვევაში, კვლევების სანდოობაზე საუბარი როგორ უნდა იყოს? - კვლევების ჩამტარებელმა ორგანიზაციამ თავი არაერთხელ შეირცხვინა, რომელსაც NDI ათი წელია უკვეთავს. კვლევა სანდო იქნება, თუ მას სანდო ორგანოზაცია ჩაატარებს. საინტერესოა, ამ კვლევებში მონაწილეობას ვინ იღებდა?! ამდენი ხნის მანძილზე, ჩემს წრეში - სამეგობროში თუ სანაცნობოში არავინ არ გამოუკითხავთ“, - აცხადებს ვოლსკი.

კანონმდებელი ამბობს, რომ კოალიციაში შიდა პარტიული კვლევები მუდმივად ტარდება და ფაქტია, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები აბსოლუტურად განსხვავებულია.

„ხელისუფლების მიმართ უამრავი პრეტენზიაა, მაგრამ საზოგადოებაში იმის რწმენაა, რომ ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც ამ პრეტენზიების რეალიზაცია შეუძლია“, - დასძენს ვოლსკი, რომლის მსგავსად, კვლევის შედეგებს ეჭქვეშ აყენებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, რომ NDI-ის კვლევებს კავკასიის კვლევების ცენტრი ატარებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ არის დაკავშირებული და კვლევის შედეგებს დეტალურად არ ეცნობა, რადგან არ სურს, ნაციონალების ფანტაზიასთან ჭიდილი დაიწყოს.

„ვისაც ამ კვლევების სჯერა, ეს ის ხალხია, რომელსაც ნაციონალების ფანტაზიის მოსმენა სურთ“, - დასძენს სესიაშვილი.

თანაგუნდელების მსგავსად, NDI-ის კვლევებს არ ანდობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე. ტყემალაძე 2012 წელს იხსენებს და for.ge-სთან ამბობს, რომ კვლევის შედეგების შეფასება არ სურს.

„წინა გამოკვლევაზე, ნაციონალებიც გვჯობნიდნენ, ახლა ვჯობნით? - ამ კვლევებს არ ვენდობი და როგორ შევაფასო? შეგიძლიათ, 2012 წლის მათი კვლევის და არჩევნების შედეგები შეადაროთ და მიხვდებით, რომ ეს სანდო არ არის“, - დასძენს ტყემალაძე.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, გაზრდილია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვია, თუმცა, შემცირებულია, ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა.

ამასთანავე, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 16% მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ - 10%, ხოლო 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას.