„ეს არის არა რუსეთ-თურქეთის, არამედ ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაუარესება“

„ეს არის არა რუსეთ-თურქეთის, არამედ ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაუარესება“

„ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა - ეს არის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარება, თუ პირიქით, ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაუარესება?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თურქი პოლიტოლოგი, მელიკ ალკანი. ალკანი ადასტურებს, რომ თურქეთს აქვს დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე.

უწყობს თუ არა ხელს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას გარე ფაქტორები და რატომ გახდა პერსონალური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თურქ პოლიტოლოგს, მელიკ ალკანს ესაუბრა.

ალაჰმა გადაწყვიტა დასაჯოს თურქეთის მმართველი ხროვა, მათთვის აზროვნებისა და განსჯის წართმევის სახით“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ეს განცხდება გახდება თურქულ-რუსული დაპირიპრიების კიდევ უფრო გამწვავების საფუძველი?

მელიკ ალკანი: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მოხდა საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი. ვგულისხომობ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს. არავინ მოელოდა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ორი წლის წინ თურქეთმა შეცვალა საჰაერო გადაადგილების რეჟიმი, ანუ შეიტანა ცვლილება.

თუმცა, რუსეთი ამტკიცებს, რომ მათ არ დაურღვევიათ თურქეთის საჰაერო სივრცე...

- თურქეთს აქვს დოკუმენტალური მტკიცებულება, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე. მოსახლეობა თვლის, რომ ამ ინციდენტს მძიმე ეკონომიკური შედეგი ექნება ორივე ქვეყნისთვის ისეთ სფეროში, როგორც არის ენერგეტიკა, ტურიზმი და ვაჭრობა. მაგალითად თურქეთისთვის მნიშვნელოვანი იყო რუსული ინვესტიცია, რომელიც მან გააკეთა ბირთვული ენერგეტიკის მიმართულებით.

თურქეთის ენერგეტიკული მოხმარების ბაზარში 55% მოდიოდა რუსულ ნავთობზე, 30% რუსულ გაზზე, 40 მილიარდი დოლარის სავაჭრო ტვირთბრუნვა იყო ორ ქვეყანას შორის; 2013 წლის 6 თვის განმავლობაში თურქეთში 29 მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდა, ეს იყო პიკი; ასევე აქტიური იყო ბიზნეს-ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ამ ინციდენტამდე პრეზიდენტი ერდოღანი ამბობდა, რომ სავაჭრო ტვირთბრუნვა 100 მილიონ დოლარამდე უნდა ასულიყო. იგეგმებოდა სამხრეთ ნაკადის მილსადენის მშენებლობა; ამავე დროს, მნიშვნელოვანი იყო რუსეთ-თურქეთის მიდგომები კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში. ყველაზე მნიშვნლოვანი იყო რუსეთის პოზიცია კავკასიის კონფლიქტის გარშემო, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვალა, როდესაც მოხდა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.

თუკი რუსეთ-თურქეთს შორის არსებობდა ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რა ინტერესი ჰქონდა რუსეთს, რომ ვითარება ამ კონდენციამდე მისულიყო?

- ეს ყველაფერი უკავშირდება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებულ პერსონალურ ურთიერთობას.

ანუ, პერსონალურმა ურთიერთობამ გამოიწვია პოლიტიკური დაპირისპირება?

- აქ გადამწყვეტი იყო, ამ ორი ადამიანის ირგვლივ არსებულ გარემოება, რომელიც ბუნებრივია, რომ გავლენას ახდენდა მათ გადაწყვეტილებაზე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სულ ახლახას ვლადიმერ პუტინმა ინტევიუ მისცა BBC-ის და პერსონალურ დონეზე ისეთ ცუდ კონტექსტში ისაუბრა თურქეთის ხელმძღვანელობაზე, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორი იყო მისი მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა - ეს არის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარება, თუ პირიქით, ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობების გაუარესება. რა თქმა უნდა, ეს უფრო არის პერსონალური ურთიერთობების გაუარესება.

პერსონალური ურთიერთობაა, როდესაც ამბობს, რომ ალაჰმა გადაწყვიტა დასაჯოს თურქი მმართველების ხროვა?

- პუტინმა ალაჰის გამოიყენებით მიანიშნა, რომ თურქეთს კავშირი აქვს „ისლამურ სახელმწიფოსთან“. პუტინი შემდგომშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით საუბარს, რადგან ამას თავისი მიზეზი აქვს. ერდოღანი წამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური გარემოდან და პუტინი, როდესაც იყენებს ასეთ ისლამურ ვორდინგს, ის მიანიშნებს ერდოღანის წარმომავლობაზე. ამით უნდა მას ძირი გამოუთხაროს.

მიუხედავად ამისა, რომ იკვეთება პერსონალური დაპირისპირება, რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთი თანამშრომლობსისლამურ სახელმწიფოსთან“, იგივე, როდესაც ბუფერულ ზონების მშენებლობაზე იყო საუბარი, რუსეთი ამბობდა, რომ ეს ამერიკის ინტერესში შედიოდა და არა თურქეთის. რუსეთის ბრალდებას აქვს საფუძველი?

- დიდი ქვეყნის ოცეულის შეხვედრაზე, რომელიც ანკარაში გაიმართა, პუტინმა ერთ-ერთი საუბრისას გარკვეულწილად მიანიშნა ერდოღანს, რომ მან იცოდა რა ხდებოდა თურქეთ-სირიის საზღვართან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იქ იყო თეთრი ლაქების მომენტი, რომელიც იწვევდა შეშფოთების საფუძველს. მაგალითად, როდესაც პუტინმა ერდოღანის ოჯახის წევრებს ბრალი დასდო, რომ თითქოს, ისინი მონაწილეობენ ამ ბინძურ ბიზნესში, რთულია გაარკვიო ეს ჭორია თუ სიმართლე, მაგრამ ეს დარტყმა ინიცირებული იყო პუტინის მიერ.

გულისხმობთ რუსული მხარის განცხადებას, რომლის თანახმადაცისლამური სახელმწიფოკონტრაბანდულ ნავთობს თურქეთზე ყიდის?

- დიახ, რა თქმა უნდა ხუმრობით, რადგან ეს რეალობასთან ახლოს არ არის.

ამ ბრალდებას მოჰყვა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაცისლამური სახელმწიფოსგანნავთობს სირიის ხელისუფლება ყიდულობს. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი აქვე ამბობს, რომ ნავთობის გარკვეული მოცულობა თურქეთსაც მიეწოდება...

- ბუნებრივია, ჭორების დონეზე რთულია საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მედიის პრობლემა თურქეთში, ისევე როგორც ეს პრობლემა აქვს რუსეთს. ისინი ურტყამენ იმ ინსტიტუციურ ორგანოს, ვინც აფინანსებს მასმედიის წარმოამდგენლებს, ასეთივე ქმედება დაიწყო ერდოღანმაც. 2002 წელს როდესაც ერდოღანი მოვიდა ხელისუფლებაში, მას ჰქონდა იდეალური პროგრამა, განახორციელა დემოკრატული რეფორმები, ბევრი რაღაცა გამოსწორდა თურქეთში. თუმცა, სამწუხაროდ, შემდგომში დაიწყო კორუფციული სკანდალების ციკლი, ამან შეუწყო ხელი დემოკრატული პროცესების უკან შებრუნების პროცესს. მან დაიწყო იმ ოპოზიციური ძალების მიპრესვა, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გაჩნდა პრობლემები ევროკავშირთან. მაშინ გაჩნდა ასეთი ეჭვიც, პუტინის პოლიტიკის კოპირებას ხომ არ ცდილობდა ერდოღანი თურქეთში. პუტინი ვინც არის გასაგებია, ის ურტყამს თურქეთს იმის გამო, რომ არის ნატოს წევრი სახელმწიფო.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობას რამდენად უწყობს ხელს გარე ფაქტორები, ნატოსა და ევროკავშირის მონაწილეობა?

- პუტინი იყენებს ორი ტიპის რიტორიკას, როდესაც საუბრობს სირიაზე, ის ბრალს სდებს თურქეთს, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს, მაგრამ როდესაც ის ეხება პერსონალურ ურთიერთობას, ეხება მხოლოდ ერდოღანს და მისი ოჯახის წევრებს და ამბობს, რომ პრობლემა თურქ ხალხთან არ მაქვსო. თურქეთში 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი გვყავს, თურქეთმა თავის თავზე აიღო, რომ ლტოლვითა ნაკადი ევროპის მიმართულებით არ წავიდენენ. შესაბამისად, პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა მოსაზრება, რომ პუტინის ეშინია თავისი პოლიტიკური მომავლის. რუსეთმა ცალსახად დაიწყო კონფრონტაციული ქმედება, თურქ სტუდენტებს ეკრძალებათ რუსეთში ჩასვლა, რადგან რუსეთმა შეაჩერა რუსეთ-თურქეთს შორის აკადემიური თანამშრომლობა.

რაც შეეხება სირიის საკითხს, ვიცით, რომ რუსეთმა სირიაზე საჰაერო იერიში კოალიციასთან შეუთანხმებლად დაიწყო, რასაც მოჰყვა ბრალდება აშშ-სა და ალიანსის წევრი სახელმწიფოებისგან, რომ რუსეთის ქმედება მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და არანაირად არ ებრძვისისლამურ სახელმწიფოს“. რუსეთის სამიზნე არ არისისლამურ სახელმწიფო“?

- რუსეთი ფაქტობრივად არ მოქმედებს რეგიონალური ინტერესების გათვალისწინებით. ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს ირანის გავლენა. რუსეთი, ირანი და ასადის რეჟიმი, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, ბუნებრივია, მათ აქვთ გეოპოლიტიკური ინტერსები. რუსებს ამ შემთხვევაში აინტერესებთ რეგიონალური ჰეგემონიის მიღწევა. მან ფაქტობრივად მიაღწია იმას, რომ თურქეთმა შეაჩერა თავისი ჩართულობა სირიაში. ასევე, შეაჩერა სამხედრო ზეწოლა ქურთ სეპარატისტთა სამხედრო ძალებთან, რადგან რუსული ფაქტორის გამო ისინი ვერ ახორციელებენ შეტევას.

თქვენ ამბობთ, რომ თურქეთმა თავის თავზე აიღო ლტოლვითა ნაკადის ევროპის მიმართულებით გასვლის შეჩერება. მაგრამ ამ პროცესს წინ უსწრებდა გერმანიის კანცლერის (რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების) განცხადება თურქეთში, რომელიც ლტოლვილთა მიღების სანაცვლოდ, ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას დაჰპირდა. ასევე, თურქეთს მიგრანტთა ნაკადის მიღების სანაცვლოდ სოლიდურ ფინანსურ დახმარებას სთავაზობს ევროკავშირი. ანკარა, რომლიც ევროკავშირში მიღების პროცედურის დაჩქარებას ითხოვს, პოლიტიკურად ვაჭრობს ევროკავშირთან სირიელი ლტოლვილების საკითხით?

- მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ - არა. ორ ქვეყანას შორის არსებული დაპირისპირების შედეგად გაუარესდება როგორც რუსეთის ეკონომიკა, ასევე რუსეთის ურთიერთობები გართულდება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს თურქეთს და კიდევ უფრო დაახლოვოს დასავლეთს - ახალი ურთიერთობა დაიწყოს თურქეთსა და ევროკავშირს შორის. როგორც გითხარით, თურქეთი ეხმარება ევროპას, რომ შეაჩეროს ლტოლვილთა ნაკადი, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეროკავშირი თურქეთს 3 მილიარდ დოლარს უყოფს.

ასე რომ, თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებობს დაახლოების შანსი. პუტინმა შეიძლება ისევ გააგრძელოს შეტევა თურქეთზე, იმიტომ, რომ თურქეთთან დაპირისპირებას რუსეთი იყენებს შიდა პოლიტიკური პროცესების გასამყარებლად. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ დაპირისპირებაში პოლიტიკურად თურქეთი იმარჯვებს... რუსეთმა შეიძლება ერდოღანის გადადგომაც მოითხოვოს...

რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე გადადგება ერდოღანი?

- არა, რა თქმა უნდა.

როგორ წარმოგიდგენიათ თურქეთ-ევროკავშირის დაახლოება იმ ფონზე, როდესაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, თურქეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა. ადამიანის უფლელების დარღვევის კუთხით კითხვები აქვს ევროკავშირსაც, ლამის ყოველდღიურად ხდება ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტების დაკავება, რომლებიც აკრიტიკებენ ერდოღანის ხელისუფლებას...

- გეთანხმებით, რომ დემოკრატიის პრობლემა არსებობს და ამ მიმართულებით თურქეთს დიდი გზა აქვს გასავლელი. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ხელისშემშლელი ფაქტორი. ჩემი ყოველი დილა იწყება პრესის გაცნობით, მე ვხედავ, რომ 20 გაზეთი სამთავრობოა, 2 ოპოზიციური და ეს არის პრობლემა. თურქეთში დემოკრატიული ფასეულობების მხრივ მეტად განვითარებულია სამოქალაქო საზოგადოება, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები.

რაც შეეხება რეფერენდუმის ჩატარებას, რომლის ინიციატივაც ერდოღანს ეკუთვნის, ეს დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან?

- სხვათა შორის ერდოღანი ცდილობს გაიმეორეს პუტინის ვარიანტი. ცდილობს გააძლიეროს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი და მერე შემოგვთავაზოს თავისი შემცვლელი, როგორც ეს პუტინმა გააკეთა თავის დროზე მედვედევის სახით. თურქეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავითოღლუ აქტიური პოლიტიკოსია, მას ძალიან კარგად ახასიათებენ თურქეთის საზოგადოებასთან, მაგრამ ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერდოღანთან. თუმცა, შეიძლება მათ შორის მომავალში წარმოიშვას კონფლიქტი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, პუტინის იქით ვერ ვხედავთ სხვა ძალას, არ ვიცი თვითონ რუსები მარტო ერდოღანს ხედავენ თუ არა, მაგრამ თურქეთი მარტო ერდოღანი არ არის.

პრემიერ-მინისტრს აქვს შანსი, რომ შეცვალოს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი?

- ის ერდოღანის გავლენის ქვეშ არის, მაგრამ ინტელექტუალური ადამიანია.